Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ამზადებენ კანონპროექტს სახელმწიფო მედიაში უცხოელების მუშაობის ასაკრძალად


რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ამზადებს ახალ კანონპროექტს, რომელიც აკრძალავს უცხოელების მუშაობას სახელმწიფო მედიაში. როგორც პარლამენტის წევრმა მიხაილ სტარშინოვმა განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში, ახალი კანონი არ დაუშვებს, რომ უცხოელებმა საჯაროდ მოახდინონ „რუსეთის დისკრედიტაცია“. გასულ თვეში რუსი კანონმდებლების პროტესტი გამოიწვია ცნობილი რუსი ჟურნალისტის, უცხოეთში დაბადებული ვლადიმირ პოზნერის კრიტიკამ კანონისადმი, რომელიც კრძალავს რუსი ბავშვების ამერიკელ მოქალაქეებზე გაშვილებას. ეს კანონი იყო მოსკოვის რეაქცია შეერთებულ შტატებში დამტკიცებულ „მაგნიტსკის აქტზე", რომელიც სანქციებს უწესებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებულ რუს ოფიციალურ პირებს. რუსეთის მედიაში ახლა „პოზნერის საწინააღმდეგო კანონზე“ ალაპარაკდნენ სახელმწიფო მედიაში უცხოელების მუშაობის ამკრძალავი კანონპროექტის მზადებასთან დაკავშირებით. პოზნერს აქვს რუსეთის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პასპორტები.
XS
SM
MD
LG