სამშაბათი, 02 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 22:48

ბლოგები

სექტემბერი 2009

“საჭირბოროტო” ძეგლები და “პრესტიჟული” საფლავები

ცოტა ხნის წინ, რადიო “თავისუფლების” საიტზე მოვისმინე ჩემი მეგობრის, ბასა ჯანიკაშვილის ინტერვიუ, რომელშიც ბასა სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, იმასაც შეეხო, თუ როგორ შემოდიოდა უცხოეთი ქართულ ლიტერატურაში უკანასკნელი წლების განმავლობაში.

მისი სიტყვით, ბოლო 7-10 წლის მანძილზე, ძალიან ბევრი წიგნი გამოვიდა, სადაც მოქმედება უცხოეთში ვითარდება. პერსონაჟებთან ერთად ავტორებიც მოხვდნენ საზღვარგარეთ, დაიწყო ერთგვარი ფსიქოლოგიური ძვრები, რაც ნაწარმოებებშიც აისახა. ბასას აზრით, რაც უფრო მეტი მკითხველი ეყოლება ასეთ წიგნებს, ევროპასა და საქართველოს შორის არსებული საზღვარი მით უფრო მალე გაიხსნება.

მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ საზღვარს, რომელიც ამდენი წელი იყო ჩაკეტილი, უცხოური შთაბეჭდილებებითა და უცხოური ფსიქოლოგიური ძვრების საფუძველზე დაწერილი ლიტერატურა თუ გახსნის მხოლოდ.

მესმის, რომ ბასა ზოგადად უწიგნურობას გულისხმობდა, როცა ამბობდა, “რაც უფრო მეტი მკითხველი ეყოლება ასეთ წიგნს...”-ო, მაგრამ ძალაუნებურად მეტ-ნაკლებად სუსტი ქართული რომანებით რომ დასახა ბასამ ქართული ლიტერატურის “ბედის გახსნის” პერსპექტივები, ეს აშკარაა.

რატომ სუსტი? იმიტომ, რომ ესეთი, “უცხოურ” რეალიებში გაზავებული რომანები ცოტათი უკბილო გამოუვიდათ ქართველ მწერლებს. სიტყვა “უკბილო”-ზე აქ არ მინდა მაინცდამაინც ხუმრობა გაიხსენოთ. არსებობს ასეთი ცნება ღვინის დახასიათებისას, “უკბილო ღვინო”, როცა ღვინო უინტერესოა, სხეული, ძარღვიანობა აკლია, არც სურნელით გამოირჩევა და ვერც დაგემოვნებისას განიჭებს სიამოვნებას. ჰოდა, აი ასეთია ჩვენი მწერლების “უცხოური” რომანები და ამიტომაა, რომ ლაშა ბუღაძის მეორე რომანს პირველი მირჩევნია, აკა მორჩილაძის „ძირს სიმინდის რესპუბლიკასა“ და „შენ თავგადასავალს” კი “მოგზაურობა ყარაბაღში” (სხვა ავტორების ჩამოთვლაც შეიძლება).

ჩვენს რეალობაში ხშირად უცხოეთში გაქცევა თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად იქცევა ხოლმე, ქართულ რომანში კი ავტორები სიუჟეტის, ამბის გადარჩენისთვის მიერეკებიან თავიანთ პერსონაჟებს. რატომ ხდება ეს, რატომ იქცა ეს ტენდენცია რეალობის ლამის ერთადერთ ნიშნად თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, ეგ ცალკე საკითხია და ამაზე სხვა დროს ვიტყვი, როცა კიდევ ერთხელ გადავიკითხავ ამ რომანებს, ახლა კი იმას სჯობს ჩავეძიოთ (დავიწყოთ მაინც ძიება), თუ რისი ბრალია, რომ ქართულ ლიტერატურას არა და “არ გაეხსნა ბედი”.

იმ მდგომარეობით, რასაც ახლა ვხედავთ ქართულ ლიტერატურაში, ჩვენ კიდევ დიდხანს ვერ ჩავეწერებით მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში. რამდენიც არ უნდა ვუმტკიცოთ თავს, რომ ჩვენი მწერლობა კარგად, ან საკმაოდ კარგად ასახავს რეალობას (ბასას სიტყვებია), ეს ასე არაა და არც მხოლოდ მკითხველს უნდა დავაბრალოთ ჩვენი მწერლობის პრობლემები. ახლანდელი ქართული ლიტერატურა ქართულ ფეხბურთზე უარეს დღეშია ჩავარდნილი, ფეხბურთის მესვეურები 2 წელიწადში ერთხელ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების კენჭისყრის ცერემონიალებზე მაინც დადიან...

ძალიან კარგად მახსოვს 2002 წლის ივნისში როგორი სიხარულით ვაუწყებდი მკითხველს ახალი გაზეთის, “24 საათის” დამატების, “წიგნების” გამოსვლას, რომელიც წიგნის ფესტივალს დავამთხვიეთ და კიდევ 3 წელი გამოდიოდა. როგორი იმედი მქონდა, რომ 2002 და მისი მომდევნო წელი შემობრუნების წელი იქნებოდა ქართული ლიტერატურისთვის. სწორედ ამ პერიოდში გაიხსნა ახალი ტიპის პირველი ქართული წიგნის მაღაზიები, “პარნასი” და “წიგნის სახლი”... მაგრამ სულ მალე რაღაც მოხდა, რასაც ვერ ვარქმევ ზუსტ სახელს, ოღონდ ერთი რამ ნაღდად ვიცი: 2003 წელს ჩვენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოგვეპარა, მნიშვნელოვანი დავკარგეთ. მას შემდეგ არც ერთი წიგნის ფესტივალი ისეთი არ ყოფილა, იმ 2002 და 2003 წელს, ფილარმონიაში რომ იყო. მაშინ ჩვენ გვქონდა შანსი, ახალი ქართული ლიტერატურის დაბადების მომსწრენი გავმხდარიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. რა იყო ეს “მნიშვნელოვანი”? მაინც რა დავკარგეთ?

კითხვის ხალისი? რომელიც ახლა მხოლოდ ფარულადაა ჩვენში? სიახლის მოლოდინი? რომელიც ასევე თვლემს?

მაშინ, იმ საშინელი რეჟიმის პირობებში იმედით ვცხოვრობდით, დარწმუნებული ვიყავით, რომ ძველი რეჟიმი აუცილებლად წავიდოდა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წასვლიდან 1 წელიწადში ასე საბედისწეროდ მიეჯაჭვებოდა ქართული საზოგადოება ახალი რეჟიმის მთავარ იარაღებს, ერთი მხრივ პიარს და მეორე მხრივ რისხვის გამომწვევ მექანიზმებს, ყალბ ოპტიმიზმსა და სრული პესიმიზმის მანქანებს, პატრიოტიზმსა და განურჩევლობას. იქნებ ამიტომაცაა, რომ მწერლები ვერაფერს არსებითს ვერ ამბობენ?! იქნებ ამიტომაა, რომ მკითხველებს წიგნისთვის აღარ სცალიათ, მხოლოდ ქართულ ტიტრებს თუ წაიკითხავენ ხოლმე ათასში ერთხელ?! იქნებ ამიტომაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელი ყურადღება ძეგლებზე და საფლავებზეა გადასული?!

“საჭირბოროტო” ძეგლებზე და “პრესტიჟულ” საფლავებზე.

ტოლერანტობის გასაღები

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრმა გამოჩენილმა მუსიკოსმა ბოიკოტი გამოუცხადა თავის იმ კოლეგებს, ვინც ნაცისტებთან თანამშრომლობდა. მაგალითად, კარაიანთან ერთად გამოსვლაზე უარი თქვეს ცნობილმა პიანისტებმა რუბინშტეინმა და ფრიდმანმა. უფრო მეტიც: მთელმა ქვეყანამ - შეერთებულმა შტატებმა - უარი თქვა თავის ტერიტორიაზე ფურტვენგლერის და კარაიანის გასტროლების ჩატარებაზე. იყო სხვა ტიპის შემთხვევებიც: ვენაში საგასტროლოდ ჩასულ გამოჩენილ ამერიკელ კომპოზიტორს, დირიჟორსა და პიანისტს, წარმოშობით ებრაელ ლეონარდ ბერნსტაინს "ვინერ ფილარმონიკერის" ორკესტრანტებმა უარი განუცხადეს გუსტავ მალერის სიმფონიის შესრულებაზე: მათთვის მთავარი იყო არა მალერის - როგორც კომპოზიტორის - სიდიადე, არამედ მისი ებრაული წარმოშობა. ბერნსტაინს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რათა ვენელი მუსიკოსები დაეყაბულებინა. უნდა ითქვას, რომ არაერთხელ საქმე აბსურდამდეც მისულა: დიდი ბულგარელი მომღერალი, ბანი ბორის ხრისტოვი გერმანელებთან თანამშრომლობისათვის საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, "პერსონა ნონ გრატად" იყო გამოცხადებული, ხოლო შეერთებულმა შტატებმა მისთვის ვიზის გაცემაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ხრისტოვი ე.წ. "სახალხო დემოკრატიის" ქვეყნის, ბულგარეთის წარმომადგენელი იყო.

დღეს მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა და ცხოვრება ხშირად ღრმა სიმბოლიკის მქონე სულ სხვა სიუჟეტებს გვთავაზობს. მუსიკალური DVD-ის კადრში საფრანგეთის დეპარტამენტ ნიევრის სენ-ლეონარ დე კორბინის სააბატოს შიდა ეზოა. ეს ეზო ღია ცის ქვეშ მაყურებელთა დარბაზად არის გადაკეთებული. მზის სხივებისგან მას ასწლიანი ხეების ტოტები იცავს. იქაურობა სავსეა მსმენელებით. საგანგებოდ კონცერტისთვის აგებულ ფიცარნაგზე მოხუცი ებრაელი მევიოლინე ივრი გიტლისი თავის პროგრამას ნოტებით უკრავს. ეს ის გიტლისია, რომელსაც ბავშვობაში დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა გამოჩენილმა მევიოლინემ ბრონისლავ გუბერმანმა. ჰოლივუდში სწორედ გიტლისის ბიოგრაფიის მიხედვით გადაიღეს ფილმი "ბრწყინვალება", რომელიც შემდგომ "ოსკარით" დააჯილდოვეს.

იმ ფილმში გიტლისმა საკუთარი თავი ითამაშა. სააბატოში მუსიკოსი მსმენელის წინაშე უბრალო ჩაცმულობით, ჯინსებითა და ფერადი პერანგით, წარდგა. დროდადრო ის თავის სიმპათიურ ახალგაზრდა აკომპანიატორს, ანა-ვარია ვერას უღიმოდა. საერთოდ, მუსიკალური სამყაროსთვის ივრი უცნაურ კაცად არის ცნობილი. მაგალითად, მას შეუძლია რომელიმე თავის ნაცნობს ღამის სამ საათზე ესტუმროს იმ მიზეზით, რომ, თურმე, "ძალიან მოენეტრა". ეს განსაკუთრებით ეხება გამოჩენილ თანამედროვე პიანისტს მარტა არგერიხს, რომელიც, სხვათა შორის, 50-იან წლებში თბილისში რუჯერო რიჩისთან ერთად გამოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ "უცნაურობებით" გამოირჩევა გიტლისის ხელოვნებაც: მუსიკალურ ნაწარმოებებს ის ან გენიალურად, ან, უბრალოდ, ცუდად უკრავს. შესაძლოა, ეს იმით იყოს გამოწვეული, რომ მისი ნიჭის გაფურჩქვნის პერიოდში მსოფლიოში დიდი მევიოლინეების არნახული რაოდენობა აღინიშნებოდა. საკმარისია დავასახელო თუნდაც იაშა ჰეიფეცის, ნატან მილშტეინის, იეჰუდი მენუჰინის, დავიდ ოისტრახის, მირონ პოლიაკინის, მიშა ელმანის, ეფრემ ციმბალისტის გვარები. ყველა მათგანმა კონკრეტული ნაწარმოების შესრულების საკუთარი ტრადიცია დაამყარა. თუმცა, დღეს ჩვენი სათქმელი სულ სხვა არის...

ვიდეოკამერით აღბეჭდილ კონცერტზე გიტლისმა შესანიშნავი სავიოლინო რეპერტუარი შეასრულა, მაგრამ (ისევ უცნაურობა!) ტრადიციულად მიღებული რიგითობა დაარღვია. დასაწყისში მან ერნესტ ბლოხის "იმპროვიზაცია" დაუკრა. ეს ნაწარმოები ებრაული ლოცვა "ნიგუნის" პარაფრაზს წარმოადგენს და მთავარი იუდაური დღესასწაულების დროს ჟღერს. მის მელოდიაში ისმის დაჩაგრული და ტანჯული ერის ღმერთისკენ მიმართული დახმარების თხოვნა. ჩემმა მუსიკალურმა მეხსიერებამ ასოციაციის სახით იმწამსვე მიკარნახა ჯონ უილიამსის მოტივი სტივენ სპილბერგის შესანიშნავი ფილმიდან "შინდლერის სია".

"იმპროვიზაციის” შემდეგ გიტლისმა ბრყინვალედ დაუკრა სარასატეს "ბოშათა ჰანგები". თავისი გამოსვლა მევიოლინემ ბეთჰოვენის გენიალური "კროიცერის სონატით" დაასრულა. მსმენელმა მას ოვაცია მოუწყო. და აქ გამიელვა აზრმა: იმ დროს, როცა პოლიტიკოსები, მეცნიერები, თეოლოგები თავს იტეხავენ ტოლერანტობის პრობლემის გადაჭრაზე, კათოლიკური სააბატოს ეზოში ებრაელი მევიოლინე დიდი პატივისცემითა და მოწიწებით, ერთ კონცერტში, უკრავს ფაშიზმის მიერ დაჩაგრული ებრაელი და ბოშა ერების და გერმანიის მუსიკას - მუსიკას იმ ქვეყნისა, რომელიც თავის დროზე ფაშიზმთან იყო გაიგივებული.

საოცარი ნიჭის ძალით შესანიშნავ მუსიკოსს შესრულებული ნაწარმოებები ვიოლინოს გასაღებიდან ტოლერანტობის გასაღებში გადაჰყავს.

პედრო ალმოდოვარიდან ზვიად გამსახურდიამდე

ხუთშაბათს პედრო ალმოდოვარი 60 წლის გახდა.

ცხადია, ჩემთვის ეს ახალი ბლოგის გამოცხობის საბაბია. მით უმეტეს, რომ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვიმყოფები და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მხოლოდ კარგ კინოზე ვილაპარაკო.

და აბა რა არის პედრო ალმოდოვარი, თუ არა კარგი კინოს ისტორია? თუ არა გამოუსწორებელ კინოხულიგანთა ციტატების კომბინაციები? თუ არა "ფერადი ფილმი-სიზმარი", რომელმაც "ქალწულობა წაართვა" 80-იანი წლების ესპანურ საზოგადოებას (ხომ გახსოვთ, როგორ ჰყვება თავის სიზმარს როზი დი პალმას გმირი ფილმში "ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე"?)

დავიწყე კიდეც წერილის წერა. ვიქექე ბათუმში წამოღებულ კომპში და აღმოვაჩინე 1995 წელს, "7 დღეში" გამოქვეყნებული ჩემი სტატია სათაურით: "ქალწულებს თბილისშიც ვეღარ იტანენ და უყვართ 'კიკა'". ერთი ციტატა უცვლელად გადმოვიტანე კიდეც:

"მისი გმირებიც, სულ ერთია, ონანიზმით ერთობიან, ღალატობენ, თუ ზოგჯერ კლავენ კიდეც, ყოველთვის ადამიანებად რჩებიან... და ყოველთვის იწვევენ მაყურებლის თანაგრძობას."

მხოლოდ ეს ციტატა "დავაკოპირე", რადგან ყველაფერი დანარჩენი, რაც ეწერა სტატიაში, ალმოდოვარის გვიანდელ ფილმებში დაიკარგა. მისი ახალი სურათი "უკანასკნელი ამბორი" უკვე აღარაა ისე სასაცილო, როგორც "კიკა"... მისი ბოლო ფილმების ყურებისას, არა იმდენად პერსონაჟების, რამდენადაც თავად ავტორის მიმართ გიჩნდება თანაგრძნობა; ასაკში შევიდა, მარტოობამ დაღალა, ფობიები მოაწვა.

დავიწყე ამის წერა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც არ გამომდიოდა. ხან მუსიკის მოსმენაზე გადავედი, ხან თბილისში დავრეკე და მშობლები მოვიკითხე; კოლეგა ბლოგერების ახალი წერილები გადავიკითხე; ჩემს წინა ბლოგზე ახალ კომენტარებს გავეცანი (ხალხი სიყვარულს ითხოვს!)...

განტვირთვაში იქნებ თბილისის ფორუმი დამეხმაროს-მეთქი, ვიფიქრე. მაინტერესებდა, "შპიგელში" დაბეჭდილ სტატიას ხომ არ უპასუხა ვინმემ? გუშინწინ ხომ მაგრად დავცხეთ ერთმანეთს თემაზე: "მძინარე ცხინვალი"; ბათუმის კაფე "ოქროს გასაღებში" ჩემს ერთ ფრანგ მეგობარს ისე ვეჩხუბეთ, რომ საწყალმა სილვიამ კინაღამ ბარგი ჩააწყო და თბილისში წავიდა.

ფორუმზე კვლავ დაუწყიათ კამათი ზვიად გამსახურდიასა და მის, როგორც ერთი იუზერი წერდა "ნეოფაშისტურ რიტორიკაზე". ისევ გააქტიურდა ხალხი, რომელსაც ტრადიციულად სიამოვნებს (!) ზვიად გამსახურდიას "ნეოფაშისტურ რიტორიკაზე" მსჯელობა... უფრო სწორად, არა იმდენად მსჯელობა, რამდენადაც ქილიკი, ემოციების ფრქვევა (რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, "სოციალური მეცნიერების" პრეტენზიით), საკუთარი "ენჯეოშნიკურ-კვაზილიბერალური" პასაჟებით ტკბობა, ანალოგიებზე თამაში (ამ ბლოგზე ერთხელ უკვე გავიხსენე პუშკინი, ანალოგიებით აზროვნება პრიმიტიული აზროვნებააო, რომ ამტკიცებდა).

ახალგაზრდების კიდევ მესმის. არ იციან, რა ხდებოდა, არ ენდობიან მშობლებს და თავად უნდათ, რომ გაერკვნენ. მაგრამ ესენი? ჩემი თაობა? ვერ ხვდებიან, რომ ზუსტად იმ ტექსტებს იმეორებენ, რომელსაც 15 წლის წინ კითხულობდნენ? აღარ მობეზრდათ? ნუთუ ოდნავ მაინც არ გაიზარდნენ? ცოტათი მაინც არ დაეჭვდნენ? ცოტათი მაინც არ გადააფასეს წარსული?

იმ წარსულიდან, ცხადია, ყველას თავისი სურათი შემორჩა. ვიღაცას დანგრეული თბილისი, ვიღაცას გამსახურდიას გამოსვლები, ვიღაცას - ჯაბა იოსელიანის "ლობიობა", თუ გურამ პეტრიაშვილის "სიბრძნეები"...

მე ანა ჭავჭავაძე მახსოვს - ჩემი თაობის. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი არტკრიტიკოსი, თეატრმცოდნე, სამოქალაქო ომის შემდეგ "ზვიადისტის", "ფანატიკოსის" იარლიყი რომ მიაკერეს "ჩემი სოციალური წრის" ქალბატონებმა და ბატონებმა. მახსოვს ანუკა რუსთაველზე, სამოქალაქო ომის შემდეგ, სალამს რომ არ გვაძლევდა, რადგან თვლიდა, რომ ჩვენ... მთელი ამ ჩვენი "ანტიფაშისტური რიტორიკით", ანალოგიების სიყვარულით ("გამსახურდია - ჰიტლერი", "გამსახურდია - ჩაუშესკუ"), ნებსით თუ უნებლიეთ, მხარი დავუჭირეთ ნგრევას და თითქმის სრულიად დავასამარეთ ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა. ჩვენთან ერთად იყო იმხანად თითქმის მთელი ქართული არტისტული ელიტა. მათ შორის პოეტი რევაზ ამაშუკელი, რომელსაც გასულ კვირაში "ასავალ-დასავალში" ასეთი რამ დაუწერია: "არც ერთი ქართველი არ არის მთავრობაში და ყველგან ინიშნება იმის მიხედვით, რომ ან დედა უნდა ჰყავდეს სომეხი, ან ბებია, ან დეიდა... ეხლა გამოხტება ენაბლუ, წვერებიანი ნოდია, 7 თვის ორსულივით რომ უხტის მუცელი და დარჩიაშვილებსა და მაგნაირებთან ერთად დამიწყებს მტკიცებას, რომ საქართველო დემოკრატიის ოაზისია"...

დარწმუნებული ვარ, ანა ჭავჭავაძის რეაქცია ამ სიტყვებზე ისეთივე იქნება, როგორიც რეზო ამაშუკელის გამოსვლებზე 90-იანი წლების დასაწყისში, როცა "მგოსანი" სხვებთან ერთად "პროვინციალურ ფაშიზმს" ამხელდა.

ანამ თავისი სოციალური წრე გაარღვია. მე თუ მკითხავ, საქართველოში არ არსებობს ამაზე უფრო გმირული აქტი.

არავის გაიდეალებას არ ვაპირებ. პირიქით, სიამოვნებით გავეცნობი ყველა დოკუმენტს, რომელიც 90-იანი წლების რეალობას ასახავს და მოვისმენ გამსახურდიას გამოსვლებს, მათ შორის იმას, რომელშიც "ნეოფაშისტურ რიტორიკას" ხედავენ ჩემი ძმები და დები... მაგრამ ჩემი ამ დებისა და ძმების კომენტარებს აღარ წავიკითხავ.

აღარ მაინტერესებს. მეტისმეტად ერთნაირია.

მეტისმეტად ერთნაირად წერს ეს ხალხი და ერთნაირად შეურიგებელია განსხვავებული აზრის მიმართ. მით უფრო, თუ ეს განსხვავებული აზრი მათსავე სოციალურ წრეში გამოთქვა ვინმემ.

"ტუსოვკურ აზროვნებას" საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, დიდი ხნის ისტორია აქვს. მე თუ მკითხავ, მთელი ჩვენი დღევანდელი პრობლემები არა მოდის გამსახურდიადან (როგორც ამას 90-იანი წლების ინტელიგენტები და მათი მემკვიდრეები ამტკიცებენ), არამედ ამ ვიწრო-სოციალური აზროვნების სტილიდან. 60-80-იანი წლების ქართულ კინოში ასეთი კლიშეც დამკვიდრდა: "ნამდვილი ინტელიგენტები" ნახევრად დანგრეულ სახლებში, ძველი ავეჯით გარემოცულნი ცხოვრობენ, კედელზე ჰემინგუეის, ან ვაჟას პორტრეტებით... მეშჩანები კი ბროლის ვაზებისა და ჭაღების სამყაროში არსებობენ. პერსონაჟების ასეთი დახასიათება შესამჩნევია კარგ და ცუდ ფილმებში - იოსელიანის "გიორგობისთვით" დაწყებული და ყველაზე უხეირო სტუდენტური ფილმით დამთავრებული.

სოციალურ შრეებად დაყოფის ეს რაღაც "შუასაუკუნეობრივი ინსტინქტი", გარდა იმისა, რომ ყველანაირად ხელს უშლის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ქართული კულტურის განვითარებასაც ამუხრუჭებს.

პედრო ალმოდოვარმა სწორედ ამ პრიმიტიული ინსტინქტებისგან გაათავისუფლა ესპანური კინო, გააგრძელა ბრძოლა, რომელიც თავის დროზე მისმა დიდმა წინაპარმა, ლუის ბუნუელმა დაიწყო - ბრძოლა ვიღაცების მიერ დადგენილი "კარგი გემოვნების" წინააღმდეგ. ჰოდა, ალმოდოვარის საიუბილეოდ ახალი რა უნდა დავწერო? ისევ უნდა გავიმეორო - საქართველოს ძალიან ჭირდება ასეთი კაცი, რადგან ქართველ ხელოვანთა და ქართველ ინტელექტუალთა აბსოლუტური უმრავლესობა ისევ ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ და ისევ გვეშინია ხალხის.

ჰოდა, რადგანაც ბათუმში ვარ, ეს ბლოგი მინდა დავამთავრო სასაცილო დიალოგით, ისტორიით, რომელიც აქ, ბათუმში, ჩემმა მეგობარმა, ლიტერატურული კაფეს მენეჯერმა, რამაზ გემიაშვილმა მიამბო.

ჩემი და რამაზის საერთო მეგობარი ქალი: რამაზ, შენ რომელი სკოლა დაამთავრე? პიდისიატპიატი?

რამაზი: არა. ხაშურის რაიონის ამა და ამ სოფლის რვაწლიანი სკოლა (მაპატიოს რამაზმა, დამავიწყდა მისი სოფლის სახელი. - გ.გ.)

ჩემი და რამაზის საერთო მეგობარი ქალი: - ხუმრობ?

რამაზი: არ ვხუმრობ, მართლა.

ჩემი და რამაზის საერთო მეგობარი ქალი: ვაა!.. სულ არ გეტყობა...

გზაზე ორი კაცი მიდიოდა

დღეს განსაკუთრებით ძნელი პროფესიული ამოცანა დავისახე: ჩემს მეგობარზე უნდა დავწერო ისე, რომ ჩემთვისაც დამაჯერებელი იყოს, მისთვისაც და თქვენთვისაც, ძვირფასო ბლოგერებო. ძალიან უნდა ვეცადო, რადგან ამიერიდან ჩემი მეგობარი პოლიტიკაში იქნება, მე – ჟურნალისტიკაში, ჩვენს ურთიერთობაში კი სიმართლე უნდა დარჩეს მოციქულად.

მაშ, ასე: ირაკლი ალასანია და სოზარ სუბარი დაძმობილდნენ, გაუდგნენ გზასა...

რაც კი ბოლო ერთ წელიწადში სოციოლოგიური კვლევა მინახავს, სხვებზე მაღალი რეიტინგი სამ ადამიანს აქვს – მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ალასანიასა და სოზარ სუბარს. ჰოდა, ალასანიასა და სუბარის პოლიტიკური დაძმობილება ყველაზე ბუნებრივი მოვლენაა, რაც კი ბოლო წლების ქართულ პოლიტიკაში მომხდარა.

მაგრამ მათი დაახლოება ბუნებრივი მხოლოდ რეიტინგების გამო არ არის. ეს ორი ადამიანი თავისებურად ავსებს ერთმანეთს. ჩემი ბლოგიც ამაზეა.

ირაკლი ალასანიასა და სოზარ სუბარს საზოგადოება იმგვარად იცნობს, რაგვარადაც მათ საკუთარი თავი წარადგინეს წლების განმავლობაში. და, თუ დავაკვირდებით, ალასანიას შესახებ ჩვენი ცოდნა უფრო გარეგნულ ნიშნებს ეყრდნობა, სუბარის შესახებ კი – უფრო შინაგანს. ეს მათი კარიერის შინაარსმა განაპირობა. ალასანია მუშაობდა უშიშროების სამინისტროში – რაც შინაარსის გამომზეურებას ნაკლებად გულისხმობს, მუშაობდა ელჩად – რაც აგრეთვე თავშეკავებული ადამიანების საქმეა. სუბარი იყო ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საჯარო ფიგურა; ბოლო ხუთი წლის განმავლობაში – საქართველოში ადამიანის უფლებების მთავარი დამცველი. მისი სამუშაოს ხასიათი ყოველთვის გულისხმობდა მისივე პიროვნული პრინციპების, მსოფლხედვის, შინაარსის წარმოჩენას.

ასე რომ, დღეს ირაკლი ალასანია საზოგადოებისთვის მისაღებია თავისი ფორმით – რაც გულისხმობს გარეგნული ნიშნების ერთობას: ენების ფლობას, კავშირებს უცხოეთში, იერსახეს, სიდინჯეს, წონასწორობას, დალაგებულ მეტყველებას, ჩაცმის აკადემიურ სტილს. მისი მაღალი რეიტინგი სწორედ მის მიმზიდველობას ეფუძნება. სოზარ სუბარი კი საზოგადოებისთვის მისაღებია თავისი შინაარსით – ადამიანების გულშემატკივრობით და მათი დაცვით, პრინციპების ერთგულებით, უშიშრობით, მკაფიოდ გამოხატული ეროვნული იდენტობით. მისი მაღალი რეიტინგი სწორედ მის მიმართ ნდობას ეფუძნება.

ის გარემოება, რომ ირაკლი ალასანიას პიროვნული შინაარსი დაფარულია საზოგადოებისთვის, საფუძვლად დაედო მის მიმართ ყველაზე მეტად გავრცელებულ ეჭვს, რომ ალასანია – „მიშა ორია“. ხოლო ის ფაქტი, რომ სოზარ სუბარის გარეგნული იერსახე ძალიან შორს არის წარმატებული პოლიტიკოსის იმიჯისგან, საფუძვლად დაედო მის მიმართ ყველაზე მეტად გავრცელებულ ეჭვს, რომ „ეგ ამათ ვერ მოერევა“.

დღეს მიმზიდველი ფორმა და მიმზიდველი შინაარსი ერთმანეთს დაუახლოვდა, რაც მხოლოდ პირველი ნაბიჯია. თუ ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი ფორმა თავისივე შინაარსით არ შეავსო, სხვისი შინაარსით ფონს ვერ გავა. აგრეთვე, თუ სოზარ სუბარმა თავისი ფორმა – გარეგნული ფაქტორების ერთობლიობა – თავისსავე ახალ ფუნქციას არ მიუსადაგა, სხვისი ფორმა მას ვერაფერში დაეხმარება. ამიტომ, პირადად ჩემთვის სრულიად ნათელია, რა უნდა გააკეთოს ამ პოლიტიკური ტანდემის თითოეულმა წევრმა იმისათვის, რომ მათ მიმართ ცალ-ცალკე არსებული ეჭვები გაიფანტოს. ოღონდ, ერთმანეთის გვერდით დგომა თითოეულ მათგანს აძლევს ერთგვარ „ფორას“ – სანამ პოლიტიკური ცხოვრებისთვის აუცილებელ ხარვეზს აღმოფხვრიდნენ, ორივეს გვერდით არის პარტნიორი, რომელიც საზოგადოების თვალში მისი დეფიციტური მხარის შემავსებელია. სულ-სულ მკაფიოდ რომ ვთქვათ, ირაკლი ალასანიას სოზარ სუბარი ავსებს შინაარსით, სოზარ სუბარს კი ირაკლი ალასანია ავსებს ფორმით.

დღევანდელ საქართველოში ფორმას მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე შინაარსს. ამიტომ, საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში, დღეს ირაკლი ალასანია გაცილებით მომზადებულად გამოიყურება პოლიტიკური ასპარეზისთვის, ვიდრე სოზარ სუბარი. თუმცა, ხვალინდელი უკეთესი საქართველოს გარანტი უფრო სოზარ სუბარია, რადგან იგი – რომელიც სხვა ენებზე უკეთესად მშობლიურ ქართულს ფლობს და რომელიც ჰალსტუხით ათასში ერთხელ თუ გამოჩნდება – მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანების სამსახურის მაგალითს იძლევა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკის გავლენიან წრეებში, სადაც ყოველთვის აინტერესებთ, ვინ იქნება საქართველოში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი პირი, ირაკლი ალასანია „თავისიანია“, სოზარ სუბარი კი – „უცხო“. საქართველოში, პირიქით – სოზარს უფრო „თავისიანად“ მიიჩნევენ, ირაკლი კი იმით არის კარგი, რომ „სა-უცხო-ოა“.

იმის შესახებაც დავწერ ორიოდე სიტყვას, რომ ორსახა იმიჯი, რასაც დღეს ეს ორი ადამიანი ითავსებს, ვარდების რევოლუციის წინ მიხეილ სააკაშვილში – ერთ ადამიანში – იყო შერწყმული: უცხოელებისთვის მიმზიდველი და ქართველებისთვის ახლობელი. ამიტომაც მიაღწია მიზანს.

საკუთარი პოლიტიკური კარიერის უკეთესი გაგრძელებისთვის, ირაკლი ალასანიამ მეტი სილაღე უნდა შეიძინოს და საკუთარ ხალხს დაუახლოვდეს, სოზარ სუბარმა კი – მეტ აკადემიურობაზე იზრუნოს და უცხოელებს თავი გააცნოს, როგორც საინტერესო პოლიტიკურმა მოთამაშემ. რომელიც უფრო სწრაფად შეივსებს ამჟამინდელ დეფიციტს, მომავალში მეტ წარმატებასაც ის მიაღწევს. თუმცა, დღეს ალასანიასა და სუბარის პოლიტიკური ტანდემი ობიექტურად ქმნის ისეთ არჩევანს, როგორიც, დიდი ხანია, აღარ გვქონია. ძალიან კარგად მესმის, რომ ამ არჩევანის მიმართ ბევრი გულგრილი დარჩება, ბევრის გაგულგრილებას შეეცდებიან, ბევრს კიდევ, პირიქით, ცეცხლს შეუნთებენ.

მაგრამ მთავარი ის იქნება, გზას რომ ორი კაცი დაადგა, ის თუ მართლა გზა აღმოჩნდება. თორემ მაგის მეტი რა ვიცით, რომ უგზოობაც გზაა?

არტისტები

ამ ფესტივალის შესახებ შემთხვევით გავიგე. “შინის” სრული დისკოგრაფიის ძიებისას, შემთხვევით გადავაწყდი ცნობას, რომ სექტემბრის ბოლოს, ბერლინში, ჯგუფი მონაწილეობს ფესტივალ-კონკურსში, სახელად Creole. ამ სახელის მიღმა არსებული დატვირთვა ვერაფრით ვერ დავუკავშირე “შინის” შემოქმედებით სტილს, ამიტომ უფრო ჩავუღრმავდი ამ ფესტივალს.

პირველ რიგში, აღმოჩნდა, რომ Creole მაინცდამაინც კრეოლურ მუსიკალურ კულტურას არ გულისხმობს და არის ე.წ. World Music-ის, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, გათანამედროვებული ეთნიკური მუსიკის ფესტივალი. კიდევ იმან მომხიბლა, რომ ფესტივალს პატრონობს იუნესკოს კომისია. ეს კი იმის ნიშნად მივიჩნიე, რომ წინა პლანზე წამოწეული იქნება მუსიკის ზოგადკულტურული, ისტორიული ღირებულებები, და არა მისი გასართობი ფუნქცია, ე.წ. კომერციული, “პაპსა” მხარე. ამ უკანასკნელის საუკეთესო მაგალითად კი მიმაჩნია ბრეგოვიჩ-კუსტურიცას ძალიან ნიჭიერი, მაგრამ მაინც სპეკულაცია ბალკანური მუსიკალური კულტურით.

გარდა ამისა, ფესტივალის 17 მონაწილეს შორის, “შინთან” ერთად, კიდევ ერთი ქართული ჯგუფია. რუსუდან მეიფარიანის ანსამბლი აერთიანებს კიდევ სამ წევრს - ნატალი მეიფარიანს, დავიდ შტიუცელს და გიგა ხელაიას.

“შინისა” არ იყოს, ეს ანსამბლიც გერმანიაში მოღვაწეობს და, როგორც ეტყობა, ისიც განსხვავებული მუსიკალური სტილების სინთეზზე მუშაობს. სამწუხაროდ, მათ შესახებ ინფორმაცია საქართველოში თითქმის არ მოიპოვება და, რასაც ძირითადად ვეყრდნობი, ეს არის ფესტივალისადმი მიძღვნილი ბუკლეტიდან ამოხეული ფურცელი, სადაც ანსამბლი დახასიათებულია სამი მშრალი წინადადებით. აქედან კი ის გავიგე, რომ მუსიკოსები მღერიან ფორტეპიანოს, ვიოლინოსა და ჩელოს თანხლებით და ინდური და ევროპული მუსიკალური ტრადიციების ვარირებით ქმნიან კავკასიური არქაიკის, ჯაზის, ძველისა და ახლის მიმზიდველ ნაზავს. თუმცა მათ შემოქმედებაში მაინც ქართული საწყისი დომინირებს.

რუსუდან მეიფარიანი: “მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან დიდი ხნის წამოსული ვარ, საქართველოს ლანდშაფტები, ადამიანები და ჰანგები ჩემს მუსიკაში განაგრძობენ ცხოვრებას”. პატარაობაში რუსუდანი მუსიკალურ სკოლაში მიაბარეს, რომ პიანისტი დამდგარიყო. მაგრამ მოზარდი აჯანყდა და ფორტეპიანოსა და ჩინებული ხმის მეშვეობით საკუთარი მუსიკალური ენა განავითარა. ამ აჯანყების ერთ-ერთი ეტაპის შედეგს Creole-ს დამთავრებისას შევიტყობთ.

რაც შეეხება “შინს”, ვფიქრობ მას ჩემი წარდგენა არც საქართველოში, არც გერმანიაში და არც დანარჩენ ევროპაში, არ სჭირდება. მით უმეტეს ჩვენთან: დღე არ არის, რომ საქართველოს ტელევიზიის რომელიმე არხმა მათი ჩანაწერი არ აჩვენოს. მათ მომავალ ალბომს, რომელიც ნაწილობრივ უკვე ჩაწერილია, ჰქვია Black Sea Fire და ის გააერთიანებს შავი ზღვის აუზის ქვეყნების მუსიკალურ კულტურებს. ქართველების გარდა, ჩანაწერში მონაწილეობას მიიღებენ ბულგარელი, უკრაინელი (ყირიმელი თათარი), მოლდაველი და თურქი მუსიკოსები.

ამ მულტირასობრივ და მულტიკულტურულ კონკურს-ფესტივალს ჟიურიც საერთაშორისო ჰყავს. ჰოდა, ეს ჟიური რამდენიმე დღეში გამოავლენს ფესტივალის გამარჯვებულებს, რომლებსაც ჯილდოებსაც გადასცემენ.

ახლა ამ ჟიურიზე და ჯილდოებზე ტყუილად რომ არ ვილაპარაკებდი, ალბათ ყველასათვის ცხადია. საქმე ისაა, რომ ფესტივალში კიდევ ერთი ქართველი მონაწილეობს: ფესტივალის ჯილდოების ავტორია სკულპტორი ლევან ვარდოსანიძე.

Creole-ს ორგანიზატორები ჯილდოების დამზადებაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებდნენ, მაგრამ ლევანის ნამუშევრები ისე მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს, მისი თანხმობის შემთხვევაში, ტენდერი აღარ გამოეცხადებინათ.

მუსიკის მიმართ ლევანის დიდ სიყვარულს უნდა უმადლოდენ ორგანიზატორები და მომავალი გამარჯვებულები იმას, რომ ლევანი Creole-მ მოხიბლა და სიამოვნებით დათანხმდა მათთან თანამშრომლობაზე. მან Creole-ს ახალი ჯილდოების ესკიზები შექმნა და ქანდაკებები დაამზადა.

ლევანისთვის არც მუსიკაა უცხო, არც ჯილდოების დამზადება და არც მათი მიღება. არც მისი შემოქმედებისათვისაა უცხო ჯაზისა და როკის კონკრეტული შემსრულებლების ქანდაკებები და არც ზოგადად მუსიკის ისეთი ვიზუალიზაცია, რომ ის ხელშესახები ხდება. აქედან გამომდინარე, მისი ნამუშევრები ხშირად გადაუციათ საჩუქრად სხვადასხვა ღონისძიებებზე, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე.

მის მიერ დამსახურებული ჯილდოებიდან კი ორი ისეთია, რომლებზეც ნებისმიერი, ყველაზე მაღალი რანგის სპორტსმენიც იოცნებებდა. ლევან ვარდოსანიძე ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორია. 2000 წლიდან აღადგინეს ძველი ტრადიცია და ოლიმპიურ თამაშებზე ხელოვნებაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს. ასე რომ, 2000 წელს, სიდნეიში, ლევანის “ბეისბოლისტმა” ვერცხლის მედალი მოიპოვა, შარშან კი, ჩინეთში, “კარატისტმა” ბრინჯაო მიიღო. ეს ნამუშევრები დღეს ლოზანის ოლიმპიურ მუზეუმშია დაცული. იმის თქმა, რომ ლევანის ქანდაკებების ნახვა მთელს მსოფლიოში უამრავ გამოფენასა და გალერეაში შეიძლება, არაფერს ნიშნავს – მათ ბედნიერ მფლობელთა შორის იყვნენ დიდი ჯაზმენები: არტ ბლეიკი, სან რა და მაილს დევისი. ცხადია, იმას აუცილებლად შეგატყობინებთ, თუ ვინ გახდება მათი მფლობელი Creole-ს მეშვეობით.

ეს ყველაფერი კი იმიტომ დავწერე, რომ დიდ პატივს ვცემ ნიჭის ნებისმიერ გამოვლინებას. თანაც ამ დღეებში ახალ სატელევიზიო შოუ-სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ისეთი დოზით ატრიალებენ უნიჭობას, რომ გადავწყვიტე, ბალანსი ასე მაინც დამეცვა.

პლეიბოი 2: ჰა, არ იხდიდნენ?

ნიკო ნერგაძე
კი, როგორ არა. უფრო სწორად, თან კი, თან არა. კიდევ უფრო სწორად... მოდი, ცოტა შორიდან დავიწყებ.

იმას აღარ მოვყვები, რომ „პლეიბოი“ მხოლოდ შიშველი ქალების ჟურნალი არ არის და ფოტოების გარდა ბევრი სხვაც უნდა იყოს ჟურნალში საინტერესო. დავიწყებ იმით, რომ „პლეიბოი“ მაინცდამაინც ცნობილი ქალების შიშველი ფოტოების ჟურნალიც არაა. გამოცემის ფილოსოფიაა, რომ „პლეიბოი“ ქალებს თვითონ ქმნის ცნობილად და დიდი აქცენტი არა აქვს გადატანილი იმაზე, რომ აი, ვინ როგორ გამოიყურება ტანსაცმლის გარეშე. თუ ცნობილი ქალი გაიხდის ჟურნალისთვის, ხომ კარგი, თუ არადა, არც ეგაა უბედურება.

ეს თეორიულად. პრაქტიკულად კი, „პლეიბოი“ ძალიანაც ცდილობს ცნობილი ქალების დათანხმებას ჟურნალში გადასაღებად. პირველ რიგში კონკურენციის მომრავლების გამო. კონკურენტები კი, ამ შემთხვევაში არიან არა „პენტჰაუსი“ ან „ჰასლერი“, არამედ მამაკაცების ჟურნალები, სადაც შიშველი ქალების ფოტოები სულ არ არის: „მაქსიმი“ და „FHM“. ესენი მოდელებს უფრო ადვილად ითანხმებენ, რადგან სრული სიშიშვლე იქ არ მოეთხოვებათ. ცნობილი ქალის ეროტიკული ფოტო გარეკანზე უფრო მეტს ყიდის ვიდრე თუნდაც უფრო ლამაზი (ესეც ხომ სუბიექტურია...), მაგრამ უცნობი ქალისა.

ჩვენ ასე გქვონდა მოფიქრებული. თითო ნომერში გვექნებოდა სამი ფოტოსესია. ორი ქართული და ერთიც - რომელიმე პარტნიორი გამოცემისა. ამ ორი ქართულიდან ერთი შეძლებისდაგვარად ცნობილი ქალისა იქნებოდა, მეორე კი უცნობისა. ამ მეორეს ჩვენს ენაზე „პლეიმეიტი“ ჰქვია. ქვემოთ ბრჭყალების გარეშე ვიხმარ ხოლმე.

ბუნებრივია, მოდელების მოძიება არც პირველი ჯგუფისთვის იყო მარტივი და არც მეორესთვის. მაგრამ განსაკუთრებულ სიძნელეებს არ გადავყრივართ. კაცმა რომ თქვას, ყველა სხვა ქვეყნის „პლეიბოიც“ ასეა. ყველა რომ მარტივად თანხმდებოდეს, ჟურნალს ხიბლი არც ექნებოდა. უბრალოდ, ამერიკა და გერმანია უფრო დიდი ქვეყნებია და იქ არჩევანიც მეტია. ჩვენთვის ცოტა უფრო რთული იყო, მაგრამ, კიდევ ერთხელ, გადაულახავი კედელი არ შეგვხვედრია. ახლა ამბებს მოგიყვებით. ბევრი არაფერი, მაგრამ იქნებ დაგაინტერესოთ.

პოტენციურ მოდელებთან მოლაპარაკებები პირდაპირ მხოლოდ სულ დასაწყისში მეხებოდა. მერე ამისათვის ცალკე შტატი გამოვყავით. თუმცა, დროდადრო მერეც მიწევდა ხოლმე საქმეში ჩართვა. თავიდან ცოტა რთული იყო. ვცდილობდი თავი ძალდაუტანებლად დამეჭირა, მაგრამ ცოტა უხერხულად კი ვიყავი. მერე მივეჩვიე. „პლეიბოის“ რედაქტორი რომ ხარ, მორიდებულობა გვერდზე უნდა გადადო.


ცნობილები და შედარებით ცნობილები

სულ თავიდან ერთ მსახიობთან გვქონდა მოლაპარაკებები. რადგან შეთანხმება არ შედგა, ბუნებრივია, სახელსაც არ ვიტყვი. ისე, ძნელი გამოსაცნობი არ არის. „პლეიბოის“ გამოცემას რომ იწყებდეთ ოთხი წლის წინ, ვინ გაგახსენდებოდათ? ჰოდა ეგაა.

მოკლედ, რამდენჯერმე შევხვდით. მოლაპარაკებები ნორმალურად მიდიოდა - გახდის პრობლემა არა მაქვს, მაგრამ მინდა, რომ კარგი ფოტოები გამოვიდესო. როგორიც მე მინდა ისეთიო. მოკლედ, ბოლოს რამდენიმე ფოტოგრაფს შევახვედრეთ, ერთ-ერთზე თქვა, აი ეს მინდაო და შევთანხმდით, რომ ვცდიდით. გადაღებების დილას ვურეკავ და მეუბნება, გადავიფიქრეო.

ლელა წურწუმიასთანაც გვქონდა მოლაპარაკებები. ვერც მასთან შევთანხმდით, მაგრამ, თვითონ ახსენა რამდენიმეჯერ და ამიტომაც ვწერ. მასთან მოლაპარაკებებს თავად ვაწარმოებდი, უფრო სწორად, მასთან კი არა, მის პროდიუსერთან, რომელიც, მოგეხსენებათ, ამავე დროს მისი მეუღლეცაა. თავიდან რომ დავურეკე, მამულიჩამ კი გაიკვირვა, მაგრამ შორსაც არ დაუჭერია. გვითხრა, არა მგონია დათანხმდეს, მაგრამ ვკითხავ და გეტყვითო. ლელას თავიდანვე ეტყობოდა, რომ უარს გვეტყოდა, მაგრამ შეხვედრაზე მაინც დაგვთანხმდა. მთლად გაშიშვლება არც შეგვითავაზებია. ერთგვარი სცენა მოვიფიქრეთ, სადაც თავად მომღერალი იქნებოდა სხვა ქალების გარემოცვაში და ის სხვა ქალები იქნებოდნენ შიშვლები. იდეა, როგორც შევატყვე, მოეწონა, მაგრამ ბოლოს მაინც იუარა და რამდენიმე მიზეზი დაგვისახელა. გული დამწყდა. კარგი გამოვიდოდა.

კიდევ, აი რაზე მწყდება გული. ქუჩაში შემხვდა გოგა ხაინდრავა, რომელსაც არ ვიცნობდი და მითხრა, თუ დაინტერესდებით, ერთ ფოტოსესიას მე გადავიღებ, ოპერატორი და რეჟისორი ვარ და ეგ საქმე ვიციო. იდეა ძალიან მომეწონა. ახლაც მგონია, რომ საინტერესო გამოვიდოდა, მაგრამ რაღაც თავიდან არ აიტაცა არავინ და მერე ჟურნალიც დაიხურა.

ერთი დიდი პრობლემა, რასაც „პირველი ჯგუფის“ მოდელებთან წავაწყდით, ანაზღაურება იყო. რა თანხას ვიხდიდით არ ვიტყვი, თუმცა უმეტესობამ თავისი წყაროებისგან იცოდა (ზოგმა სწორად, ზოგმა - ისე რა) თუ რამდენი გადავუხადეთ ნინა წკრიალაშვილს. შემდეგ კი უნდოდათ, რომ მეტი აეღოთ. როგორც ჩანს, ფულს კი არ ხარბდებოდნენ, უფრო პრინციპის ამბავი იყო. უნდოდათ, რომ წინაზე მეტი შეგვეთავაზებინა. ამას ისიც ემატებოდა, რომ, თუ ვთქვათ მოლაპარაკებების დროს ერთს რაღაც თანხას შევთავაზებდით, ის მერე ამის შესახებ სხვებს ეუბნებოდა და ის სხვები ახლა ამაზე მეტს ითხოვდნენ. სწორედ ამის გამო ჩაიშალა რამდენიმე საინტერესო პროექტი.


პლეიმეიტები

ესენი, როგორც წესი, გაცილებით ნაკლებად პრეტენზიულიები გახლდნენ. უფრო გასაგებ პასუხსაც იძლეოდნენ ხოლმე - ან თავიდანვე უარს ამბობდნენ, ხოლო, თუ თანხმდებოდნენ, შემდეგ უკან აღარ იხევდნენ. „ცნობილებთან“ კიდევ უმეტეს შემთხვევაში ერთ დღეს ასე იყო და მეორე დღეს ისე და ბოლოს აღარ გამოდიოდა არაფერი.

ისე, რომ გითხრათ, ყოველ ნომერში პლეიმეიტს მსურველთა დიდი რიგიდან ვარჩევდით მეთქი, არ იქნება მართალი. მაგრამ, როგორც ვთქვი, არც გადაულახავი პრობლემა გვქონია. თან, რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტი მსურველი იყო და ბოლოსკენ უკვე რაღაც მომკაცრო სტანდარტებზეც კი შეგვეძლო ლაპარაკი.

მოკლედ, მსურველთა რაოდენობა ნელ-ნელა იმატებდა. თავიდან ჩვენ ვეძებდით ხოლმე პოტენიცურ პლეიმეიტებს, ბოლოს კი უფრო ხშირად თავადაც გვიკავშირდებოდნენ. ეგ კი არა, დახურვის შემდეგაც ჩნდებოდნენ. ჟურნალის დახურვიდან კარგა 6-7 თვის განმავლობაში დაურეკავს ახლობელს და უთქვამს, ჩემს მეგობარს უნდა თქვენი მოდელი გახდეს და იქნებ ჩამიწყოო.

აქვე უნდა გავიხსენო ყველაზე უცნაური მოლაპარაკება, რასაც ჟურნალის რედაქტორობისას შევესწარი. დედა-შვილი იყვნენ მოსულები. შვილი (ასე 20-22 წლის გოგო) ძირითადად ჩუმად იყო. დედა ლაპარაკობდა. ნახეთ, აუცილებლად მოგეწონებათო. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მისი გოგო „პლეიბოის“ მოდელი უნდა გამხდარიყო. რომ დავწერე, ძალიან უცნაურადაც აღარ მომეჩვენა, მაგრამ იმ წუთას გამიკვირდა.

ცოტა გასაკვირი იყო სტრიპ-კლუბში ვიზიტიც. ვიფიქრეთ, ქალებს დაველაპარაკებით, იქნებ კარგი მოდელიც ავარჩიოთ თქო. პროცედურა ასეთი გვქონდა, რომ ქალი თუ თანახმა იყო ხოლმე, ჩვენი დიზაინერი ფოტოს უღებდა, შიშველს, რომ მერე შესარჩევად უფრო ადვილი ყოფილიყო. ჰოდა, სტრიპტიზიორები ყველაზე მორიდებულები აღმოჩნდნენ ამ მხრივ („რა ვიცი, აუცილებელია? ისე არ ჩანს?“). არადა ორ საათში უნდა გასულიყვნენ და შიშვლებს ეცეკვათ. უცნაური იყო. ასევე, სტრიპტიზ კლუბში კეცზე შემწვარი ნივრიანი კარტოფილის სუნი იდგა. ან, იქნებ კარტოფილის არა და ქათმის. შეიძლება კეცზე კი არა, ტაფაზე. მაგრამ, ნივრისა ნამდვილად იყო.

ეს, რაც შეეხებოდა შიშველ ქალებს. რამე თუ გაინტერესებთ, მკითხეთ.

PS. აჰ, კინაღამ დამავიწყდა! რატომ დაიხურა? საქმე არ იყო კარგად აწყობილი და იმიტომ. დეტალები კომენტარებში.

მორჩა გუგლაობა, ჩვენ კი არც დაგვიწყია

მე მგონი ყველას გვესმის, თუ რამხელა ცოდნასა და ინფორმაციას სთავაზობს თანამედროვე მსოფლიოს საძიებო პორტალი Google. ვინ იცის, რამდენჯერ შევსულვართ ამ საიტზე, რამდენჯერ შეგვიყვანია რაიმე უცნაური საძიებო ფრაზა, მაგალითად: ჰიდროგეოლოგია, პეტიო, მარიო კემპესი ლანჩხუთის გურიაში, неразложимая часть произведения, халиф Омар ибн Хаттаб, книжный вор, oliver reed, chatman story and discourse, agent 117, The Feast as a Focal Point of Plot, clay jars for fermentation და მრავალი სხვა. Google გულნატკენს, უფრო სწორად კი, გუგლნატკენს არასდროს გვიშვებს ხოლმე, ყოველთვის ამოგვიგდებს რაიმე ბიძაშვილ ფრაზას და გვანიშნებს: “აქეთ მობრძანდი”, “იქნებ ამას ეძებ?”, “ნუ მოგერიდება”, “მერე რა, რომ ორთოგრაფიის აზრზე არა ხარ?!”. ბოლო დროს ამ საინფორმაციო გიგანტმა ქართული ჟარგონიც კი გაამდიდრა, მარტო “დაგუგლე” ან “წამო ვიგუგლაოთ” რად ღირს?

ყველაზე დიდი სიახლე, რაც Google-მა ბოლო დროს შემოგვთავაზა, გიგანტური პროექტი, books.google.com იყო. მის პირველად აღმოჩენას დიდი ეფექტი ჰქონდა. მახსოვს, ერთ სამეცნიერო სტატიას ვამთავრებდი და ინტერნეტში ნაპოვნი ფრაგმენტი წიგნიდან ნამდვილად არ იყო საკმარისი დამოწმებისთვის. სწორედ ამ დროს მივაკვლიე books.google.com-ში ამ წიგნს, რომელიც “წინასწარი გადახედვის” რეჟიმში იდო. მაშინ გამიმართლა, წიგნში სწორედ ის თავი იყო ხელმისაწვდომი, რომელიც მე მჭირდებოდა.

ასეთი დამთხვევები მერეც არაერთხელ მომხდარა, თუმცა იმედგაცრუებებიც ხშირი იყო, როცა სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი თავები მხვდებოდა დაბლოკილი, ანდა სულაც მთელი წიგნი. იმედგაცრუებების მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ books.google.com-ს მსოფლიოში ყველაზე ფართო ბიბლიო-ქსელი აქვს, სადაც თუკი წიგნს სრულად ვერ მიაგენი, მისი დიდი ნაწილი ან მეტ-ნაკლებად ამომწურავი ინფორმაცია მაინც დაგხვდება წიგნის შესახებ.

Kindle-ი
ამ პროექტმა ინტერნეტთან მომუშავე ცოდნის მაძიებელთა კომპეტენცია კიდევ უფრო გაზარდა, რადგან იგი აღარ ეფუძნება რომელიღაც სპეციალური საიტის ან ვიკიპედიის მწირ, ზედაპირულ და არასანდო ინფორმაციებს, არამედ საქმე გვაქვს წიგნთან, სადაც საკითხზე დეტალურად შეგვიძლია წავიკითხოთ, გავაფართოოთ ბიბლიოგრაფია და ა.შ.

ელექტრონულ ბიბლიოთეკებს ძალიან მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ, რადგან იქ წიგნებია წარმოდგენილი და არა ზერელე რეზიუმეები, ეს კი წარმოუდგენლად განასხვავებს მას გლობალურ ქსელში გაბატონებული მდარე და წყალწყალა “ფილოსოფიისგან”.

Google-ის ამ პროექტს ბოლო დროის მანძილზე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. რა თქმა უნდა, ბრძოლა ზერელობის დროშით არ მიმდინარეობს, თუმცა აშკარაა, რომ Google-ის ოპონენტების გამარჯვების შემთხვევაში გაცილებით უფრო რთული და ძვირი გახდება საჭირო ინფორმაციის მოპოვება, დაზუსტება, თუნდაც ტკბობა.

ჯერ იყო და Google-ს ყველაზე დიდმა ინტერნეტ-მაღაზიამ, Amazon.com-მა უჩივლა იმის გამო, რომ ძალიან აქტიურად ეწეოდა წიგნების “გაციფრულებას” და ბოლო წლების მანძილზე ფაქტობრივად მონოპოლისტად იქცა ამ სფეროში. სხვა კომპანიებთან და ასოციაციებთან ერთად, Amazon-მა დახმარებისთვის Microsoft-სა და Yahoo-ს მიმართა (სხვათა შორის, მონოპოლიზმში სამივე ამ კომპანიას საკმაოდ ხშირად ადანაშაულებენ ხოლმე), ერთად შექმნეს Open Book Alliance და დაიწყეს წერტილოვანი დარტყმები Google-ის “სტრატეგიულ ობიექტებზე”. პირველ რიგში Open Book Alliance-მა Google-ის მიერ მწერალთა გილდიასთან დადებული ხელშეკრულების გადახედვა მოითხოვა, რის გამოც Google-მა გილდიას 125 მილიონი დოლარი გადაუხადა და შექმნა არაკომერციული ორგანიზაცია Book Rights Registry. ასევე ძალიან აღელვებს მათ Google-სა და კომპანია Interead-ის თანამშრომლობა, რომელიც Coolerbooks.com-ს საშუალებას მისცემს 19 სხვადასხვა ფორმატში (txt, html, prc, jpg, pdf, gif, bmp, mp3 და ა.შ.) მიაწოდოს მყიდველს წიგნი, რაც კიდევ უფრო დასცემს ამაზონის გაყიდვებს.

Sony-Reader-ი
დღესდღეობით, ელექტრონული წიგნების გაყიდვაში ლიდერად მაინც Amazon-ი ითვლება (Kindle-ის საკითხავი მოწყობილობის წყალობით), ელექტრონულ სიახლეებში მას კონკურენტებიც ჰყავს – პირველ რიგში Sony Reader, შემდეგ კი Cybook, Hanlin eReader, iLiad და სხვ. მაგრამ არანაკლებ საშიშროებას იგი ბეჭდური წიგნის ან წიგნის გუგლური რეპრინტისგანაც მოელის. ორიოდე წლის წინ Google-მა On Demand Books-თან გააფორმა ხელშეკლულება და შექმნა Espresso Book Machine („ნიუ იორკ ტაიმსმა“ ეს დანადგარი 2007 წლის საუკეთესო გამოგონებად აღიარა), რომელსაც ერთი ჭიქა ესპრესოს მომზადების დროში შეუძლია გადმოტვირთოს, ამობეჭდოს, აკინძოს და ყდაში მოაქციოს გუგლიდან “დათრეული” წიგნი.

ყველაზე მეტად ევროპელები ბრაზობენ (განსაკუთრებით გერმანელები), რადგან მათ საყოველთაო ციფრული ბიბლიოთეკის საკუთარი პროექტი აქვთ, Europeana და ევროპელების ჩივილის გამო Google იძულებული გახდა, დათანხმებოდა ევროკომიის მოთხოვნას ამერიკის ფარგლებს გარეთ გამოცემული წიგნების ამოღების შესახებ, რის გამოც “თანამედროვე ალექსანდრიის ბიბლიოთეკა” 3 მილიონი წიგნით შეიძლება შემცირდეს.

Espresso Book Machine-ი
აი, ასეთი ამბები ხდება უცხოეთში, იქ წიგნიერი ცხოვრება დუღს, ხალხი ერთმანეთს საავტორო უფლებებზე უჩივის, ქსელში არსებობს ათასნაირი საშუალება წიგნის PDF-ის უფასოდ მოპოვებისთვის... რა ვითარებაა ამ მხრივ ჩვენთან? როგორ მიდის იმ ნაწარმოებთა გაციფრულების პროცესი, რომელსაც არ ეხება საავტორო უფლება?

აი მაგალითად, შევიაროთ ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაში და ვნახოთ ბოლო დროს “დაყრილი”, “გაციფრულებული” წიგნები. პირველ რიგში თვალს ეს სათაური მოგჭრით: “რეჰანის ნედლეულიდან ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ნატურალური არომატიზატორების მიღების რაციონალური ტექნოლოგიების დამუშავება”, მერე ესენი: “ზოგიერთი ულვაშფირფიტოვანი ხოჭოს ნემატოფაუნა საქართველოში”, “ხურმის სახეობებთან ასოცირებული სოკოები საქართველოში”. მხატვრული ლიტერატურის განყოფილებაში ბევრგან წიგნს არანაირი ინფორმაცია არ მოჰყვება, მხოლოდ ტექსტი “აგდია” და ეგ არის. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე გამოსადეგი წიგნიც, მაგალითად, 60-70-იან წლებში გამოცემული “ქართული ლიტერატურის ისტორია”, ილიას ტომები, ერთი-ორი საინტერესო ნაშრომი “ვეფხისტყაოსანზე”, რისთვისაც, როგორც იტყვიან, მადლობა პატრულს, მაგრამ ეს ხომ ზღვაში წვეთია? სამწუხაროდ, საქმეს ვერც lib.ge შველის, მართალია მათ მოასწრეს მიხეილ ჯავახიშვილის 2 რომანის, გიორგი ლეონიძის “ნატვრის ხის”, არჩილ სულაკაურის “სალამურას თავგადასავლის” და ბევრი სხვა მხატვრული ტექსტის გაციფრულება, მაგრამ “სიმსუყემდე” ჯერ კიდევ შორსა ვართ, ჯერ კიდევ მწირია ჩვენი ელექტრონული სივრცე და ნაბეჭდი წიგნის გაყიდვასაც, ჯერჯერობით, არაფერი ემუქრება გლობალური ქსელისგან. სხვათა შორის, ჯერჯერობით არც ნაბეჭდი წიგნი იყიდება ჩვენთან.

როგორ გვხდიან ლიბერალებად?

რა კარგი ინტერვიუ იყო! ”ცხელი შოკოლადის” საუკეთესო პუბლიკაცია - ზაზა ბურჭულაძის გასაუბრება ლევან ბერძენიშვილთან. იმ ინტერვიუში თქვა სწორედ ბატონმა ლევანმა, ქართველებს მასწავლებლობისკენ აქვთ მიდრეკილებაო. მაშინ დავფიქრდი პირველად, საიდან გაჩნდა ჩვენს კულტურაში ეს ვნება, რატომ გვინდა ყველას მასწავლებლობა? პასუხს დღემდე ვერ მივაგენი. თუმცა ბევრი ტვინის ჭყლეტის შემდეგ დავასკვენი, რომ მასწავლებლობა მშვენიერი საქმიანობაა - გააჩნია, რას ასწავლი და როგორ ასწავლი.

მასწავლებლის პროფესიის დაცვამ იმდენად გამიტაცა, რომ ყველა რეპლიკას, რომელშიც სიტყვა ”აღზრდა” ნეგატიურადაა მოხსენიებული, პირადად ჩემს მიმართ ნასროლ ტყვიად აღვიქვამდი. მახსოვს, როგორ ვეცი ერთხელ ზვიად ქორიძეს, რომელმაც ბიოლის ფონდში წაკითხულ მოხსენებაში ამ ხელისუფლების ლამის მთავარ დანაშაულად (მედიასფეროში) რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის ნათქვამი სიტყვა დაასახელა; ”ჩვენ უნდა აღვზარდოთ, უნდა შევქმნათ ახალი ადამიანი!” - უთქვამს ბატონ დავარაშვილს.

”პრავდაო”, თქვა ზვიადმა... ”ბოლშევიკური გადმონაშთიო”... მომკალით და ვერ ვხვდები, ”აღზრდა” და ”შექმნა” რატომაა ”ბოლშევიკური გადმონაშთი”. არაერთხელ დამიწერია ამაზე - აბსოლუტური ობიექტურობის პრეტენზია, რომელიც დროდადრო უჩნდება ხოლმე მედიას, პრინციპში თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. ტელევიზიაში, მაგალითად, ყოველი სიუჟეტის უკან ცოცხალი ადამიანები დგანან - ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები. ყოველი მათგანის განწყობილება, მოქალაქეობრივი პოზიცია (თუკი აქვს, რა თქმა უნდა), და ისიც კი, როგორ ეძინა ღამე, ასე თუ ისე აისახება სიუჟეტში - მომზადებული მასალის სტრუქტურაში, დრამატურგიაში, განათებაში, კადრის კომპოზიციაში, მონტაჟში.

ჟურნალისტიკა, ისევე როგორც ნებისმიერი საქმიანობა ამქვეყნად - შემოქმედებაა. შემოქმედება კი არ არსებობს ასეთი ფონის გარეშე.

ჰოდა, თუკი ჟურნალისტები ხელოვანები არიან და არა რობოტები, სიტყვა ”აღზრდამ” რატომ უნდა დააფრთხოს? აბა, რატომ ვაწვდი ინფორმაციას ჩემს მაყურებელს, რატომ ვუამბობ რაღაც მოვლენაზე, თუკი არ მინდა, ამ ინფორმაციამ რაღაც შეცვალოს მასში? გააბრაზოს, გააცინოს, ატიროს, გაანათლოს.

თანაც, იცით, რა საინტერესოა მასწავლებლობა? თან ასწავლი, თან შენს გამოცდილებას უზიარებ. და ამავე დროს თავად სწავლობ. პირველ რიგში სწავლობ იმისგან, ვისაც ასწავლი.

სხვანაირად არ გამოვა. ამას ვამბობ ადამიანი, რომელსაც პედაგოგიური სტაჟი 1981 წლიდან აქვს!

ჰოდა, ჩვენ ხომ არ ვიცით, ზუსტად რა თქვა დავარიშვილმა? იქნებ თქვა - ”ჩვენ უნდა ავღზარდოთ ახალი ადამიანი” და დააყოლა ”საბჭოთა და ქურდული მენტალიტეტის გარეშე, კერპთაყვანისმცემლობის გარეშე, ლაღი, ცნობისმოყვარე, ღია, სამართლიანი, ემპათიური...”

არ დაიწყოთ ახლა ”საბჭოთა გადმონაშთი”, ”კომუნიზმი” და რამეები... ახალი ადამიანის აღზრდის იდეა, გარკვეული თვალსაზრისით, ქრისტიანობის საფუძველიცაა, განმანათლებლობისაც. ცხოვრების მთელი გემო ადამიანის სიჯიუტეა - იცის, რომ იდეალურ ”ჯიშს” ვერ გამოიყვანს, მაგრამ მაინც იღწვის... სულ ეუბნებიან, ამპარტავნობაა ეს, არა გაქვს ამის უფლებაო, მაგრამ მაინც არ ჩერდება, მაინც აქვს იმედი, რომ მიზანს მიაღწევს.

სწორედ ეს მომწონს ადამიანებში.

აღზრდა კონტაქტია, ურთიერთობაა, შეხებაა. ბერგმანის ერთი ინტერვიუსი არ იყოს, ეს კონტაქტი, როგორც წესი, გულის გატეხითა და იმედგაცრუებით მთავრდება, მაგრამ ადამიანი თავისას მაინც არ იშლის, სიყვარულს ეძებს - აძლევს და იღებს!

ამიტომ სავსებით შესაძლებელია ჟურნალისტებთან თავისი მონოლოგი ბატონმა დავარაშვილმა ასე დაასრულა: ”მაგრამ ამისათვის, პირველ რიგში თქვენ უნდა ისწავლოთ, თქვენ უნდა შობოთ საკუთარ თავში ახალი ადამიანი”.

გეცინებათ, არა? მაგრამ რა გაცინებთ, თუკი არ იცნობთ ბატონ დავარაშვილს? (სხვათა შორის, არც მე ვიცნობ) იქნებ ასეთი რომანტიკოსი იყო? ან იქნებ რომანტიკოსებმა სთხოვეს, ასე უთხარიო? იმ რომანტიკოსებმა, რომელთაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გულწრფელად სჯეროდათ, რომ ქართული საზოგადოების ”გალიბერალება” განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, რადგანაც ”მე ვარ ქართველი”, იგივეა, რაც ”მე ვარ ევროპელი”.

მაგრამ მოულოდნელად ბატონმა დავარაშვილმა ჯერ საშინლად დაამცირა ”ჯეობარის” მონაწილე ჰომოსექსუალი, მერე კი თანამდებობა დატოვა. ”ახალი ადამიანის აღზრდის” იდეამ ნელ-ნელა დაკარგა აქტუალობა.

და აი, მრავალი განსაცდელის მერე, რაც გაიარა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო გადაცემა ”ქრონიკაში” გავიდა სიუჟეტი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ახალი ადამიანის აღზრდის იდეა განსაზღვრავს.

აღმოჩნდა, რომ ვინმე თაკო აბაშიძეს, რომელიც მსახიობი ყოფილა (პოპულარულ სერიალში იღებენ თურმე), რომელიღაც ინტერვიუში განუცხადებია, "თუ ასე გაგრძელდა, მომავალში ქობულეთის ნაცვლად ერევანში წავალ დასასვენებლად"... ქალბატონი თაკო წერდა, რომ წელს, ქობულეთში დასვენების დროს, სომხეთის მოქალაქეებით გარშემორტყმულს კინაღამ დაავიწყდა, რომ საქართველოში ისვენებდა.

ტელეკომპანია ”იმედმა” ამ ინტერვიუს მიუძღვნა უგრძელესი სიუჟეტი, რომელშიც ახალგაზრდა მსახიობის ეს მოსაზრება შეფასდა როგორც ”ქსენოფობია”. სიუჟეტის ავტორმა აგვიხსნა, რას ნიშნავს ბერძნული სიტყვა ”ქსენოფობია” (დედას ვფიცავარ, ასე იყო!) და მოგვასმენინა ინტერვიუები ”არაქსენოფობ” ხალხთან - ნოდარ ლადარიასთან, ნინია კაკაბაძესთან, შორენა შავერდაშვილთან!

მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი ”აღმზრდელობითი” სიუჟეტი იყო, რომელიც არაფრით გამაღიზიანებდა, თუნდაც იმიტომ, რომ მეგობრები ვიხილე ტელეეკრანზე.

მაგრამ სიუჟეტის ავტორი ასეთი გაკვეთილით არ დაკმაყოფილდა. ნოდარმა, ნინიამ და შორენამ ”ჩაიარეს” და პოეზია აბსოლუტურმა პროზამ შეცვალა. სიუჟეტის ავტორმა ციფრები გაგვაცნო. გვიამბო, რამდენად გაზარდეს სომეხმა დამსვენებლებმა საქართველოს ბიუჯეტი... ანუ ტელემაყურებელს უთხრეს, რომ აჭარის კურორტების პოპულარობა სომეხ ტურისტებში, სულ მალე ჩვენსავე ჯიბეზე აისახება. ცოტა გაგვამდიდრებს!

არ გჯერათ?

აი, ფრაგმენტი საინფორმაციო პორტალ ”ამბები.ge”-ზე გამოქვეყნებული წერილიდან (ინტერვიუ ჟურნალ ”რეიტინგში” დაიბეჭდა):

თაკოსთან საუბრის შემდეგ ჩვენ სიუჟეტის ავტორს - ლიკა ბერაიასა და "იმედის" საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერ ეკა შანიძეს დავუკავშირდით.

ლიკა ბერაია:

- ამ სიუჟეტის მომზადება პროდიუსერმა დამავალა, მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩვენს პროდიუსერს დაუკავშირდით და უფრო დაწვრილებით ის გაგცემთ პასუხს.

- რით გამოიწვია ასეთი დიდი ყურადღება ჩვენს ჟურნალში დაბეჭდილმა ინტერვიუმ, რომ სიუჟეტი მიუძღვენით? ბევრჯერ დაგვიბეჭდავს უფრო სკანდალური მასალები და მათ არ მოჰყოლია ასეთი გამოხმაურება...

ეკა შანიძე:

- ჩვენ ჟურნალებში სკანდალებს არ ვეძებთ. უბრალოდ, ეს იყო განზოგადებული ფაქტი, ბევრს გაუჩნდა ანალოგიური მოსაზრებები და გადავწყვიტეთ, გამოვხმაურებოდით. ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ქსენოფობიის დონემ იმატა და ეს პრობლემაა. არადა, თანამედროვე ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.


”ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის”... ამიტომ არ უნდა ვიყოთ ქსენოფობები!

”იმედის” ამ სიუჟეტს ნამდვილად ჰქონდა ”ახალი ადამიანის აღზრდის” პრეტენზია, მაგრამ იმას, ვინც ქალბატონი თაკოს მოსაზრებას იზიარებს, სიცილად არ ეყოფოდა საუბარი ”ბიუჯეტის გაზრდაზე”.

რატომ?

იმიტომ, რომ სიუჟეტს თავიდან ბოლომდე ეტყობოდა, რომ ”პროდიუსერმა დაავალა”. იმიტომ, რომ მასწავლებლობის ეს ”მარადქართული ვნება” შედეგს მხოლოდ მაშინ მოიტანს, როცა საქმეში ნიჭი, შემოქმედება, ფანტაზია ჩაერთვება. როცა ”მასწავლებლისა” და ”მოსწავლის” როლები ხანდახან ერთმანეთს შეენაცვლება და ქართველი ჟურნალისტი, სანამ ახალი ადამიანის აღზრდის საინტერესო, ფათერაკებით სავსე პროცესში ჩაერთვება, ცოტათი მაინც გაეხსნება თავის მკითხველს, მაყურებელს, მსმენელს, რათა გაიგოს, რეალურად რა ხდება ქვეყანაში.

პირადად მე ქალბატონ თაკო აბაშიძესა და მის თანამოაზრეებს ერთ რამეს ვეტყოდი; არა, ძვირფასებო. ტურიზმის განვითარება არაა ასეთი მნიშვნელოვანი. არც ისაა არსებითი, რომ თქვენმა ამ განცხადებებმა შეიძლება მეზობელი გაგვინაწყენოს. მთავარი ისაა, რომ ყოველი უცხოელის შემოსვლა ჩვენ არა ფულით, არამედ ახალი ენით, ახალი კულტურით გამდიდრების შანსს გვაძლევს. მრავალფეროვანი სამყარო გაცილებით უფრო საინტერესოა და ”ბევრი ენა” პლაჟზე, რაღაც ახალი ბაბილონი, თავის დროზე ასე ლამაზად რომ გამოხატა ლუკინო ვისკონტიმ, კულტურათა მშვიდობიანი თანაარსებობა, ეს სიჭრელე, დიახაც, უტოპიური ოცნებაა, ამპარტავნობაა, მაგრამ ადამიანი თავისას მაინც არ იშლის, რადგანაც არ შეუძლია ერთფეროვნებაში ცხოვრება. სული ეხუთება!

”მასწავლებლობა” კი სხვა არაფერია, თუ არა ამ მრავალფეროვნების ჩვენება, სხვისთვის თვალის ახელა. მერე კი სიხარულის ცრემლები, როცა ”მოწაფე” გეტყვის, ვხედავ, ვხედავ... მართლა რა ლამაზი ყოფილა!.. და ”ახალ ადამიანად” იქცევა.
თუნდაც ერთი წამით.

ნოეს კიდობანი

ადამიანს, ჩვეულებრივ, ორი ბებია ჰყავს, მე კი სამი მყავდა: დედის დედა, მამის დედა და მამაჩემის მამიდა, ანუ ბაბუდა.

გუშინ საღამოს რომელიღაც დისკუსიაში ამოვიკითხე: ყველაფერი, რაც საბჭოთა პერიოდიდან მოგვყვება, მოსაშორებელიაო. ზუსტად არ ვიცი, რას გულისხმობდნენ, მაგრამ მე კი რატომღაც ჩემი ბებიები გამახსენდა – ერთი კახელი და ორი გურული.

სამივე რთული ბედის ადამიანი იყო, სამივეს მძიმე და გაუტეხელი ცხოვრება ჰქონდა, სამივემ ოთხმოც წელს გადააბიჯა.

კახელ ბებოსთან დაკავშირებით ერთადერთი, რაც არ მომწონდა, მისი სახელი იყო. რომ დაიბადა, პატიოსნად, სოფიო დაარქვეს: სოფიო კირვალიძე. მერე, ნათლობისას, რატომღაც სახელი შეუცვალეს და დაარქვეს სირანა, რაც მთელი ცხოვრება შემორჩა. ჰოდა, ეს ჩემი სირანა ბებო ძალიან შემოქმედებითი ადამიანი იყო: ახალგაზრდობაში შესანიშნავად კერავდა, ნამცხვრებს და კერძებს თხზავდა, სიცოცხლის ბოლო წლებში კი კახეთში, ჩვენი სახლის ეზოში, განსაცვიფრებელი ვარდები მოაშენა. იმის გამო, რომ დღისით წყალი ჭირდა, ღამის ოთხ საათზე დგებოდა მათ მოსარწყავად. ოთხი შვილიდან სამი გარდაცვლილი ჰყავდა, მაგრამ როდის და როგორ გლოვობდა, ახლაც არ ვიცი.

ერთი შემთხვევა მახსენდება: უკვე სტუდენტი ვიყავი და გადავწყვიტე, ახალი წელი ბებოსთან ერთად გამეტარებინა აკურაში. პაპა უკვე გარდაცვლილი იყო. არადა, ძალიან ციოდა და თბილი ოთახიდან ფეხს ვერ ვადგამდი. ბებო კი გახარებული ემზადებოდა – გადიოდა ცივ სამზარეულოში, შემოჰქონდა ახალი თავი საჭმელი, მერე გადიოდა უფრო ცივ ეზოში, შემოჰქონდა შეშა, გადიოდა... შემოდიოდა... და სულ ხალისით, სულ მხნედ. ცდილობდა, ხალისი ჩემთვისაც გადმოედო. მე კი ვიჯექი დარცხვენილი იმით, რომ ვერ ვეხმარებოდი – ვერც ფიზიკურად, ვერც ემოციურად – და ვფიქრობდი: რატომ ვარ მე უფრო მოხუცი, ვიდრე ჩემი მოხუცი ბებია?

ბებო მთელი ცხოვრება კითხულობდა. დღისით შრომობდა, მერე ყველას დაგვაძინებდა, თვითონ კი იჯდა და კითხულობდა. ჰოდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ვხედავ, ჯეიმს ჯოისის „ულისე“ გადაუშლია და ყურადღებით ჩასცქერის. ვხვდები, რომ ცუდად არის საქმე. ვეკითხები: „ბებო, მოგწონს?“ მშვიდად, დარბაისლურად მპასუხობს: „არა უშავს...“

გურული ბებო – ანეტა (ანა) გოგიჩაიშვილი – ის ადამიანია, ვინც გამზარდა და ყველა საზრუნავს ამარიდა. ერთადერთი ადამიანია, ვისთან ერთადაც წლობით და, თანაც, სრულიად მშვიდობიანად მიცხოვრია ერთ ოთახში. რაც ზუსტად ვიცი – მისგან მივიღე მემკვიდრეობით პოლიტიკის და სპორტის მიმართ ინტერესი. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი გურული ბებო უნიკალური ადამიანი იყო იმით, რომ ძალიან პატრონობდა მთელ სანათესაოს. ყველას რაღაცით ეხმარებოდა, ოღონდ, წყნარად, უხმაუროდ. ყველას მისი იმედი ჰქონდა. დედამთილი რომ გარდაეცვალა, დედაჩემმა მაშინ ხელახლა ისწავლა სადილების კეთება და სახლის დალაგება. ანეტა ბებო განსაკუთრებით უყვარდათ ჩემს მეგობრებს, ყველას ცოტა საკუთარ ბებიადაც მიაჩნდა. მე კი ისე შევეჩვიე მის სიკეთეს და უნიკალურობას, რომ აბსოლუტურად ჩვეულებრივ ადამიანად აღვიქვამდი. ცოტა არაჩვეულებრივი ეგ იყო, რომ მეუღლე ძალიან ახალგაზრდას გარდაეცვალა და სამი თვის შვილი დარჩა, რომელსაც მთლიანად მიუძღვნა თავისი ცხოვრება. პათეტიკურად კი ჟღერს და ულამაზოდ, მაგრამ, სინამდვილეში, ლამაზად გამოვიდა.

რაც შეეხება ბაბუდას – სულიკო ანთაძეს. ოჰ, რა მაგარი ქალი იყო! გიტარას აიღებდა ხელში და მღეროდა და მღეროდა: „ჩორნოე მორეე, ბელი პარახოოდ..“ მარტო ცხოვრობდა და ჩაის ხომ უვლიდა, თხილი ხომ ჰქონდა, ძროხაც ჰყავდა, გოჭებიც, ქათმებიც... ყველაზე მეტად ის სწყინდა, ვინმე თუ ეტყოდა, მარტო ხარ და ამდენს რატომ წვალობო. სინამდვილეში, ჩვენთვის წვალობდა და თან საკუთარ თავსაც პატივს იმით სცემდა, რომ სრულფასოვანი ოჯახური ცხოვრება მოიწყო. ზაფხულში რომ ვესტუმრებოდით, როცა მამაჩემის დედულეთში – გოგიჩაიშვილებში გადავიდოდით (ნახევარი საათის სავალზეა), დღეში სამჯერ მაინც ჩამოგვაკითხავდა, ღობესთან დადგებოდა და შემოგვძახებდა: არ მოდიხართ სახლში? ოთხმოცს რომ გადასცილდა, მაშინაც ასე მიდი-მოდიოდა, ვერ ისვენებდა, სანამ თავის ეზოში არ დაგვიგულებდა. ერთადერთი, ვისზეც ოდესმე მიფიქრია, სიკვდილი ამას ვერ მოერევა-მეთქი, სულიკო ბებია იყო.

ჰოდა, აი, ასეთი ბებიები მყავდა. ყოველ ახალ წელს სამივე თავს თბილისში, ჩვენს ოჯახში იყრიდა და ოჯახი სიყვარულით იხუნძლებოდა. ვისაც ნამდვილი დღესასწაული ენატრებოდა, ყველა ჩვენ გვსტუმრობდა, ბებიების გამო.

მჯერა ახლა მე, რომ ჩემი ქვეყნის ისტორია 2003 წლის 23 ნოემბერს დაიწყო? და რომ ყველაფერი ძველი გადასაყრელია? და რომ ახალი ადამიანი უნდა შეიქმნას რეფორმაციის შედეგად, რისთვისაც ნაციონალურ მოძრაობას, ასე, სამოცდაათი წელი დასჭირდება?

როგორ თანამედროვედ მესმის დღეს ეს სიტყვები, „ანას ხანაში“ (1945 წელს) რომ დაიწერა:

ვჭვრეტ სიყვარულით
შენს დაღარულ სახეს დიდებულს,
ოდეს ვნებიანს...
შენი ოთახი ძველს, ბიბლიურ ნოეს კიდობანს
რატომ მაგონებს?..
მე რა მაღონებს?
გეტყვი, ბებია!

ფეხბურთი

5 სექტემბერს იტალიასთან წაგებულმა მატჩმა სულაც არ დამწყვიტა გული. პირიქით, ერთგვარად შვებაც კი ვიგრძენი. არა იმიტომ, რომ ჩვენი ნაკრების პატრიოტი არ ვარ. და არც იმიტომ, რომ საფეხბურთო ლოგიკის უპირობო მონა ვარ. უბრალოდ, ვთვლი, რომ არც ჩვენი ფეხბურთელები, არც ჩვენი ფეხბურთის მესვეურები, არც ჩვენი ხელისუფლება და არც მე (გულშემატკივარი) არ ვიმსახურებთ იმას, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა მოუგოს მსოფლიო ჩემპიონს. ეს ფეხბურთის შეურაცხყოფა იქნება.

ამიტომ, როგორც გვჩვევია, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც, ჩვენი გემოვნების მიხედვით, გადავიქცეთ ინგლისელებად, ესპანელებად, ჰოლანდიელებად, იტალიელებად, ფრანგებად, ბრაზილიელებად, არგენტინელებად, პორტუგალიელებად, გერმანელებად... ამიტომ ამ ბლოგში მეც დავანებებ თავს საქართველოს და უცხოური მაგალითებით შეგახსენებთ ფეხბურთის კავშირის შესახებ პოლიტიკასთან, ეროვნულ სიამაყესთან და იმ უსაზღვრო დადებით ემოციასთან, რომელსაც ჩვენ კიდევ ძალიან დიდ ხანს ვერ გამოვცდით.

და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ძალიან უგემოვნებოდ ცდილობენ, საზოგადოებრივი აზრი შეაგუონ ფეხბურთის ფედერაციაში ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობას. იმ ხელისუფლების, რომელიც 2007 წელს წაგებული არჩევნების მიუხედავად, ყოველგვარი ლოგიკის იგნორირებით, თვითონვე დანიშნეს თანამდებობებზე. ამ ამბებს არც ვახსენებდი, მაგრამ ძლიერი ეჭვი მაქვს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ფეხბურთს არ წაადგება.

ფერნანდო კოლორ დი მელუმ, რომელიც ბრაზილიის ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტი გახდა, საზოგადოებაში თავის დამკვიდრება საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტობით დაიწყო. შთამბეჭდავია იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის მაგალითი, რომელმაც თანამემამულეების საფეხბურთო ფანატიზმი პოლიტიკურ კარიერაში გამოიყენა. მისი უმაღლესი დონის საწარმო - "მილანი" - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია. ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოსახდენად, თავის პოლიტიკურ მოძრაობას მან "ფორცა იტალია" ("წინ, იტალია!") დაარქვა - იტალიის ნაკრების გულშემატკივართა ლოზუნგი. ბერლუსკონი აგრძელებს ძველსა და არა ყოველთვის ღირსეულ ტრადიციას: საკუთარი პოლიტიკის პროპაგანდისთვის მუსოლინი კარგად იყენებდა იტალიის ნაკრების ტრიუმფებს 1934 და 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე.

ეროვნული ნაკრების წარმატების დროს, პოლიტიკოსები ვერ უძლებენ ცდუნებას და ფეხბურთელების მიღწევას ერთან აიგივებენ. ლიბერალური ორიენტაციის პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ 1998 წლის საფრანგეთის ნაკრების მულტირასობრივ შემადგენლობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ზიდანის ალჟირული წარმოშობა. "ამ მიმზიდველ გუნდზე უკეთესი რა იმიჯი გჭირდებათ, რომელიც ჩვენ ერთიანობას გამოხატავს?", რიტორიკულად კითხულობდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟოსპენი.

ევროკავშირში, სადაც ნაციონალიზმი აკრძალული ხილია, პატრიოტული გრძნობების გამოხატვისთვის ერთადერთი გამონაკლისი ეროვნული ნაკრების მხარდაჭერაა. ომისშემდგომი გერმანიის ნაკრების წარმატებულმა თამაშმა, გერმანელებს უფლება მისცა, ისევ ეამაყათ თავიანთი ქვეყნით. ეს იდეა კარგად არის გამოყენებული ფასბინდერის ფილმში "მარია ბრაუნის ქორწინება": ომისშემდგომი გერმანიის აღმშენებლობის სცენებს ფონად გასდევს საფეხბურთო კომენტატორის ხმა, რომელიც ამხნევებს გერმანიის ნაკრებს 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისათვის ფინალში კი არა, ჩემპიონატში მონაწილეობაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. ირლანდიის გაღწევამ 1990 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში შეასუსტა კათოლიკური ეკლესიის გავლენა ქვეყანაზე: მოსახლეობას ეროვნული იდენტიფიკაციის და ერთიანობის შეგრძნების ალტერნატიული ფოკუსი გაუჩნდა.

აფრიკის ქვეყნებისთვის ფეხბურთი საშუალებაა, ის პატივისცემა დაიმსახურონ, რომლის ღირსებიც ისინი სხვა სფეროებში იშვიათად თუ ხდებიან. 1990 წლის ჩემპიონატის გახსნის თამაშზე კამერუნმა დაამარცხა მაშინდელი ჩემპიონი არგენტინა. გუნდის ვარსკვლავმა როჟე მილამ მოგვიანებით თქვა, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი მომენტი მაშინ დადგა, როცა გამარჯვების შემდეგ კამერუნის პრეზიდენტი სხვა ქვეყნების მეთაურებს ართმევდა ხელს: "აფრიკის ქვეყნის მეთაური გამარჯვებული ტოვებს ტრიბუნებს და ღიმილით ესალმება დამარცხებული ქვეყნის მეთაურს".

ყოველგვარი ანალიზის გარეშეც ცხადია, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს შესარჩევი ტურნირი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა მის ისტორიაში. ასე რომ, მინიმუმ 5 წელი დასჭირდება საქართველოს ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს, რომ მილას დარი გრძნობა გამოსცადოს.

მით უმეტეს, ძალიან შორს ვართ ჩვენ იმისგან, რაც ხდებოდა პარიზში 1998 წლის 12 ივლისს. იმ ღამეს ელისეს მინდვრებზე მილიონი ადამიანი გავიდა. ფრანგი ფეხბურთელების გამარჯვებამ მსოფლიო ჩემპიონატში, იმ საღამოს საფრანგეთის დედაქალაქში ბიძგი მისცა ყველაზე დიდ სახალხო ზეიმს, რომელსაც ემოციურად და რაოდენობრივად მხოლოდ 1944 წელს, ფაშისტებისგან პარიზის განთავისუფლების აღნიშვნა თუ შეედრებოდა.

მაგრამ ჩემპიონატის მოგება არ არის აუცილებელი, რომ მსოფლიო თასის ეიფორია გამოსცადო. ზოგიერთი ქვეყნისთვის ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაც საკმარისია. ჩინეთის მოსახლეობის მეოთხედი უყურებდა ქვეყნის ნაკრების გამარჯვებას ომანის ნაკრებთან, რის შედეგადაც ჩინელები პირველად მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ამის აღსანიშნავად პეკინის ტიანანმენის მოედანზე ნახევარი მილიონი ადამიანი შეიკრიბა.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენთვის ესეც სანატრელია. ჩვენ ჯერ ისეთი ქვეყნების დონეზე ვართ, სადაც ფინალში მოხვედრაზე ფიქრიც კი დიდ ფუფუნებად ითვლება. მაგალითად, ბანგლადეში ავიღოთ: როცა არგენტინელმა დიეგო მარადონამ 1994 წლის ჩემპიონატზე ნარკოტიკების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო, ბანგლადეშში ათასობით ადამიანმა, ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ დემონსტრაცია მოაწყო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველს დავიტოვებ და შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გოლი საკუთარ კარში გავიდა. ეს მოხდა 1990 წელს, თბილისის “დინამოსა” და ფოთის “კოლხეთს” შორის მატჩში. ეს გააკეთა იმდროინდელი საქართველოს საუკეთესო მცველმა, გელა კეტაშვილმა. ეს გოლი მაშინ გამახსენდა, როცა დღევანდელი საქართველოს საუკეთესო მცველმა კახაბერ კალაძემ მეორე ავტოგოლი შეაგდო.

ცრუმორწმუნე არა ვარ, მაგრამ შინაგანად გადავწყვიტე, რომ “გასამდა”, შეიკრა წარუმატებლობის თითქმის 20-წლიანი ციკლი. და ხვალიდან...

ჩემი მდინარე

პიტერ აკროიდი თავის წიგნში, “ლონდონი: ბიოგრაფია”, ქალაქის გამქრალი მდინარეების შესახებაც წერს. მის უზარმაზარ წიგნში ამ თავს მცირე ადგილი უკავია, თუმცა დაფარულ მდინარეებს სხვა თავებშიც არაერთხელ შეხვდებით.

აკროიდი პირველი არ ყოფილა, გასული საუკუნის 60-იან წლებში ერთმა ავტორმა (ნიკოლას ბარტონმა) მთელი მონოგრაფია მიუძღვნა ამ თემას და წიგნს “ლონდონის დამარხული მდინარეები” უწოდა. ამ თემაზე მანამდეც წერდნენ ინგლისელები - მას შემდეგ, რაც მდინარეების დამარხვა დაიწყეს, ბევრი დაინტერესდა დაფლული წარსულით.

ლონდონში 15-მდე გამქრალი მდინარე ყოფილა, ზოგიერთი ლიტერატურიდანაც გეცნობათ ალბათ, მაგალითად, ფლიტი, ან უოლბრუკი, ესენი კარგა ხანია აგურის უზარმაზარ მილებში არიან მოქცეული, სხვები კი რკინის მილებში მიედინებიან და ეს მილი-მდინარეები მეტროს სადგურებშიც შეგიძლიათ ნახოთ. სოჰოზე ერთი სახლი ყოფილა, რომლის სარდაფშიც, გისოსებს მიღმა, წყვდიადში, ერთი პატარა მდინარე “მოჩუხჩუხებს”. ეს მდინარე სულ რამდენიმე საუკუნის ყოფილა, რადგან XVII საუკუნის საკანალიზაციო მილის ადგილას წარმოქმნილა მიწისქვეშა წყლებისგან.

ასეთი “მდინარეები” თბილისშიცაა, ღია თუ ფარული, ბევრია ე.წ. ხევის წყლებიც, მიწისქვეშა მდინარეები, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე წარმოქმნილი საკანალიზაციო მდინარეები. ყველაზე ცნობილები რა თქმა უნდა მოზრდილი მდინარეებია - დიღმისწყალი, გლდანისწყალი, ვერე, წავკისისწყალი და ლოჭინისწყალი. გარდა ამისა, მტკვრის ნაპირებზე აუარება ხევი ჩამოდიოდა – დუქნის ხევი, ნავთის ხევი, ვარაზის ხევი, არდონის ხევი და სხვ. ეს ხევები და მდინარეები დღეს აღარავის ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნეშიც და საბჭოთა პერიოდშიც თბილისს კარგი მკვლევრები ჰყავდა.

თეიმურაზ ბერიძემ, მამისა ბერძნიშვილმა, ვახტანგ ბერიძემ, თენგიზ კვირკველიამ და სხვებმა თავის დროზე დაწვრილებით, ფენა-ფენა შეგვასწავლეს თბილისის ისტორია და გეოგრაფია, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის მდინარეებისა და ხევების ისტორია ჯერ კიდევ დასაწერია და დღემდე არ არსებობს გამოკვლევა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ყველა მასალა, სიტყვიერი თუ ვიზუალური, და სადაც მთლიანად გამოჩნდებოდა ქალაქის ხევებით დანაოჭებული სახე.

დღეს ჩვენი ქალაქის N2 ნაოჭზე და ერთ-ერთ უმთავრეს დარდზე მინდა გითხრათ, მდინარე ვერეზე. სამწუხაროდ, დღეს მასაც იგივე სჭირს, რაც ლონდონის გამქრალ მდინარეებს სჭირდათ ოდესღაც. ისიც სიბინძურის კერადაა ქცეული და ამიტომ, ზოგიერთებს მისი დამალვა სურთ, როგორც ცოდვის, როგორც შეცდომის - ისე, რომ აღარასდროს გაახსენდეთ. არადა ტემზაში ჩამდინარე შენაკადებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა დაავადებების კერად იქცეოდა ხოლმე, მდინარე ვერეს ხეობა სარეკრეაციო ზონაა და მისი ასეთი “ამოკეტვით”, რამდენიმეზოლიანი მაგისტრალის გაყვანით და თბილისის სიმბოლოდ ქცეულ “აშენება-მიშენება-დაბინძურების პერსპექტივებით” მხოლოდ დავაგუბებთ სასუნთქ არტერიას.

ამ მდინარის ნაპირას მთელი ჩემი ცხოვრება, 35 წელი გავატარე და არ მინდა იგი უდაბნოში გაზრდილების გულგრილობას შეეწიროს. მდინარის მომავალი ძალიან მაღელვებს და არ მინდა, რომ მან ბეტონის ესტაკადების ცივი ჩრდილის ქვეშ იდინოს. ვერე ისედაც ნაგვის ალყაში იყო მოქცეული ათწლეულების მანძილზე და მის “გადაფარვას”, სჯობს ისევ მდინარის სისუფთავეზე ვიზრუნოთ, რადგან იგი დღესაც ნაგვის ალყაშია. ეს მდინარე ბოლო რამდენიმე ათეული წელია ჩემს თვალწინ მიედინება, მიედინება და მიაქვს ამ უიმედო ხეობის ნაგავი და მასთან ერთად, დარდებიც.

XX საუკუნის მეორე ნახევარში ხეობა ძალიან დამახინჯდა, თუმცა ბოლო წლებმა ყველაზე მძიმე კვალი დატოვა მასზე. ზოგან სახლის ასაშენებლად მოასწორეს მდინარის სანაპირო გავაკებები, ზოგან ახლომახლო აშენებული კორპუსებიდან მორჩენილი ნაგავი მიმოაბნიეს, ახლა მრავალზოლიანი მაგისტრალებიო, ესტაკადებიო... მოკლედ, ხან რითი ემუქრებიან ჩვენს მდინარეს, ხან რითი.

დღეს ვერეს ბედით აღარავინაა დაინტერესებული, აღარავის ახსოვს იგი. მას არც ტელეარხებზე ახსენებენ და ვერც გაზეთებში ამოიკითხავთ რამე ჭკვიანურს ვერეს გადარჩენის შესახებ, არადა მდინარეს მართლა ესაჭიროება შველა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მისი გაცოცხლებისთვის ბრძოლას, დღევანდელი სახელისუფლებო პოლიტიკის პირობებში, წარმოუდგენელი ენერგია დასჭირდება.

მარკესს აქვს ერთი ტექსტი, მდინარე მაგდალენაზე – ტექსტს “ჩვენი ცხოვრების მდინარე” ჰქვია. ეს მდინარე დღეს უკვე დაღუპულია, არადა თავის დროზე შეიძლებოდა მისი შველა: “ამჟამად მაგდალენა მკვდარი მდინარეა. მისი წყალი მოწამლულია, ხოლო ცხოველები ამოწყვიტეს...”

მაგდალენა ძალიან დიდი მდინარეა, მარკესიც დიდი მწერალია. მართალია, ვერე პატარა მდინარეა, მაგრამ ზოგიერთებისთვის ისიც “ცხოვრების მდინარეა”. მაგალითად, ჩემთვის ან ჩემი რამდენიმე უბნელისთვის, რომლებსაც ხრამულიც დაგვიჭერია ვერეში, ალუჩა და გარგარიც მოგვიპარავს მის ხეობაში გაშენებულ ბაღებში და კურდღლებსა და ტყის ქათმებსაც გადავწყდომივართ (კუები და ზღარბები ვაკე-საბურთალოს გზაზეც ბლომად დასეირნობენ). ღამის სიჩუმეში, ნაწვიმარზე, მდინარის გუგუნისთვისაც გვისმენია და სიცხით დამშრალი მდინარის პირზეც გაგვივლია.

მე ვაკის პარკთან ვცხოვრობ, არადა ჩვენამდე მდინარე ბევრ სხვა ადგილსაც გამოივლის. პირველ რიგში სოფლებს: შამთას, დრეს, ღვევს, ჩაუვლის ბეთანიის მონასტერს, ჩამოიტოვებს ახალდაბასა და წყნეთს და თბილისში შემოდის, ბაგების კანიონებში გამოიკლაკნება და უკვე კარგა გვარიანად დაბინძურებული ჩვენს კორპუსსაც ჩაუვლის. სადღაც ატენის ქუჩასთან, დოლიძის მხრიდან, ლამის თავად მდინარისხელა კანალიზაციის ნაკადი შეერთვის და მერე ერთი სული აქვს როდის ჩაცლის მთელს ამ სიბინძურეს მტკვარში.

აშკარაა, რომ მდინარე ვერე გადასარჩენია, მაგრამ საიდან უნდა დავიწყოთ? ამ ეტაპზე ის მაინც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მდინარე ვერეს ისტორია დავწეროთ, მოვაგროვოთ საარქივო ფოტო და ტექსტური მასალა, მოვაწყოთ ექსპედიციები, რომლებიც დეტალურად შეისწავლის მდინარის ეკოლოგიურ მდგომარეობას. სხვათა შორის, ამ თემაზე კარგა ხანია უკვე მიდის საუბარი გლობალურ ქსელში: “მდინარე ვერეს გადარჩენის კლუბი” არაა მხოლოდ ვერეს ნაპირელთა საფიხვნო, აქ ყველას შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მდინარე მხოლოდ ცუდი ფიქრებისა და სიზმრების გასატანებლად არ მოედინება, არამედ იმისთვის, რომ შეგვახსენოს დროის არსებობა და ადამიანთა პასუხისმგებლობა.

ერთმა ჩემმა მეგობარმა მომწერა ამასწინათ მტკვარზე: “ძალიან კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს ისტორიულ დროში, ურბანულ გარემოში, სოციუმში, საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ ჯერ მტკვრის დასუფთავებას მიაღწიო, მერე თუნდაც ხელოვნური პლიაჟი მოაწყო და შეზლონგზე წამოწვე”. ვერაფერს იტყვი, მართალია ეს კაცი, მაგრამ მდინარე ვერეს გადარჩენა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი დისკომფორტის პირობებშიც შეიძლება. მაგდალენასავით არც ორმოცდაცხრამეტი მილიონ ასათი ათასი ხის დარგვა სჭირდება ჩემს მშობლიურ ხეობას და არც რამე უზარმაზარი თანხები, სჭირდება მხოლოდ ყურადღება და რაც შეიძლება მეტი ქომაგი.

მარკესს უწერია იმავე ტექსტში: “გარემოს დაცვის ამოცანა ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, იგი რეალურია”. მდინარე ვერეს გადარჩენა კიდევ უფრო რეალურია, განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ იგი სულ რაღაც 45 კილომეტრი სიგრძისაა.

კიდევ ერთი მდინარე გამახსენდა, ვერეზე ექვსჯერ გძელი (260 კმ) და მაგდალენაზე ექვსჯერ მოკლე, სპუნ რივერი (Spoon River), მდინარე, რომელსაც ედგარ ლი მასტერსმა გაუთქვა სახელი. Spoon River Anthology (1915) ამ გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტის შედევრია, ეპიტაფიების კრებული, წიგნი-სასაფლაო, სადაც გამოგონილი ქალაქის გამოგონილი მაცხოვრებლები არიან დაკრძალული და საიდანაც ისინი ყველაზე მთავარზე, სიცოცხლის წარმავალობაზე გვესაუბრებიან.
ჰოდა გავუფრთხილდეთ მდინარე ვერეს ხეობას, სანამ იგი ცოცხალი თბილისის ცოცხალი ნაწილია და არა “ტიფლისი, გრანტის საგრაფო”, ქალაქი-სასაფლაო.

როგორ დავანებე თავი მოწევას, ანუ 11 სექტემბერი

დავით კაკაბაძე თუ ნიკო ფიროსმანაშვილი?

რატომღაც ეს შეკითხვა მაგონდება, როცა სამხატვრო აკადემიაში სწავლის წლებს ვიხსენებ.

სტუდენტები ერთმანეთს ვეკითხებოდით ხოლმე და ასე ვადგენდით, ვინ არის "ჩვენიანი" და ვინ არ აზროვნებს ჩვენნაირად.

"კაკაბაძისტებს" საშინლად გვაღიზიანებდა ფიროსმანის კულტი. განსაკუთრებით "ფიროსმანისტების" არგუმენტები - "კაკაბაძე ტვინით აკეთებდა ყველაფერს, ფიროსმანი კი გენიოსი იყო, თვითნაბადი და ალალი". კაკაბაძის ფანები უმცირესობაში ვიყავით. სიტყვები "თვითნაბადი" და "ალალი", მგონი, მას მერე შემძულდა.

გოგი ხოშტარიამ გაგვაცნობიერებინა მერე, რომ ფიროსმანის, როგორც "თვითნაბადი მხატვრის", "ლოთი ნიკალას", ეს სახე ვიღაც-ვიღაცებს მისი ეგზოტიზაციისთვის დასჭირდათ. ასე უკეთ გაიყიდებოდა მისი სურათები. სინამდვილეში ფიროსმანის ყველა ტილო შრომის, წვალების, საკუთარ თავთან ბრძოლის, თუ გნებავთ, ლოცვის ნაყოფია (აბა ვინა თქვა, რომ ლოცვა შრომა არ არის?).

არადა, როგორ უყვართ საქართველოში "თვითნაბადები", არა? რაღაცნაირ, გამორჩეულ მესიებს ხედავენ გაუნათლებელ, მაგრამ საქმის მკეთებელ ხალხში. ჩვენში "თვითნაბადებს" და "ალალებს" მუდმივად აქვთ შანსი, გადაიქცნენ პოლიტიკურ ფიგურებად, თავიანთ გემოზე ატარონ მასები. მათ შორის ინტელექტუალები, რომელთაც უტვინო და იმბეცილი ხშირად "ალალი" და "თვითნაბადი" ჰგონიათ.

სადაც არ წაიყვანს, წაყვება. დააჯერებს, რომ გზა, რომელიც აირჩია, აუცილებლად მიიყვანს ტაძრამდე.

მაგრამ ეს უცნობი და ნაცნობი "თვითნაბადები" იქით იყოს. დავით კაკაბაძეს დავუბრუნდეთ.

მთელი ცხოვრება ზომავდა, მგონი. ეძებდა, იკვლევდა, წერდა, ანგარიშობდა. რაღაც განსაკუთრებული ვნებით ეძებდა იდეალურ პროპორციას... ჩვენს ხუროთმოძღვრებაში ნახაზობა მარტივ, სწორ და სიმეტრიულ ფორმაშია დაცულიო, წერდა.

"ნახაზობას" უწოდებდა ბუნებასა და ხელოვნებაში იდეალურ ზომას და სწორედ ბუნების მიბაძვას, ბუნების გააზრებას, თუ გნებავთ "გამოანგარიშებას" მოითხოვდა მხატვრებისგან.

ასეთი ხელოვანი საქართველოში პოპულარული როგორ გახდებოდა?!

ხშირად ვფიქრობ ამაზე და მაინც ვერ ვხდები, როდის დავკარგეთ ზომის ეს გრძნობა, ასე აშკარად გამოხატული ჩვენს ხუროთმოძღვრებაში, მუსიკაში... ვინ დაგვაკარგვინა? მონღოლებმა? თურქებმა? რუსებმა? კომუნისტებმა? რატომ გადაიქცნენ, მაგალითად, ქართული კინოს ლამის მთავარ პერსონაჟებად "ალალი იდიოტები", ხან პეპელას რომ დასდევენ ეკრანზე და ხან კიდევ რას? ვინ მოკლა ჩვენში ფიქრის მოყვარული კაცი, რომელსაც ყველაზე მეტად უკიდურესობა, ზომიერების დაკარგვა, ისტერიკა აშინებს?

და თუ ეს კაცი უკვე მოკლულია (მგონი, მამარდაშვილი იყო უკანასკნელი), თუ ყველაფერი ზედმეტი, გადაჭარბებული, მთელი თავისი ირაციონალურობით, ინფანტილიზმით, ისტერიკით, ჩვენი ყოფისა და კულტურის ატრიბუტი გახდა, ისღა გვრჩება, ჩვენსავე სასიკეთოდ გამოვიყენოთ ეს "ზომაფობია".

მაგალითად, დავანებოთ თავი მოწევას.

სიგარეტი არც ფულია, არც ქალები ("ნაშები") და არც შვილები ("გამრავლდით!" - აბა, ამაზე უკეთესი დალოცვა თუ არსებობს?)... ფულში, ნაშებსა და ჯილაგში დახრჩობა ყველაზე სასიამოვნო სიკვდილია ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის.

ხომ გახსოვთ, წლევანდელი ახალი წელი თავისუფლების მოედანზე? პაჩკა-პაჩკა დოლარები ცვიოდესო, გვიმღერეს... თანამედროვე გურჯის ნატვრა გაგვიმხილეს - არაფერი ვაკეთო, ხელი, ფეხი, ტვინი (და კიდევ, ვინ იცის რა აღარ!) არ გავანძრიო, მაგრამ დოლარები ცვიოდეს, ფიფქებივით...

მაგრამ რამდენადაც ბევრი ფული, ნაშების (ფელინის "რვანახევარივით") და შვილების გარემოცვაში ყოფნა ნეტარებაა, იმდენად მომაკვდინებელია ბევრი სიგარეტი.

როგორც კი ეს გავიაზრე, ეგრევე ძალით დავიწყე მოწევა. ჩემს თავს ვეკითხებოდი, თუკი ყველაფერი ბევრი სასიამოვნოა, ვითომ სიგარეტმა რა დააშავა-მეთქი?

არა, თავიდან არც გამიაზრებია, რომ ექსპერიმენტს მივმართავდი. უბრალოდ, შარშან, აგვისტოში, ძალიან ბევრი მოვწიე. ომის დღეებში სამ-სამ კოლოფზე გადავედი. სიგარეტს სიგარეტზე ვუკიდებდი და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ თუ ასე გავაგრძელებდი, სერჟ გინზბურგის ბედი არ ამცდებოდა, ერთადერთი კაცისა, რომელიც ყოველთვის მაღიზიანებდა სიგარეტით...

სხვები, ლამაზი მწევლები: კერი გრანტი, ჰემფრი ბოგარტი, მარლენი... იგივე ანი ჟირარდო "როკოში"... რაღა ბალეტი და რაღა ესენი, სიგარეტით ხელში. მაგრამ გინზბურგი უსაშველოდ არაესთეტიკურია. ეგრევე ჩააქრობ სიგარეტს, კვამლით დაფარულ მის ყვითელ თვალებს რომ დაინახავ.

არაა საჭირო ალან კარის წიგნის კითხვა. უყურეთ გინზბურგს და რაც შეიძლება ბევრი მოწიეთ. დახრჩობამდე! გარწმუნებთ, ზომიერების დაკარგვა სიგარეტის გადაგდების საუკეთესო საშუალებაა. ბოლოს და ბოლოს დადგება კათარზისის წამი - ნიკოტინით მოწამლულ ტვინში ნაპერწკლიდან იფეთქებს ალი... ანუ აზრი: "მორჩა, მომბეზრდა! ახლა დროა, ჩემი ნებისყოფა გამოვცადო!"

და გამოვა, აუცილებლად გამოვა. პროპორცია მოგენატრებათ, როცა ჭარბის სიყვარული აბსურდად იქცევა. ტარკოვსკის გმირს დაემსგავსებით "სოლიარისიდან"; შემოივლით ყველას და ყველაფერს, "იბანავებთ ბევრში" და მუხლმოდრეკილი დაუბრუნდებით "პროპორციას". ამის მერე აუცილებლად იგრძნობთ სამყაროს მშვენიერებას - ცუდ და კარგ სუნებს, ცუდ და კარგ გემოებს... შეიძლება იმათ გულწრფელობაშიც შეგეპაროთ ეჭვი, ვისაც მანამდე "თვითნაბადად" მიიჩნევდით.

მოკლედ, თავიდან დაიბადებით. გარწმუნებთ!

ახლა კი მთავარი.

33 წლის მწეველმა სიგარეტი ზუსტად ერთი წლის წინ, 11 სექტემბერს გადავაგდე.

ძალიან საინტერესო წელი იყო ჩემთვის. საკუთარი ნებისყოფით კეკლუცობისა და სიამაყის წელი.

ახლა გაიწმინდა სხეული და ძალიან, ძალიან მომინდა მოწევა.

ღამე მშვიდობისა!

P.S.: ეს კი იავნანას სახით. საუკეთესო ფილმი მწევლებზე, რომლებიც ბევრს ეწეოდნენ, მაგრამ ზომის გრძნობა არ დაუკარგავთ.

შეხვედრა

„არა, ნამდვილად არის ია ანთაძის ბლოგი თავშესაფარი! მიუსაფარისთვის, დევნილისთვის, დაკარგულისთვის, გზადაბნეულისთვის, დაღლილისთვის, გულადისთვის, მამაცისთვისაც, დაჭრილისთვის, ღამენათევისთვის ან დღენათევისთვის, სისხლისგან დაცლილისთვისაც, ტკივილისგან ღონემიხდილისთვის, იმედად მყოფებისთვის და უიმედოებისთვისაც, ბოლოსდაბოლოს (:)) მებრძოლებისთვის... დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია - ია, ხომ არ გადაიქცევით დრაკონად... უკაცრავად, მაგრამ სხვაგვარად ვერ ვთქვი...“ – ასეთი გზავნილი მივიღე გუშინწინ ღამით ბლოგზე (ავტორი: aleqsandre საიდან გვწერთ: muxianidan 09.09.2009 00:43).

ამ გზავნილმა ღრმად ჩამაფიქრა.

როდის გადაიქცევა ხოლმე ადამიანი დრაკონად? გადრაკონების ერთი გზა ზუსტად ვიცი – როცა ადამიანი ბოროტად სარგებლობს სხვა ადამიანების ნდობით. ეს არცთუ იშვიათად ხდება. ეს ბევრჯერ მოხდა ჩვენ თვალწინ. ასე მგონია, მიზეზიც ვიცი: გვინდა თუ არ გვინდა, ხშირად ადამიანებს აღვიქვამთ, როგორც საკუთარი გარემოს ნაწილს. ცენტრში ჩვენ ვართ, ისინი კი ჩვენ ირგვლივ მიდი-მოდიან. ზოგი სიმპათიურია (ჩვენთვის!), ზოგი უსიმპათიო (ისევ ჩვენთვის!); ერთი მათგანისგან უსიამოვნებებს უნდა ველოდეთ, მეორისგან – არა; ერთი ჩვენს თანამოაზრედ მიგვაჩნია, მეორე – არა. ეს არის ხშირად შეფასების კრიტერიუმი – ჩვენი პირადი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ. შესაბამისად, მეორე ადამიანი არსებობს იმდენად, რამდენადაც ჩვენ მას ვხედავთ; საჭიროა, რამდენადაც ჩვენ გვჭირდება, ან მავნეა იმდენად, რამდენადაც ჩვენთვისაა მავნე.

ბლოგური ცხოვრება მეტად თავისებური რამ არის. ადამიანი, რომელსაც დღეში რამდენჯერმე ეხები, სრულ წყვდიადშია – თანამოსაუბრის არც სახელი იცი, არც გვარი, არც ასაკი, არც საქმიანობა, არც სქესი... და მის მიმართ სწორედ ზემოთ აღწერილი აღქმა გიყალიბდება: სიმპათიურია, ჩემი მხარდამჭერია; ან უსიმპათიოა, ყოველთვის მიპირისპირდება; კარგია, რომ გამოჩნდა, გამოვცოცხლდი; ცუდია, სანადიროდ რომ მიდის, მოვიწყენ.

ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან ადვილია გადრაკონების გზაზე შედგომა, თუკი მუდმივად ფხიზლად არ იქნები და მუდმივად საკუთარ თავს არ შეახსენებ, რომ ადამიანები არსებობენ თავისთავად, ჩვენგან და ბლოგისგან დამოუკიდებლად. მათ უფლება აქვთ, იცხოვრონ ჩვენ მიღმა ან ჩვენ წინააღმდეგ.

და ამ ფიქრებში გამახსენდა, რომ როდესაც ერთმანეთს დავეკითხეთ, თუ რა იყო ჩვენი მთავარი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ, არაერთი ხმის უპირატესობით გაიმარჯვა ცნებამ „უსამართლობა“. არადა, მხოლოდ ახლა ვფიქრობ: სამართლიანობა იქ იწყება, სადაც ვაცნობიერებთ, რომ ადამიანი ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს; სადაც ვაღიარებთ, რომ თითოეულ ჩვენგანს უფლება აქვს, იყოს ის, ვინც არის. და თუ სამართლიანობის ეს შინაარსი, ეს ხარისხი მიუღებელია, ყველაფერი დანარჩენი ფარისევლობაა.

როგორც ამ ფიქრებში მივხვდი, ადამიანის დასანახად უნდა დაშორდე მას, დაივიწყო შენი პირადი დამოკიდებულება მის მიმართ, დაძლიო აკვიატებული იდეები. და სწორედ ბლოგის წყვდიადში უნდა ცადო, დაინახო ადამიანი. თუ გინდა, რომ სამართლიანი იყო, ასე უნდა მოიქცე.

მე ეს ერთხელ გამომივიდა და ერთხელ არ გამომივიდა.

ბლოგერს, სახელად „უცხო“, თხუთმეტი წელია, ვიცნობ. ის ჩემ გარემოში ეპიზოდურად ჩნდებოდა, როგორც (ჩემთვის) სიმპათიური ადამიანი. მაგრამ მე მას ვერ ვხედავდი. ჩვენი ნამდვილი შეხვედრა ბლოგში შედგა, როდესაც წყვდიადში დავინახე ის სიჯანსაღე, ის ხიბლი, ის ნაპერწკალი, რაც „უცხოს“ ნამდვილ ბუნებას ახლავს.

„კავკასიოლოგის“ და ჩემი ურთიერთობის ისტორია ყველამ იცით, ვინც ჩვენს ბლოგს კითხულობთ. ამოვიჩემე, ნოდარ ლადარია არის-მეთქი და – რამეს კი არ ვერჩოდი – მისი არც ერთი სიტყვის არ მჯეროდა. ის კი სულ გვერდით იყო, მარწმუნებდა, მთხოვდა, მეხმარებოდა... მაგრამ მე მას ვერ ვხედავდი, მის მაგივრად ვხედავდი ლადარიას, რომელთან შეხვედრა არა და არ მინდოდა. ჩვენი შეხვედრა არ შედგა.

არადა, ყველანაირი დრამატურგია შეხვედრებისგან შედგება. სიამოვნებით დავწერდი ერთ ბლოგს „ვეფხისტყაოსნის“ გმირების შეხვედრებზე. მათი ამბების კითხვაზე მეტად არაფერი მიყვარს. თავს ვერ ვიკავებ, ერთი შეხვედრა რომ არ გაგახსენოთ. გამარჯვებული გმირები, ნესტანთან ერთად, არაბეთში ბრუნდებიან. მამისტოლა მამაკაცი, არაბეთის ძლევამოსილი მეფე, ბოლოს და ბოლოს, ხვდება ქალს, რომლის გამოც მან მწარე დღეები გაიარა, მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა კი დარდით და მოლოდინით სავსე წლები გალია. და, აი, როგორ ხედავს როსტევანი ნესტანს (რას სწვდება მისი მზერა) – „ეტყვის: მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო!/ შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,/ მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,/ თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო.“

კიდევ უფრო გამაოგნებელი შეხვედრა მაგონდება – სახარებიდან. უდაბნოდან დაბრუნებული იესო გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვება და ორ ძმას ხედავს, სიმონს და ანდრიას. ბადეებს ისვრიან ზღვაში, რადგან მებადურები არიან. ეუბნება: მომყევით და ადამიანთა მებადურებად გაგხდით. ძმები ბადეებს ტოვებენ და იესოს მიჰყვებიან. აი, ეს არის ნამდვილი შეხვედრა: როდესაც არა მხოლოდ იესო ხედავს სინათლეს მებადურ ძმებში, არამედ ისინიც მაშინვე ხედავენ იესოს.

არ მგონია, რომ ამ შეხვედრაში რაიმე დრამატურგიაა. პირიქით – ეს არის დრამატურგიისგან სრულიად დაცლილი შეხვედრა, როდესაც სამი ადამიანი სრულფასოვნად ღირებულია ერთმანეთისთვის და, იმავდროულად, სრულფასოვნად თავისუფალია ერთმანეთისგან – სიყვარულით გათავისუფლებული.

აი, ეს ყველაფერი დრაკონად გადაქცევის საფრთხეზე ფიქრში გამახსენდა. და მივხვდი: არა მხოლოდ ძნელია, არ გახდე დრაკონი, როდესაც ადამიანები გენდობიან; არა მხოლოდ სხვებს ემართებათ ეს ჩვენ ირგვლივ; არამედ – ეს მე თვითონ დამემართა.

ძვირფასო ბატონო ალექსანდრე, მთელი ჩემი პატიოსნებით გეუბნებით, რომ არ მინდა გადრაკონება. მინდა, დავინახო თითოეული თქვენგანი. მინდა, შეგხვდეთ!

შუბერტი მიწისქვეშეთში

როდესაც ჩემი მეზობლის შვილთან, მეთორმეტეკლასელ ჭაბუკთან, საუბარში მოცარტის სახელი ვახსენე, მან სრულიად სერიოზულად მკითხა: "ეგ ისაა, შოპენი რომ ჰქვია?" მისმა მეგობარმა მითხრა, ოპერაში არასოდეს ვყოფილვარო, და ირონიული ჩაცინებით დაუმატა: "დარწმუნებული ვარ, თუ წავალ, მას მერე კოშმარები დამესიზმრება!"

მუსიკის სფეროში მასკულტურის მძლავრი ექსპანსია წამდაუწუმ გვთავაზობს ანეკდოტურ სიტუაციებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე სახელგანთქმული ქართველი პიანისტის ლექსო თორაძის თბილისში ჩამოსვლა თავის სტუდენტებთან ერთად "რუსთავი 2"-მა "თორაძის და მისი ბენდის გასტროლებად" მონათლა. ჯაზური ტერმინი "ბენდი" ტელეჟურნალისტებმა, როგორც ჩანს, საუნივერსიტეტო ქალაქ საუთბენდის სახელწოდებაში ამოიკითხეს (ლექსო თორაძე სწორედ ინდიანის შტატის საუთბენდის უნივერსიტეტის პროფესორია).

ჩემს წინა ბლოგებში უკვე აღვნიშნე, რომ არანაკლებ კომიკური სიტუაცია შეიქმნა საქართველოში კიდევ ერთი ცნობილი კლასიკური პიანისტის, ელისო ბოლქვაძის, გასტროლების. დროს იმავე ტელეარხის კორესპონდენტმა საზოგადოებას აუწყა, რომ გორში გამოსვლისას პიანისტს, თურმე, ბეთჰოვენის მესამე სიმფონია (?!) დაუკრავს.

რადიოსადგურ "მუზის" წამყვანები (საქართველოში ეს ერთადერთი რადიოა, რომელიც მხოლოდ კლასიკურ მუსიკას გადასცემს) მუდმივად ამახინჯებენ გამოჩენილი მუსიკოსების გვარებს. ვთქვათ, პიერ მონტეს ნაცვლად, პიერ მონტოს აცხადებენ და ა.შ. საქართველოს არც ერთი ტელევიზიით არ გადის გადაცემა კლასიკურ მუსიკაზე - ყველგან, ძირითადად, საეჭვო მხატვრული ღირებულების თანამედროვე საესტრადო სიმღერებს გვთავაზობენ.

ბეჭდვითი მასმედიიდან, ფაქტობრივად, გაქრა მუსიკალური კრიტიკოსის პროფესია. არადა, სხვადასხვა დროს საქართველოს ჰყავდა პავლე ხუჭუა, გივი ორჯონიკიძე, ანტონ წულიკიძე, ევგენი მაჭავარიანი და სხვ. მადლობა ღმერთს, ცოცხალია ამ ჟანრის ერთ-ერთი ბურჯი გულბათ ტორაძე. უბრალოდ, მასზე მოთხოვნილება მინიმუმამდეა დასული.

მსგავს სიტუაციას იშვიათად შეხვდებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ვთქვათ, იმავე შეერთებულ შტატებში თანამედროვე საგაზეთო მუსიკალური კრიტიკოსის ბრწყინვალე მაგალითებად გამოდგებიან ჯოზეფ ჰოროვიცი და, სამწუხაროდ, აწ უკვე განსვენებული ჯონ არდოინი. თუმცა, რა დასამალია, კლასიკურ მუსიკასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ამერიკაშიც არსებობს. ამ ცოტა ხნის წინათ გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" თანამშრომლებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს: აშშ-ის დედაქალაქის მეტროს ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში დილის პიკის საათის დროს ყველაზე ცნობილი თანამედროვე ამერიკელი მევიოლინე ჯოშუა ბელი 43 წუთის განმავლობაში უკრავდა ბახის, შუბერტის, მასნესა და კრაისლერის ნაწარმოებებს. ღონისძიების ორგანიზატორებმა მხედველობაში მიიღეს, რომ მუსიკოსის კონცერტებზე ბილეთის მინიმალური ფასი 100 დოლარია და მგზავრებში შესაძლო აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად, საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის გამოძახებაც გაითვალისწინეს. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი გამაოგნებელი გამოდგა: 1097 ადამიანიდან, ვინც მეტროს სადგურზე იმ დილით ცნობილ მევიოლინეს გვერდით ჩაუარა, სახით ის მხოლოდ ერთმა ქალმა იცნო, ხოლო რაც შეეხება სტრადივარის საკრავის ბუდეში შეგროვებულ ჰონორარს, მან 32 დოლარი და 17 ცენტი შეადგინა.

არ დაგავიწყდეთ, რომ ვაშინგტონი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე "ფილარმონიკულ" ქალაქად ითვლება! ამერიკელებმა არა მარტო ვერ იცნეს თავიანთი სახელგანთქმული თანამემამულე, ისინი არ გააოცა მისმა ხავერდოვანმა გლისანდომ და ბრწყინვალე სტაკატომ და, რაც მთავარია, უბრალო მოქალაქეები არ დაინტერესდნენ თვით შესრულებული მუსიკით.

ცხადია, სულ სხვაგვარი იქნებოდა სიტუაცია, მიწისქვეშა გადასასვლელში, ვთქვათ, ემინემი რომ გამოჩენილიყო. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ერთი ფრიად მნიშვნელოვანი დებულება: "გამოსავალი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან ყოველთვის გამოიძებნება. ანთროპოლოგიური კრიზისი კატასტროფას ნიშნავს."

აგრესიული ოცნება

სამი წლის წინ პირველად გამოსცეს ჯონ ფაულზის “დღიურები”, სადაც გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალი ათწლეულების მანძილზე ინიშნავდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა, ინიშნავდა ბევრს, იყო ძალიან გულახდილი და დაკვირვებული (ფაულზია ბოლო-ბოლო). წერდა თანამედროვე სამყაროზე, ყოფაზე, პირად ტრაგედიებზე. ძალიან ზუსტ რაღაცეებს ამბობს იგი თავის კოლეგებზეც, მწერლებზე. ხშირად კონკრეტულ ავტორებზე მოგვითხრობს, ხანდახან კი ბრძნული აზრებიც დაცდება ხოლმე. ფაულზის “დღიურებში” გადავაწყდი ამ სიტყვებსაც: “არავინაა მწერლისთვის ისე უცხო, როგორც სხვა, მეორე მწერალი. რა ადვილად გადაგისვამენ ხაზს (იმიტომ რომ თვითონაც წერენ), მათი ცინიზმი, მათი ყოვლისმცოდნეობა...” მართალია დამოწმებულ სიტყვებში მწერლის კონკრეტული წყენაც იგულისხმება, მაგრამ ამ სიბრძნის საყოველთაობას თუნდაც დღევანდელ ქართულ მწერლობაში შექმნილი სიტუაცია აჩენს, ვითარება, სადაც არავის არაფერი ადარდებს საკუთარი ნაწერის გარდა, უკიდურეს შემთხვევაში კი თავისი “კუტოკი” აინტერესებს მხოლოდ.

ახლანდელი ქართველი მწერლებიდან მხოლოდ სამი-ოთხის დასახელება შემიძლია, ვინც ბევრს წერს (ან წერდა) და საუბრობს თანამედროვე კოლეგებზე. ესენია შოთა იათაშვილი, ანდრო ბუაჩიძე, ლაშა ბუღაძე, დათო ჩიხლაძე, მეტი პრინციპში არც მახსენდება, დანარჩენებს მხოლოდ თითო-ოროლა წერილი თუ აქვს დაწერილი, ხოლო უმრავლესობა ყოველთვის იმით შემოიფარგლებოდა, რომ ვინმეს (თანამედროვე მწერალს) მხოლოდ მოიხსენიებდა ინტერვიუებში (ასეთ დროს, ძირითადად ნაცნობ-მეგობრებს ასახელებენ) და შემდეგ ვალმოხდილი მოიცდიდა მორიგ მოხსენიებამდე.

რა არის ამის მიზეზი? რატომაა, რომ ქართველი მწერლები ერთმანეთზე არაფერს ამბობენ, არაფერს წერენ? თქვენ შეიძლება იკითხოთ, “კი მაგრამ, საერთოდ თუ წერენ რამეს”? საქმეც მაგაშია, რომ წერენ, საკმაოდ ბევრსაც, თუმცა გულგრილობის გამო ეს ნაწერი ხშირ შემთხვევაში არავის ძრავს და მას ვერავინ ამჩნევს.

ჯონ ფაულზმა 60-იან წლებში ჩაინიშნა ზემოთ დამოწმებული სიტყვები, თუმცა მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა დასავლეთში. დღეს ჩვეულებრივი ამბავია კოლეგებზე წერა (სიმართლე ითქვას, ყოველთვის ასე იყო). თქვენ ვერ იპოვით ევროპელ ან ამერიკელ მწერალს, რომელსაც წელიწადში რამდენიმე რეცენზიის ან ესეს დაწერა არ უწევდეს თავის კოლეგაზე. ამ ჟანრის კლასიკოსებიც ჩამოყალიბდნენ. მაგალითად, ცხონებული ჯონ აპდაიკი, ჯ.მ. კუტზეე, ჯოის კეროლ ოუტსი, უმბერტო ეკო და მრავალი სხვ.

აი, მაგალითად, გადავშალოთ The New York Times Book Review, მოვძებნოთ, მაგალითად, მარიო ვარგას ლიოსას ტოპიკი და აღმოვაჩინოთ, რომ სხვადასხვა დროს მის რომანებზე რეცენზიები დაუწერიათ თანამედროვე კლასიკოსებს - ენტონი ბერჯესს, ჯულიან ბარნსს, რობერტ სტოუნს, ურსულა ლე გუინს (გაითვალისწინეთ, ეს რაც მხოლოდ ერთ გაზეთში დაიბეჭდა). ცხადია, თავის მხრივ ლიოსაც ხშირად წერდა ხოლმე კოლეგებზე.

ახლა კუნდერასთან რა ხდება? ვხსნით მის ტოპიკს, სადაც რეცენზენტების სია ასე გამოიყურება – ე.ლ. დოქტოროუ, ჯონ აპდაიკი, პოლ თერუ, ფილიპ როტი...

ტომას პინჩონი, ადამიანი, რომელიც ყველას და ყველაფერსაა გარიდებული, მწერალი, რომელმაც მთელი ცხოვრება “მოტეხილში” გაატარა, ისიც კი არ ტოვებს უყურადღებოდ თანამედროვე ლიტერატურას. კოლეგებზე ესეებს, კრიტიკულ წერილებსა თუ რეცენზიებს წერდნენ ყველაზე თავზეხელაღებული ლოთებიც და ხელიდან წასული ნარკომანებიც. ჩვენ რაღა გვეტაკა, რატომ გვენანება ერთი სიტყვა გავიმეტოთ? ყურადღებიანი მკითხველის მიერ გამოთქმული ერთი სიტყვა?

ამაზე ადრეც დამიწერია და ახლაც ვიტყვი: ნახეთ ბოლო ათწლეულის მანძილზე გამოქვეყნებული ინტერვიუები კლასიკოსებთან, ცნობილ ან თუნდაც ახალგაზრდა მწერლებთან, და თავად დარწმუნდებით, რომ მათ ყოველთვის ძალიან უჭირთ გვარების დასახელება, ჯერ ერთი არ იცნობენ კოლეგების ნაწერს და თუკი იცნობენ, სიტყვა არ ემეტებათ მათთვის. ანდა პირიქით, ასახელებენ მხოლოდ თავიანთ მეგობრებს, მათ “ქაჩავენ”.

მახსოვს რამდენიმე წლის წინ გამომავალ ერთ ლიტერატურულ გაზეთში, სადაც ყოველ ნომერში იბეჭდებოდა ინტერვიუები, კითხვაზე, ვის გამოყოფდით თანამედროვე მწერლებიდან, სულ ერთი და იმავე ავტორებს ასახელებდნენ და ასე გრძელდებოდა გამუდმებით. განსაკუთრებული პრობლემა ექმნებათ თანამედროვე კლასიკოსებს. თავის დროზე ერთი კორესპონდენტი სამჯერ, სამი სხვადასხვა კითხვით შეეცადა დაეცდენინებინა სახელოვანი მწერლისთვის თუნდაც ერთი სახელი უმცროსი თაობიდან, და მაინც ვერაფერს გახდა. იცოდა, მაგრამ არ თქვა, წაკითხულიც ჰქონდა ზოგიერთი მათგანი, მაგრამ ვერ ათქმევინეს.

თუმცა არსებობენ უცნაური გამონაკლისებიც, როგორც მაგალითად, ე.წ. Zaza Burchuladze Affair-ის შემთხვევაში, როცა მის ერთ რომანს უცბათ ძალიან ბევრი ქომაგი გამოუჩნდა და ყველა მათგანმა, ლევან ბერძენიშვილმა, ზურაბ კიკნაძემ, გოგი გვახარიამ, მერაბ ღაღანიძემ, ლევან ბრეგაძემ, ნოდარ ლადარიამ, გაგა ლომიძემ, თავი მოვალედ ჩათვალეს რაღაც დაეწერათ მის შესახებ. ნეტა რა მოხდა მაშინ?

უკვე რამდენიმე წელია ვოცნებობ, ხანდახან ძალიან აგრესიულადაც (აგრესიული ოცნებაც შესაძლებელი ყოფილა!), რომ საქართველოში რეცენზირების, მიმოხილვისა თუ კრიტიკის სხვა, უფრო თანამედროვე წესები დამკვიდრდეს, სადაც ვერავინ წინასწარ ვერ განჭვრეტს, თუ რას დაწერს ერთი ავტორი მეორე ავტორზე. რა თქმა უნდა, ამ საქმიდან ჯერ-ჯერობით არაფერი გამოდის, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ავტორის ნება არ არსებობს, დაწეროს მეორე ავტორზე.

სხვადასხვა დროს (სხვადასხვა გამოცემისთვის), ბევრჯერ მითხოვია მწერლებისთვის, თავისი კოლეგის წიგნის შესახებ აზრი გამოეთქვა, უბრალოდ მიმოეხილა მაინც, მაგრამ არ მახსოვს ვინმე გამოხმაურებოდეს ამ ჩემს თხოვნას (ზემოთჩამოთვლილი გამონაკლისების გარდა). არადა დასავლეთში, ე.წ. კრიტიკოსი სულ სხვა რამეს გულისხმობს, პირველ რიგში კი ესაა მწერალი, რომელიც თავისნაირზე წერს, მნიშვნელობა არა აქვს, ეს თავისნაირი უფრო ნიჭიერი იქნება თუ უნიჭო. იქ ყველას კარგადა აქვს გაცნობიერებული, რომ უსაფუძვლო ღრენას ან უთავბოლო სადღეგრძელოებს არავინ დაბეჭდავს და რომ უბრალოდ აზრი არა აქვს ასეთ ცოდვილობას. იქ ყველას რაღაც მიზეზი აქვს წერისთვის, პირველ რიგში, ცდილობენ, თავის კოლეგებს წიგნის გაყიდვაში დაეხმარონ, მკითხველს ახალი და საინტერესო წიგნი აპოვნინონ, და რაც მთავარია, ისინი ცდილობენ, რომ ლიტერატურა არ დარჩეს ისტორიის, საზოგადოების, პროტესტის ან თუნდაც, ანეკდოტებისა და ხუმრობების მიღმა. იქ ლიტერატურა ერთი მხრივ ბიზნესია, მეორე მხრივ კი ლიტერატურა ყოველთვის უარს ამბობს “რაციონალურ დისკურსზე”, გაწონასწორებულობაზე, კონფორმისტულ კომფორტზე... იქ უყვართ ლიტერატურა, საქართველოში კი, სამწუხაროდ, ბევრი მწერალი ისე იწყებს წერას, რომ ლიტერატურის შეყვარებასაც კი ვერ ასწრებს.

ტელეფონი

ეს წერილი პირველად 10 წლის წინ გამოქვეყნდა, თუმცა ჩემთვის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ამიტომ მსუბუქი ადაპტაცია ჩავუტარე და გადავწყვიტე ბლოგზე დადება. თანაც “გაერთიანებულმა ტელეკომმა” სექტემბრიდან ტელეფონით სარგებლობისთვის ახალი ტარიფები დააწესა. მართალია, ტარიფებს არ შევეხებით, მაგრამ, იმედია, აქ აღწერილი ზოგიერთი სიტუაცია შეგახსენებთ მათი არსებობის შესახებ.

დილაობით ზოგს მაღვიძარა აღვიძებს, ზოგს ბიორითმები, ზოგს შინაური ცხოველი, ზოგს შვილი და ზოგსაც უშვილობა. ჩემთვის ამ ფუნქციას ტელეფონის ზარი ასრულებს. ამიტომ ვერ ვიტან ტელეფონს. იმდენად მძულს, რომ ხშირად მესიზმრება - თითქოს მძინავს და ტელეფონი რეკავს. როგორც წესი, როცა კოშმარულ სიზმარში ისტორია კულმინაციას აღწევს, დამფრთხალს გეღვიძება და გიხარია, რომ მთელი ეს საშინელება მხოლოდ სიზმარი იყო. ჩემთან ყველაფერი უკუღმაა: სიზმარში ტელეფონის ზარით გაწამებული ვიღვიძებ და... ტელეფონი კი აგრძელებს რეკვას.

ამიტომ დღის პირველ ზარს არ ვპასუხობ ხოლმე - ვიცი, ათ წუთში მას მეორეც მოჰყვება. დამრეკი იგივეა. საერთოდ, დილაობით ერთი და იგივე ხალხი რეკავს. დღესაც ასე იყო.

როგორც ყოველთვის, პირველი როკ-მუსიკოსი მირეკავს. მას, ძირითადად, არ ვუსმენ ხოლმე. პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ, ძილბურანში ვარ, მეორეც - დღის განმავლობაში კიდევ 4-5-ჯერ შემეხმიანება და, გარდა ამისა, ვიცი, რასაც მეტყვის - სხვა სიტყვებით მომიყვება ძველ ამბებს, ანუ როგორ არ ესმით მისი პოტენციურ სპონსორებს და როგორ პარავენ იდეებს კოლეგები. ამიტომ მასთან საუბარში სულ ორიოდე ფრაზას ვხმარობ: “აჰა’’, “ყოჩაღ’’, “კაი ერთი”, “მაგარია’’...

ისევ საწოლში ვწვები, რომ ადგომის წინ ხუთიოდე წუთი ვინებივრო, მაგრამ ვინ გაცლის. ყურმილიდან მესმის ფრაზა, რომელიც ტელეფონზე მეტად მეჯავრება: “ხომ არ გაგაღვიძე?’’, “არა, რას ლაპარაკობ, სულზე მომისწარი, უკვე გავდიოდი’’, უმოწყალოდ ვიტყუები და ვცდილობ ხმას სიმხნევე შევმატო. “საუზმობისას თქვენი გაზეთის კროსვორდს ვავსებდი და ერთი სიტყვა დამრჩა’’. “შვეულად არის თუ თარაზულად?’’, ვეკითხები ყალბი ინტერესით. “შვეულად’’, ვერ ხვდება ირონიას, “კომუნიკაციის საშუალება, პირველი სამი ასო ტელ არის, ბოლოს სამი - ონი’’. “ტელეფონი’’ - ვპასუხობ გაბრაზებული და ყურმილს დაუმშვიდობებლად ვკიდებ’’.

ჩაცმა არ მაქვს დამთავრებული, რომ მირეკავს, ინგლისელი მეგობარი რომელიც საქართველოზე წიგნს წერს და მხოლოდ ორ წუთს დამაკარგვინებს, თუ მოკლე ინფორმაციას მივაწვდი ქართულ როკზე, სპორტსა და ჟურნალისტიკაზე. ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ ზრდილობიანად მიხდის ბოდიშს და მემშვიდობება. არა, ამ ინგლისელებს ვერ წაართმევ ჯენტლმენობას - თუნდაც დილის 9 საათზე.

ახლა მთავარია, სააბაზანომდე მივაღწიო. ისევ ზარი: ნათესავს მაცივარი გაუფუჭდა და ხელოსნის ტელეფონი უნდა. “რა სჭირს?’’, ვეკითხები უაზროდ და ვხვდები, რომ ფატალური შეცდომა დავუშვი, რადგან შემდეგი 15 წუთის განმავლობაში იძულებული ვარ, ვისმინო ლექცია სამაცივრო დანადგარებზე. გასაგებია, რატომ მელაპარაკებიან როკზე, ჟურნალისტიკასა და სპორტზე, მაგრამ სრულიად აუხსნელია, როგორ შეიძლება ვინმეს თავში მოუვიდეს და მესაუბროს მაცივარ “დნიპროს’’ ტექნიკურ მონაცემებზე, რომელიც ჩემს დაბადებამდეა დამზადებული.

სააბაზანოდან თანამშრომლის ზარმა გამომიყვანა: “შეიძლება ხვალ არ მოვიდე?’’ “შეიძლება, მაგრამ დღეს იქნები?’’ “რა თქმა უნდა’’. “ჰოდა, სამსახურში ვერ მეტყოდი, უთენია რომ არ დაგერეკა?!’’ ვბრაზობ და პირიდან “ბლენდამედის’’ ქაფს ვიცილებ. “რა ვიცი, ვიფიქრე საქმეს წინ წავიგდებ-მეთქი’’.

შემდეგ ზარს ვერ ვცნობ: “დენი გაქვს ახლა?’’ იმ იმედით, რომ გამოვიცნობ, ვინ არის, დროს ვწელავ: “ისე რა’’. “აუჰ, შენ რა მაგრად ხარ!’’, მეზობლის ქალი აღმოჩნდა. საღამომდე ისეთი რაღაცის სესხებას მთხოვს, რაც არ ვიცი, რა არის. “ჩამოვალ და მე თვითონ ვნახავ’’. ბელგიური საჭმლის ზეთი აღმოჩნდა.

ბინიდან თითქმის გასულს, მეგობრის ზარი მაბრუნებს ტელეფონთან. უკვე ისე დამაგვიანდა, რომ მისი ხმა აღარ მაღიზიანებს: “მისმინე, გუშინ აიფონი მაჩუქეს და ჩემ მესამე თაობის “სონი-ერიქსონს” ძალიან იაფად მოგცემ’’. აქ თავს ვეღარ ვიკავებ: “იცი რა - მსოფლიოში ყველანაირი ტელეფონის დედაც მო...’’

როცა სხვადასხვა სიტუაციებს აღვწერ, რათა როგორმე გავამართლო ბლოგებში ასაღები ჰონორარი, გამონაგონს და რეალობას ერთმანეთთან ვაჯერებ. თანაფარდობა მათ შორის, ძირითადად ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. მაგრამ ამ უკანასკნელ ბლოგში ეს ბალანსი ცალსახად დარღვეულია: მოთხრობილ ისტორიებში 99 პროცენტზე მეტით სინამდვილეა.

რაც ჩემთვის სავალალოა, ეს მდგომარეობა დღესაც გრძელდება. ტექნოლოგიების განვითარებას, ბუნებრივია, კომუნიკაციის საშუალებების დახვეწა და გამრავალფეროვნება მოჰყვა. ტელეფონით დაკომპლექსებული, დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ ტექნიკური ინოვაციების საშუალებით ჩემი სოციალური აქტივობის ზრდას. ამიტომ მაქსიმალურად ვერიდები ვირტუალურ ურთიერთობებს მსოფლიოს გლობალურ ქსელში არსებული ფორუმების და Facebook-ის ტიპის სოციალური პროექტების მეშვეობით.

რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ წერილს, მან ჩემი მოლოდინის საწინააღმდეგოდ იმუშავა: გამოქვეყნების შემდეგ წერილის გმირების პროტოტიპები სათითაოდ მირეკავდნენ და აზუსტებდნენ, ისინი ხომ არ მიგულისხმია წერისას. როცა ვამშვიდებდი, რომ ყველაფერი გამონაგონი იყო, კმაყოფილები მადლობას მიხდიდნენ წერილისგან მიღებული სიამოვნების გამო.

წარმოიდგინეთ, მე რა კმაყოფილი ვიქნებოდი ამდენი სატელეფონო საუბრით. თან გაითვალისწინეთ, რომ ბლოგის ვერსიაში ორიოდე სიტუაცია ამოვიღე.

ქედმაღალი ევროპა - ფარისევლობის ხიბლი

პუტინი გდანსკში ჩავიდა და პოლონელებს მოუწოდა ისტორიის შეფასებისას ცალმხრივობისგან განთავისუფლდნენ.

ასე შეაფასა ”რეჩ პოსპოლიტას” გამოკითხვა, რომლის შედეგებით, გამოკითხულთა სამოცმა პროცენტმა გერმანია და საბჭოთა კავშირი ერთნაირად დაადანაშაულა მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში. ანუ სტალინის საბჭოთა კავშირი და ჰიტლერის გერმანია, მთელი თავისი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, ფაქტობრივად, ერთი და იმავე ხარისხის ბოროტებად წარმოადგინა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 70 წელი გავიდა.

და ზუსტად ერთი წელი გავიდა შარშანდელი სექტემბრიდან, როცა პრაღაში, ჩვენი რადიოს ცენტრალურ ოფისში მომიხდა რამდენიმე დღე მუშაობა. ცხადია, აგვისტოს მოვლენები ჩვენი გადაცემების მთავარ თემად რჩებოდა. ამიტომ ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც საქართველოზე წერდნენ. ფრანგულ ჟურნალ ”ტელერამას” კომენტარიც კი გავუგზავნე ჟან რადვანისთან ინტერვიუზე, რომელიც სავსეა დღევანდელი რუსული პროპაგანდის კლიშეებით. მაგრამ არ გამოაქვეყნეს... არადა, შეურაცმხყოფელი არაფერი დამიწერია; უბრალოდ, გავახსენე რედაქციას, რომ ეს რადვანი, ყოფილი ფრანგი კომუნისტი, საბჭოთა საქართველოსთვის (!) ბევრი კარგი რომ აქვს გაკეთებული (მისი ინიციატივით ჩატარდა, მაგალითად, ქართული ფილმების დიდი რეტროსპექტივა 1988 წელს, პომპიდუს ცენტრში), დღევანდელ საქართველოში აღარ აღიქმება ”ევროპელ მესიად”, რომელმაც დასავლეთი ჩვენს კულტურას უნდა აზიაროს. იგი ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ევროპელი ქართველოლოგია, რომელიც გულის სიღრმეში საბჭოთა კავშირს მისტირის - იმ დროს, როცა აქ ჩამოდიოდა, საუკეთესო სასტუმროებში ცხოვრობდა... როცა ”უცხოელად”, ”ფრანგად”, ”ევროპელად” აღიქვამდა და ხალიჩებს უგებდა სრულიად საქართველოს კულტურული ელიტა.

ჰოდა, აბა რას არ დაწერს ფუნქციადაკარგული მეცნიერი. უბრალოდ, ცუდია, რომ მის ბოდვას მრავალტირაჟიანი და პოპულარული ”ტელერამა” აქვეყნებს.

ყოფილ ევროპელ კომუნისტებს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია რომ აქვთ, ეს არცაა გასაკვირვი. გაკვირვებას უფრო იწვევენ ევროპული სახელმწიფოების ის ლიდერები, რომელთაც კვლავაც არ უნდათ იმის გაგონება, რომ სტალინიზმი და ნაციზმი ერთი და იმავე მოვლენის ორი მხარეა.

არ სჯერათ სტალინის საკონცენტრაციო ბანაკების, თუ, უბრალოდ, არ აწყობთ? როგორც მამაჩემი ამბობს ხოლმე, ”გაზი უნდათ” მართლა? და თუ ასეთი მერკანტილისტები არიან, რატომ გვარიგებენ ჭკუას?

ჰოდა, ბევრი ვიკითხე რუსეთის შესახებ შარშანდელ აგვისტო-სექტემბერში იმის იმედით, რომ დასავლურ პრესაში თანამოაზრეებს მივაგნებდი - იმ ხალხს, ვისაც ჩემსავით აკვიატებული აქვს, რომ საბჭოთა კავშირი ყოფილ საბჭოთა კავშირში არ დანგრეულა და რომ საბჭოთა კომუნისტები ასევე საჭიროებენ ნიურნბერგის პროცესს.

ვლადიმირ ბუკოვსკი!

ოჰ, ეს რა კარგი კაცი აღმოვაჩინე 2008 წლის სექტემბერში!

უფრო სწორად, ეს კაცი კი ვიცოდი, მაგრამ მისი სტატია არ მქონდა წაკითხული, ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდე რომ გამოაქვეყნა ”კორიერე დელა სერაში”. ”სიცრუის კედელთან” ჰქვია წერილს.

ვერაფრით გავიგე, რატომ უყვართ დასავლეთში კაგებეო... იური ანდროპოვი ქვეყნის ლიდერი როცა გახდა, დასავლეთის პრესის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა - კონიაკი და ჯაზი უყვარს, ინგლისური იცისო... დასავლეთში მხოლოდ მოგვიანებით, როცა ანდროპოვმა მოლოდინი არ გაამართლა, გაახსენდათ, რომ ცეკას მდივანი 15 წელი იმ ორგანიზაციაში მუშაობდა, სადაც ადამიანებს აწამებდნენ და ხოცავდნენო.

ბუკოვსკი კითხულობს, ნეტავი როგორი იქნებოდა დასავლეთის რეაქცია გერმანიის კანცლერი რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს, ან ”სს”-ს ყოფილი ოფიცერი რომ გამხდარიყოო? დასავლეთის ლიდერები ხომ ლამის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ 1999 წელს ვლადიმირ პუტინის, კაგებეს ყოფილი პოლკოვნიკის, ქებაში. ბუკოვსკიმ ცინიკური უწოდა ტონი ბლერის სიტყვებს, წარმოთქმულს პუტინთან შეხვედრის შემდეგ: ”რუსეთს უდიდესი გამოცდილება აქვს ტერორიზმთან ბრძოლაში”... ”ეს იგივეა, რომ თქვა - გერმანიას უდიდესი გამოცდილება აქვს ებრაელებთან ურთიერთობაში” - წერს ბუკოვსკი და მკითხველს ახსენებს, რომ სწორედ რუსეთმა მოახერხა ტერიროზმის გადაქცევა სახელმწიფო პოლიტიკად. უფრო მეტიც, ეს პოლიტიკა მთელ მსოფლიოში გაავრცელა

ჰოდა, როგორ არ დავურეკავდი ლონდონში?!

მე კი ვიცოდი მისი პოზიცია, მაგრამ მინდოდა ჩემს თანამემამულეებსაც მოესმინათ; ბოლოს და ბოლოს შეეგნოთ, რომ ქართულ საზოგადოებაში კათარზისი ვერ მოხდება, სანამ ამ ეშმაკს, საბჭოთა კავშირს, თავისი კრემლითა და პუტინით საკუთარ თავში არ გავანადგურებთ; თორემ მოლოტოვ-რიბენტროპის მსგავსი პაქტები კიდევ არაერთხელ დაიდება და პატარები, სუსტები, დაუცველები ისევ დავიჩაგრებით... მერე ჩვენში ისევ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც ”ჩაგრულის პოზა” მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებას ანიჭებს - სახლში დაპატიჟებენ, კონფერენციებს გამართავენ, საპატრიარქოში წაიყვანენ... და ევროპაც ამოისუნთქებს; ყოფილ საბჭოთა სივრცეში სიმშვიდეა; ახლა შეიძლება გავთბეთ მათი გაზით, კარგი ვჭამოთ და კარგი ვსვათ!

ინტერვიუ რომ ჩავწერე, ბუკოვსკის სერგო ფარაჯანოვი გავახსენე. 1988 წელს, ჟან რადვანის ინიციატივით ჩატარებულ ქართული ფილმების ფესტივალზე როცა ჩავედით პარიზში... შეხედა იქაურობას და თქვა: ”ამათ ერთი ეს გრძელი სენდვიჩი პირიდან რომ წაგლიჯო, ეგრევე ომს დაგიწყებენ. ნურასდროს დაუჯერებ იმას, ვინც პატიოსანს თამაშობს”... მერე გახედა სენ-დენიზე მდგარ მეძავებს და შესძახა: ”აი, ესაა ხალხი!”

ბუკოვსკის გაეცინა. პრაღაში ცხოვრობო? - მკითხა. არა, ზეგ თბილისში ვბრუნდები მეთქი... ბედნიერი კაცი ხარ, საინტერესოა თქვენთან ცხოვრებაო... ლონდონიდან მითხრა.

მეც ასე ვფიქრობ.

რისთვის გვჭირდება რეკორდი?

გუშინდელი დღე საეტაპო იყო ჩვენი ბლოგის ცხოვრებაში. კომენტარების რაოდენობით მოვხსენით საქართველოს ინტერნეტსივრცეში ჩემთვის ცნობილი ყველა რეკორდი – საკუთარიც და სხვისიც. გუშინდელ დღემდე კი „ჩემპიონი“ იყო ბატონი გია ნოდიას სტატია „რა გაიტანს თავებიდან სტალინს?“, რომელმაც Facebook–ზე 20 დღის განმავლობაში (6 აგვისტოდან 26 აგვისტომდე) 471 კომენტარიანი დისკუსია გამოიწვია.

ჩემმა ბლოგმა, რომლის სათაური უცხო ადამიანებს არაფერს ეუბნება და, თავისთავადაც, გვარიანად ბუნდოვანია – „შაბიამნის ზოდზე და უფრო მთავარზე“ – ჯერ ნელ-ნელა მოიზიდა კომენტარები, მერე – უფრო სწრაფად, მერე – კიდევ უფრო სწრაფად და, ბოლოს, გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს, კომენტარების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

რაზეა ეს ბლოგი? ორი სიტყვით ამის თქმა შეუძლებელია, ისეთზეც არაფერზე. ბლოგერებს დიდი ინტერესი არც გამოუჩენიათ „შაბიამნის ზოდის“ მიმართ, მთელი კვირა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საზოგადო თემებზე ვსაუბრობდით და თან გზადაგზა ერთმანეთს ვახსენებდით, რომ რეკორდს ვუახლოვდებოდით. ცოტა კი მაწუხებდა ციფრებზე გამოკიდება და კომენტარების თვლა, მაგრამ არ დამიმალავს, რომ თან მიხაროდა. წუხელ უცებ გამინათდა გონება და მივხვდი, რატომ მახარებდა ეს რეკორდი: 500 კომენტარით აშკარად გადავაბიჯეთ იმ ზღურბლს, რომლის იქით ჩვენი ბლოგის იგნორირება არაბუნებრივი და არასწორი იქნებოდა სახელისუფლო თუ მასთან დაახლოებული წრეებისთვის.

ჰოდა, დღესვე, საღამოს პირს, ბლოგზე სიმონ ჯანაშია გამოჩნდა საკუთარი სახელით და გვარით; ვანო მერაბიშვილისადმი მიძღვნილ წერილში გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება ეჭვის ქვეშ დააყენა, თავისი სათქმელი დატოვა და წავიდა... შემდეგ ისევ დაბრუნდა და ისევ წავიდა... ზუსტად ვიცი, შორს არ წავა. თუ ბატონი სიკო არა, ხვალ და ზეგ ვინმე სხვა გამოჩნდება – ან საკუთარი სახელით, ან ანონიმურად – და შეეცდება, ჩვენს ბლოგს ოპონირება გაუწიოს.

არადა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწორედ ეს იყო პრობლემა: რომ საზოგადოებრივი დისკუსიის კულტურა დაგვენერგა და რომ ამ დისკუსიაში როგორმე ხელისუფლება ჩაგვერთო. პრეზიდენტი სულ ცდილობდა, რაც შეიძლება ვიწრო წრეში მიეღო გადაწყვეტილებები და საზოგადოება ამ პროცესისგან მთლიანად გაემიჯნა. ცდილობდა და მიზანსაც აღწევდა. ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ თოქ-შოუშიც კი აღარ დადიოდნენ, რომ ხალხისთვის აეხსნათ, რას და რატომ აკეთებდნენ. ან რაში სჭირდებოდათ, ვინ იყო განმკითხავი და პასუხის მომთხოვნი! სწრაფი გადაწყვეტილებები და ეფექტიანი ნაბიჯები ის მოტივი იყო, რომელიც ამართლებდა 80%-ით ერთპარტიულ პარლამენტს, მორჩილ სასამართლოს, დადუმებულ მედიას და კიდევ, რა ვიცი, რას აღარ. საკმაოდ უნარიანად ააწყეს ქვეყანა, სადაც გადაწყვეტილებების მიღებაში ხელისუფლებას ხელს არავინ უშლის, არც კითხვებზე პასუხს სთხოვს ვინმე, არც თავისი პოზიციის დასაბუთებას, არც ამომრჩევლის დარწმუნებას, არც შეცდომების აღიარებას და გასწორებას.

ასეთ გარემოში მართვა რომ ადვილი და კომფორტულია, ყველა მიხვდება, მაგრამ მე ამაში ცოტა ხნის წინ პრაქტიკულად დავრწმუნდი. ახლა ერთ ამბავს გიამბობთ. წელიწადზე მეტია, ქართველი ჟურნალისტების ნაწილი პროფესიული ეთიკის ქარტიაზე ვმუშაობთ. რეგიონებში დავდივართ, ჩვენი იქაური კოლეგები თბილისში ჩამოდიან, ევროპელ და ქართველ ექსპერტებთან ვათანხმებთ ტექსტის თითოეულ სიტყვას და სამოქმედო მექანიზმების თითოეულ დეტალს. სულ მალე დადგება დღე, როდესაც ქარტიას ხელს მოვაწერთ და მონიტორინგის საბჭოსაც ავირჩევთ. თავიდან ბოლომდე ამ საბჭოზე იქნება დამოკიდებული, როგორ იმუშავებს ქარტია და რა გამოვა ჩვენი ერთობლივი, დამქანცველი შრომისგან. არადა, საბჭო სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებით უნდა ავირჩიოთ. ამ არჩევნებში ის ჟურნალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებმაც ქარტიის ამბავი ყურმოკვრით იციან და ისინიც, რომლებმაც თავისი დროის და ენერგიის დიდი ნაწილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს მოახმარეს. ყველას თითო ხმა გვაქვს. და ამ ახლად შემომატებულმა კოლეგებმა, დიდი შანსია, მთელი იდეა წყალში ჩაგვიყარონ. არადა, უარს ხომ არ ვეტყვით? პირიქით, გვიხარია მათი დაინტერესება ეთიკით და პროფესიული სტანდარტით. თან გული გვისკდება – რას მოგვიტანს დემოკრატიული არჩევნები? როგორი იქნება საბჭო? ვინმე სპეციალურად ხომ არ აამღვრევს წყალს? ამ იდეის ინიციატორები უმცირესობაში ხომ არ აღმოვჩნდებით?

არადა, იცით, რა ზუსტად შემიძლია იმ 9 ჟურნალისტის გვარის ჩამოწერა, რომლებიც ოპტიმალურად კარგ საბჭოს შექმნიდნენ? – კომპეტენტურ, სამართლიან და პატიოსან საბჭოს. ოღონდ, ეგ არის, რომ ქართველი ჟურნალისტების მიერ არჩეული კი არა, ჩემი პირადი საბჭო გამოვიდოდა. ამ ერთხელ. ფეხზე დასაყენებლად. რომ შეგვძლებოდა. ორი წლის შემდეგ – კი ბატონო – ჩაგვეტარებინა დემოკრატიული არჩევნები!

ოო, რა კარგად გავუგე მიხეილ სააკაშვილს!

მაგრამ, მისგან განსხვავებით, ზუსტად ვიცი, რომ არ შეიძლება. ისიც ვიცი, რომ იმ საბჭოში მე არ ვიქნები, რადგან ჩემი პირმშოსავითაა – რომ დაიბადება, დამოუკიდებლად უნდა იცხოვროს. ჰოდა, კი ვღელავ, მაგრამ სხვა გზა არ არის – ვისაც ავირჩევთ, ავირჩევთ. თუ ვართ მზად, რომ ნორმალური საბჭო ავირჩიოთ, გვექნება უკეთესი ჟურნალისტიკა. თუ არა და – არა. სხვა შემთხვევაში, ჩვენც ჩაგვითრევს ის მოჯადოებული წრე, სადაც დანიშნულს არჩეული ჰქვია, წაგებულს – მოგებული, ავტოკრატიას – დემოკრატია და ყველაზე ნელ გზას – ყველაზე სწრაფი გზა.

არათუ იქით ვერ უნდა ჩაგვითრიონ, პირიქით, ჩვენ უნდა გადმოვძალოთ აქეთ – ჩვენი 500 კომენტარი (ამ წუთისათვის უკვე 554!) ამ მოჯადოებული წრის განჯადოების ერთ-ერთ ფორმულად უნდა ვაქციოთ. იმდენად მნიშვნელოვანი სადისკუსიო სივრცე უნდა შევქმნათ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება და მასთან დაახლოებული წრე, ჩვენს დისკუსიაში ჩაერთონ – ან შეგვეკამათონ და ან დაგვთანხმდნენ. იქნებ, იმასაც მივაღწიოთ, რომ ხან შეგვეკამათონ და ხან დაგვთანხმდნენ. ეს თუ შევძელით, ბოლო ექვს წელიწადში რაც არ მომხდარა, აქ, ამ ბლოგში მოხდება.

ამისთვის კი ღირს ჩვენივე რეკორდების გაუმჯობესება, თქვენი და ჩემი ღამისთევა და თავდადება.

ჰა, რატომ დაიხურა "პლეიბოი?"

ნიკო ნერგაძე
ამ ბლოგის ავტორი წინა ცხოვრებაში ქართული "პლეიბოის" მთავარი რედაქტორი გახლდათ. ჟურნალი უკვე კარგა ხანია, რაც აღარ გამოდის, მაგრამ დღემდე ხშირად მეკითხებიან ხოლმე - ჰა, რატომ დაიხურეთ? როგორც წესი, საკუთარ ვერსიებსაც გამოთქვამენ - რომ დამნაშავე კონსერვატიული საქართველოა, რომელმაც ძუძუებიანი ჟურნალი ეგრევე ვერ მიიღო. ან, იმიტომ დაიხურა, რომ ქალები არ იხდიდნენ. ასევე, პირადად ნაკლებად მეუბნებიან, მაგრამ ფორუმებზე წამიკითხავს - დაიხურებოდა, აბა რა, არ ვარგოდა ჟურნალიო (ნახევრად ჩაცმული მახინჯები ყავდათო - წერდა ერთი, რომელიც იქვე ამატებდა, წესიერად არც ერთი ნომერი მაქვს ნანახიო). მე კი მგონია, რომ ჟურნალის წარუმატებლობას ამ მიზეზებს ვერ დავაბრალებთ. ვცადე სათითაოდ ჩამოვყოლოდი და, კარგა ბლომად გამოდის. ამიტომაც, მოდი, ნაწილებად დავყოფ და თითო სტატიაში თითო შეკითხვას შევეხები.


ნაწილი 1: ჰა, არ იცოდით? საქართველოა, მაინც!

ჩვენი ჟურნალის ოფისი თავიდან ვაკეში იყო, საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე. დიდი, უკიდურესად მაზალო ბინა იყო - ძირითადად ხეში გადაწყვეტილი. სამზარეულოს და მისაღებ ოთახს კედელი ჰყოფდა, რომელშიც ფანჯარა იყო გაჭრილი. ალბათ იმიტომ, რომ მოქეიფეებისთვის საჭმელი უფრო ადვილად მიეწოდებინათ. ეს ისე, უბრალოდ, რახან ბარემ მანდა ვართ...

ჩვენი ოფისის ორი სართულით ქვემოთ პროფესორი გურამ შარაძე ცხოვრობდა. მისი თანამოაზრეებიც დამეთანხმებიან, რომ განსაკუთრებული ლიბერალურობით არ ყოფილა ცნობილი. ოფისში რომ გადავდიოდით, პირველ დღეს, სხვადასხვა ქვეყნის "პლეიბოით" დატვირთული ორი დიდი პარკი გადამქონდა. კარგა მძიმე იყო. იქნებოდა, რატომაც არა. გატენილი იყო ერთი წლის ნომრებით, რომლის გარეკანზეც ყველანაირ ძუძუს ნახავდით - დიდს, პატარას, შავს, თეთრს, ამერიკულს, ბერძნულს, ბრაზილიურს, სლოვაკურს... ლიფტში ერთად მოვხვდით - მე და გურამ შარაძე. კი ვიცოდი, რომ არც არაფერი, მაგრამ მაინც კარგა დაძაბული ვიდექი. ხომ შეიძლებოდა ეთქვა, რომ, აი, ქართველებს რატომ რყვნით და ეგეთები. რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს.

ასე, ორი კვირის შემდეგ, ქართული ტელევიზიები სხვადასხვა ადამიანებს აზრს ეკითხებოდნენ ჩვენი ჟურნალის პრეზენტაციასთან დაკავშირებით. გურამ შარაძესაც ჰკითხეს. თავად არ მინახავს, მაგრამ ბევრმა მითხრა - ძალიან დადებითად ილაპარაკა თქვენზეო.

საერთოდ, ჟურნალის არსებობის პერიოდშიც და მას შემდეგაც თითქმის არავისგან გამიგია, რომ "პლეიბოი" საქართველოს არ უხდება, რომ ის ცუდია, ჩვენს მენტალიტეტს არ შეესაბამება, ტრადიციებს არღვევს და ასე შემდეგ. მართლა. ვიდრე პირველი ნომერი გამოვიდოდა მეგონა რომ შემოგვიტევდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. მეკითხებიან - საპატრიარქო გერჩოდათო? არ გვერჩოდა. არსად მინახავს რომ რამე ეთქვა ვინმე სასულიერო პირს „პლეიბოისთან“ დაკავშირებით. არც ცუდი, არც კარგი, არც არანაირი.

„პლეიბოის“, როგორც ზოგადად, უარყოფითი მოვლენის მოხსენიების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება. ერთხელ, რადიო "უცნობის" გადაცემაში ვიყავი სტუმრად ნინო ჯაფიაშვილთან და მსმენელმა იკითხა დამცინავად - თუ ქართული ჟურნალია სახელი ლათინურად რად აწერიაო (ალბათ დასავლეთის გამრყვნელ გავლენაზე თუ მიანიშნებდა. მართალი გითხრათ, ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა). ეს იყო და ეს. ჰო, კიდევ "საქართველოს რესპუბლიკამ" გამოაქვეყნა სტატია "პლეიბოიზე", სადაც ავტორი პორნოგრაფიის მავნე შედეგებზე ლაპარაკობდა. აბა, რომელი პორნოგრაფია იყო ჩვენი „პლეიბოი“...

რა თქმა უნდა, იმის თქმა არ მინდა, რომ ყველა დანარჩენს ჟურნალი მოსწონდა. რამდენიც გინდა, იმდენი გვაკრიტიკებდა, გინდა ფორუმებზე და გინდა გაზეთის ფურცლებზე („ალიამ“ დაბეჭდა რამდენიმე სტატია ჩვენზე. ჩემი საყვარელი მონაკვეთი: „ამის მერე თქვენ ლაპარაკობთ “მდარე ხარისხის ყვითელ გაზეთებზე?” თქვენ ხომ არ გგონიათ, რაკი ცარცის ქაღალდზე ბეჭდავთ თქვენს ბოდვებს, თოვლივით თეთრი პრესა ხართ? კი მაგრამ, თქვენ რა ფერის ხართ? გაჭყლეტილი გომბეშოსფერი თუ წვერცანცარა თხისფერი?“) მაგრამ, ესენი უფრო კონკრეტულად ჩვენს ჟურნალს ერჩოდნენ, ანუ იმას, თუ როგორ იყო გაკეთებული და არა „პლეიბოის“ როგორც ასეთს ან, თუნდაც, „პლეიბოის“ როგორც ასეთს, საქართველოში.

აბა, გრიგოლიას გადაცემა რა იყოო? - იკითხავ. გეტყვით. ჯერ, ვინც არ იცის რაზეა ლაპარაკი, ორიოდ წლის წინ „რეაქციაში“ იყო მსჯელობა „პლეიბოიზე“, რომელსაც ბევრი დღემდე იხსენებს. ძირითადად ლაპარაკი ტრიალებდა იმის გარშემო, უნდა გაიხადოს თუ არა ქართველმა ქალმა ჟურნალისთვის. წესით, აქ სადმე ლინკიც უნდა მედოს, მაგრამ ვერც ერთი მუშა ბმული ვერ ვიშოვე. თუ იცით ვინმემ, კომენტარებში ჩაწერეთ და დავამატებ აქ და მადლობასაც გეტყვით.

გადაცემის დაწვრილებით განხილვას არ ვაპირებ - კარგა დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ და ეჭვი მაქვს, აღარაა საინტერესო. თუ არ გინახავს, შემდეგი აბზაცი გამოტოვე. ან, რა ვიცი, თვალი გადაავლე. ერთი აბზაცია. მოგკლავს?

მგონია, რომ გადაცემის მონაწილეების უმეტესობა „პლეიბოის“ გულით არ ერჩოდა. ლელა წურწუმია უფრო ნინა წკრიალაშვილზე ცდილობდა „ვერხის აღებას“ ვიდრე რამე სხვას. რატომ? არ ვიცი. ქალ მომღერლებს რას გაუგებ. ხათუნა ჟორდანია ძალიან გულწრფელად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ჟურნალისთვის არ გაშიშვლდებოდა. როგორც მახსოვს, მათ, ვისი ფოტოებიც პირველ ნომერში გამოქვეყნდა (ნინა წკრიალაშვილი და ქეთი ყიფშიძე) მაინცდამაინც არ ერჩოდა. ჯონდი ბაღათურია, რომელიც მთელი გადაცემა თავდაცვით პოზაში, გულხელდაკრეფილი იჯდა და ძალიან ცდილობდა ჟურნალისთვის შემთხვევით თვალი არ მოეკრა, ჩემი შთაბეჭდილებით, გადაცემაში უფრო იმიტომ მივიდა, რომ ეთერს დახარბდა და არა იმიტომ, რომ მართლა აღელვებდა ეს საკითხი.

ამ გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მეთქი. (ინგა გრიგოლიას შევხვდი რამდენიმე კვირის შემდეგ რაღაცის პრეზენტაციაზე და მითხრა, წლის ყველაზე რეიტინგული „რეაქცია“ იყოო.) უამრავ ფორუმზე დაიწერა გამოხმაურება და გაზეთებიც ახსენებდნენ ხოლმე კარგა ხანს. არსად მინახავს ვინმეს დაეწეროს, რომ „ისინი“ იყვნენ მართლები. არც ერთ გაზეთში. არც ერთ კომენტარში არც ერთ ფორუმზე. რამე ალბათ გამომრჩა, მაგრამ გულისყურით კი ვადევნებდი თვალს. პირიქით, „მათი“ ლანძღვა და ქილიკი კი ბევრგან ვნახე. ბევრი იქვე „პლეიბოის“ გინებასაც მიაყოლებდა ხოლმე, მაგრამ ეს ან იმის გამო, რომ არასაკმარისად შიშველი ქალები გვყავდა, ან იმიტომ, რომ მათ მაღალ სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებდით. (ეს „მაღალი სტანდარტები“ ნახევრად სარკაზმით და ნახევრად კიდევ არა...)

მართალია, „საქართველოა მაინც“ მხოლოდ მედიასა და ინტერნეტს არ ეხება. ბევრგან წამიკითხავს, როგორ არ მისცა „ტოიოტას“ ქართველმა შეფმა რეკლამა „პლეიბოის“ - მოძღვარი გამიბრაზდებაო. ტყულია ეგ. „ტოიოტას“ ხალხთან შეხვედრას მეც ვესწრებოდი. იმ კაცმა თქვა, „პლეიბოიში“ რეკლამას არ განვათავსებ იმიტომ, რომ იაპონიის სათავო ოფისს არ მოეწონება - მათი მითითებით, რეკლამის განთავსების უფლება „სარისკო“ პუბლიკაციებში არა გვაქვსო. ჩვენს არგუმენტს - აბა, გერმანულ „პლეიბოიში“ რომ გვინახავს თქვენი რეკლამაო - ასე უპასუხა: დიდი ოფისები თავად წყვეტენ სად განათავსონ რეკლამა და სად არა და იაპონიას არ უთანხმებენო.

იმის თქმა არ მინდა, რომ რეკლამის მოპოვება „პლეიბოისთვის“ ადვილი იყო. ბევრი მართლაც თავს იკავებდა და, საბოლოო ჯამში, ყოველ ნომერში იმის ნახევარსაც ვერ ვყიდდით, ვიდრე თავიდან ვვარაუდობდით. თუმცა, არა მგონია რომ ეს მაინცდამაინც „საქართველოს“ ბრალი ყოფილიყო. იგივე პრობლემა ჟურნალს ბევრ სხვა ქვეყანაშიც აქვს, მათ შორის ამერიკაში. რთულია, მაგრამ სახელისუფლებო ენაზე რომ ვთქვათ, გამოწვევა უფროა, ვიდრე გადაულახავი ბარიერი.

მაშ, რაშია საქმე. ქალები არ იხდიდნენ? როგორ იყო სიტუაცია მაგ მხრივ? ამაზე შემდეგ სტატიაში...

PS. დისკუსიებში ჩართვა ხანდახან მეზარება ხოლმე, მაგრამ კითხვა თუ გექნათ რამე, სიამოვნებით ვუპასუხებ. ან, თუ ვერ ან არ ვუპასუხებ, მაგასაც პირდაპირ გეტყვით. ასევე, შემდეგი სტატია დამთავრებული არა მაქვს და თუ რამე უფრო ვრცლად გინდათ, თქვით და შეძლებისდაგვარად შეგისრულებთ.

(კომენტარებმა მიმახვედრა, რომ ტოიტას შეფის ამბავი გაუგებრად დამიწერია. მას არ უთქვამს რეკლამის მიტანას მოძღვარი მიშლისო. თქვა, იაპონიის სათავო ოფისი მიშლისო. ეს ამბავი კი იმიტომ მოვიტანე, რომ ფორუმებზე და ბლოგებზე ბევრგან წავიკითხე, ტოიოტას შეფს ეგრე უთქვამსო. არადა არ უთქვამს. რელიგია სულ არ უხსენებია. არც მოძღვარი და არც სენსეი.) 

“თუ კარგად მოიქცევი, დაგალევინებ ერთ ჭიქას”

ეს სიტყვები მუხრან მაჭავარიანმა გუშინწინ უთხრა მიხეილ სააკაშვილს. კონტექსტის გარეშე ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს უკვდავების ან სიბრძნის წყაროზე იყოს საუბარი, 80 წლის მხცოვანი პოეტი ახალგაზრდა და იმპულსურ მმართველს რომ სთავაზობს, არადა “დაგალევინებ”-ში ერთი ჭიქა ადესა იგულისხმებოდა, ღვინო, რომელიც ყველაზე უინტერესო ჯიშიდან, იზაბელადან იწურება.

იზაბელა წარმოშობით ამერიკულია, საქართველოში მისი ისტორია სულ რაღაც 150 წელს ითვლის და მას არაფერი აქვს საერთო ქართულ ტრადიციულ მეღვინეობასთან. ამ ჯიშმა თავის დროზე მთელს დასავლეთ საქართველოს გადაუარა და აუარება უნიკალური ჯიში წაართვა. ადესის (იზაბელას) დამსახურებაა, რომ დღეს გურიაში თითქმის ვეღარ ნახავთ უნიკალურ გურულ ჯიშებს: ჩხავერს, სხილათუბანს, ხემხუს, საკმიელას, ჯანს. გურიის გარდა, მისი გამანადგურებელი კვალი დღემდე კარგად ჩანს სამეგრელოში და იმერეთში. ჰოდა, პრეზიდენტის სტუმრობის პირველივე კადრებში ამ კვალმა თავი არ დამალა. კლასიკოსმა პრეზიდენტი სწორედ ადესის მაღლარი ვაზის წინ ჩაატარა და ღვინის გასინჯვასაც დაჰპირდა. მართალია სააკაშვილს ერთი კი წამოცდა, კლასიკურ ჯიშად არ ითვლება ადესაო, მაგრამ იქვე ზრდილობიანად დასძინა: “მე ძალიან მიყვარსო”.

შემდეგ უკვე სუფრასთან ვითარდებოდა მოქმედება, სადაც ადესის ქება-დიდება ახალ საფეხურზე ავიდა. პირველი ყლუპისთანავე პრეზიდენტმა თქვა: “ეს არის საუკეთესო ღვინო, რაც კი გამისინჯავს... თქვენი ლექსივით მსუბუქია და ძაან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს”.

მართალია, პრეზიდენტმა ზეაღმატებული შეფასებები ნამდვილად არ დაიშურა პოეტის მისამართით, მას რამდენიმეჯერ გენიოსიც კი უწოდა, “ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე”, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ვერ გათვალა რაღაცეები და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი პოეტის ლექსები ადესის ღვინოს შეადარა, ღვინოს, რომელსაც არც დაძველების (დავარგების) პოტენციალი აქვს, არც ჯანმრთელობისთვისაა მაინცდამაინც კარგი და არც სხვა რამ თვისებებით გამოირჩევა.

ვინ იცის, იქნებ ეს პრეზიდენტის მწარე ხუმრობა იყო, რომელიც უსაქმოდ დარჩენილი თანამედროვე ქართველი კრიტიკოსებისთვის გზის მაჩვენებელი უნდა გამხდარიყო? იქნებ ამ უხერხული შედარებით მიხეილ სააკაშვილი სულ სხვა მიზანს ისახავდა?

ერთი ცნობილი თანამედროვე ღვინის მწერლის, ჯენსის რობინსონის შემთხვევა გამახსენდა, რომელმაც ყმაწვილქალობაში, - როცა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა ღვინოზე წერა და ჯერ კიდევ იმკვიდრებდა თავს, - ვიღაცის სტატია წაიკითხა, სადაც ავტორი ჟურნალისტებს და კრიტიკოსებს კონკრეტულ ღვინოებს ადრიდა. ჯენსის რობინსონი Beaujolais-სთან იყო შედარებული, მსუბუქ, ხილის ტონებიან, ნაკლებადხარისხიან ღვინოსთან, რომელსაც თითქმის არ გააჩნია დაძველების პოტენციალი. ამ ერთი შედარების ჯინაზე, ჯენსისმა გადაწყვიტა, დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ დავარგების დიდი პოტენციალი ჰქონდა და იმდენი იმეცადინა, რომ Master of Wine-ის ხარისხი სულ ზარ-ზეიმით გადასცეს.

მე რომ მუხრან მაჭავარიანი ვყოფილიყავი, ადესა ღვინოსთან ამ შედარებას ნამდვილად არ მივიღებდი. თუმცა, ბატონ მუხრანს, მემგონი ძალიან მოეწონა შედარება, იგი ხომ თავის ადესას დიდებულ ღვინოდ მოიხსენიებდა?!

ბოლო დროს, საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მოუხშირა მწერლების დაბადების დღეებზე სიარულს, თანაც ყოველთვის დაგვიანებით მიდის ხოლმე. გადაივლის იუბილის ქარიშხალი და მეორე დღეს, ანდა სულაც, რამდენიმე თვის შემდეგ, მიაკითხავს პრეზიდენტი კლასიკოსს და მიულოცავს, ანუგეშებს, ეტყვის რომ გენიოსია, ბლომად ციტატებს მოიყვანს, მერე ინტერპრეტაციებზე გადავა, შემოგვთავზებს იუბილარი კლასიკოსის ტექსტის რეცეფციულ ან დეკონსტრუქტივისტულ წაკითხვას, ბოლოს საჩუქრის ჯერიც დგება...

ამ მხრივ, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მოსვენებული იყო ქართული მწერლობა. არც ხნიერი და არც ახალგაზრდა მწერალი არავის აინტერესებდა, მასთან არავინ დადიოდა, ყველას თანაბარ პირობებში უწევდა ცხოვრება, ყველა თავის წილ ტანჯვასა და პირად გამოცდილებას იღებდა მომავალი რომანებისთვის და პოეტური კრებულებისთვის. მწერალთა ზოგიერთ ჯგუფს შენობიდან ერეკებოდნენ, მეორე ჯგუფს ჟურნალი-გაზეთი-სტამბა-ტელევიზია – ყველაფერი ერთდროულად დაუხურეს, ზურა რთველიაშვილს და ირაკლი კაკაბაძეს ციხეში უკრეს თავი, ზოგიერთი მწერალი კიდე უარეს დღეში ჩავარდა... დღეს ეს ბრძოლა და ბედის წრთობა უკვე ისტორიის საკუთრებაა, ქართველ მწერლებს აღარ მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, ისინი ისევ ისე, ძველებურად, უგამოცდოდ გავლენ ცხოვრებაში.

ამის ნიშნები შარშან, საახალწლო დღეებში გამოჩნდა, როცა პრეზიდენტმა მწერლებს წვეულება გაუმართა რესტორან “წისქვილში”. უკვე წელს, 27 მარტს, აპრილის მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტი გურამ დოჩანაშვილს ეწვია და დიდხანს ესაუბრა ქართულ ლიტერატურაზე, კინოსტუდიის მთავარი რედაქტორის ჭაპანზე, ფლორენციაზე და ბოლოს ჩვენი ქვეყნის მარკ ტვენიც კი უწოდა მას...

და აი, გუშინწინ, მუხრან მაჭავარიანისთვის დაბადების დღის მისალოცად პრეზიდენტი არგვეთში ჩავიდა. მოუჯდა გვერდით თავის საყვარელ პოეტს და ჩამოყარა ციტატები. მუხრან მაჭავარიანი ალბათ გაოგნებული იყო ამ ადამიანის ფენომენალური მახსოვრობით, არადა თითქოს გუშინდელი დღესავით ახსოვდა, ანა კალანდაძის გარდაცვალებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა რომ გალაკტიონის “ატმის რტოო...” ანა კალანდაძის “თუთად” წაიკითხა (რას იზამ, ორივე ათმარცვლიანია, ინტონაციურადაც ერთნაირი ლექსებია, პრეზიდენტს კი არა, აკაკი გაწერელიასაც კი აერეოდა).

ერთი-ორჯერ პოეტი მამა-შვილურად გაეხუმრა პრეზიდენტს, რამდენჯერმე შეაქო და საქციელი მოუწონა და ერთი დიდი თხოვნაც გაანდო. ეს თხოვნა სოფელ არგვეთში წყლის გაყვანა იყო:

თხოვნა: “ჩემი სახელი დაარქვი თუ გინდა და ამ არგვეთს გაუკეთე ეს წყალი".

პერფორმატიული პასუხი თხოვნაზე: “ჩათვალეთ, რომ მუხრან მაჭავარიანის წყალსადენი გაკეთდება წლის ბოლომდე”.

ვულოცავ არგვეთელებს.

ამ თითქმის ათწუთიანი, გრძელი სიუჟეტის შესახებ ბოლო ორი დღის მანძილზე ბლომად კომენტარი მოვისმინე და წავიკითხე. ფორუმებზე და "ფეისბუკზე" ბევრ რამეს წერდნენ, სხვადასხვა პოზიციიდან, სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობების, სხვადასხვაგვარი იუმორის ადამიანები. იყვნენ ისეთები, ვინც მოქალაქეობრივ პოზიციასაც უწუნებდა ბატონ მუხრანს. თუმცა არ ვიცი, რამდენად ღირს მუხრან მაჭავარიანის სამოქალაქო პოზიციებში ჩაღრმავება. ღმერთმა უწყის, რას ვიპოვით ამ პოზიციების ფსკერზე. ახლა ეს არაა მთავარი. სტუმარს მასპინძლობა უნდა. ჩემთვის ის უფრო გულდასაწყვეტია, რომ ბევრის თვალში ასეთი შეხვედრები და ვიზიტები, - ხან ატმის ბაღებში და ხანაც ადესის მაღლარის ჩრდილქვეშ, - კუნდერას ე.წ. “უკვდავების კადრებივით” რჩება. მართალია 90-იანი წლებისგან განსხვავებით, “უკვდავების” ეს ტიპი ძალზე შეიცვალა, მაგრამ მისმა სახიფათო ბუნებამ საქართველოში კიდევ უფრო მაცდური სახე მიიღო.

ცოტა ხნის წინ, რადიო თავისუფლების ეთერში ერთი ბრიტანელი ჟურნალისტი ამბობდა: “[სააკაშვილის] რწმენით, არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც არ შეიძლებოდეს CNN-ის ეთერით მისი გამოსვლის ან სხვა ქვეყნის ლიდერთან კერძო სატელეფონო საუბრის მეშვეობით.” ეს სიტყვები გუშინწინ გამახსენდა, როცა ამ საუბარს ვუსმენდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამხელა იმედებს შეიძლება ამყარებდეს პრეზიდენტი და მისი გარემოცვა, ვთქვათ, ფარიდ ზაკარიას გადაცემაში პირდაპირ ჩართვაზე, რამდენიმე კამერით გადაღებულ ადესის დეგუსტაციაზე არგვეთში ან პირდაპირ ეთერში ლექსების დეკლამირებაზე...

თუმცა ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა, მანამდე კი დაველოდოთ მორიგ სტუმრობას. ჰო, მართლა, 11 ნოემბერს კიდევ ერთი კლასიკოსის იუბილეა.
სექტემბერი 2009

კალენდარი

ბლოგერები

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული