Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ისევ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე


რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ისევ უარი თქვა მრავალმილიონიან ზარალთან დაკავშირებული საქმის გარშემო გამომძიებლების შეკითხვების პასუხზე. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, გამოძიებას ბევრი შეკითხვა აქვს სერდიუკოვთან, მათ შორის, უწინარეს ყოვლისა, შეკითხვები თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი უძრავი ქონების გაყიდვაზე და გაყიდული ობიექტების ფასებზე. „რასაკვირველია, ბატონ სერდიუკოვს, ისევე როგორც რუსეთის ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, აქვს უფლება, უარი თქვას ჩვენების მიცემაზე, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ასეთი პოზიცია გამოძიებისათვის, სულ ცოტა, გაუგებარია. თუ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ არა აქვს კავშირი მოვლენებთან, რომლებიც ახლა გამოძიების საგანი გახდა, მაშინ სავსებით ლოგიკური იქნებოდა პასუხის გაცემა გამოძიებისათვის საინტერესო კონკრეტულ შეკითხვებზე“, - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა. სერდიუკოვის სახელი უკავშირდება სკანდალს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკონტროლებული კომპანიის გარშემო. მიმდინარეობს სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტების გაყიდვის გამოძიება, 100 მილიონამდე დოლარის ზარალის გამო. სერდიუკოვი შარშან მოხსნეს მინისტრის პოსტიდან. მან პირველად დეკემბერში თქვა უარი ჩვენების მიცემაზე და მხოლოდ წერილობითი განცხადება წარმოადგინა.
XS
SM
MD
LG