Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაახალწლო დღეებში ქართულ საზოგადოებაში ქველმოქმედების სურვილი გაჩნდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შობა-ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს საზოგადოებაში ქველმოქმედების სურვილმა იმატა.

შაბათს, შარდენის ქუჩაზე გამართული საქველმოქმედო აქციისას, თანხები მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების სახლებისთვის შეგროვდა. 27 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ფოიეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება - შემოსული თანხით კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის უპატრონო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის საჩუქრებს შეიძენენ. დღეს მინდა ერთ აქციაზე გესაუბროთ, რომელიც ახალგაზრდების ძალებით ტარდება და მიზნად ახალი წლის სიმბოლოს - ნაძვის - გადარჩენას ისახავს.

გოგიტა ვარდოსანიძე, ირაკლი ნადირაძე და გელა მერაბიშვილი ორგანიზაცია „ლიბერტას“ წევრები არიან. ეს ორგანიზაცია, მეორე წელია, თბილისში აქციას მართავს, სახელწოდებით „მომავლის ხე.“ კერძოდ, საახალწლო დღეებში „ლიბერტა“ დაინტერესებულ ორგანიზაციებს ქოთანში ჩარგულ ნაძვს აწვდის.
[ გოგიტა ვარდოსანიძის ხმა ] “ ნაძვი ორი კვირის განმავლობაში რჩება ორგანიზაციებში. შემდეგ ნაძვს უკან ვიბრუნებთ და გაზაფხულზე ვრგავთ ზვავსაშიშ ზონებში. “
აქცია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: წელს იმ ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებმაც ნაძვის ხე ორი კვირით, ასე ვთქვათ, იქირავეს, 100-ს აღწევს. მათ შორის რადიო “თავისუფლების” თბილისის ოფისიც აღმოჩნდა. ქოთანში ჩარგულ ნაძვს “ლიბერტას” წევრები მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან ერთად არიგებენ - ახალგაზრდების აზრით, ეს ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის კეთდება.
[ ირაკლი ნადირაძის ხმა] „ეს არის ინიციატივა განათლების სამინისტროსი, რომელიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაა. ბავშვთა 9 სახლიდან ღებულობენ მონაწილეობას.“
მთლიანობაში, წელს “ლიბერტას” არაერთი პარტნიორი ორგანიზაცია უჭერს მხარს - უკვე ნახსენებ განათლების სამინისტროსთან ერთად, პარტნიორები არიან გაეროს ასოციაცია, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა. თუმცა იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, ვისაც ნაძვები ანდეს, თავად “ლიბერტამ” შეადგინა.
[ ირაკლი ნადირაძის ხმა] „ “ლიბერტამ” გაუკეთა ორგანიზება. სიებიც ჩვენ შევადგინეთ. ამ ადამიანების სახელზე დაირგვება ხეები.“
და კიდევ ერთი - ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ მომავალ თაობას არ უნდა გადააბარო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შენ შეგიძლია. მაგალითად, დევიზი “ტყე შეუნახე შვილებსა” “ლიბერტას” წევრებმა ასეთი დევიზით ჩაანაცვლეს:
[ გოგიტა ვარდოსანიძის ხმა] “ ჩვენ ასეთი ლოზუნგი გვაქვს - “ტყე შევუნახოთ შვილებსა”. ვვარაუდობთ, რომ ნაძვები დუშეთის რაიონში დაირგვება. შარშანაც გვქონდა ასეთი აქცია. თანდათან მასშტაბი იზრდება. იმედი გვაქვს, საზოგადოებაც ჩაერთვება.“
ქოთანში ჩარგული ნაძვის ხე რადიო “თავისუფლების” თბილისის ოფისში 14 იანვრამდე დარჩება. გოგიტა ვარდოსანიძემ, ირაკლი ნადირაძემ და გელა მერაბიშვილმა მისი მოვლის წესებიც დაგვიტოვეს - მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს მორწყვა. გაზაფხულზე კი რომელიმე ჩვენგანს ნაძვის ხის დარგვის აქციაშიც მოუწევს მონაწილეობის მიღება - ჩვენც გვსურს, ტყე შევუნახოთ შვილებს.
XS
SM
MD
LG