Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის შედეგად 50 სააგარაკე სახლი დაიწვა


გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში გუშინ საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად სააგარაკე სახლები დაიწვა . ცეცხლმა 50 სააგარაკე სახლი გაანადგურა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი სიცხე სახელდება. ცეცხლის ლოკალიზებას გარდაბნის, რუსთავის, მარნეულისა და თბილისის სახანძრო სამსახურის შვიდი ბრიგადა 4 საათის განმავლობაში გვიან ღამემდე ერთდროულად აწარმოებდა. ადგილობრივთა განცხადებით, მეხანძრეები სოფელში 2 საათის დაგვიანებით მივიდნენ, რის გამოც ცეცხლი დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა და შედეგად 50-ზე მეტი სააგარაკე სახლი დაიწვა. სახლების უმეტესობა ცარიელი იყო, რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი კი ხანძრის შედეგად წუხელ გვიან ღამით ღია ცის ქვეშ დარჩა. სახანძრო ბრიგადები დაგვიანების მიზეზად სოფელში გზის სავალი ნაწილის გაუმართაობას ასახელებენ. სოფელი კუმისი ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რადგან ხანძრის შედეგად ტრანსფორმატორი და ელექტრო გადამცემი ხაზების ბოძები დაიწვა. სოფელი კუმისის ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შედის, ნაწილი კი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში. წუხელ ადგილზე მივიდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მანუჩარ ჯოხაძე და თეთრი წყაროს გამგებელი გიორგი დაუშვილი. როგორც მათ განაცხადეს, შეიქმნება კომისია, რომელიც ხანძრისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის და სახლების მეპატრონეებს შესაბამისი კომპენსაცია უკვე ზარალის დათვლის შემდეგ გადაეცემათ.

XS
SM
MD
LG