28.01.2010
რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ სელინჯერი გარდაცვლილა.
ახალი ბლოგი უკვე თითქმის დამთავრებული მქონდა, როცა ერთ-ერთ საიტზე გადავაწყდი ამ ამბავს. შევედი Facebook-ზე. ფრენდებს უკვე აეჭრელებინათ კედელი, ცოტა ხანს მეც ჩავერთე ამ ამბავში. ზოგი წუხდა, ზოგი ხუმრობდა, სხვები ამბობდნენ: “ღმერთმა აცხონოს”, ნაწილი კი იმაზე დარდობდა, რომ მის არქივს კიდევ 50 წელს არ გახსნიდნენ და ვერ ვნახავდით მთელი ამ განდეგილობის მანძილზე დაწერილს, ჩანიშნულს თუ დაჩხაპნილს.
ფორუმზეც დიდი ამბები იყო! ერთმა ისიც თქვა, მოდით ყველამ ავატარებად სელინჯერის ფოტოები დავიყენოთო. რაზეც მეორე შეეხუმრა, მაგას ჭვავის ყანის ფოტო ჯობიაო.
იანვარი ყველაზე გაუმაძღარი თვე გამოდგა. იანვარს ყველაზე მეტი დიდი მწერალი გადაყვა, შეეწირა: ჯეიმს ჯოისი, ანდრეი პლატონოვი, ტომას ელიოტი, ალბერ კამიუ... მარტო დღევანდელ დღეს, 28 იანვარს, უილიამ ბატლერ იეიტსის, იოსიფ ბროდსკისა და ასტრიდ ლინდგრენის გარდაცვალების დღეა. სხვებიც არიან იანვრის მსხვერპლნი.
დღეს ვერაფრით ვერ დავარქვი სახელი ჩემს განცდას, რომელიც ამ ამბის გაგების შემდეგ დამეუფლა. ეს არ იყო წუხილი, არც “უი, საწყალი!” გამივლია გულში და არც “რა კაცი წაიქცა!”. სელინჯერი ხომ ისედაც დიდი ხნის წინ წავიდა. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავისი ბიოგრაფია მოგვისპო გულებში, რათა უფრო მნიშვნელოვანისთვის მიგვეძღვნა გულიც და ფიქრიც. გვენაღვლა, გვესევდიანა, გვეოცნება.
სელინჯერის ქალიშვილის, მარგარეტის მემუარების გარეკანი ჩვენ ვხედავდით, როგორ ჭაღარავდებოდა და ბერდებოდა ჯონ აპდაიკი, კურტ ვონეგუტი და სხვები, და მათი გარდაცვალების შემდეგ ვამბობდით: “გუშინ ვნახე, იცინოდა!”: ისინი “New York Times”-ის საიტზე გამოდებულ ვიდეოზე იცინოდნენ, “CNN”-ზე იცინოდნენ, “Guardian”-ის ბლოგზე იცინოდნენ. სელინჯერზე ვერ იტყოდი, “გუშინ ვნახე, იცინოდა”. ეს კაცი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე არავის თვალით არ უნახავს, მით უმეტეს - გაცინებული.
დღეს ვფიქრობდი და აღმოვაჩინე, რომ “ჰარი პოტერის” ავტორის შემდეგ, სელინჯერი მეორე მწერალი იყო, რომელიც Yahoo-სა და Google-ის საძიებლებში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.
ყველაზე გულდასაწყვეტი მაინც ისაა, რომ 50 წლის განმავლობაში არ გახსნიან სელინჯერის არქივს და ისე წავალთ ამ ქვეყნიდან, ვერასდროს გავიგებთ, რითი ცხოვრობდა ეს ადამიანი, თანამედროვე კულტურის ყველაზე გამოუცნობი გმირი.
მისი არქივის გახსნის დროს გაგანია გლობალური დათბობა იქნება, ალბათ... თუმცა, ერთი ვარიანტიც არსებობს, ყველანაირი 50-წლიანი ლოდინის გარეშე. 2012 წელს, როცა უკვე გარდაუვალი იქნება კომეტის დედამიწასთან შეჯახება, ალბათ ყველა დალუქული არქივიც დაკარგავს აზრს, მათ შორის სელინჯერისაც. და დედამიწის გაქრობამდე რამდენიმე საათით ადრე გამოვა ბარაკ ობამა და პირდაპირ ეთერში წაიკითხავს მის უკანასკნელ მოთხრობას.
P.S.: დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ძალიან ბევრი მოიკითხავს მაღაზიებში სელინჯერს. ასე რომ, თამრიკო ლებანიძე, ჩამოყარე ახალი ტირაჟი!
26.01.2010
ამას წინათ ჩემს ძმისშვილს გავუჯავრდი. რაღაცაზე მითხრა, მაგ სფეროში ბადალი არ მყავსო... აგერ დავბერდი კაცი, მაგრამ ასეთი რამე არა თუ არ მითქვამს, არც მიფიქრია-მეთქი! მერე გამახსენდა, რომ არც ასეა საქმე. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ჩემზე უკეთ არავინ იცის... ფიგურული სრიალი!
რაც გინდათ, ის იფიქრეთ ჩემზე. გამიჯავრდით ისე, როგორც მე გავუჯავრდი ნიკას! რა ვქნა, მჯერა, რომ ასეა, რადგან სპორტის ამ სახეობასთან წლები მაკავშირებს. ბავშვობიდან ერთი შეჯიბრებაც კი არ გამომიტოვებია. ძალიან თუ მოვიწყინე, ან შემეშინდა, ლოცვის ნაცვლად ჯეინ ტორვილისა და კრისტოფერ დინის ”რუმბას” ჩავრთავ ხოლმე და ყველაფერი ნეგატიური ეგრევე გამდის. ახლაც, ამ ევროპის ჩემპიონატმა ტალინში დიდი დარდი გადამატანინა.
ამისათვის მადლობა ელენე გედევანიშვილს!
ახლა ჩნდება შანსი, მესტიაში თუ არა, ბათუმში მაინც აშენდეს ნორმალური ყინულის მოედანი და საქართველოში დაიწყოს სპორტის იმ სახეობის პოპულარიზაცია, რომელიც ერთნაირად ავითარებს ტვინსაც, სხეულსაც და გულსაც.
მიხეილ სააკაშვილსაც ყვარებია ფიგურული სრიალი. შეიძლება ბატონი პრეზიდენტი ჩემსავით, ბავშვობიდან ადევნებდა თვალყურს ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებს და ახლა ტალინში სწორედ ბავშვობა გაიხსენა, როცა მოკლე პროგრამით, ქალების შეჯიბრებას დაესწრო და კულტურის მინისტრის ხელით ლამაზი თაიგულიც გადასცა ელენეს. თუმცა, ვიცით რა, რაოდენ მნიშვნელოვანია სააკაშვილისთვის ყველაფერი, რასაც ”პიარი” ჰქვია, არაა გამორიცხული, ეს თაიგული ჰოლივუდური სიუჟეტის ერთი პატარა დეტალი იყოს მხოლოდ - იყო და არა იყო რა თბილისელი გოგონა ელენე გედევანიშვილი. 5 წლისა იყო, ფიგურული სრიალის ცენტრში რომ მიაბარეს... მაგრამ ასეთი ნიჭიერი ბავშვებისთვის თბილისის ყინულის მოედანი მეტისმეტად ვიწრო აღმოჩნდა, ამიტომ ელენე მოსკოვში გადავიდა და ცსკა-ს სტადიონზე, ელენა ვოდორეზოვასთან დაიწყო ვარჯიში, წარმატებებსაც მიაღწია - 2006 წელს მეხუთე იყო ევროპის ჩემპიონატზე, ლიონში. მომდევნო წელს შეიძლებოდა სამეულშიც მოხვედრილიყო, რომ არა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა. ელენეს დედა მოსკოვის მილიციამ ქუჩაში გააჩერა, საბუთები დაუწუნა და მეორე დღეს ქვეყნიდან გამოასახლა. საქართველოს ხელისუფლებამ ელენე გედევანიშვილის სწავლა-განათლება თავის თავზე აიღო - შეერთებულ შტატებში გააგზავნა გოგონა, რომელმაც იქ დღემდე 3 მწვრთნელი გამოიცვალა... და აი შედეგიც, ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია!
ელენე გედევანიშვილი და მისი მაშინდელი მწვრთნელი ელენა ვოდორეზოვა ტურინის 2006 წლის "თეთრ ოლიმპიადაზე". გულის გახეთქვამდე ვნებიანი ამბავია! ყოველი მოქმედი გმირის უკან დიდი ისტორიაა - ერთი მხრივ, ამაღელვებელი სამკუთხედი, საქართველო-რუსეთი-შეერთებული შტატები; ფიგურისტი, რომელიც ”ბოროტების პოსტიმპერიიდან” გამოაძევეს, მაგრამ სამშობლომ დაუფასა ღვაწლი და მეგობარი-ამერიკის დახმარებით გზა გაუკაფა ჯერჯერობით ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისკენ... და, მეორე მხრივ, ბავშვი, უმანკო გოგონა, რომელიც Kiss&Cry-ის დივანზე უწინ რუსულ-ქართულად ესალმებოდა თაყვანისმცემელს, ახლა კი ინგლისურ-ქართულად... რაღაც საოცრად სუფთა არსება, პატარა ელენე, რომელმაც საქართველოს დროშა ააწევინა ტალინში ისუს, ე.ი. მოციგურავეთა საერთაშორისო ფედერაციას!
ჰოდა, ამ სუფთა არსებას ბიზეს ”კარმენის” მუსიკაზე რომ დაუდგეს თავისუფალი პროგრამა, ესაა პრობლემა. სად კარმენი და სად ელენე? პირადად მე ნერვიულობისგან წამებს ვითვლიდი - ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა პროგრამა. და თუ არ ვცდები, ელენესაც.
მადლობა ღმერთს, ელენეს კონკურენტებმა არ ივარგეს. მოხვდე პრიზიორებს შორის სამად სამი სამმაგი ნახტომით... ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა ევროპის ჩემპიონატებზე!
ახლა მეტყვით, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. როგორ გეკადრებათ, მე აბა რა მოსამართლე ვარ?! აკი გითხარით, ელენეს გამარჯვებამ დიდი დარდი გადამატანინა მეთქი. მაგრამ ისეთი ნიჭის სპორტსმენი, როგორიც ელენე გედევანიშვილია, არ იმსახურებს სრულიად შეთითხნილ ”სტატუსს” კონკიასი, რომელიც ვიღაცეებისთვის პოლიტიკური თამაშის საბაბი შეიძლება გახდეს... არ იმსახურებს, მესამე ადგილს ცუდ ჩემპიონატზე და რაც მთავარია იმიჯს ”მარად უმანკო ბავშვისა”, რომლისგან განთავისუფლება ვერც ”კარმენის” მუსიკით და ვერც ელენეს, შესამჩნევად გაზრდილი ფორმებით გახდა შესაძლებელი (სხვათა შორის, ამ ფორმებმა სრიალის ტექნიკაზეც იმოქმედა - ელენეს აშკარად უჭირს ისეთი მნიშვნელოვანი ნახტომები, როგორებიც ფლიპი და რიტბერგერია, ტულუპების კომბინაციით კი შორს ვერ წახვალ).
შეიძლება ელენეს ახალ მწვრთნელს, რობინ ვაგნერს სწორედაც რომ უმანკოების ამ ”სტიგმის” მოშორება უნდოდა, როცა თავისუფალი პროგრამა ბიზეს მუსიკაზე დადგა. მაგრამ რამდენად გაიაზრა ეს თავად ელენემ? და თუ გაიაზრა, რატომ იქცეოდა ისევ ბავშვივით?
ელენე გედევანიშვილი ხომ უკვე 20 წლის ხდება, მეგობრებო! 20 წლის ქალი არ შეიძლება, ამავე დროს, ბავშვი იყოს... თუკი ბავშვობაში ყოფნის სურვილი უკურნებელი ქართული სენია (ასე ძლიერ რომ ბობოქრობს ყველგან - პარლამენტში, მთავრობაში, მედიაში, სასამართლოში), იქნებ ამ ძალიან ნიჭიერ სპორტსმენს მაინც ავაცილოთ თავიდან ეს ვირუსი, მივცეთ გაზრდის, საკუთარ თავზე მუშაობის, გაღრმავების საშუალება. რათა მერე, მისი გამოსვლების შემხედვარე კი არ ვილოცოთ, ”ღმერთო, მალე დამთავრდეს პროგრამა, ღმერთო არ დაეცეს!”, არამედ ვისიამოვნოთ... უფრო მეტიც, ტორვილისა და დინის ”რუმბის” არ იყოს, ამ გამოსვლებმა ყველაფერი ნეგატიურისგან გაგვათავისუფლოს.
ელენეც დამეთანხმება ალბათ, რომ ფიგურული სრიალი სხეულს, ტვინსა და გულს ერთნაირად ავითარებს.
ჰოდა, მიდი, ელენე. გაიზარდე, შენი ჭირიმე!
22.01.2010
ტოტემი – ზოგიერთ პრიმიტიულ ხალხში: ცხოველი, რომელსაც თაყვანს სცემენ, როგორც ტომის წინაპარსა და მფარველს.
ტაბუ – პირველყოფილ ხალხებში: რაიმე მოქმედების, სიტყვის, საგნის აკრძალვა, რომლის დარღვევაც ზებუნებრივი ძალებისაგან მოვლენილ სასჯელს იწვევს.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბლოგისთვის ახალ წერილზე ფიქრი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებს და დონეცკის ამბების გამო ჩემს ენერგიულ პროტესტს დაემთხვა. რა საზოგადოება ვართ ჩვენ, სადაც ზოგიერთისთვის ყველაფერი დასაშვებია და ზოგიერთისთვის – ყველაფერი აკრძალულია?
ჩაიფიქრა მიხეილ სააკაშვილმა, რომ უკრაინის არჩევნების ბედი გადაეწყვიტა და საქმეს უკანმოუხედავად, ზვავის მონდომებით შეუდგა. ჩაიფიქრა გივი თარგამაძემ, რომ თავისი გრანდიოზული წვლილი შეეტანა სასურველი კანდიდატის არჩევაში და ორ დღეში კლასიკურ რევოლუციონერებს გაასწრო. კარგია თუ ცუდი ეს საქართველოს სახელმწიფოსთვის, მოგვწონს თუ არა ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებს – ან ერთის და ან მეორის საქციელი, – ამას არავინ კითხულობს. ახლა მალე არჩევნების მეორე ტური ჩატარდება და, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის არ იყოს, წინასწარ ვიცით, რა უბედურებაც შეიძლება დატრიალდეს. ვიცით და გულხელდაკრეფილები ველოდებით!
ამიტომ, არც მიშაზე ვბრაზობდი, არც გივიზე, არც ვანოზე... ვბრაზობდი ჩვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც წლიდან წლამდე დადის არჩევნებზე და, როგორც წესი, ნაციონალურ მოძრაობას აძლევს ხმას – იმიტომ, რომ ვიღაცა დააშინეს; ვიღაცა მოისყიდეს; ვიღაცა აგიტაციით მოწამლეს; ვიღაცა ციხიდან გამოუშვეს; ვიღაცა რაღაცაში გამოიჭირეს; ვიღაცა დაჩაგრეს; ვიღაცა მოატყუეს და ვიღაცას, უბრალოდ, უყვარს პრეზიდენტი ისეთი, როგორიც ის არის...
ჰოდა, როცა ჩვენზე ვფიქრობდი, ხან რა გამახსენდა, ხან რა და ბოლოს ზიგმუნდ ფროიდის ძალიან ცნობილი ნაშრომი „ტოტემი და ტაბუ“ ამეკვიატა. „არააააა,“ – ვამბობდი, – „ნამეტანია!“ ორი დღე ვებრძოლე ჩემს თავს და ბოლოს დავნებდი: წიგნი ინტერნეტში მოვძებნე და კიდევ ერთხელ გადავიკითხე. მასში აღწერილია პრიმიტიული ხალხი, რომელიც ირჩევს ტოტემს (როგორც წესი, რომელიმე ცხოველს) და ამ ტოტემს მთელი ტომის მამად და მფარველ ანგელოზად აღიარებს. ტოტემის დაცვა და ხელშეუხებლობა გარკვეულ წესრიგს მოითხოვს, წესრიგი კი აკრძალვებს გულისხმობს. ეს აკრძალვები ტოტემს აძლიერებს, მის მტრებს კი ანადგურებს. ძირითადად, ორი წესია – ერთი: ტოტემის წევრებს შორის სექსუალური ურთიერთობა დაუშვებელია; მეორე: ტოტემის (ანუ ტომის მამის) მოკვლის მცდელობა ან მის მიმართ რაიმე აგრესია უმკაცრესად ისჯება.
ტოტემი და ტაბუ – ეს არის ხელშეუხებელი მამის ხატი და მის დასაცავად შექმნილი აკრძალვების ჩარჩო. წიგნში, ფაქტობრივად, ჩვენი ცხოვრებაა აღწერილი: პრიმიტიული ტომების არსებობის მთავარი ღერძი პირდაპირ არის გადმონერგილი 21-ე საუკუნის საქართველოში. ოღონდ, თანამედროვე ენაზე ტოტემისა და ტაბუს სისტემის ქართულ ვერსიას ჰქვია: „ლიდერი ყოველთვის მართალია!“.
„მბრძანებელს განსაკუთრებული უფლებები აქვს. მისთვის დასაშვებია ის, რაც სხვებისთვის აკრძალულია. მას შეუძლია, დატკბეს იმით, რაც სხვებისთვის ხელმიუწვდომელია ტაბუს გამო... ადამიანი, რომელიც არღვევს ტაბუს, თავად უნდა გადაიქცეს ტაბუდ, რათა მისი მაგალითი გადამდები არ აღმოჩნდეს. ეს ადამიანი სრულად უნდა გაირიყოს, ვიდრე მისი მიბაძვის სურვილი სხვებსაც გაუჩნდებათ.“ – აი, თუ ჩვენნაირები არ ყოფილან და თუ მშვენივრად არ სცოდნიათ გართობაც და „შავი პიარიც“; ეჭვი არ მეპარება, იმათაც საკუთარი სააკაშვილები და ნოღაიდელები ჰყავდათ.
უფრო მეტიც, ნაშრომის მიხედვით, „ტოტემიზმის სოციალური მხარე, პირველ რიგში, მკაცრად დაცული აკრძლავების და შეზღუდვების სისტემას მოიცავს. ტოტემის კლანის წევრები ერთმანეთის დები და ძმები არიან. მათ ერთმანეთის დახმარების და დაცვის ვალდებულება აქვთ. ტოტემის უღელი უფრო მძიმეა, ვიდრე ოჯახური უღელი. ტოტემისა და ოჯახის წევრობა კი ერთმანეთს არ ემთხვევა, რადგან ტოტემის მემკვიდრეობა, როგორც წესი, დედის ხაზით გადადის.“ ამ ეპიზოდის წაკითხვისას, ალბათ, მეც და თქვენც ერთი და იგივე ხალხი გაგვახსენდა. ოღონდ, ხმამაღლა ჩამოთვლა არ ღირს, საქმე დებს და დედებს ეხება...
და „რეალ ტვ“–ს სიუჟეტი თუ მოგაგონდათ, ზოოპარკში გადაღებული? „ცხოველური პოლიტიკა“ რომ ერქვა და პოლიტიკოსების ცხოველებთან მსგავსებაზე რომ გვიამბობდა? ეს სიუჟეტი ბევრმა მკვახედ შეიცხადა, ბევრმაც – ზრდილობიანად გაიკვირვა. მართლაც, მეტისმეტად არაეთიკური იყო, ოღონდ, მხოლოდ იმათთვის, ვინც ჯერ არ იცის, რომ ტოტემის ხანაში ვცხოვრობთ. მართალია, გურამ დონაძეს თავის მრუდესარკეებიან სამყაროში ცოტა ფოკუსი აერია, მაგრამ, მაინც, ზიგმუნდ ფროიდი ამ სიუჟეტს აუცილებლად DVD-ზე გადაწერდა და თავის წიგნს დაურთავდა, როგორც მისი თეორიის უკვდავების დასტურს.
როდესაც პრეზიდენტი დემოკრატიის რომელიმე მორიგ ტალღას გამოაცხადებს – და ამას აუცილებლად გააკეთებს, რადგან ის, რაც სამჯერ მოხდა, მეოთხედაც მოხდება – მე ყოველთვის ფროიდის „ტოტემი და ტაბუ“ გამახსენდება. ჩვენ ვაძლევთ თანხმობას ტოტემზეც და ტაბუზეც – ვიღაცის მხსნელად და ვიღაცის დამღუპველად გამოცხადებაზე; დისკუსიისთვის დახურული თემების არსებობაზე; სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევაზე – სხვათა შორის, თითოეული ჩვენგანის სახელით და ფულით; ჩვენი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში სრულ ჩაურევლობაზე; ფოლადით გამოჭედილი კლანის შექმნაზე და ამ კლანის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფაზე.
სამოქალაქო საზოგადოება ტოტემის ხანაში არ არსებობს. ეს ხანა მხოლოდ მბრძანებლებს წარმოქმნის, რომელთა მტრების ტაბუიზაცია ზემოთ ნახსენები ორი ტრადიციული, ველური მეთოდით ხდება: მათ ან სექსუალური ცხოვრების წესის დარღვევა ედებათ ბრალად (თანამედროვე ეპოქაში – ჰომოსექსუალიზმი), ან მამის მკვლელობის განზრახვა (თანამედროვე ეპოქაში – რუსეთის ფარული ან ღია აგენტობა). შედეგი ორივე შემთხვევაში სავალალოა. სამაგიეროდ, წახალისებულია მამის ირგვლივ სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით შემჭიდროება და მისი წინამძღოლობის უსასრულობამდე გახანგრძლივება.
ეს მე არ მითქვამს – ზიგმუნდ ფროიდმა ბრძანა. ის კი, მგონი, აღარ უთქვამს, ტოტემური ცხოვრება როდის და როგორ მთავრდება ხოლმე.
ჩვენმა ფსიქოლოგებმა ხომ არ იციან რამე ამის შესახებ?
19.01.2010
ცოტა ხნის წინ გავიგე ჭორი - ვითომ იაპონია, იმის გამო, რომ რუსეთი მას კურილის კუნძულებს არ უბრუნებს, კრემლის ჯიბრზე აპირებს შემოიღოს სახელმწიფო დღესასწაული, რომელიც მიეძღვნება ცუსიმის სრუტეში იაპონელების გამანადგურებელ გამარჯვებას რუსულ ფლოტზე 1905 წელს. ”არ მჯერა, - იტყვის ნებისმირი საღად მოაზროვნე ადამიანი, - ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს, ვინაიდან არ შეიძლება მოხდეს არსად და არასდროს!” ნუ ავჩქარდებით - ამ ფრაზას ალბათ უნდა დავუმატოთ რამდენიმე სიტყვა: ”... გარდა პოსტსაბჭოური სივრცისა.”
მართლაც, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები ერთმანეთთან დაპირისპირების ჟამს ცდილობენ საბჭოთა დროიდან ჯიბეში დამალული ბრაწის ჩვენებას. როგორც ყოველთვის, ყოფილი ”უფროსი ძმა” ყველა ნეგატიური პროცესის ინიციატორია: 2004 წელს რუსეთის დუმამ დააარსა ახალი სახელმწიფო დღესასწაული ”სახალხო ერთობის დღე”, რომელიც, ოფიციალური ვერსიის თანახმად, ქვეყნის პოლონელ-ლიტველი და შვედი დამპყრობლებისგან განთავისუფლებას მიეძღვნა. საქმე ეხება 1612 წლის მოვლენებს, როდესაც მინინისა და პოჟარსკის სახალხო ლაშქარმა მოსკოვი ”პოლონელი ინტერვენტებისგან” გაათავისუფლა.
ახალი დღესასწაულის დაარსების ნამდვილი მოტივი ადვილად იშიფრებოდა: სინამდვილეში, ეს იყო მცდელობა რუსეთში ოქტომბრის ბედშავი გადატრიალების დღესასწაულის ”რაღაცით” შეცვლისა და, იმავდროულად, დემონსტრირება იმისა, რომ კრემლს აშკარად არ მოსწონს პოლონეთის, ლიტვისა და სხვა ამჟამინდელი თავისუფალი ქვეყნების პოლიტიკა. დღესასწაულის კონტექსტში ხელოვნურად, სიმბოლოს სახით, იყო ჩართული ყაზანის ღვთისმშობლის ხატი - არადა, საქმე ვითომ ეხებოდა ხალხის ერთიანობას მრავალეროვან და მრავალკონფესიურ სახელმწიფოში!
კრემლის კვალდაკვალ სხვა პოსტკომუნისტურმა სახელმწიფოებმაც სწორედ რომ ”მტრის ჯიბრზე” შემოიღეს ახალი დღესასწაულები. საკმაოდ ხშირად ამ დღესასწაულებს საფუძვლად დაედო ძალიან რთული და ტრაგიკული ისტორიული მოვლენები, რომლებშიც მეცნიერები დღემდე ვერ გარკვეულან. სწორედ ეს მოხდა უკრაინაში, სადაც შემოიღეს ”მოსკალებთან” ბატურინის ბრძოლაში დაღუპულ უკრაინელ მოწამეთა ხსოვნის დღე. სამასი წლის წინანდელმა მოვლენებმა, სადაც ერთმანეთში აირია გმირობა და ღალატი, პატრიოტიზმი და ფარისევლობა, ერთი ხელის მოსმით მიიღო ცალსახა შეფასება. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სრულიად მიუღებელია შერჩევის პრინციპის გამოყენება ერის ისტორიული მეხსიერების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოც გარკვეულწილად აღმოჩნდა სახელმწიფო დღესასწაულების რეფორმატორთა რიგში. წელს არნახული მასშტაბით აღინიშნა ქართველთა უსაყვარლესი დღესასწაული - ახალი წელი. ზეიმის ეპიცენტრში, ბათუმში, შეიკრიბნენ მსოფლიო საოპერო სცენის ქართველი ვარსკლავები. საკუთარი თვითმფრინავით ჩამოვიდა გამოჩენილი ესპანელი ტენორი, ამჟამად საოპერო სცენიდან წასული ხოსე კარერასი. ღია ცის ქვეშ საგანგებოდ მოეწყო სპეციალური სცენა. ჰაერის მაღალი ტენიანობის მიუხედავად, რის გამო მომღერლებს პირიდან ორთქლი ამოსდიოდათ, საახალწლო გალა-კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა.
იმპროვიზებულ დარბაზში პრეზიდენტი სააკაშვილიც იმყოფებოდა. კონცერტის შემდეგ მან თავისი აღტაცება გაუზიარა პრესის წარმომადგენლებს. ინტერვიუს ერთმა ფრაზამ ზოგიერთი პოლიტოლოგი საგონებელში ჩააგდო: ”ასე ფართოდ ახალი წლის დადგომა ჩვენ მტრის ჯიბრზე ვიზეიმეთო”- თქვა პრეზიდენტმა. აქ ალბათ ორ მომენტზე ღირს გავამახვილოთ ყურადღება: ჯერ ერთი, ქართული საახალწლო დღესასწაულის ტრადიციაში პრეზიდენტის მიერ მოყვანილი მოტივი არანაირად არ ჯდება, და მეორეც - ხომ არ ჯობდა, ის 4 მილიონი დოლარი, რომელიც, სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს თანახმად, კარერასს სამი სიმღერის შესრულებისთვის გადაუხადეს, არა მტრის ჯიბრზე, არამედ საკუთარი მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილის სარგებლობისთვის დახარჯულიყო?
15.01.2010
როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, გაკვეთილების ცხრილში გვქონდა საგანი „სამხედრო“. ამ გაკვეთილიდან მხოლოდ მხიარულება მახსოვს. მასწავლებელი ყოფილი სამხედრო იყო, რომელიც გოგონებს არც გვიცნობდა და არც გვცნობდა. ბიჭებს კი იარაღის დაშლა-აწყობას ასწავლიდა, თანაც, რატომღაც, ეს ამბავი სულ სიცილ–ხარხარის ფონზე მიმდინარეობდა. მასწავლებელი, რომლის არც სახელი მახსოვს, არც გვარი და არც სახე, თვითონ სერიოზული იყო, მაგრამ ჩვენ ვხდებოდით არასერიოზულები იარაღის დანახვაზე. მოკლედ, იმ გაკვეთილების მოგონებას რომ ვცდილობ, ბუნდოვანი, მაგრამ სასიამოვნო შეგრძნება მეუფლება, რადგან თვალწინ მიდგება ჩემი მეგობარი იარაღიანი ბიჭების სიცილისგან ყურებამდე გახსნილი სახეები.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, რომლებიც 70-იანი წლების ბოლოს, „პერესტროიკამდე“ გაცილებით ადრე, ვიქტორ ნოზაძეს, სოლჟენიცინს და ნიცშეს ვკითხულობდით, სამხედრო სწავლების გაკვეთილები ისეთი შეუსაბამო იყო ჩვენი თავისუფალი აზროვნების წესთან, რომ სასაცილოზე სასაცილო გვეჩვენებოდა – როგორც ბავშვებს ეცინებათ გულიანად კლოუნის გაბუშტულ ცხვირზე ან ორმაგი ზომის ფეხსაცმელზე.
ახლა, როდესაც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გვიცხადებს, რომ 2010 წლის სექტემბრიდან საქართველოს სკოლების უფროსკლასელებს სამხედრო სწავლების კი არა და, სამხედრო-პატრიოტული სწავლების გაკვეთილები ჩაუტარდებათ, სრულებით აღარ მეცინება. შეუსაბამოდ აღარ მეჩვენება და – იმიტომ! შეუსაბამოდ არ მეჩვენება იმ სახელმწიფო პოლიტიკასთან, რომლის პროპაგანდასაც, არც მეტი, არც ნაკლები, თავად პრეზიდენტი ეწევა.
სკოლებში სამხედრო–პატრიოტული სწავლების ინიციატივას წინ უძღოდა პრეზიდენტის ორი საჯარო გამოსვლა, რომელთა მიზანი იყო სამშობლოს სიყვარულის დაკავშირება იარაღით მისი დაცვის აუცილებლობასთან. ამ გამოსვლებში მკაფიოდ იყო საუბარი ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებაზე, რაც, თურმე, ჩვენივე პასუხისმგებლობაა – რადგან ჯარი ყველას ვერ დაიცავს. გასული წლის 26 დეკემბერს, ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნისას, მიხეილ სააკაშვილმა გარკვევით თქვა: „ცალკე აღებული 12 ათასი კაცი ვერ შეაჩერებს ვერაგ, მონღოლების მემკვიდრე ურდოს... როდესაც ეს მომენტი დადგება – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დადგეს – თითოეული ქართველი კაცი და ქალი უნდა იყოს მზად საქართველოსთვის საბრძოლველად. არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ვგულისხმობ, – უნდა იყოს აღჭურვილი“.
ახალი წლის მისალოც სიტყვაშიც, რაგინდ უცნაურად ჟღერდეს, პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ცალ ხელში თოხი ან კომპიუტერი უნდა გვეჭიროს, მეორეში კი – იარაღი. ამაზე მეტად ვერაფრით მიგვანიშნებდა მიხეილ სააკაშვილი, რომ ცუდად არის საქმე – წლის მთავარ დღესასწაულამდე ხუთი წუთით ადრე, როდესაც ადამიანები ერთმანეთს კეთილი სურვილებით ავსებენ, ჩვენმა პრეზიდენტმა ხელში ვირტუალური ავტომატები მოგვაჩეჩა. ჯერ უფროსებს, თორმეტ დღეში კი – ბავშვებს, არასრულწლოვანებს.
მიხეილ სააკაშვილის ამ მილიტარისტულ „ჩაწოდებებს“ პასუხი უკვე მოჰყვა და კიდევ ბევრჯერ მოჰყვება. იქ, სადაც საზოგადოებას ხელი მიუწვდება საკუთარი აზრის გამოხატვაზე, ადამიანებმა აგრესიის გამოფენა დაიწყეს, რისი კულმინაციაც იყო ფეისბუკში გამოქვეყნებული და არაერთი თანამოაზრის მიერ მხარდაჭერილი წერილი: „მე ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ ომს!“. ამ სტატიის ავტორი ჩვეულებრივი მოქალაქეა, ერთ-ერთი ჩვენგანი. სტატიის არსს კი მეტ–ნაკლებად სრულად შემდეგი ციტატა გადმოგვცემს: „გაიგეთ, ღორების ჯოგმა ჩვენი ყანის ღობე 2 ადგილას გაარღვია, თან ეს ღორები ბევრია და აგრესიული, აქშენით და ჰაერში გასროლით ვერ ვდენით! ჰოდა ოჯახის ყველა მამაკაცი გავიდეთ თოფებით და მანამდე ვხოცოთ, სანამ ყველას არ გავჟლიტავთ ან არ გავდენით! ჩმორი არავის უნდა!!!!! ნუ ვართ ჩმორები!!!!!!“
აგრესიით და სიძულვილის ენით სავსე ამ წერილმა დიდად ვერავინ შეაშფოთა, მომხრეები კი, როგორც ვთქვი, უცებ შემოიკრიბა. პირადად მე, პირველი, რაც მისი წაკითხვის შემდეგ გამახსენდა, აგვისტოს ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ტელეკომპანია „საქართველოს“ ეთერში გასული ერთი გადაცემა იყო. ამ გადაცემაში, რომელიც ჯარისკაცების ცხოვრებაზე გვიამბობდა, სრულიად მოულოდნელად, სასიამოვნოტემბრიანმა მამაკაცმა დიქტორმა ეკრანზე გამოტანილი შემდეგი ტექსტის კითხვა დაიწყო: „ერთხელ და საბოლოოდ უნდა შევიგნოთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერასდროს დავიბრუნებთ ვერც ფორმალობად ქცეული ლოცვით და ვერც ერთა ლიგის იმედზე ყოფნით, არამედ მხოლოდ იარაღის ძალით“. ადოლფ ჰიტლერი, 1932 წელი.
რისთვის სჭირდება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ზრდასრულ მოქალაქეებში სამხედრო–პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, ახალგაზრდებში კი მისი ჩანერგვა? რატომ მოგვიწოდებს იარაღის ასხმისკენ მთელ ერს? რატომ უბიძგებს ადამიანებს, რომ ომზე იფიქრონ? რატომ კითხულობენ სახელმწიფოს მიერ სრულად მართულ ტელევიზიაში ადოლფ ჰიტლერის ციტატას?
ფაქტია, რომ აგრესიისა და სიძულვილის ენის იმპულსი სახელმწიფოს პირველი პირისგან მოდის და ატაცებულიცაა უფრო დაბალ დონეზე. დავით პაიჭაძის გადაცემაში დასმულ შეკითხვას: „მოგწონთ სამხედრო–პატრიოტული სწავლება სკოლაში?“ მოპასუხე აუდიტორიის 64% დასტურს აძლევს.
ეს პასუხი, შესაძლოა, ნაკლებად გულისშემძვრელი ყოფილიყო 2008 წლის აგვისტომდე. ახლა კი, ხუთდღიან ომად წოდებული კრახის შემდეგ – რომლის მზადებას ხუთი წელი და სახელმწიფო სახსრების უდიდესი ნაწილი დასჭირდა – წესით, პატრიოტიზმი ყველაფერს უნდა უკავშირდებოდეს, იარაღის გარდა. მით უმეტეს, სკოლაში.
ზუსტად არ ვიცი, რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი გამჭოლი აქცენტი თითოეული ჩვენგანის გაჯარისკაცებაზე. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მე ჯარისკაცი არ ვიქნები და არც არავინ მემეტება საჯარისკაცოდ, ნაღდი ჯარისკაცების გარდა. ამიტომ, ერთი სული მაქვს, როდის დავივიწყებთ ომს...
ვინმეს, შეიძლება, შეშინებული მხედართმთავრისგან ჩვენი მასობრივი გამამაცების მოთხოვნა ისევე შეუსაბამოდ და სასაცილოდ ეჩვენებოდეს, როგორც მე მეჩვენებოდა მეათე კლასში სამხედრო გაკვეთილები. მაგრამ სახელმწიფო მანქანა შეტევაზეა გადმოსული და ეს შეტევა შეიძლება უფრო საშიში აღმოჩნდეს, ვიდრე გაყალბებული არჩევნები, გაკონტროლებული მედია, დაშინებული ბიზნესი და დაბეჩავებული სასამართლო ერთად.
* * *
უჰ, ასეთი მძიმე სტატია ბლოგისთვის ჯერ არ დამიწერია...
14.01.2010
ბოლო ორი კვირა დიადი ნადიმებისა და გრძელი ნაბახუსევებისა იყო (ზოგისთვის სამი და ოთხი კვირაც გამოდგა ასეთი, რადგან ბარბარობასა და დეკემბრის შობას დაიწყეს აღნიშვნა). ამ ვეფხის ახალ წელსაც, ტრადიციულად, ვეფხურად შეუდგა თრობას სრულიად საქართველო. ნადიმები ნათესავებთან და მეგობრებთან გაგრძელდა 1-2 იანვარს, 3-ში თანამშრომლებთან და კოლეგებთან გაიარ-გამოიარეს, 4 იანვარი კი ასეთი ჰედონისტებისთვის ძალზე მძიმედ გათენდა. ამ დღეს ალბათ ყველაზე მეტი იყო დისკომფორტი, გულისრევა, გულის ფრიალი, სიკვდილზე ფიქრი, არყის ტაკების შემდეგ დაჭყანვა, ლუდზე გაგზავნა, კომპოტების გახსნა, მჟავე კიტრის წათხის მოყუდება, წყალ-ღვინოს ყლუპებით სმა, კონიაკიანი ჩაის წრუპვა, თათარიახნის ხვრეპა, ხაშის სვლეპა, სუფთა ჰაერის ყლაპვა.
წელსაც ბევრი გადაურჩა უბედურებას სახელად “პახმელია”, წელსაც ბევრმა ჩაიფიქრა (ზოგმა დაიფიცა, ან დაიგინა), რომ მეტს აღარ დალევდა. ეს იანვარი ბევრისთვის იქცა ახალი ცხოვრების დაწყების საწინდრად.
ნაახალწლევს „პახმელიის“ აჩრდილი დაძრწოდა მთელს ქალაქში, ამიტომ დღევანდელ ბლოგს მას მივუძღვნი, ამ პოეტურ-ჯოჯოხეთურ მდგომარეობას, რომელშიც ღრმა სულიერება და მელანქოლია ყველაზე ყოფით რაღაცეებს ერწყმის.
სინამდვილეში რა ხდება? რა და საშუალო, საორიენტაციო დოზა ალკოჰოლის მიღებისა მოზრდილი მამაკაცის კილოგრამ წონაზე (დაახლ. 80 კგ.) 1 გრ. ეთილის სპირტი ყოფილა. ზღვარი თურმე 100 მლ. აბსოლუტურ ალკოჰოლზე გადის, ანუ დაახლ. 250 მლ. არყის შესაბამის ალკოჰოლზე. ეს იმდენ ალკოჰოლს ნიშნავს, ანუ ეთილის სპირტის იმ რაოდენობას, რომელიც შეუძლია ბოლომდე გადაამუშაოს ადამიანის ღვიძლის ფერმენტებმა. როცა ზედმეტი რაოდენობის ალკოჰოლი ხვდება ორგანიზმში, მაშინ მუშაობას იწყებს სხვა სისტემა ფერმენტებისა, რომლებიც ეთილის სპირტის გადამუშავებას იწყებენ, მაგრამ ამ დროს წარმოშობილი ძმარმჟავა ალდეჰიდი, რომელიც გროვდება ორგანიზმში და ღვიძლიდან სისხლის საშუალებით გადაიცემა, ორგანიზმისა და ქსოვილების მოწამვლას იწვევს. ზუსტად ეს ალდეჰიდი ყოფილა „პახმელიის“ მიზეზი და ექიმებიც „პახმელიას“ ძმარმჟავა ალდეჰიდით მოწამვლას უწოდებენ თურმე.
გარდა ამისა, “პახმელიაზე” ადამიანს საგრძნობლად უქვეითდება სისხლში შაქრის შემცველობა და ხშირ შემთხვევაში იგი ნულის ტოლიც ხდება ხოლმე, რის გამოც ბევრს თავბრუსხვევა, ენის დაბმა, გულის რევა და გრძნობის დაკარგვაც კი აღენიშნება. ამასთან დაკავშირებით ერთი ჩემი ნაცნობი ურჩევდა გარშემომყოფთ: „პახმელიაზე“ ყველაზე კარგია, ერთი მოზრდილი ტორტის ნაჭერი დააყუმბაროთო. თეორიულად მართალია, თუმცა ნაბახუსევზე ტორტის ჭამის შემძლე ადამიანთა პროცენტი თითქმის ნულს უტოლდება (შაქრისა არ იყოს).
ვინ როგორ უმკლავდება ამ უბედურებას?
მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც გადასხმებით შველის თავს (ძნელია მიხვდე, რაღატომ სვამს?!), ზოგს საერთოდ არა აქვს ნაბახუსევი ან მხოლოდ ძილი შველის (ბედნიერები), სხვები ბორჯომით, ლიკანითა და ნაბეღლავით გამოდიან (აი კიდევ, ბედნიერები), ზოგიერთები გაღვიძებისთანავე ცხელი წვნიანისკენ იქაჩებიან ან მწვანე ჩაისკენ, კონიაკს ურტყამენ და ზედ დაფქვილ ყავასა და ლიმონს აყოლებენ (ე.წ. “ნიკალაშკა”). მოსაწევსაც ეწევიან.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ბახუს-გურმანების კატეგორია, საკმაოდ გრძელი მენიუთი: ჭაჭა და თათარიახნი (ხაშლამის ნახარში ნიახურით და ნივრით), ჭაჭა და ხაში, ხორბლის არაყი (100-120 გრ.) და ორაგულის მოზრდილი ნაჭერი, ხორბლისვე არაყი, მჟავე კიტრი და წინა დღის ნამცეცები, ხინკალი, ჩიხირთმა, ბოზბაში (ბოზბაშით გამოსვლა სამწუხაროდ თბილისში თითქმის წარმოუდგენელია, ამისთვის თელავში უნდა წახვიდეთ), ე.წ. სუფ-ხარჩო, მჟაუნის ან მაწვნის სუპი, მეგრული ოსტრი, ჩებურეკი. გამოდიან მაწვნითაც, ზაფხულში საზამთროთი (რომელიც წყლისა და ფრუქტოზის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს), “აკროშკით”, ნესვითა და ხილის სალათებით.
სასმელი?
არაყი უკვე ვახსენეთ, ჭაჭაც. კიდევ, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ლუდით გამოდის (ოღონდ აუცილებლად ახალი უნდა დალიოთ, სალუდეში, ბოთლში ჩამოსხმული ნებისმიერი ქართული ლუდი მხოლოდ დაგიმძიმებთ ნაბახუსევს), ასევე შამპანურიც აქვს აკვიატებული ბევრს, წინა დღეს დალეული ღვინო, ბრენდი ერთი-ორი ჭიქა (კანიაკები, კანიაკები), უებარი წამალია ტეკილა თავისი მისაბმელით. გარდა ამისა, მჟავე წყლები, სხვადასხვა მცენარეული ნახარში, გრეიფრუტის და ციტრუსების ან სხვა ხილის წვენები, ბროწეული, თაფლიან-ლიმნიანი ჩაი.
ჩვენი წინაპრები გოგირდის აბანოებში ფხიზლდებოდნენ, ახლაც ბევრი გამოდის “გოგირდებით”, თუმცა ექიმები კატეგორიულად გვიკრძალავენ ცხელ ორთქლსა და მაღალ ტემპერატურას, ისევე როგორც მაგარ ყავას ან ჩაის, რომელიც, რატომღაც ერთ-ერთ “საპახმელიო” საშველადაა მიჩნეული ჩვენს ქვეყანაში.
მედიცინას წამლების სახითაც გააჩნია საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ მოხსნან “პახმელიის” სინდრომი, თუმცა საქართველოში „საპახმელიო“ წამლების “ბიზნესმა” მაინცდამაინც ვერ იხეირა. არასდროს გამისინჯავს ეს წამლები, მაგრამ, როგორც ამბობენ, ძირიდად, ორ ნაწილად იყოფა - ისეთებად, რომლებსაც “ნაბახუსევს” სვამ და ისეთებად, სმის წინ რომ უნდა ჩაუფინო სასმლის უკეთ მოსანელებლად. მახსოვს 6-7 წლის წინ, ცოლი რომ მოვიყვანე, ქორწილი არ გადამიხდია. ჰოდა ჩემი მეგობრები ნაწილ-ნაწილ, ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ ხოლმე და ზაფხულის ერთი თვე ასე მრავალდღიანი “ქორწილით” გადავაგორეთ. მორიგი სტუმრობისას ჩემმა მეგობარმა, რომელიც ერთი ჭიქის დაგვიანებით შემოუერთდა სუფრას, გამოაცხადა, რომ სულ ახალი დალეული ჰქონდა “პახმელიის წამალი” და სადღეგრძელოს ჯერ ვერ ვიტყვი, ნახევარი საათი უნდა გავიდესო... მოკლედ, იმ დღეს ძალიან ბევრი ვიცინეთ, მახსოვს, განსაკუთრებით ცხონებული ზაზა თვარაძე გახალისდა, ჩვენს მეგობარს ეხუმრებოდა, შენც ადექი, სადღეგრძელოები თქვი და მერე მიაყარეო.
ზემოთ კერძებზე, გამოსვლის საშუალებებზე და ნაბახუსევის ფიზიოლოგიურ ნიშნებზე ვსაუბრობდი, თუმცა მთავარი მაინც ეგზისტენციალური მხარეა “პახმელიისა”. ნაბახუსევზე ყველაზე დამანგრეველი ალბათ მარტოობაა, რომელიც, მართალია, საინტერესოდ ალაგებს ფიქრებს, მაგრამ ბევრისთვის უარყოფითად მოქმედებს.
მაგალითად, ყველაზე მძიმე ნასმურობაც კი სამოთხედ გეჩვენება, თუკი გარს საყვარელი ადამიანები გახვევია. ანდა წარმოიდგინეთ, როცა სადმე, ხევსურეთში, ლებაისკარში გეღვიძება ნამთვრალევს, გააღვიძებ მეგობრებს, გაიხუმრებთ, წაიხემსებთ, შეუდგებით სამზადისს, მერე მუხლის გასამაგრებლად სამ-სამს მიარტყამთ და გზასაც გააგრძელებთ. ამ ეგზისტენციალურ მდგომარეობას უკავშირდება ე.წ. “საპახმელიო სადღეგრძელოები”. ყველაზე გავრცელებული, რა თქმა უნდა, წმინდა წერილის “საკითხავებია”, “ერთი სახარება შეგვეწიოს...” და ა.შ.. ჩვენ სტუდენტობაში (რომელმაც უმძიმეს წლებში, 1992-1998 წლებში გაიარა) ამ სადღეგრძელოს მეტი კონკრეტიკით ვსვამდით ხოლმე: ჯერ მათესას ვიტყოდით, მერე მარკოზის სახარების შეწევნისას, რომელსაც ლუკა და იოანე მოჰყვებოდა. თუკი მხოლოდ მსუბუქ გამოსვლაზე იყო საუბარი, ოთხთავზე ვჩერდებოდით, თუ არა და, ვაგრძელებდით: საქმე მოციქულთა, იაკობის წიგნი, წიგნი პეტრესი, იოანესი და იუდასი, განსაკუთრებულად ისმებოდა “პავლენის” სადღეგრძელო და ბოლოს, სრულიად აპოკალიპტურად მთვრალი ფილოლოგი სტუდენტები “იოანეს გამოცხადების” სადღეგრძელოს ვწევდით.
იყო სხვა სადღეგრძელოებიც, ქართველი, რუსი, ფრანგი, ავსტრიელი თუ ძველი ბერძენი პოეტებიდან. გალაკტიონის სტრიქონებსაც ვიმეორებდით ხოლმე. ყველაზე ხშირად გაისმოდა:
“როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!...”
14.01.2010
ამას წინათ ლაშა ბაქრაძეს ვუთხარი, რომ თუკი ოდესმე მაინც გავტეხე ფიცი და წიგნის გამოცემას დავთანხმდი, ეს იქნება წიგნი ერიკ რომერზე - რეჟისორზე, რომელსაც ყველაზე ახლობლად მივიჩნევ კინოს სამყაროში - ბაბუად, მამად, მეგობრად... სწორედ რომერი და მისი ფილმები იყო, რამდენჯერმე რომ გამომიყვანეს ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, დამაიმედეს, სიცოცხლის აზრი მაგრძნობინეს, ძალა შემმატეს. რომერი იყო პირველი, რომელმაც ყველაფრის ნგრევის, დაშლის ახალგაზრდული ვნება საწინააღმდეგოთი შემიცვალა - ყველაფრის აწყობის, კონსტრუირების, აშენების ვნებით. ზუსტად არ მახსოვს, როდის მოხდა ეს... შეიძლება 1992 წლის ბერლინის ფესტივალზე, როცა ”ზამთრის ზღაპრის” დასრულების შემდეგ ჟიურის წევრმა, ელდარ შენგელაიამ დაარღვია რეგლამენტი, ვერ მოითმინა და ”ბერლინალეზე” აკრედიტებულ ქართველ კრიტიკოსებს გვითხრა: ”რა მაგარი რეჟისორი ყოფილა ეს რომერი. თარგმანი არ მქონდა, მაგრამ ყველაფერი გავიგე!”
რომერის ფილმი, დიალოგების თარგმნის გარეშე ვიღაცისთვის შეიძლება ჯოჯოხეთი იყოს. მის სურათებში, და განსაკუთრებით ციკლში ”წელიწადის დრონი”, რომელსაც ”ზამთრის ზღაპარი” მიეკუთვნება, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ღმერთზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე, ღალატზე, სექსზე... ყველაფერზე, რაზეც შეიძლება ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ რომერი ამტკიცებდა, მაინტერესებს როგორია ადამიანი, როცა ამა თუ იმ სიტყვას წარმოთქვამსო, ეს ლაპარაკი არც ისე მნიშვნელოვანია მის ფილმებში. მთავარი ადამიანთა ქცევა, ჟესტები, მზერათა თამაშია. თავადაც ხომ ამბობდა, უჩვენო ვიღაცას რაღაც - აი, ესააა კინოხელოვნებაო.
რას უჩვენებს? სასოწარკვეთილ ქალებს და კაცებს (ძირითადად ახალგაზრდებს), რომლებიც თავიანთი სივრცის ”კონსტრუირებას” ცდილობენ (ახალ ბინაში გადადიან, რემონტს იწყებენ, ეძებენ ადგილს შვებულების გასატარებლად)... არა თუ სიტყვა, სიუჟეტიც კი ბანალურია ერიკ რომერის ფილმებში!
არადა უჩვენებს. მართლა უჩვენებს ისეთ რამეს, სიცოცხლის ხალისს რომ დაგიბრუნებს. საზრისს რომ შეუქმნის შენს არსებობას. ცოტა, იცით, როგორ განცდას ჰგავს ეს? ბუნებაში რომ გადიხარ, აი, იმას. ოღონდ არა ”პიკნიკზე”, მწვადების საჭმელად, თუ სოკოს დასაკრეფად, არამედ მარტო. სრულიად მარტო როცა გადიხარ ბუნებაში! ტყეში რომ აღმოჩნდები მარტო, ანდა ზღვის პირას...
აბა, გამოტყდით, რამდენად ნაცნობია თქვენთვის ეს გრძნობა!
არა, საქართველოში არ უყვართ ერიკ რომერი. პრინციპში მას მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არ ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი. ბერლინის იმ ფესტივალის დასრულების შემდეგ ელდარ შენგელაიამ მითხრა, ჟიურის ამერიკელმა წევრებმა დასცინეს კიდეცო... როგორც აღმოჩნდა საფრანგეთის გარდა დიდ რეჟისორს მხოლოდ იაპონიაში წყალობდნენ.
ადამიანებს არ უყვართ მარტო დარჩენა. ეშინიათ, ეზარებათ.
საქართველოში, მაგალითად, ღმერთის რწმენაც კი - ყველაზე ინტიმური, ყველაზე მისტიკური გრძნობა, არა თუ თეატრისა და სანახაობის, არამედ უკვე ”კულტმასობრივი ღონისძიების” სახით ვლინდება; ერთად ჭამის, ერთად მარხვის, ერთად ლოცვის ეს ვნება ადამიანებს რიტუალიზებული, ფოლკლორიზებული სანახაობის ნაწილად აქცევს და ამით, ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ და მხოლოდ აშორებს იმისგან, რასაც ვიღაც ”ღმერთს”, ვიღაც ”ჭეშმარიტებას”, ვიღაც კი, უბრალოდ, ”საიდუმლოს” უწოდებს.
ერიკ რომერის ფილმები ამ საიდუმლოსთან მსუბუქი შეხებაა. მთავრდება ფილმი და გრძნობ, რომ მონაწილეობა მიიღე უაღრესად მნიშვნელოვანის მშენებლობაში. გაივარჯიშე თვალი და ყური, გახდი უფრო დაკვირვებული. ამის მერე, რომერის ფილმის, ”მწვანე შუქის” გმირისა არ იყოს, იქნებ შენც დაინახო ეს მწვანე ნათება ჰორიზონტზე - შუქი, რომელიც რაღაც ძალიან დიდის ნაწილად გაგრძნობინებს თავს. ამის მერე იქნებ აღარ შეგეშინდეს მარტოობის. უფრო პირიქით, იქნებ დაიჯერო, რომ მარტოობა ”საჩუქარიცაა” გარკვეული თვალსაზრისით.
აგერ იმ ”ზამთრის ზღაპრის” გმირივით, ფელისივით, 5 წელი რომ ელოდა თავის შეყვარებულს, რომელსაც თავის დროზე შემთხვევით სულ სხვა მისამართი მისცა და დაკარგა... ფელისის, ბავშვი რომ გააჩინა იმ ბიჭისგან, სჯერა, რომ ოდესმე აუცილებლად შეხვდება შარლს. ამ რწმენამ იგი გაამხნევა, გაზარდა, უმნიშვნელო და მნიშვნელოვან ”საიდუმლოებს” აზიარა... ბოლოს შარლი გამოჩნდა კიდეც. ახლა ისინი უკვე ერთად არიან - ფელისი, შარლი და მათი ბავშვი. მაგრამ ფელისი მაინც და მაინც ბედნიერი არ ჩანს. აღმოჩნდება, რომ ძიება, მოლოდინი უფრო საინტერესო და უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე ტრიუმფალური გამარჯვება და იმის შეგრძნება, რომ უკვე მიაგენი... დასასრული არ უნდა არსებობდეს. რადგან სიკვდილი რომ სიკვდილია, ისიც კი არ არის დასასრული!
რომერის სიკვდილით მორჩა კინო. ცხადია, ეს არაა დასასრული. კარგ ფილმებს კიდევ გადაიღებენ. მაგრამ საეჭვოა, მისი ფილმების უნიკალური რიტმის, ინტონაციის განმეორება ვინმემ შეძლოს. თანაც ვის რაში სჭირდება რომერის განმეორება, როცა არსებობს რომერის მიერ დატოვებული 24 შედევრი და კიდევ არსებობს ბუნება, სადაც საკუთარ თავს შეიძლება მიაგნო.
ტყუილად არ დაწერა ერიკ რომერის ფან-კლუბის ერთმა იაპონელმა (!) წევრმა, მისი ფილმების ნახვის მერე გგონია, რომ თავშესაფარს მიაგენიო.
09.01.2010
“უბიწოების მუზეუმი”, ორჰან ფამუქი (2008)
ამ წერილს “ბოსფორელი ფლობერიც” შეიძლებოდა რქმეოდა. ამაში თავად დარწმუნდებით, თუკი ფამუქის რომანის ბოლო ეპიზოდს წაიკითხავთ და ამ რომანის შესახებ The New York Times-ში დაბეჭდილ ერთ რეცენზიას გადაავლებთ თვალს. რეცენზიას “ბოსფორელი ლოლიტა” ჰქვია. ამერიკელებმა ხომ ყველაფერთან რაღაც გაცვეთილი ბმული უნდა გააბან?! არადა, რომანის ორ მთავარ გმირს, ქემალსა და ფიუსინს შორის ასაკობრივი სხვაობა გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე ჰუმბერტ-ჰუმბერტსა და ლოლიტას შორის (ქემალი 30-ისაა, ფიუსუნი 18-ის). და ფლობერი რაღა შუაშია? რა და ქემალს ფლობერის ერთი უცნაური ვნება ახასიათებს, რაზეც ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ.
ორჰან ფამუქის ბოლო რომანი “უბიწოების მუზეუმი” (2008) დასავლურ ენებზე სულ ახლახან გამოვიდა, სწორედ ამიტომ მოხვდა იგი ჩვენს მიმოხილვაში, აშშ-ში წიგნი გასული, 2009 წლის 20 ოქტომბერს გამოჩნდა, რუსეთში - აგვისტოში. ყველას, რა თქმა უნდა, გერმანელებმა დაასწრეს, რომლებმაც ჯერ კიდევ შარშანწინ თარგმნეს “უბიწოების მუზეუმი”.
მოქმედება 1975 წლიდან იწყება, როცა ლამაზი გამყიდველის, ფიუსუნის ვნებიანი სიყვარული წარჩინებულ ოჯახიშვილს, ქემალს, ყველაფერს დაავიწყებს: თავის დანიშნულსაც, მეგობრებსაც, მამასაც, ვისგანაც დიდ მემკვიდრეობას ელის. მალე ყველაფერი ცუდად ვითარდება, გოგონა შორდება ქემალს, მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ იგი სხვა ქალზეა დანიშნული და იწყება “დევნის” 9-წლიანი ისტორია, როცა ქემალი ურთიერთობების აღდგენას ცდილობს და რომლის დროსაც იგი თავის მიჯნურთან დაკავშირებული მოგონებების გროვებას იწყებს, უფრო სწორად, იგი პარავს ფიუსუნს ნივთებს, და აგროვებს იმ უმნიშვნელო რაღაცებს, რომლებიც ნელ-ნელა ყველაზე მნიშვნელოვნად იქცევა და შეავსებს მის ცხოვრებას.
მის კოლექციას ამშვენებს: საცვალი, თმის სარჭი, ფინჯანი, რომლიდანაც ფიუსუნი სვამდა, საყურე, სიგარეტის ნამწვი, საწრუპავი, კომშის სახეხი... ყველა ამ “ექსპონატიდან”, მათი სიყვარულის ტრაგიკული დასასრულის შემდეგ, “უბიწოების მუზეუმი” იქმნება და ქემალი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ ეს საგნები შეიძლება თხრობის მთლიანმა ხაზმა გააერთიანოს, როგორც არისტოტელესთან დრო აერთიანებს წამის გაელვებებს და შესაბამისად რომელიღაც მწერალმა ამ მუზეუმის კატალოგი დაწეროს, როგორც რომანი. სწორედ ამ მიზნით, უკვე რომანის ბოლოს, ჩნდება ნაწარმოებში თავად ავტორი, ორჰან-ბეი ფამუქი და მასთან ერთად ფლობერის აჩრდილიც.
ქემალი და ორჰან-ბეი ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ მწერლების მუზეუმებზე, იმაზე, რომ დოსტოევსკის სახლ-მუზეუმში, პეტერბურგში, ნამდვილი მხოლოდ დოსტოევსკის შლაპა ყოფილა, შემდეგ პრუსტს, ნაბოკოვს, სპინოზასა და სტრინდბერგსაც გადაწვდებიან და, ბოლოს, ფლობერის ერთ უცნაურობას ახსენებენ, რომელიც მწერალს პირად წერილში წამოცდენია. ეს უცნაურობა მის სატრფოს, ლუიზა კოლეტს უკავშირდება, ვინაც შთააგონა ფლობერს “მადამ ბოვარის” დაწერა და ვის ნივთებსაც, თმის კულულებს და ა.შ. მწერალი სათუთად ინახავდა, ზოგჯერ კი სატრფოს ფეხსაცმელს ამოიღებდა, იატაკზე დააწყობდა და ვნებით წარმოიდგენდა ხოლმე საყვარლის მოძრაობებს.
“უბიწოების მუზეუმი”, როგორც ფამუქის თითქმის ყველა სხვა რომანი, ქალაქური რომანია. აქ სტამბული ერთ-ერთი გმირია, ქალაქი, სადაც იკარგებიან, ან ხელახლა ჩნდებიან. გახსოვთ, ალბათ, განშორებები და გაუჩინარებები “შავი წიგნიდან”, “მე მქვია წითელის” იდუმალი პაემნები, ვიწრო ქუჩები, იქაც განშორება და მელანქოლია, ასევე - ტანჯვა, “თოვლი”, ზამთრის ყარსი, ძველი შეყვარებულების შეხვედრა, კვლავ განშორება, ფიქრი, დევნა.
სადაც უნდა იყოს ორჰან ფამუქი (ის კი ბოლო წლებში სულ უცხოეთში ცხოვრობს, ჯერ განათლებას იღებდა იქ. სომხების გენოციდის აღიარების შემდეგ განსაკუთრებით დაშორდა სამშობლოს და ახლა ლექციებსაც კითხულობს კოლუმბიის უნივერსიტეტში), იგი სულ მუდამ თავის ქვეყანას უბრუნდება, მუდამ სტამბულის რუკა უჭირავს ხელში და წარმოსახვით მის ქუჩებში დახეტიალობს, იხსენებს დეტალებს. რასაც ვერ იხსენებს, იგონებს.
ისევე, როგორც ქემალის “მუზეუმში”, სტამბულშიც ყველაფერი მოგონებებითაა სავსე, ქალაქი პირად მუზეუმად იქცევა, საცავად (გაიხსენეთ “შავი წიგნის”, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონაკვეთი, სადაც ბოსფორის ფსკერია აღწერილი, ჩაძირული განძეულობით თუ უბრალო ნივთებით, მწვანე კალმისტრით, შავი "კადილაკითა" და ბოთლის თავსახურებით. მწერლის კალამი აქ კამერასავით მოძრაობს და მისი მეშვეობით სიბნელიდან ამოანათებენ, ოქროს საყურეები, ნიჩბებზე მიბმულ მონათა ჩონჩხები, სათვალეები და ქოლგები, გერმანული ჯავშნოსნის ღუზა, აბჯარასხმული უძველესი რაინდები, რომლებიც ფსკერზეც კი ცხენებზე არიან ამხედრებულნი და მრავალი სხვ.).
ორჰან ფამუქის ეს რომანიც ასეთივე საცავია, უფრო სწორად, საცავის კატალოგი, სადაც, მწერლის ვნება - ყველაფერი ჩამოთვალოს და მინაწერი გაუკეთოს ნივთებს, ექსპონატებს, - ზღვარს აღწევს. “უბიწოების მუზეუმში”, როგორც რომელიმე ლუვრში, ძალიან ბევრი კარია (წიგნი 83 თავისგან შედგება) და მკითხველსაც სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ მოლოდინით სავსე სიფრთხილით გამოაღოს ისინი.
"უბიწოების მუზეუმის" რუსული თარგმანი
08.01.2010
დღეს 7 იანვარია, ქრისტეშობა. სულ რამდენიმე დღეა, ახალი წელი დაიწყო. როგორც ყოველ შობა-ახალწელს, ახლაც მაქვს განცდა, რომ ჩემ წინ გაშლილია დრო, ისეთივე ხელუხლებელი, ისეთივე მიმზიდველი, როგორც პირველი თოვლი ტრიალ მინდორზე.
რა მოუვა ამ დროს? რა დაიწერება მასზე? რა დაიხატება? რა ლაქები დაედება? რა შუქი მოეფინება? ვისი ვარსკვლავი აინთება? ვისი – ჩაქრება?
* * *
2010 პირდაპირ ვარდის მურაბის ლაქით დაიწყო.
4 იანვარს ტელეკომპანია „იმედმა“ გვაცნობა, რომ ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, გამოკითხულთა 60% მიხეილ სააკაშვილის მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევის მომხრეა.
კარგად მახსოვს, რუსეთშიც ზუსტად ასე დაიწყო: 2006 წელს, „ლევადა–ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 58% დადებითად აფასებდა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც პუტინს საშუალებას მისცემდა, კენჭი მესამე საპრეზიდენტო ვადით ეყარა. რაც გამოვიდა ამ საქმიდან, ყველამ ვნახეთ: პუტინი რუსეთის ხელისუფლებიდან არსად წასულა. 4 იანვრის „ქრონიკის“ ინფორმაციასაც ქარი რომ არ წაიღებს და ეს ლაქა სულ უფრო მეტად რომ ჩააკვდება ქართულ პოლიტიკას, ეჭვი არ მეპარება.
* * *
ბერტოლდ ბრეხტის ერთ პერსონაჟს ეკითხებიან, რას აკეთებთ, როცა ვინმე გიყვართო. ისიც პასუხობს – პროექტს ვადგენ და მერე ვზრუნავ, რომ ისინი ერთმანეთს მოერგონო. ეკითხებიან – ვინ ვის უნდა მოერგოსო, ადამიანი პროექტს თუ პროექტი ადამიანსო. ისიც პასუხობს, ცხადია, ადამიანი პროექტსო.
როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, თავისი სიყვარული სამშობლოს მიმართ ზუსტად ასეთი პროექტის შედგენით გამოხატა. პროექტი ჩვენს რეფორმაციას გულისხმობს და ერთი დღითაც არ წყდება ზრუნვა, რომ როგორმე ამ პროექტს მოგვარგონ. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ორი ვადა ამისთვის ვერ იკმარებდა. „დომინანტი პარტიის“ მოდელზე საუბარიც 2004 წლიდანვე დაიწყო.
ასეთი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ ნიშნავს, რომ მე სუსტი ვარ და ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, იცის, როგორ გამაძლიეროს, როგორ გამხადოს უფრო თანამედროვე, უფრო ლიბერალური, უფრო კონკურენტუნარიანი. სწორედ ჩემი სიყვარულის გამო, ის გარდამქმნის ისეთად, როგორიც გაცილებით ძლიერი და ახალ სამყაროსთან უკეთ ადაპტირებული ვიქნები. მე კი, ამ სიყვარულის პასუხად, მიხეილ სააკაშვილი მესამე ვადით უნდა ავირჩიო.
ახლა იმას ვიტყვი, რაც არასოდეს მითქვამს: მე მჯერა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჩვენს საერთო სამშობლოს აღიქვამდა, როგორც ახლად დაბადებულ ბავშვს, რომელიც მან შექმნა და რომლის აღზრდის უფლებაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვა. ისიც შემიძლია წარმოვიდგინო, რომ მას დღემდე მშობლიური გრძნობის მსგავსი რამ აკავშირებს თავის პირმშოსთან – რევოლუციურ საქართველოსთან, რომელსაც უკვე ექვსი წელია, ისე უვლის, როგორც ახერხებს. ის განცდაც შემიძლია გავიგო, რომ მას არ მიაჩნია ქვეყანა იმდენად წელგამართულად, რომ ხელი გაუშვას და დამოუკიდებელი ნაბიჯების გადასადგმელად გაიმეტოს. თავისებურად მძაფრად უყვარს და იმიტომ.
* * *
ბოლო აბზაცში რაც აღვწერე, ბევრ ადამიანს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ეს მეც მეხება, რადგან ათი წელი ერთი და იმავე კლასის მასწავლებელი ვიყავი. როდესაც სკოლაში მივედი, ჩემი მოსწავლეები შვიდი წლის იყვნენ და, ბოლოს, სკოლიდან ერთად წამოვედით. ჩემ თვალწინ გაიარა მათი პიროვნებად ჩამოყალიბების წლებმა. და ზუსტად მახსოვს ის მძიმე განცდა, როდესაც მათთვის ხელი უნდა გამეშვა და დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის საშუალება მიმეცა. ორი რამის მეშინოდა: პიველი იყო შიში, რომ ბავშვმა საკუთარ თავს რამე არ ავნოს; მეორე კი ის, რომ ადამიანი, რომელიც გიყვარს, რომელსაც სულს უბერავ და საკუთარი თავის პოვნაში ეხმარები, თავისუფლებას მიანიჭებ თუ არა, თავის გზას გაუყვება და შენსკენ აღარ მოიხედავს. აი, როგორც გიორგის აღარ მოუხედავს ოთარაანთ ქვრივისკენ, რომელიც შვილის გამოსამშვიდობებელ, სიყვარულიან მზერას სუნთქვაშეკრული ელოდა.
ადამიანი, რომელიც თავის თავზე იღებს პასუხიმგებლობას, რომ სული შთაბეროს ბავშვს თუ დიდს, ერთ კლასს, საზოგადოების რაღაც ნაწილს თუ მთელ ქვეყანას, მზად უნდა იყოს, რომ ერთ დღეს უარყოფილი აღმოჩნდება. ეს ნორმალურია. ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავის თავში ძალა, რომ მის მიერ მხარდაჭერილი, მის მიერ აღზრდილი ქმნილება დამოუკიდებელი არსებობისთვის მოამზადოს და მერე – გაათავისუფლოს კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ან ძალით გაითავისუფლებს თავს, ან განუვითარებელი დარჩება. თუ შევძლებთ, რომ გვიყვარდეს ის, ვინც ჩვენ უარგვყოფს და ჩვენგან თავისუფლდება, სწორედ ამ დროს ვყალიბდებით ჩვენც თავისუფალ ადამიანებად. ამის გაკეთება კი იმას შეუძლია, ვინც გულის სიღრმეში გრძნობს შესაბამის ჯანსაღ ძალას და რწმენას საკუთარი თავისადმი.
გამოდის, სხვისი სიყვარული მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, თუ საკუთარი თავი გვიყვარს; სხვისი გათავისუფლება მაშინ შეგვიძლია, თუ თავად ვესწრაფვით თავისუფლებას და სხვისი მაშინ გვწამს, თუ საკუთარი თავის გვჯერა.
* * *
ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, შეიყვარეთ საკუთარი თავი მეტად, ვიდრე გიყვართ. შეგვიყვარეთ ჩვენ ნაკლებად, ვიდრე გიყვარვართ. მოგვანიჭეთ თავისუფლება და თავადაც გათავისუფლდით!
08.01.2010
გილოცავთ ახალ წელს და გთავაზობთ საახალწლო ეპიზოდს სერიალიდან “ქართველიშვილები”. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოგახსენებთ, რომ აქ აღწერილი ამბები და გმირები გამოგონოლია და მათ საერთო არაფერი აქვთ სინამდვილესთან. ბუნებრივია, ეს ეხება ოჯახის გვარსაც, რომელიც აღებულია მხოლოდ მხატვრული მოსაზრებით. პერიოდულად შემოგთავაზებთ სერიალის სხვა ეპიზოდებსაც.
მე გიორგი ქართველიშვილი ვარ და ეს ჩემი მეთერთმეტე ახალი წელია. ეს ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია 1 მაისთან და 7 ნოემბერთან ერთად. მაგრამ მე ახალი წელი მირჩევნია, რადგან „პარადზე“ არ მივყავართ. ისე, ამ ორი „პარადიდან“ მაისის უკეთესია, რადგან ნოემბერში ძალიან ცივა და მაინც თეთრი „საროჩკით“ უნდა იყო და თანაც ხელში ტრანსპარანტი უნდა გეჭიროს. წელს ძალიან ციოდა და ქარი უბერავდა. შარშანაც ციოდა, მაგრამ ქარი სხვა მხრიდან უბერავდა. ამის მიუხედავად, მაინც კარგი იყო, იმიტომ რომ ძალიან გავცივდი და 15 დღე (კვირების ჩათვლით) არ დავდიოდი სკოლაში. ისეთი მაღალი სიცხე მქონდა, რომ ფანჯრებს სულ ღია ვტოვებდით, ოთახში რომ ცოტა აგრილებულიყო. მაგრამ, მთელი ორი კვირის განმავლობაში დედა ყოველდღე ექვს ცალ ვალიდოლს მასმევდა და მოვრჩი. ავადმყოფობის შემდეგ ერთი თვე ვიარე სკოლაში და მერე ზამთრის არდადაგებზე დაგვითხოვეს. სკოლიდან რომ დავბრუნდი, სახლში ჩვეული წინასაახალწლო ფუსფუსი დამხვდა: დედა სამზარეულოში საგოზინაყე მაკარონს ჭრიდა; მამა სამლიტრიან ქილაში მთელი წლის განმავლობაში შეგროვილი კიტრის ნაფცქვენებიდან არაყს ხდიდა. ჩემი და კი საბავშვო ბაღში საახალწლოდ ნაჩუქარ ქაღალდის წებოს ენით სინჯავდა. მეც ამოვიღე ჩანთიდან წიგნი, რომელიც სკოლაში მაჩუქეს საახალწლოდ - „მენავთობის ცნობარი“. მე და ჩემმა დამ ცოტა ხანი ერთმანეთის საჩუქრებით ვითამაშეთ: მე წებოს დავაწე ენა, ჩემ დას კი წიგნი დავაჭერინე. როცა თამაშით დავიღალეთ, გადავწყვიტეთ ნაძვის ხის მორთვა. რადგან მამა მესაფლავეა, ნაძვის ხეს ყოველთვის საფლავებიდან იპარავს. წელსაც ასე იყო, ოღონდ დამატებით კუბოს ლურსმნებიც მოგვიტანა ხის მოსართავად. ოთხი დიდი ლურსმანი იყო და 20 პატარა. დიდი ლურსმნებით კუბოს სახურავს აჭედებენ, იქიდან რომ გვამი არ ამოვიდეს; პატარებით კი შიგნით ქსოვილს ამაგრებენ, გვამმა რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და ამოსვლა არ მოუნდეს. ლურსმნების გარდა, ნაძვის ხეზე მამას ნახმარი „ნევას“ ძველი „ბრიტვები“ ჩამოვკიდეთ; მართალია, ზოგს ჟანგი და სისხლი ჰქონდა შემხმარი, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზად ბრჭყვიალებდნენ. კიდევ დედამ, რომელიც ფოსტალიონია, ყველა საახალწლო მისალოცი ღია ბარათი კი არ დაარიგა, არამედ სახლში მოიტანა. და ჩვენც იქიდან ამოვჭერით ლამაზი სურათები და ისინიც ხეზე დავკიდეთ. ერთი სიტყვით, ძალიან ლამაზი ნაძვის ხე გამოვიდა. ახალი წელი რომ დადგა, რადიო ჩავრთეთ და საახალწლო სუფრას შემოვუსხედით. მეზობლებმა თოფების სროლა ატეხეს. ჩვენ თოფი არ გვქონდა, ამიტომ „ლაგატკა“ ამოვიღე და წინასწარ მომზადებული კენჭების სროლა დავიწყე, მაგრამ ავაცდინე; სამაგიეროდ, კენჭი ერთადერთ ნათურას მოხვდა, გატეხა და ნატეხები მაკარონის წვენის ბაჟეში ჩაიყარა. დაბნელდა და ყველანი დავწექით; მეზობლების ბინებიდან კი მრავალჟამიერი და „აბბას“ „მანი, მანი“ ისმოდა და ტკბილად ჩამეძინა. მეორე დილას მამამ მე და ჩემი და სპორტის სასახლეში წაგვიყვანა ნაძვის ხეზე. შესასვლელში ძალიან ლამაზი მუყაოს ყუთები მოგვცეს, რომელშიც ძალიან ბევრი საჩუქარი იდო: მრგვალი, გამხმარი „პეჩენია“ ნამგლისა და უროს გამოსახულებით, ლეღვის ხმელი ჩირი, კოწახურის კანფეტი, ქლიავის “პავიდლოიანი” კანფეტი, „ფისო-ფისო“ კანფეტი, მაგარი ნუგა, მწვანე კანმიმხმარი მანდარინი და ღია ბარათი ლიპეცკის მეტალურგიული ქარხნის ფოტოთი. ჩემ დასაც ზუსტად იგივე საჩუქრები ერგო, ოღონდ მის ღია ბარათს კრასნოდარის №2 ჩაის კომბინატი ეხატა; თანც, მის ჩირში ნამდვილი მატლი ცხოვრობდა. სპორტის სასახლეში ციოდა, მაგრამ მაინც კარგი იყო: დიდი ნაძვის ხის გარშემო დარბოდნენ, ხტუნაობდნენ და მღეროდნენ თოვლის პაპა, სნეგუროჩკა, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ფოკუსნიკი და კლოუნი. კლოუნი მაყურებელს ვედროდან წყალს ასხამდა - ძალიან სასაცილო იყო, ოღონდ, ცოტათი ცივი. თანაც თოვლის პაპა მამას კლასელი აღმოჩნდა, რომელიც 17 წელი არ ჰყავდა ნანახი. როცა წარმოდგენა დამთავრდა, მან ექვსი ცალი ყუთი გვაჩუქა და მამასთან ერთად ბოლო რიგში დაიწყო არყის დალევა. ხალხი უკვე წასული იყო, ისინი სვამდნენ, ჩვენ კი საჩუქრებს ვჭამდით. როცა ჭამას მოვრჩით, ისინი უკვე მთვრალები იყვნენ და საკუთარ ნარწყევში ეძინათ. ჩვენ გვციოდა; თან ჩემ დას მუცელი ასტკივდა, კუჭი აეშალა და ჩაისვარა. ნახევარი საათის შემდეგ მეც იგივე დამემართა. ორი საათის შემდეგ დარაჯმა მამა გააღვიძა და სახლში წავედით. სიმთვრალის გამო მამას მეზობელი სადარბაზოდან ნათურის მოპარვა დაავიწყდა და რადგან სახლში ბნელოდა, ყველანი დავწექით. მე და ჩემი და გავცივდით, მაგრამ დედას სამსახურიდან მოპარული კროსვორდებიანი გაზეთები აქვს მოტანილი და მთელი ზამთრის არდადეგები გასართობი მექნება. ძალიან მიყვარს ახალი წელი.