Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა პატიმრობიდან, თუმცა, მის წინააღმდეგ აღძრული ორი საქმის განხილვა სასამართლოში კვლავ გაგრძელდება. პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით აღძრულ საქმეზე ოქრუაშვილს 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარემ გირაოს შუამდგომლობა იმით ახსნა, რომ არ არსებობს ოქრუაშვილის მიმალვის საფრთხე, რადგან ყოფილი მინისტრი საქართველოში საკუთარი ნებით დაბრუნდა და ამასთან, საქმეზე თითქმის ყველა მოწმე დაკითხულია, რაც გამორიცხავს მათზე ოქრუაშვილის ზეწოლის შესაძლებლობას. თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით აღძრული საქმე უვარგისი ვაზნების შეძენას უკავშირდება. 10 იანვარს საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის და ხელმძღვანელობის საქმეზეც. მანამდე პროკურატურამ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ირაკლი ოქრუაშვილს მოუხსნა ბრალი ფულის გათეთრებაში და ასევე, კომპანია”ჯეოსელის” აქციების უკანონოდ დაუფლების ბრალდება, რომლის გამოც 2008 წელს 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სამსახურებრივი გულგრილობის და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის საქმეთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მომავალ კვირაში განახლდება.
XS
SM
MD
LG