Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი რუსეთს სთავაზობს მოლაპარაკებას საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხზე


თურქეთი რუსეთს სთავაზობს მოლაპარაკებას მომავალში თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის თავიდან ასაცილებლად. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ტანჯუ ბილგიჩმა 7 ოქტომბერს განაცხადა, ანკარა გამოდის მოლაპარაკების ინიციატივით, რათა რუსმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა შეძლონ გააკეთონ განმარტება თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით და განმარტონ ზომები, რომელთა მიღებასაც აპირებენ ასეთი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. პრეს-მდივნის თქმით, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი 6 ოქტომბერს უკვე მესამედ დაიბარეს გასული კვირის მიწურულს მომხდარი ორი ინციდენტის - რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო. ამასთან ბილგიჩი უარყოფს რუსეთის მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ თურქეთს სურს „მუშა ჯგუფის“ შექმნა სირიის საკითხში მოსკოვთან ზომების კოორდინაციის მიზნით. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ არ სურს სირიის კონფლიქტმა კრიზისი გამოიწვიოს რუსეთს და ნატოს შორის. მისივე ინფორმაციით, სირიაში რუსეთის 57 საჰაერო დარტყმიდან მხოლოდ ორი იყო მიმართული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მაშინ, როცა დანარჩენები განხორციელდა სირიის პრეზიდენტთან მებრძოლი ზომიერი ოპოზიციონერი მეამბოხეების პოზიციებზე.

XS
SM
MD
LG