Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკომიტეტო მოსმენა ტყის მართვის საკითხებზე – მოსმენა, რომელიც, სავარაუდოდ, ვერაფერს შეცვლის


სატყეო რეფორმის ნაკლოვანებების, კერძოდ, ხე-ტყით სარგებლობაზე გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ სასაუბროდ დღეს

საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრები წარდგნენ. მინისტრები პარლამენტში ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარის გიორგი თორთლაძის ინიციატივით მიიწვიეს. სატყეო სექტორის მართვაში არსებული არაერთი პრობლემის მიუხედავად, მინისტრების წინაშე დასმული შეკითხვები ორ ძირითად ჯგუფში მოექცა: რატომ ტარდება გრძელვადიანი ტყითსარგებლობის აუქციონი ტყეების ინვენტარიზაციის გარეშე და ასრულებენ თუ არა ლიცენზიის მფლობელები ლიცენზიის პირობებს.

გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრები ხე-ტყით გრძელვადიანი სარგებლობის საკითხზე ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განმარტავდნენ, რა უპირატესობა აქვს გრძელვადიან ლიცენზიას ერთწლიანთან შედარებით და რატომ გადაეცა ლიცენზიანტს განსაკარგავი ტყის ინვენტარიზაციის უფლება. კომიტეტების გაფართოებულ სხდომას მასპინძლის სტატუსით ესწრებოდა ასევე ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე:

[გია თორთლაძის ხმა]“უამრავი კითხვა მაქვს და ჯერ ამ კითხვებზე მინდა პასუხები მოვისმინო. როგორ ჩატარდა ეს აუქციონი, რა პარამეტრები უნდა ყოფილიყო მოწოდებული გარემოს დაცვის სამინისტროდან, იყო თუ არა ეს პარამეტრები მოწოდებული, თუ არ იყო და - რატომ. უამრავი შეკითხვები მაქვს. ვნახოთ.“

გია თორთლაძის შეკითხვების ჩამონათვალში შევიდა ასევე შეკითხვა იმის შესახებ,
შეიძლება თუ არა ინვესტიციის ჩადება ისე, რომ ტყის მდგომარეობის შესახებ არაფერი იყოს ცნობილი. არადა, როგორც საკომიტეტო მოსმენიდანაც გამოიკვეთა, საქართველოს ტყის მართვის სექტორში სავალალო მდგომარეობაა შექმნილი იმ მხრივაც, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ინფორმაცია ტყის რესურსის რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი მაჩვენებლის, ტყის სახეობრივი თუ ხნოვანი შემადგენლობის შესახებ. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც ტყით სარგებლობის კონტროლის მექანიზმები არარეალიზებადია, გრძელვადიანი იჯარა მოტყუებაა კეთილსინდისიერი ინვესტორისთვის და წახალისებაა არაკეთილსინდისიერისთვის. ასე ფიქრობენ კომიტეტების სხდომაზე მიწვეული გარემოსდამცველები, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, რომელიც, უკვე გაცემული ლიცენზიების გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

[ნინო გუჯარაიძის ხმა]“ჯერჯერობით ბევრი არ არის გაცემული. ერთი, თუ არ ვცდები, თვითონვე გააუქმეს შეუსრულებლობის გამო. დღემდე არ არის წარმოდგენილი ლიცენზიის შესრულების ანგარიშები, არ არის გეგმები, არც ერთი არ არის, იმიტომ რომ იყო აბსოლუტურად არარეალისტური პირობები. ინვესტორებმა ვერ მოჭრეს შესაბამისი რაოდენობის ხე-ტყე, იმიტომ რომ ფიზიკურად არ აღმოჩნდა ამდენი ხე-ტყე. ეს იყო რეალური პრობლემა.“ (სტილი დაცულია)

თუმცა „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა ნინო გუჯარაიძემ საკომიტეტო მოსმენაზე ყურადღება უფრო გარემოს დაცვის საკითხებზე გაამახვილა და არა იმდენად ინვესტორთა უფლებებზე. ამ უფლებებში, უფრო კი მოვალეობებში, შედის იჯარით აღებული ტყის ინვენტარიზაციაც, ანუ ის, რაც, ლოგიკურად, სახელმწიფოს პრეროგატივაა - თანაც, ტყის გასხვისებამდე და არა გასხვისების შემდეგ. აი, რა გვიპასუხა ამასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ:

[ირაკლი ღვალაძის ხმა]“ინვენტარიზაცია ნიშნავს დათვლას, ხე რამდენია, რომელიც გამოდგება მასალად. ჩვენი ოპონენტების მთავარი თემა ეგ არის, რომ რატომ არ ჩაატარა სახელმწიფომ ინვენტარიზაცია ჯერ და ისე რატომ გაყიდა. ინვენტარიზაცია არის საკმაოდ დიდ თანხებთან დაკავშირებული და ამ თანხას სახელმწიფო გადაიხდის თუ ინვესტორს დავავალებ და ის გადაიხდის, შედეგი ერთი და იგივეა მაინც. ინვენტარიზაცია მაინც ტარდება და ინვენტარიზაციის გარეშე არაფერი არ გაიცემა.“ (სტილი დაცულია)

ამბობს ირაკლი ღვალაძე. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ერთი წლის წინ იჯარით გაცემული ტყეების ინვენტარიზაციის ანგარიშიც კი ჯერ არც ერთ ფირმას არ წარმოუდგენია. ინვესტორებს საანგარიშო ვადა 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდათ. ინვენტარიზაციის გარდა, სახელმწიფოს ამ ეტაპზე არც რეფორმის სოციალ–ეკონომიკური და ეკოლოგიური შედეგების - მათ შორის, გრძელვადიანი სარგებლობისათვის ხე–ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის შესრულების -ისეთ პარამეტრებზე აქვს პასუხები, როგორიცაა დასაქმება, ტყის მოვლა–დაცვა, აღდგენა და ასე შემდეგ. თუმცა არის არგუმენტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აუქციონების განახლების მთავარ პირობად აყენებს. ეს არგუმენტია ხე-ტყის გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება და დასაქმება:

[გიორგი ცხაკაიას ხმა]“ ალბათ, ეს დაჩქარებული ტემპი უნდა გავაგრძელოთ, იმდენად რამდენადაც აღნიშნულ ინდუსტრიას აქვს იმის საშუალება, რომ დაასაქმოს დაახლოებით 35 000 ადამიანი. დღესდღეობით არსებობს 100–მდე მცირე და საშუალო სახერხი საწარმო, რომლებიც, რესურსის არქონის გამო, გაჩერებულები იყვნენ. სამომავლოდ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამუშავდებიან და დასაქმება შესრულდება ისე, როგორც საჭიროა. უკვე ექსპლუატაციაში გაშვებული ლიცენზიების შედეგად, ვიმედოვნებთ, რომ 10–12–15 000 ადამიანი დასაქმდება.“(სტილი დაცულია)

ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი ცხაკაიას ოპტიმისტური ტონი მაინცდამაინც გადამდები არ აღმოჩნდა ოპონენტებისათვის. შესაბამისად, ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარის მიერ ინიცირებული შეხვედრა პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა - იმ ნაწილში მაინც, რომელიც ტყეების ინვენტარიზაციამდე გრძელვადიანი იჯარით გაცემის პროცესის დროებით შეჩერებას ითვალისწინებდა. სხდომის შემდეგ ტყის გრძელვადიანი იჯარით გაცემის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ძველ და რადიკალურ პოზიციებზე დარჩნენ. ეგრეთ წოდებული ოქროს შუალედი გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, დეპუტატმა ზაზა გამცემლიძემ შეინარჩუნა:

[ზაზა გამცემლიძის ხმა]“ეს შინაგანი კონფლიქტია. ხომ არ შეიძლება, რომ ინვესტორმა თვითონ გააკეთოს და თვითონ მოჭრას. ინვენტარიზაცია ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ქვეყანამ. მაგრამ აქ რა იყო, იცით, რაზე დავფრთხით–ძალიან დიდ დროს მოითხოვს ინვენტარიზაცია. მაგრამ აუცილებელია. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ინვენტარიზაცია ტარდება. ახლა უნდა დავდოთ ის პირობები, რომ რაღაცა სწორი გზით წავიდეს ეს ყველაფერი.“(სტილიდაცულია)


XS
SM
MD
LG