Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განცხადების გარეშე დასრულდა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრობლომის კომიტეტის შეხვედრა


ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ორდღიანი შეხვედრა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი გვატყობინებს, ამ კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრების 15 წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სხდომა საბოლოო განცხადების შემუშავების გარეშე დასრულდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ევროპარლამენტის მემარჯვენე-ცენტრისტულ ჯგუფს, ევროპის სახალხო პარტიას - რომლის წევრებს შორის საქართველოს ნაციონალური მოძრაობაც არის - ტექსტში შესწორების შეტანა სურდა - რომ თბილისში „პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა“ მოხდა იმ დღეს, როცა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური გამოსვლისთვის ადგილის შეცვლა მოუწია. საუბარია 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარ შეხლა-შემოხლაზე. კერძოდ, უთანხმოების გამომწვევ პუნქტში ეწერა, რომ „პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ეს თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებული იყო“. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს დელეგაციის წევრმა, პარლამენტარმა თინათინ ხიდაშელმა ევროპელ კოლეგებს მიმართა: „მე ვიზიარებ თანათავმჯომარის მიერ გამოთქმულ სინანულს იმის თაობაზე, რომ ამ შეხვედრის შედეგად საბოლოო დოკუმენტი ვერ შევიმუშავეთ. თუმცა, ვფიქრობ ეს გარემოება ირეკლავს იმ ობიექტურ რეალობას, რომლის წინაშეც ვართ ყველანი. რომ არსებობს ბევრი უთანხმოება, ბევრი საკითხი, რომელიც კვლავაც საჭიროებს განხილვას და ჩაღრმავებას. სწორედ ამიტომაა, რომ უკვე რამდენიმე თვეა ჩვენს [პარტნიორებს საქართველოში ვიწვევთ]. ამ შეხვედრაზე ეს ევროპარლამენტარებსაც შევთავაზე. ჩამობრძანდით საქართველოში, შეისწავლეთ საქმეები, დააკვირდით პროცესებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობის ყველა წესის დაცვას, უზრუნველვყოფთ ღიაობას და ნებისმიერი დოკუმენტის ხელმისაწვდომობას“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
XS
SM
MD
LG