პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:08

ბლოგები / გიორგი მაისურაძე

ტექსტის ზომა - +
მაისი 2013

ბოროტების ბანალურობა

1930 წელს, როდესაც ევროპის დიდი ქალაქები აგრესიული მასების ძალადობისა და სისასტიკის ასპარეზად იყო ქცეული, გამოქვეყნდა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ესპანელი ფილოსოფოსის, ხოსე ორტეგა ი გასეტის ეპოქალური მნიშვნელობის წიგნი „მასების ამბოხი“, რომელშიც მან ბოროტების თემაზე ფრანგი მწერლის, ანატოლ ფრანსის სიტყვების გამოყენებით, ჩამოაყალიბა აზრი, რომ სიბრიყვე, რომელიც უსასრულოა და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება, ბოროტებაზე უარესია. ბოროტი ადამიანი ხანდახან მაინც ისვენებს და არ ჩადის ბოროტებას, ბრიყვი კი მუდამ ბრიყვობს.

ერთი შეხედვით, რა მოხდა, თუკი ვინმე ბრიყვია ან საკუთარ სიბრიყვეს აფრქვევს? ორტეგასავე აზრით, ბრიყვი ადამიანი შეურაცხადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან ლოგიკური არგუმენტაციით კამათი შეუძლებელია. მის აზროვნებას და ქმედებას აკვიატებული ან მასში შთაგონებული აზრები განსაზღვრავენ. ის მუდამ დარწმუნებულია, რომ ჭეშმარიტებას ფლობს და ამაში მას ეჭვი არასდროს უჩნდება. ვერც იმას ამჩნევს, - საამისოდ მას გონებრივი ძალისხმევა არ ყოფნის, - რომ ის კი არ აზროვნებს, არამედ მუდამ სხვის, საყოველთაოდ მიღებულ აზრებს იმეორებს, რომელთა შინაარსზეც ის არასდროს დაფიქრებულა. ამ თითქოს უებარი თვისების შემზარაობა კი ისაა, რომ სწორედ ბრიყვი ან გაბრიყვებული ადამიანები შეადგენენ იმ ბიოლოგიურ მასას, რომელიც მუდამ მზადაა საკუთარი აზრის არმქონეთა ძალადობრივ სისტემად გარდაიქმნეს. ორტეგასავე თქმით, ამბოხებული მასა მოძალადეა და მხოლოდ ძალადობით სურს თავისივე მსგავსი უსახურობა და ერთფეროვნება გააბატონოს: „განსხვავებულობა უკეთურებად მიიჩნევა. მასა ანადგურებს ყველაფერს, რაც სხვანაირია, გამორჩეულია, პიროვნულია, თვითნაბადი და თვალში საცემია. ვინც ისეთი არაა, როგორიც ყველა, ვინც ყველასავით არ ფიქრობს, ის გაჟლეტის საფრთხის ქვეშაა.“

ერთსულუვან და ერთაზრიან ადამიანთა ერთობას, რომელთათვისაც გასხვავებული აზრი, ცხოვრების ფორმა თუ სტილი, ზოგადად ყველაფერი უცხო - მიუღებელი და საძულველია, ხოლო საკუთარ ძალას მხოლოდ ერთნაირთა ერთობაში ხედავს, ფაშიზმი ეწოდება. ესპანელი ფილოსოფოსის ზემოთ მოტანილი სიტყვების გამოქვეყნებიდან სულ რამოდენიმე წელიწადში ეს ამბოხებული მასა, რომელიც ყველა „განსხვავებულს“ ქუჩაში ძალადობით უსწორდებოდა, გერმანიის ხელისუფლების სათავეში მოექცა და უკვე სახელმწიფო მექანიზმებით შეუდგა ყველა უცხოსა და მისი არამსგავსის მასობრივ ფიზიკურ განადგურებას. ამ მოვლენას ჰოლოკოსტი ეწოდება და თავისი ვიწრო მნიშვნელობით 1933-1945 წლებში ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის მიერ მთელი ევროპის მასშტაბით, უპირველეს ყოვლისა, არაარიელების, ანუ ებრაელებისა და ბოშების, საბოლოო ჯამში კი ყველა „დაბალი რასის“ წარმომადგენლების მოსპობას ნიშნავს. ამასთანავე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა შორის აღმოჩნდნენ ის „არიული“ წარმოშობის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ყოფითა და აზროვნებით არიულ რასას არცხვენდნენ და აკნინებდნენ. ესენი იყვნენ კომუნისტები, ჰომოსექსუალები, სოციალისტები, ლიბერალები, - ყველა, ვინც ნაცისტურ იდეოლოგიას და მის ნორმებს არ იზიარებდა. ამდენად, ჰოლოკოსტს ფართო ან გადატანითი მნიშვნელობაც აქვს და ის გარკვეული ნიშნით განსხვავებულ ადამიანთა კატეგორიების განადგურებას გულისხმობს.

ჰოლოკოსტი კაცობრიობისა და ადამიანურობის წინაშე ჩადენილ ყველაზე დიდ და შემზარავ დანაშაულად მიიჩნევა, რომელში დამნაშავედ ეჭვმიტანილთა ძებნა და სამართლებრივი დევნა დღესაც გრძელდება. 1963 წელს იერუსალემში ერთ-ერთი ასეთი დამნაშავის – ადოლფ აიხმანის სასამართლო პროცესი გაიმართა. აიხმანი, როგორც SS-ის ოფიცერი, ე.წ. ებრაელთა საბოლოო განადგურების გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი იყო. გერმანულ-ებრაული წარმოშობის ფილოსოფოსი ჰანა არენდტი, რომელიც ჩემთვის პროფესიული კეთილსინდისიერებისა და უკომპრომისობის განსახიერებაა და რომელმაც ჰოლოკოსტის თემას თავის ყველაზე ცნობილი ფუნდამენტური ნაშრომი – „ტოტალიტარიზმის წარმოშობა“ მიუძღვნა, ესწრებოდა ამ პროცესს და მის შესახებ წიგნი დაწერა, რომლის ქვესათაურიცაა „მოხსენება ბოროტების ბანალურობის შესახებ“. არენდტის თანახმად, ბოროტება ბანალურია, ანუ ის საყოველთაოდ გავრცელებული უპიროვნო საწყისისაა, რისი განსახიერება აიხმანიც იყო. ბოროტების ბანალურობა საკუთარი, თავისუფალი ნების არგამოყენებიდან და უსიტყვო მორჩილებიდან წარმოიშობა. ბოროტება, მთელი მისი ბანალურობით, ადამიანის უუანრობაა, სამყარო თავისგან განსხვავებულებთან ერთად რომ გაიყოს, ანუ ის არათავისნაირებთან ცხოვრების შეუძლებლობაა.

ამ კუთხიდან თუ შევხედავთ, 17 მაისის პოგრომი თბილისში შემცირებული და პროვინციული მასშტაბის ჰოლოკოსტის მცდელობა იყო, როდესაც მრავალრიცხოვანი და ანიმალური აგრესიით ეგზალტირებული ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს „მართლმადიდებლებს“ უწოდებენ, შეეცადნენ ფიზიკურად გაენადგურებინათ მათთვის არასასურველი და მათგან განსხვავებული აზროვნებისა და ცხოვრების წესების მქონე ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი. ეს არ ყოფილა არც „სამოქალაო დაპირისპირება“ და ის არც სამოქალაქო ომს არ შეიძლება შევადაროთ, რამდენადაც ეს უკანასკნელი მეტნაკლებად თანაბარი შესაძლებლობების შეიარაღებულ დაპირისპირებას გულისხმობს. აქ კი შეკრებილი ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურ უმრავლესობაში იყვნენ, საზოგადოების იმ ნაწილის გაჟლეტას შეეცადნენ, რომელთა უბრალო თანაარსებობაც კი მათთვის არათუ წარმოუდგენელია, არამედ მათი უფლებების შელახვადაც გაიგება. ფაშიზმის ფუნდამენტური იდეა ამა თუ იმ ნიშნით განსხვავებული ადამიანებისათვის არსებობის უფლების ჩამორთმევაა.

ფაშიზმისა და ჰოლოკოსტის იდეოლოგების მსგავსად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მოთარეშე გამძვინვარებულ ბრბოს შთააგონეს, რომ არსებობენ ქართველი ერის მოღალატენი და გარყვნილ-გადაგვარებული ადამიანები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ერის აწმყოსა და მომავალს. ნიშანდობლივია, რომ მათი იდეოლოგებისა თუ აქტივისტების ლექსიკაც მთლიანად ჰოლოკოსტის ტერმინოლოგიიდანაა აღებული: „გარყვნილება“, „ავადმყოფობა“, „გადაგვარებულობა“ – ეს სწორედ ის იარლიყებია, რომლებითაც ნაცისტები ადამიანებს საკონცენტრაციო ბანაკებსა და გაზის კამერებში ერეკებოდნენ. ფაშიზმი თავად იგონებს და ქმნის მტრის ხატებს, როგორც სამიზნეებს, რომლისკენაც გაბრიყვებული მასების აგრესია უნდა იყოს მიმართული. ეს პროცესი საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო და სხვადასხვა დროს სამიზნედ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველები, რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები, „მასონები“, „სოროსელები“ თუ რომელიმე უცხო სახელმწიფოს „აგენტები“ ცხადდებოდნენ. უკანასკნელ წლებში, როდესაც მტრების ძებნა-გამოვლენის მისია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მის ექსტრემისტულ ფრთასთან შეხმატკბილებულმა პოპულისტმა პოლიტიკურმა ძალებმა იკისრეს, ახალი სრულყოფილი მტრის ხატება გამოიკვეთა: ესაა „განსხვავებული“ თუ „არატრადიციული“ სექსუალური ორიენტაციის ადამიანები. ქართული ტერმინი „მამათმავალი“ ან „პიდარასტი“ არა იმდენად სექსუალური მიდრეკილების აღმნიშვნელია, არამედ ფაქტობრივად იმავე შინაარსისაა, როგორისაც ნაცისტებისათვის „ებრაელი“. თუ რატომ მოხდა მთელი აგრესიის კონცენტრაცია სექსუალური ნიშნით, ამას საკმაოდ ღრმა საუფუძვლები აქვს და ცალკე ანალიზს საჭიროებს. ამჯერად კი მოკლედ მხოლოდ თავად მტრის ხატის მნიშვნელობას შევეხები.

მტრის ხატის იდეა საკმაოდ ძველია, ის არქაულ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება და სხვადასხვა დროსა და კულტურაში განსხვავებული ფორმით ვლინდება. ძველი აღთქმიდან ნასესხები სიმბოლო „განტევების ვაცი“ თანამედროვე ანთროპოლოგიაში მთელი თემის ცოდვების თუ უკეთურობების ერთ საგანზე ან სამსხვერპლო ცხოველზე, ან ადამიანზე გადატანას და შემდგომ მის რიტუალურ განადგურებას ნიშნავს. „განტევების ვაცის“ მოკვლით მთელი საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს მანკიერებებისაგან. კოლექტიური კვლა, იქნება ეს მსხვერპლშეწირვა თუ ჩაქოლვა, საზოგადოებისა თუ თემის გამთლიანებისათვისაა საჭირო. ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი ასეთ მკვლელობას „კოლექტიურ დანაშაულს“ უწოდებს, რომელში თანამონაწილეობაც, ანუ ერთად ჩადენილი სისხლისღვრა, კოლექტიური ერთობის ფსიქოლოგიური ფაქტორია. პრელოგიკური აზროვნების ეს პრინციპი უფრო ძლიერიც კია, ვიდრე ლოგიკური თუ გონებრივი არგუმენტაცია, განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებებში, სადაც ლოგიკური აზროვნების დეფიციტია.

პრელოგიკური აზროვნების ტიპური ნიმუშები უხვად გამოჩნდა 17 მაისს და მომდევნო დღეებში პოგრომის ორგანიზატორთა, მასში მონაწილეთა თუ ამ ძალადობის გამმართლებელ-გამაუბრალოებელთა კომენტარებსა თუ არგუმენტებში. საუკეთესო მაგალითი „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა“, ანუ თუ ადამიანი, განსაკუთრებით მოზარდი, საჯარო სივრცეში ჰომოსექსუალ წყვილს დაინახავს ან მას ეტყვიან, რომ ჰომოსექსუალობა არაა არც გარყვნილება, არც დაავადება, არამედ ისაა სექსუალური გემოვნების ნაირსახეობა, როგორც ეს ლოგიკურად მოაზროვნეთათვის გაიგება, მაშინ ისიც, რომ გაიზრდება, ჰომოსექსუალი გამოვა. ამგვარი გულუბრყვილობის უკან იმალება ადამიანის უუნარობა, საკუთარი პირველყოფილი შიში მისთვის უცხო ან უცნობი მოვლენების მიმართ განსჯისა და გონებრივი ძალისხმევის მეშვეობით გაანეიტრალოს. ხშირ შემთხვევაში კი ჰომოფობია, ისევე როგორც უცხოსა და განსხვავებულისადმი ზიზღნარევი შიში იმითაა გამოწვეული, რომ ამ შიშით დასნეულებული „განსხვავებულში“ საკუთარ თავს, საკუთარ ფარულ ვნებებსა და ლტოლვებს ან თუნდაც საიდუმლო პრაქტიკებს ამოიცნობს და საკუთარი საიდუმლო რომ უკეთ დაფაროს, საჯაროდ გამოხატავს ზიზღსა და აგრესიას იმათ მიმართ, ვისთვისაც ასეთი რამ არაა შემზარავი ან „მომაკვდინებელი ცოდვა“. ფროიდი ქსენოფობიას, უცხოს, განსხვავებულის მიმართ შიშს საკუთარი ცნობიერებიდან განდევნილთან ან გასაიდუმლოებულთან იგივეობით ხსნის: „უცხო“ დავიწყებული ან დამალული საკუთარი სურვილია, რომლის დანახვაც ადამიანში პანიკურ შიშს აღძრავს, რათა მისი საიდუმლო არ გამჟღავნდეს და ის აგრესიული ქმედებით ცდილობს საკუთარი შიშის გადალახვას. სწორედ ამ შიშით მოტივირებული აგრესიით იკვებება ფაშიზმი, რომელიც ძალაუფლებას დახარბებულ პოპულისტთა საუკეთესო იარაღია მოძალადეობრივი და ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემების შესაქმნელად, რომლებიც ყოველთვის მაღალი ზნეობისა და მორალის იდეალებით ინიღბებიან.

17 მაისის მარბიელთა ლაშქარს ერთ-ერთ ადვოკატად ზოგიერთი „მემარცხენე“ პოპულისტიც გამოუჩნდა, რომელთა აზრითაც, ეს კეთილშობილი ადამიანები გაჭირვებამ და სოციალურმა ჩაგვრამ გაამწარა: „მათ არ ჰქონიათ განათლების მიღების საშუალება!“ დამნაშავე კი „ლიბერალებად“ შერაცხული საშუალო ფენაა, რომელმაც საკუთარი იდენტობის ჩვენებით თურმე ჩაგრული ხალხი გააღიზიანა. სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი უმნიშვნელოვანესია ფაშიზმისა და ფუნდამენტალიზმის ასახსნელად. თუმცა ამ არგუმენტის აბსოლუტიზაცია ერთ მეტად სახიფათო და მცდარ მომენტს შეიცავს, რომელიც სოციალურად დაუცველებსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფებს პოტენციურ მოძალადეებად წარმოსახავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ადამიანების დამგეშები სწორედაც რომ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ ფენას – სამღვდელოებას წარმოადგენენ. მათ გვერდით, თანაც გამორჩეულად ობსკურანტული იდეებით, არც უმდიდრესი ფენის წარმომადგენელთა გამოჩენა ყოფილა შემთხვევითი, რომლებისთვისაც ეს ხალხი საკუთარი ძალის დემონსტრაციის იარაღია. ბოროტება, რომლის ზეიმიც 17 მაისის საკრალური მსხვერპლშეწირვა იყო, სწორედ ასეთ ბანალურობებზე დგას. ეს დღე, რომელსაც აგრესიული ფუნდამენტალიზმის გამოკვეთილმა ლიდერმა – კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ქართველი ერის იდენტობის დაცვისა და დემონსტრაციის დღე უწოდა, საქართველოში ზნეობრიობის, მორალისა და ყველა იმ იდეალის განადგურების სიმპტომი იყო, რომელიც ერთ დროს თავად ქრისტიანობამ იქადაგა. ამ ახალი ეროვნული იდენტობის სახე – პირუტყვული ძალადობა, აგრესია, დემაგოგია კი ყველაზე ფართო მასშტაბიანი ამორალურობისა და ზნეობრივი გათახსირების დემონსტრაცია იყო, რომლის დაძლევასაც მრავალი წელი დასჭირდება.

Tags:ეკლესია, მართლმადიდებლობა, საზოგადოება, ფაშიზმი, სოციალური პრობლემები, მასები, ჰოლოკოსტი


ქართული ფაშიზმის დაბადება მართლმადიდებლობის სულიდან

2013 წლის 17 მაისს საქართველოში ოფიციალურად მოინათლა და ეკურთხა ქართული ფაშიზმი.

ამ სამარცხვინო და დღემდე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კაცთმოძულე იდეოლოგიისა და პრაქტიკის საქართველოში ინკუბატორი, მისი წამხალისებელი და სულის შთამბერავი, არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ის, რაც უკანასკნელი 25 წლის მანძილზე საქართველოში მოქმედმა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო, - ადამიანები ზიზღითა და სიძულვილით დაერაზმა, მათი ცნობიერება აგრესიით გაეჟღინთა და საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობით აემხედრებინა, - მოახერხა იმ სარწმუნოების ინსტიტუციამ, რომელიც, ოფიციალურად მაინც, სიყვარულის, მიმტევებლობისა და შემწყნარებლობის იდეების სახელით იყო შექმნილი.

უკვე გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გეგმაზომიერად იწოვდა და ითავისებდა ყველა იმ ექსტრემისტულ, ობსკურანტულ და მოძალადეობრივ ტენდენციას, რომელიც საქართველოში სწორედ იმ ხანებში გამომზეურდა. ამასთანავე, ძალადობის პოტენციალს, რომელიც სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, მენტალური თუ ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური საფუძვლების გამო უხვად დაგროვდა საქართველოში, ეკლესიამ დროთა განმავლობაში ორგანიზებული ფორმა მისცა და საკუთარი ძალაუფლებისა და გამდიდრების ინსტრუმენტად აქცია. უფრო მეტიც, ექსტრემიზმისა და ძალმომრეობის ცალკეულმა ნიშნებმა ეკლესიის მსახურთა მეშვეობით მწყობრი იდეოლოგიური სახე მიიღო და საკრალურ, ღვთაებრივ ხარისხში აღზევდა. ამიტომაც, სამღვდელოების მიერ ეგზალტირებული და „სხვათა“ სიძულვილით ცნობიერებამოწამლული ადამიანები, რომლებიც მათ მოძღვარ-„მამაოებთან“ ერთად თბილისის ცენტრში ძალადობენ, დარწმუნებული არიან, რომ ღვთის ნებას აღასრულებენ. ეკლესიამ მოძალადეებს და მათ მოუთოკავ დესტრუქციულ ინსტინქტებს მიზანი დაუსახა და მიმართულება მისცა. ამის შედეგად 2013 წლის 17 მაისს საქართველო აქამდე ჯერარნახული და საჯარო ძალადობრივი ორგიის მომსწრე აღმოჩნდა, რამაც საქართველოში არათუ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს, არამედ საერთოდ სახელმწიფოებრიობის არსებობა ეჭვის ქვეშ დააყენა.

2002 წელს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმებით, რომლის მეშვეობითაც ეკლესიას „ქართველი ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების გამო“ (თუმცა არავის დაუკონკრეტებია, რომელ დამსახურებებზე იყო საუბარი) ოფიციალურად პრივილეგიები დაუკანონდა, ეს რელიგიური ინსტიტუცია ფაქტობრივად ჩამოყალიბდა კანონზე მაღლა მდგომ სუბიექტად, რომელიც თავისუფალია გადასახადებისგან, არ ექვემდებარება სამართლებრივ პასუხისმგებლობას და შეუზღუდავად ახორციელებს საკუთარ ძალაუფლებას მაშინაც კი, როდესაც ის საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში შედის. ეკლესია იქცა დამნაშავეთა რეკრუტირებისა და დანაშაულებრივი გზებით ფულის „გათეთრების“ ადგილად. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ გარემოებებია, რომელთაც ეკლესია პრივილეგირებულ ფეოდალად აქცია და საეკლესიო პირებს მომხვეჭელობისა და გამდიდრების შეუზღუდავი უფლება მისცა.

ბევრად უფრო საგანგაშო ის ფაქტია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, მისი უმაღლესი იერარქების ხელითა და უშუალო წამქეზებლობით შეიქმნა და ორგანიზებული სახე მიიღო ცალსახად ფაშისტურმა იდეოლოგიამ. ეს იდეოლოგია, რომლის ფორმირებასაც ეკლესია ულტრანაციონალისტურ ძალებთან ერთად ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში შეუდგა, კლასიკური ფაშისტური იდეოლოგიების ძირითად ამოსავალ პრინციპებს ეფუძნება და მათ ქართულ ნაირსახეობას წარმოადგენს. ესაა ქართველის, როგორც „გენეტიკურად მართლმადიდებლის“ ფიქცია, რომელიც, გერმანული ნაციზმის მიერ შექმნილი „არიული რასის“ მითის მსგავსად, ყველა ეთნიკურად არაქართველისა და არამართლმადიდებლის გაუცხოებას, მათ „უცხო თესლად“, „შემოგზავნილად“, მტრად, კვალიფიკაციას და მათი განადგურების სანქციასაც გულისხმობს.

ჰომოსექსუალობის თემა, უფრო სწორად, ჰომოფობია, მართლმადიდებელი ეკლესიის „არიული მითის“ კომპონენტია. ეს მითი, ისევე, როგორც ნაცისტური არიული მითი, ადამიანებს განიხილავს საჯიშე მასალად, რომლის მთავარი ფუნქციაც ეკლესიის მორჩილთა და მისი სახელით მოძალადეთა გამრავლებაა. ოღონდ ეს ძალადობა განსხვავებულებისკენ, „გენეტიკურად“ არაქართველ და არამართლმადიდებლებისკენ უნდა იყოს მიმართული. ვინც ამაზე უარს ამბობს, - არ მრავლდება, არ უზრდის სამშობლოს (რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის იდენტურია) შვილებს, არ უხდის ხარკს მღვდლებს, არ მიაჩნია, რომ ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, „როგორც პატრიარქი გადაწყვეტს“, აქვს საკუთარი აზრი და არ ერიდება მის საჯაროდ გახმოვანებას, - ის ჰომოსექსუალია, რაც საქართველოს მტრის სინონიმიცაა. ჰომოსექსუალობა მართლმადიდებლურ არიულ მითში არა იმდენად წმინდად სექსუალურ პრაქტიკებს გულისხმობს, რაც ეკლესიისათვის არასდროს ყოფილა უცნობი, რაზეც ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურის არაერთი ძეგლიც მოწმობს, არამედ ის მტრის ხატია, რომელზე ძალადობაც „არიული“ მსხვერპლშეწირვის რიტუალის აუცილებელი ნაწილია.

ფაშიზმი როგორც სიძულვილის იდეოლოგია და პრაქტიკა არა მხოლოდ „ჩემიანისა“ და „უცხოს“ გამიჯვნას, არამედ გამუდმებულ განგაშს, კოლექტიურ პარანოიას გულისხმობს, რომ ის „სხვები“, ანუ ისინი, „ვინც ჩვენთან არ არის“, რაოდენ უმცირესობაშიც არ უნდა იყვნენ, ყოველთვის დამნაშავეები არიან, - ეს მათი ბრალია, რომ უმრავლესობა თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რომ საქართველო, მიუხედავად პატრიარქისა თუ პრეზიდენტების და არაერთი წამყვანი პოლიტიკოსის დაპირებისა, არ იქნა და არ გაბრწყინდა. ისინი, ვინც არ მიეკუთვნება აგრესიულად მორჩილ გენეტიკურად მართლმადიდებელთა ერთობაში მყოფ ძალას, ის მცირეზე უმცირესი უმცირესობაა, რომ ცდილობს ქართველი ერის გადაგვარებას და გარყვნას, მის შეცდენას და გაუკუღმართებას! ნებისმიერი ნიშნით „უმცირესობის“ არსებობის ფაქტიც კი, - არათუ მათთვის თანაბარი კონსტიტუციური უფლებების მინიჭება, - ფაშისტური ლოგიკით, უმრავლესობის უფლების შელახვაა, ანუ თუ უმრავლესობას არ აძლევენ საშუალებას, რომ უმცირესობაზე იძალადოს, მაშინ მისი თავისუფლება და ღირსება ილახება. ფაშიზმი ადამინებში ყველაზე ბნელ და ძალადობრივ ინსტინქტებს აღვიძებს და მათ მხვერპლშეწირვისა და კვლის არქაული ხატებით აფორმებს. როგორც გამოჩნდა, ეს მისია საქართველოში სრული წარმატებით შეასრულა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, თავისი სისხლის სმას მოწყურებული და გონებადაბნელებული სამწყსოთი, რომელიც მაშინაა დიდ გულზე, როდესაც უმრავლესობაშია და დაუსჯელობა გარანტირებული აქვს.

თუკი ვინმეს ბრალეულობაზე მიდგა საუბარი, - ვგულისხმობ არა მხოლოდ ცალკეულ მოძალადეს და მათ ანაფორიან დამგეშავებს, - 17 მაისის სისხლიან ორგიაზე პასუხსიმგებელი, პირველ რიგში, საქართველოს პოლიტიკოსების მთელი თაობებია, განურჩევლად მათი პარტიული მიკუთვნებულობისა, რომლებიც საკუთარი გამორჩენის მიზნით, პოპულიზმით, წინდაუხედაობითა თუ უმეცრებით ხელს უწყობდნენ ეკლესიის გაფაშისტურებას, ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ და გულუხვად ასაჩუქრებდნენ სამღვდელოებას, თვალს ხუჭავდნენ იმ ღიად ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე, რომლებიც სამღვდელო პირებისგან მოდიოდა. სწორედ პოლიტიკოსების სინდისზეა იმ წყვდიადის ტრიუმფი, რომელმაც დღეს ეკლესიების ამბიონებიდან ქუჩაში გადაინაცვლა და ეპიდემიასავით მოედო მთელ საქართველოს. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად კი საქართველოში არსებული ყველა ანტიფაშისტური და დემოკრატიული ძალის კონსოლიდაციაა საჭირო. დღეს, როდესაც პატრიარქის ქორეპისკოპოსი აგრძელებს ძველბიჭურ ტონში მუქარას და თბილისის ქუჩებში სისხლმოწყურებული მოძალადეები დათარეშობენ, აუცილებელია, რომ ყველამ, ვისთვისაც მიუღებელია ფაშიზმი და რელიგიური ექსტრემიზმი, საჯაროდ გამოთქვას საკუთარი პროტესტი. სწორედ დღეს უნდა ხმამაღლა ითქვას „კონკორდატის“ გაუქმების მოთხოვნა.

Tags:ბლოგი, ეკლესია, საზოგადოება, ჰომოფობია, ლგბტ, სოციალური პრობლემები, "იდენტობა", 17 მაისის აქცია


მუზა და მიშა

19 აპრილის მიტინგი, რომელმაც ზოგიერთ ჩემს მხატვრული ლიტერატურის მოყვარულ მეგობარსა თუ ნაცნობს მარკესის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ მოაგონა, ჩემი აზრით, არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც რომელიღაც სხვა კუთხიდან იყო ძალიან საინტერესო. ამ „სხვა“ კუთხეს პირობითად შეიძლება ესთეტური ფორმაცია ეწოდოს, ანუ გარკვეული გამომსახველობითი ნიშნების ერთობა, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ სისტემას უკავშირდება და ამ სისტემის ესთეტური ანაბეჭდია. საკუთარი ესთეტიკის შექმნა არა ცალკეულ პოლიტიკურ მმართველობებს, არამედ მხოლოდ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ სისტემებს ხელეწიფებათ. რაც უფრო ყოვლისმომცველი და ტოტალურია პოლიტიკური სისტემა, მით უფრო მკვეთრად გამოკვეთილია მისი ესთეტური სახეც. ესთეტიკა, რომელსაც პოლიტიკური სისტემა ქმნის, თავადვე გვევლინება ამ სისტემის შინაარსის გამოხატულებად, მისი არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ მენტალური წყობის არტიკულაციად. ამდენად პოლიტიკური სისტემის ესთეტური კუთხიდან გააზრებას ხშირად უფრო მეტი სიცხადის შემოტანა შეუძლია ამა თუ იმ პოლიტიკური სისტემის გაშუქებაში, ვიდრე ეკონომიკური თუ სამართლებრივი საფუძვლების ანალიზს.

XX საუკუნემ უხვად დატოვა იდეოკრატიული ესთეტიკების ნაკვალევი, რომელთაგანაც ჩვენთვის ყველაზე უკეთ ნაცნობი და ახლობელიც საბჭოთა ესთეტიკური ფორმებია. თუმცა საბჭოთა ესთეტიკა არაერთგვაროვანია და ის ამ სახელმწიფოს და მისი იდეოლოგიის შიდა ტრანსფორმაციებთან ერთად იცვლებოდა. ამის შედეგად მივიღეთ სამი თვისებრივად განსხვავებული ესთეტიკა: 20-იანი წლების მოდერნისტული, რევოლუციური ექსპერიმენტებისა და უტოპიზმის სულის მატარებელი, რომელიც 30-იან წლებში შეცვალა სოციალისტურ რეალიზმად დაპროგრამებულმა სტალინურმა მონუმენტალიზმმა თავისი გიგანტური ფორმებით და ეთნო-ნაციონალური სტილიზაციებით და საბჭოთა იმპერიულობის ესთეტურ სახედ იქცა. ბოლოს კი ყველაზე ხანგრძლივი ხრუშჩოვ-ბრეჟნევის ეპოქის უსახოვნება, რომელსაც „უძრაობის“ ხანა ეწოდა. ამ დროს სტალინურმა მესიანიზმმა სიცოცხლისუნარიანობასთან ერთად თავისი სიმძაფრეც დაკარგა და კორუმპირებულ ტოტალიტარულ სისტემაში შეფარული კრიტიკის ენა გააჩინა, რომელსაც ზოგჯერ „ეზოპეს ენადაც“ მოიხსენიებენ. ამგვარი ენა კი მხოლოდ არათავისუფალი და იდეოლოგიური კულტურის ფარგლებში, მასთან სიმბიოზში არსებობდა.

ესთეტიკური ფორმაციის სახეს და შინაარსს განაპირობებს არა მხოლოდ ოფიციალური კულტურა, რომელიც ძალაუფლების მქონეთა ჩარევით იქმნება, არამედ ის ერთგვარი „კონტრკულტურაც“, რომელიც პოლიტიკურ სისტემას უპირისპირდება და აკრიტიკებს. მაკრიტიკებელი თუ გამშარჟებელი ვერ იარსებებს პოლიტიკური სისტემის გარეშე, ის მთლიანად მასზეა დამოკიდებული. უკვე პერესტროიკის ხანაში საბჭოთა სახელმწიფოს ნგრევასთან ერთად, გვიანსაბჭოთა ესთეტურ ფორმაციასაც საფუძველი გამოეცალა, რამაც როგორც ოფიციალური კულტურა, ასევე ეზოპეს იგავურ ენაზე მეტყველი „კონტრკულტურაც“ მოშალა და კონტექსტდაკარგულ კარიკატურად აქცია.

90-იან წლებში საქართველოში კულტურული თვალსაზრისით არ მომხდარა არანაირი ისეთი ცვლილება, რომელსაც ამ პერიოდის სპეციფიკური სახე შეექმნა: საქართველო ინერციით კულტურულადაც და პოლიტიკურადაც ჯერ ისევ უძრაობის ეპოქის ესთეტიკაში იმყოფებოდა. მიუხედავად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადაქცევისა, ნაციონალიზმისა და ეთნოკონფლიქტებისა, სამოქალაქო ომებისა, ტერაქტებისა თუ პერმანენტულად „სტაბილურობის“ ძიებისა, ქვეყანა განაგრძობდა იმ სტერეოტიპებით, ესთეტიკური კრიტერიუმებითა და ამ ესთეტიკის რეპრეზენტანტთა იუბილეებით ცხოვრებას, რომლებიც აღარარსებული საბჭოთა უძრაობის ექოს გამოსცემდნენ. 90-იანი წლების საქართველოში არც პოლიტიკური სისტემა არ ჩამოყალიბებულა და გაჯიბისქურდებული ძალაუფლების ინსტიტუციები ვერც საზოგადოებრივი თუ კულტურული პროცესების გაკონტროლებას ახერხებდნენ. თუმცა არც თავისუფალ ხელოვნებასა თუ ინტელექტს გაუშლია ფრთები ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და 90-იანების მიწურულს თვითკომერციალიზაციის მიმართულებით სვლას შეუდგა, რამაც, მართალია, ზოგადად კულტურულ ცხოვრებაში ნაკლები კვალი დატოვა, სამაგიეროდ ქართულ ენაში ახალი ტერმინი – „გრანტი“ დაამკვიდრა.

თვისებრივი გარდატეხა ამ თვალსაზრისით საქართველოში 2004 წელს დაიწყო, როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი თანმხლები ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიული და სინგაპურიზაციულ-ეკონომიკური მიზნებით, არამედ საკუთარი ესთეტიკური პროგრამით მოვიდა. სააკაშვილის ესთეტიკური პროექტი მის მმართველობაში ყველაზე მეტად წარმატებული აღმოჩნდა, იმდენად, რომ შესაძლებელია სააკაშვილის ხანას ეწოდოს ესთეტიკური ფორმაცია, რომლის გაანალიზებაც თავად ამ პოლიტიკური სისტემის მენტალურ წყობას და შინაარსს ცხადყოფდა. თუ რატომ სააკაშვილის და არა ნაციონალური მოძრაობის, ვფიქრობ, ესეც ამ ესთეტიკური ფორმაციის მნიშვნელოვანი ასპექტია, რამაც ერთი პიროვნების ინფანტილური ახირებების ესთეტურ ნორმად ტრანსფორმაცია განაპირობა. ესაა საყოველთაო იმიტაციის პრინციპი, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის ძალაუფლება და ამ ძალაუფლებით მართული სახელმწიფო იყო დაფუძნებული: ყველა და ყველაფერი, ვინც და რაც ხელისუფლების გავრცელების არეალში იყო და მოქმედებდა, ბაძავდა და იმეორებდა სააკაშვილს, ყველა სხვადასხვა მასშტაბითა და ხარისხით იყო მიშა. იმიტაციათა ასეთი ჯაჭვი კი მთლიანობაში ერთ საერთო სააზროვნო, გამომსახველობით და ქცევათა ანსამბლად ჩამოყალიბდა.

თავად სააკაშვილის ესთეტიკა, რომელიც მისი მიმბაძველების მეშვეობით სწრაფი ტემპით მოედო მთელს საქართველოს, ასევე იმიტაციას ეფუძნება. იმიტაცია, რომელიც ლათინურიდან სიტყვასიტყვით „მიბაძვად“, „მიმსგავსებად“ ითარგმნება, არა მხოლოდ პირველადი ფორმის არანამდვილით, ასლით ჩანაცვლებას ნიშნავს, არამედ ამგვარი მიბაძვის დროს თავად მისაბაძის წარმოსახვას, მის გამოგონებასაც გულისხმობს. მაგალითად, როდესაც შუა საუკუნეებში ქრისტიანი იმპერატორი ღმერთის ან ქრისტეს იმიტაციად მიიჩნეოდა, არა მხოლოდ იმპერატორი იყო „ღმერთის“ განსახიერება, არამედ ამ იმიტაციაში თავად ღმერთი წარმოჩნდებოდა იმგვარად, როგორადაც მას მისი იმიტატორი განასახიერებდა (სწორედ ქრისტიანი იმპერიატორის კულტმა შექმნა ქრისტეს, როგორც „პანტოკრატორის“ – სამყაროს მპყრობელისა და მბრძანებლის ხატება). სააკაშვილის ესთეტიკაშიც მის მიერ შემოტანილი ყველა ფორმა, რომელიც რომელიღაც სხვა ორიგინალური ფორმის ასლია, „ორიგინალებსაც“ იმ სახით წარმოაჩენს, როგორადაც ისინი მათ იმიტატორს წარმოუდგენია.

სააკაშვილის თანმდევი სახელმწიფო სიმბოლიკიანი ტრიბუნები, ჰიმნის შესრულებისას მარჯვენა ხელის მკერდზე მიბჯენა, დროშის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშნის ტარება – ამერიკის პრეზიდენტის, უშუალოდ ჯორჯ ბუშის იმიტაციაა, რაც საქართველოს პროამერიკულობასა და სააკაშვილის ბუშის პოლიტიკის ერთგულებაზე მიანიშნებს. ბუშის მიმბაძველობა სააკაშვილის მილიტარისტულ რიტორიკასა და ბოროტების ძალებთან ესქატოლოგიური ბრძოლის ფანტაზიებშიც აშკარაა. თუმცა ამავე დროს თავად ბუშისადმი პატივისცემის ნიშნად ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის სახელის თბილისის ქუჩისათვის დარქმევა თავისი არსით სრულიად ანტიამერიკული და უფრო საბჭოთა წარმოშობის პიროვნების კულტის სფეროდანაა გადმოღებული, რომელიც „უძრაობის“ ეპოქის სულს აცოცხლებს. ამგვარად, ამერიკული ფორმა ქართულ იმიტაციაში კარგავს პირვანდელ შინაარსს და პაროდიად გადაიქცევა. იმიტაციით შექმნილი სააკაშვილისეული ფორმა კი ახალ მნიშვნელობას იძენს, სადაც საქართველო საკუთარ თავს ამერიკის უმცროს ძმად ან შვილობილად გამოსახავს, რომელიც თავისი მფარველის მიბაძვასაც კი საბჭოური არტიკულაციის ფორმებით ცდილობს.

სააკაშვილის ესთეტიკაში იმიტაციის კიდევ უფრო მეტად სასურველი ობიექტი ევროპაა. ზურაბ ჟვანიას მიერ გახმოვანებულმა რიტორიკულმა ფორმულამ – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“, რაც მომავლისკენ მიმართული პოლიტიკური ორიენტაციის აღმნიშვნელი საპროგრამო განცხადება იყო, სააკაშვილთან რეალურად არსებული ფაქტის სტატუსი მიიღო და პრეზიდენტის ესთეტიკური აქტივობის და საქართველოს ევროპულობის ინსცენირების მთავარ მამოძრავებელ ძრავად იქცა. საქართველოს ევროპულობის დასამტკიცებლად, სააკაშვილი ქვეყნის არა სამართლებრივად და პოლიტიკურად გაევროპულებას, – რაც ევროპულის მსგავს კანონმდებლობას, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას და ამოქმედებას, მედიის თავისუფლებას, სოციალურ საბაზრო ეკონომიკას და ა.შ. – გულისხმობს, არამედ საქართველოს „ევროპულ“ სტილში მორთვა-მოპირკეთებას შეუდგა.

საქართველოს გაევროპულების მიზნით შეიქმნა ქართული ნაციონალური კიჩი „უძველესი ევროპელი“ ჰომო-ერექტუსების – მზიასა და ზეზვას ნარატივებით დაწყებული, პრომეთეს, მედეას, რომაულ სტილში გამოსახული ოქროს წმინდა გიორგის და სხვა მითოლოგიურ ფიგურათა ქანდაკებებით. „უძველესი ევროპელობის“ ნიშნით გაჩნდა ბათუმსა თუ ქუთაისში ფსევდოანტიკური და ფსევდოკლასიცისტური ნაგებობები, თავიანთი ნეპტუნიანი შადრევნებითა და ქუთაისის ოპერის თეატრზე შემომდგარი ბერძნულ-რომაულ ქანდაკებათა იმიტაციებით, გვიანი შუა საუკუნეების ევროპულ არქიტექტურას მიმსგავსებული საათიანი შენობებით. ის, რასაც ირონიულად „სიღნაღიზაცია“ დაერქვა, სააკაშვილის მიერ საქართველოს გაევროპულების ესთეტიკური სტრატეგია იყო, რომლის შედეგადაც საქართველოში შემორჩენილი ავთენტური ძველი ნაგებობები, რომელთა გამოც საქართველო ევროპელი თუ არაევროპელი ტურისტებისათვის საინტერესო და განსაკუთრებული შეიძლება ყოფილიყო, მასობრივად განადგურდა და მათი ადგილი ისტორიული და კულტურული კონტექსტებიდან ამოგლეჯილმა ბუტაფორიებმა დაიკავა.

სააკაშვილის ესთეტიკის ერთ-ერთი მიზანი არა მხოლოდ საქართველოს გაევროპულება ან მისი ახალი, შემინული არქიტექტურით გაფუტურისტულება, არამედ ისტორიული საქართველოს გამოგონებაც, მისი კულტურული მემკვიდრეობის შეცვლაც იყო. რუსულ-საბჭოთა ნაკვალევის წაშლის მცდელობასთან ერთად, რომელსაც მთელი რიგი ისტორიული ძეგლების დამახინჯება მოჰყვა, საქართველოში აშენდა ძველ ქართულ არქიტექტურას მიმსგავსებული სრულიად უფუნქციო და კიჩური შენობები, რომელთა დანიშნულება, ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. ისინი არა საქართველოს სიძველეს ან კულტურულ მემკვიდრეობას, არამედ სააკაშვილის ისტორიულ ფანტაზიებს განასახიერებს. ყველაზე თვალსაჩინო და გროტესკული მაგალითი „განახლებული“ მცხეთაა, სვეტიცხოვლის შესასვლელთან აღმართული გიგანტური კოლოსებიანი ნაგებობით, რომლის ფასადის ცენტრში თეთრი მარმარილოს „დედაბოძი“ დგას. ეს შენობა, ჩემი აზრით, სააკაშვილის ესთეტიკის სიმპტომატური ნიმუშია: მდარე გემოვნება, შერწყმული უშინაარსობასთან და მოჩვენებითობასთან, რომელსაც ისტორიულობისა და „ეროვნულობის“ პრეტენზია აქვს, სინამდვილეში კი ისტორიის სტილიზაციისა და პრეზიდენტის სურვილებისამებრ გადაკეთებისაკენაა მიმართული. პრეზიდენტის ეს ობსესია დაგვირგვინდა ქუთაისის ბაგრატის ტაძრის „რეკონსტრუქციით“, რასაც ნანგრევების სახით შემორჩენილი ამ ძეგლის სრული განადგურება მოჰყვა. მის ადგილას კი აღიმართა ძველს მიმსგავსებული თანამედროვე შენობა, რომელიც არაფრით განსხვავდება იმ ყოველგვარ არქიტექტურულ ღირებულებას მოკლებული ანაქრონისტული ნაგებობებისგან, რომლებიც ბუტაფორიული ესთეტიკის სფეროში სააკაშვილის მთავარი კონკურენტის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეცადინეობით იქმნება.

მაგრამ არქიტექტურაც, სკულპტურაც და ევროპის, ამერიკისა თუ სინგაპურის იმიტაციები მხოლოდ ცალკეული კომპონენტებია იმ ინსცენირებებისა და იდეოლოგიური სპექტაკლებისა, რომლებიც სააკაშვილის ესთეტიკის ბირთვს წარმოადგენს. სააკაშვილის ესთეტიკა, უპირველეს ყოვლისა, პერფორმატიულია და ამ კუთხით მას საქართველოში ბადალი არ ჰყოლია. მინისტრთა კაბინეტის სხდომებს სათაფლიის გამოქვაბულში, მშენებლობებსა თუ ზღვის ნაპირას, ბოლოდროინდელ ქართულ კრიტიკულ პუბლიცისტიკაში არაერთხელ გამოუწვევია „კარნავალურობის“ ასოციაციები. კარნავალურობის თეორიის შემქმნელის – რუსი საბჭოთა თეორეტიკოსის, მიხეილ ბახტინის თანახმად, კარნავალი გვიანი შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხანის ევროპულ ხალხურ კულტურაში იყო ჩაგრული და უუფლებო ხალხის თავისუფლების განცდის ფაქტობრივად ერთადერთი საშუალება, რომლის დროსაც რამდენიმე საათით სოციალური იერარქიები ირღვეოდა და დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლები საკუთარ „თავისუფლებას“ არსებული სამყაროს წესრიგის, იერარქიების ყირაზე დაყენებითა და დაცინვით გამოსახავდნენ. შესაბამისად, უკვე ახალ ეპოქაში კარნავალურობიდან გავრცელდა გროტესკისა და პაროდიის ხელოვნებები.

არსებობს მოსაზრება, რომ ბახტინისეული კარნავალურობის თეორია ავტორის რეფლექსია იყო სტალინის ხანის საბჭოთა კუტურაზე, მის პარადულობასა და თეატრალურობაზე. ასეთ ვითარებაში ძალაუფლება იპყრობს და იკავებს იმ სივრცეს, სადაც თუნდაც შეფარული „თავისუფლება“ იქნებოდა შესაძლებელი. „ზემოდან“ დადგმული „კარნავალი“ უკვე ძალაუფლების ცინიზმის გამოხატულებაა, რომელიც იქ გვაჩვენებს საკუთარ თავს, სადაც მას არ ველით. ამით კარნავალი კარგავს თავის სუბვერსიულ შინაარსს, რომელიც იერარქიებსა და რეპრესიულ წესრიგს კი არ დასცინის და თუნდაც დროებით კი არ ამხობს, არამედ სწორედ ძალაუფლების ომნიპრეზენტულობასა და ყოვლისმომცველობას განასახიერებს.

სააკაშვილის ესთეტიკა, მიუხედავად ავტორიტარულობისკენ მისი აშკარად გამოხატული ლტოლვის ნიშნებისა, არც ტოტალიტარულია და არც ტირანული აბსოლუტიზმის ნიმუში. ესაა ძალაუფლების აღვირახსნილობის სიმბოლური ენა, რომელიც იმის გამო, რომ მას არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება სხვა ესთეტიკების მხრიდან, ბოლოს თვითპაროდიულ სახეს იღებს.

სააკაშვილის პერფორმატიული ესთეტიკის დაგვირგვინება იყო ე.წ. „მოდელირებული ქრონიკა“, რომლის მთავარი მომენტი, ჩემი აზრით, არა რუსეთის ინტერვენცია ან ქართველ ოპოზიციონერთა ღალატი, არამედ პრეზიდენტის დაღუპვა იყო! ამ ჰეროიკული ეპოსის პრეფიგურაცია სააკაშვილმა თავადვე შექმნა 2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის გრანდიოზული დაკრძალვა-პერფორმანსით, რომლის დროსაც ახალ, ნაციონალურ და ერთობ პროვინციალურ ფერებში გაცოცხლდა საბჭოთა სოციალისტური რეალიზმი, თავისი ბელადების ტრიუმფალური დაკრძალვებითა და მგლოვიარე ხალხის ფარსით.

გმირის სიკვდილი არის აპოთეოზი, მისი უკვდავთა რანგში ამაღლება. რადგან რეალურ სამყაროში ეს არ მომხდარა და არც ამის საჭიროება ყოფილა, პრეზიდენტმა, როგორც ვირტუალური ეპოქის წარმომადგენელმა, გაითამაშა საკუთარი აპოთეოზი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის აღსასრულად წარმოსახა ტელეკომპანია „იმედმა“. იმიტაციის, ვირტუალურობის ჩანაცვლებით სააკაშვილის ესთეტიკაში რეალობა იმ სახეს იღებს, რომელსაც პოლიტიკა ან ეკონომიკა ვერ ქმნის, სამაგიეროდ მეხსიერებაში რჩება გამოსახულებები, სურათები, სპექტაკლები, საიდანაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური სისტემის მოდერნისტულ-რეფორმისტული სახე იქმნება.

სააკაშვილის ესთეტიკურ ფორმაციაში შეჯამდა უძრაობის ხანის საბჭოთა გადმონაშთები და, რეალურ ტოტალურ ძალაუფლებას მოკლებული, საკუთარი თავის გროტესკად იქცა. ის ღირებულებათა სისტემა, რომელიც ამ ესთეტიკამ გამოამზეურა, განსაკუთრებით ევროპისა და დასავლურობის ხატი, მთელი თავისი საბაზრო ფეტიშიზმითა და უხამსობით, ასევე საბჭოთა კავშირში აღზრდილი ბიურგერის სამომხმარებლო ფანტაზიებია, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში მხოლოდ სამარკო პროდუქტებსა და მათი ფლობისა თუ მოხმარების პრესტიჟულობას ხედავს. ეს „მესიჯი“ საკმაოდ თვალში საცემი იყო სააკაშვილის ესთეტიკის ასევე სანიმუშო მაგალითში, მიუზიკლ „ქეთო და კოტეში“. ეს ძვირად ღირებული ვიზუალურ-აკუსტიკური სიმდარე, რომელშიც მთელი ქართული სასცენო ისტებლიშმენტი სრული შემადგენლობით მონაწილეობდა, ზუსტად იმ გემოვნებასა და ღირებულებებს განასახიერებდა, „საზღვარგარეთში“ შოპინგ-ტური და ძვირად ღირებულ სასტუმროებში დასვენება რომ უნდა გაახსენოს ახალგამდიდრებულ ქართველს.

ძალაუფლება ასეთ ესთეტიკაში მფლობელობისა და მოპარული თუ მოჩვენებითი წარმატებების ინსტრუმენტია, ურომლისოდაც ყველა სახის სპექტაკლი თავის ბრწყინვალებას კარგავს. ამის ნიშანი 19 აპრილის მიტინგი იყო: უღიმღამო და უშინაარსო სპექტაკლი, რომლის ძალაუფლებადაკარგული მონაწილეებიც მხოლოდ საკუთარ გროტესკულობასა და ოდიოზურობასღა განასახიერებენ. ის, რაც ამ ესთეტური ფორმაციისგან დარჩა, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტად გიორგი ავალიანის ერთ მოკლე ვიდეოშია ნაჩვენები.

Tags:კულტურა, მიხეილ სააკაშვილი, ესთეტიკა

მაისი 2013

კალენდარი

ყველაზე პოპულარული