Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: ნიკოლოზ ვაშაკიძემ „არასერიოზული პასუხი“ გასცა სერიოზულ შეკითხვას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოთხშაბათს ქართული მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას შეეხო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან ნიკოლოზ ვაშაკიძის გადადგომის საკითხს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ვაშაკიძე არავის მოუხსნია, მაგრამ იყო ეპიზოდი, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინა ვაშაკიძის გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა მინისტრის მოადგილის პოსტი. კერძოდ, ივანიშვილის თქმით, ვაშაკიძემ მას „ძალიან არასერიოზული პასუხი გასცა სერიოზულ კითხვაზე“, როცა პრემიერ-მინისტრი სომხეთში ვიზიტისათვის ემზადებოდა და, ამ პროცესის ფარგლებში, სამინისტროების წარმომადგენლებს ხვდებოდა. შეხვედრისას აღმოჩნდა, რომ საკითხებს შორის, რომლებიც შესაძლოა, წამოჭრილიყო სომხეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, საგარეო უწყებას შეტანილი არ ჰქონდა აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის თემა. „როცა ყველა საკითხი ჩამოთვალა, მე ჩავეკითხე ვაშაკიძეს, რომ კი მაგრამ აფხაზეთის რკინიგზის საკითხს, ხომ იცი, რომ შემეკითხებიან? მე მზად არ ვარო, მითხრა. არადა, ორი დღის შემდეგ უკვე მივდიოდი სომხეთში. და როდის გექნება-მეთქი მზაობა, რა უნდა ვთქვა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს? ერთი კვირის შემდგომ მექნება მზაობაო... მე მეგონა, რომ ხუმრობდა“ - უთხრა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს და დასძინა, რომ მაშინ ვაშაკიძემ ნახა პრემიერ-მინისტრის უარყოფითი რეაქცია და შესაძლოა, მასზე გაბრაზდა. იქვე ივანიშვილმა უარყო საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ზოგი ექსპერტის მიერ გამოთქმული შეფასება, რომ ვაშაკიძისა და ალასანიას მიმართებით საკადრო სიახლეები შესაძლოა უკავშირდებოდეს ამ ორი პირის, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მომხრის, უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს მთავრობის საგარეო-პოლიტიკური კურსის მიმართ. ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მისი მთავრობა ინარჩუნებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსს.
XS
SM
MD
LG