Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ


ევროსაბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის მრჩეველთა კომიტეტმა დღეს გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ პირველი ანგარიში, რომელსაც მთავრობის კომენტარები ახლავს. ეს ანგარიში მომზადდა საქართველოში მრჩეველთა კომიტეტის დეკემბერში ვიზიტის შემდეგ და მის მთავარ დასკვნებს შორის არის დადებითი შეფასება იმ ფაქტისა, რომ საქართველოში ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებამ გამოიწვია დებატები ეროვნული უმცირესობების დასაცავად უფრო მასშტაბური საკანონმდებლო საფუძვლის მოსამზადებლად. ანგარიში მოიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა მონაწილე მხარის მიმართ, გამოინახოს მშვიდობიანი გზა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარშემო კონფლიქტის მოსაგვარებლად. ანგარიშის ავტორები მეტ ძალისხმევას მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის შესასწავლად პირობების შესაქმნელად. საჭიროდ არის მიჩნეული ასევე დამატებითი ზომები, რათა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა თანასწორუფლებიან გარემოში შეძლო განათლების მიღება. კრიტიკა არის გამოთქმული იმის გამო, რომ ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში კვლავაც შეზღუდულია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობა. გარდა ამისა, კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს მზარდი რელიგიური დაძაბულობის გამო, რაც, მისი შეფასებით, განსაკუთრებით აზარალებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG