Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: ერაყში ორი მრჩეველი ემსხვერპლა აშშ-ის უპილოტო საფრენ აპარატს


თეირანის განცხადებით, აშშ-ის მიერ გასულ კვირაში ერაყში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ იერიშს ემსხვერპლა ორი ირანელი მრჩეველი, თუმცა თავად აშშ აცხადებს, რომ მის სამიზნეს მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები წარმოადგენდნენ. ირანის რევოლუციის გვარდიამ თავის ვებსაიტზე 30 მარტს გამოაქვეყნა ცნობა, რომ იერიში 23 მარტს განხორციელდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ ერაყის ძალების მხარდაჭერა დაიწყო საჰაერო დარტყმებით. ერაყის ძალები ცდილობენ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან გამოიხსნან ქალაქი თიქრითი. ვებსაიტის თანახმად, დაღუპულთა სახელებია ალი იაზდანი და ჰადი ჯაფარი. ცნობის თანახმად, დაღუპულები 29 მარტს დაკრძალეს. სააგენტო ასოშიეიტედ პრესს მოაქვს ბაღდადში აშშ-ის საელჩოს სიტყვები, რომ საერთაშორისო კოალიციის სამიზნეს მხოლოდ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ წარმოადგენს. განცხადებაში ღიად ნახსენები არ არის ირანის მხრიდან გამოთქმული ბრალდება, თუმცა ნათქვამია, რომ ყველა საჰაერო იერიში ხორციელდება ერაყის მთავრობასთან თანამშრომლობით და სრულადაა შეთანხმებული ერაყის თავდაცვის სამინისტროსთან.

XS
SM
MD
LG