Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სამშაბათი, 23 აპრილი 2024

კალენდარი
აპრილი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 1 2 3 4 5
რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

2023 წლის მაისში ევროკომისიამ დიდი ამბით განაცხადა, რომ კორუფციაში მხილებულ პირებსა და ორგანიზაციებს ევროკავშირი სანქციებს დაუწესებდა.

იმედოვნებდნენ, რომ ევროკავშირი შექმნიდა „მაგნიტსკის სანქციების“ მსგავს სიას, როგორიც უკვე მოქმედებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. ეს ქვეყნები ამგვარად სჯიან კორუმპირებულ ბიზნესმენებსა და ჩინოვნიკებს.

რა ბედი ეწია ამ გეგმას? ბევრიც არაფერი უქნიათ. ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს, რომელმაც პირველად წამოჭრა ეს საკითხი 2022 წლის შემოდგომაზე წარმოთქმულ საეტაპო მოხსენებაში, ბოლო თვეებია ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. მთავარი მიზეზი, რის გამოც საქმე წინ ვერ მიიწევს, ევროკავშირისათვის ჩვეული გამოწვევაა - წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღონ.

ევროკავშირმა 2020 წელს მიიღო სანქციების ახალი რეჟიმი, რომლის ამოცანაც ადამიანის უფლებათა დამრღვევების დასჯა იყო. მასში კორუფცია, როგორც სანქცირების ღირსი დანაშაული, ვერ მოხვდა. უნგრეთმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერდა პროექტს, თუ მასში კორუფცია იქნებოდა ნახსენები. ლუქსემბურგმა და სამხრეთ ევროპის სხვა ქვეყნებმაც გამოთქვეს უკმაყოფილება.

ევროკომისიამ კანონპროექტი კი წარადგინა, მაგრამ მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ის ვერ გასცდა დაბალი დონის დიპლომატიურ სამუშაო ჯგუფებს.

ევროკომისიის მიერ შეთავაზების გაკეთების დროს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შვედეთი გახლდათ, რომელსაც სათავეში ყოფნის სულ რამდენიმე კვირა ჰქონდა დარჩენილი და ამიტომ გადაწყვიტა ამ საკითხს არც შეხებოდა. პრეზიდენტობა ესპანეთმა გადაიბარა, რომელსაც ასევე დიდად გულზე არ ეხატებოდა ეს შეთავაზება და ექვსი თვის განმავლობაში ის დღის წესრიგში არ ჩაუსვამს. ახლა ევროსაბჭოს პრეზიდენტი ბელგიაა და არც ის აპირებს რაიმეს გაკეთებას. ბელგიის ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ საკითხის წინ წამოწევას აზრი არა აქვს, რადგან არ არსებობს კონსენსუსი წევრ სახელმწიფოებს შორის. ახლა, როდესაც ევროკავშირი ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ემზადება, კორუმპირებულების დასჯის საკითხი კიდევ უფრო უკანა პლანზე გადაინაცვლებს.

კორუფციის დასჯასთან დაკავშირებით მართლაც არსებობს ლეგიტიმური კითხვის ნიშნები. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი შიშობს, რომ დამსჯელ ზომებს ზოგიერთი ქვეყანა პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად გამოიყენებს, ასევე საკითხავია, თუ რამდენად ღრმად უნდა ჩაერიოს ევროკავშირი მესამე ქვეყნების საშინაო საქმეებში.

რამდენიმე დიპლომატი, რომლებსაც ველაპარაკე, აღნიშნავდა, რომ ევროკავშირის სანქციების უმეტესობა არ შეეხება „ეკონომიკურ დანაშაულებს“ და უფრო საქმე აქვს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების „კლასიკურ შემთხვევებთან“. მაგალითად, სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ძირის გამოთხრის მხარდაჭერის გამო არაერთ სუბიექტს გაუყინეს ანგარიში და აუკრძალეს ვიზის მიღება. ძირითადად ეს შეეხებოდა რუსეთის მოქალაქეებს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ან, სანქციებს იყენებდნენ მკვლელობისა და წამების შემთხვევაში, რაც ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმში შემავალი დანაშაულებებია.

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება არსებობს: საჭიროა საკმარისი რაოდენობით სანდო სამხილის არსებობა სანქციების დასაწესებლად. ბრიუსელს ინდივიდებისა და კომპანიების წინააღმდეგ მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გამოყენება შეუძლია, კორუფცია კი, როგორც წესი, დაფარულად ხდება.

ევროკავშირს უკვე აქვს არასახარბიელო გამოცდილება კორუფციასთან დაკავშირებულ სანქციებთან. 2014 წელს „უკრაინის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის გამო“ დამსჯელი ზომები დაუწესეს უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს და მასთან დაკავშირებულ 17 პირს. 10 წლის შემდეგ შავ სიაში მხოლოდ სამი პირი რჩება. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ დანარჩენების წინააღმდეგ წარდგენილი სამხილები საკმარისი არ იყო და სანქციები ნაჩქარევად მიიღეს.

ევროკავშირის იურიდიული პრობლემები გაღრმავდა, როდესაც სასამართლომ გაამართლა რუსეთის რამდენიმე მოქალაქე, რომლებსაც უკრაინის ომის გამო დაუწესეს სანქციები.

კორუფციის დასჯის მომხრეებს სწორედ აქ აქვთ ყველაზე ძლიერი არგუმენტები. ამ საქმეებმა აჩვენა, რომ ზოგჯერ რთულია დაამტკიცო ინდივიდის კავშირი რუსეთის სამხედრო საქმეებთან. იმ შემთხვევაში, თუ კორუფცია დასჯადი იქნებოდა, უფრო გაადვილდებოდა ამ ინდივიდების შავ სიაში დატოვება.

კორუფციის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრეები ამბობენ, რომ კარგი იქნება ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნას ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, სადაც წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ კანონების მიღებასა და შეცვლას. არსებობს პრეცედენტიც: ევროკავშირზე კიბერშეტევები სანქცირებად დანაშაულებად ითვლება და სწორედ ამ საკითხზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

ევროკომისიის წინადადების პროექტი, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო, საკმაოდ შეზღუდულია - რაც რეალურად მის მიღებას ხელს უწყობს. წინადადების მიხედვით, დასჯადი იქნება სამი კატეგორია: აქტიური მოსყიდვა, რაც ნიშნავს „სახელმწიფო თანამდებობის პირისთვის პირდაპირ ან ირიბად არასათანადო სარგებლის დაპირებას, შეთავაზებას ან მიცემას თავად თანამდებობის პირისთვის, ან სხვა პირისთვის ან ერთეულისთვის“; პასიური მოსყიდვა, რაც არის საჯარო მოხელის მიერ ასეთი შეთავაზების მიღება; და თანამდებობის პირის მიერ ქონების მითვისება და გაფლანგვა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები 22 აპრილს ლუქსემბურგში შეიკრიბებიან და ძირითადად განიხილავენ უკრაინის დახმარების საკითხებს. თუმცა, მათ შეიძლება საქართველოზეც იმსჯელონ, სადაც მთავრობა ცდილობს „აგენტების კანონის“ მიღებას, რასთან დაკავშირებითაც უკმაყოფილება ევროკავშირმა უკვე გამოხატა.

ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

ხან ხუან პრესიადო მწერს, ხან - ჯონათან მარდუკასი, ხან - საშკა ჩერქეზი. სხვაც ბევრი. ამ სახელების მიღმა ერთი და იგივე კაცი დგას ხოლმე - მორჩილაძე აკაკი, იგივე ახვლედიანი გივარგი.

ჩვენ ასე ვიცით, ვისი სახელით აღარ შევძახებთ ერთმანეთს. უსტარის ბოლოში სახელებს მივაწერთ ხოლმე კინოდან, წიგნიდან, ცხოვრებიდან, საიდან აღარ. მეც ხან ალონზო მოზლი ვარ, ხან - იური ლაკობა, ხან - იგორ კიო.

ძლიერ ახლობლის გარდა, ვისთან უნდა გქონდეს კაცს მსგავსი თამაშები? თამაშობა ხომ ფუჭი ფუსფუსობაა, რომლის მუღამიც თვითონ პროცესშია და არა შედეგში.

ჩემ თავად კაი ხანია ბერლინში ვარ. და ეს ბურთივით მრგვალი კაცი ერთადერთია, ვინც მესტუმრება ხოლმე სამუსაიფოდ. ასეთები ძველად ხდებოდა. ისიც წიგნებში. თან როგორ მესტუმრება. ბერლინში ყოფნისას კი არ შემოირეკება, სულ სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან იცის შემოძახება, ევროპებში ვარ, მოვდივარ და დამიხვდიო.

განა ბევრი იცი, ექსპრესის ან ჰაეროპლანის ბილეთზე რომ დაიხარჯება შენთან ჩაის შესასმელად? ან რა ჩაია ისეთი, მაინცდამაინც ცხრა მთას იქით რომ დაილევა? განა ერთგზის ჩამოსულა ან ორგზის. მრავალგზის. მოგორავს და მოგორავს შიგადაშიგ ხვნეშით, ტორტმანით, ჭრიალით, როგორც ძველი გემი. მეორე დილით უკანვე გაუყვება ხოლმე.

ზაზა ბურჭულაძე და აკა მორჩილაძე, ბერლინი, 2023 წლის შემოდგომა
ზაზა ბურჭულაძე და აკა მორჩილაძე, ბერლინი, 2023 წლის შემოდგომა

მგზავრობის ხარჯის გარდა, აქ მგზავრობის დროც გასათვალისწინებელია, ორივე მიმართულებით. თან როცა მწეველზეა საუბარი. როგორია სადგურიდან-სადგურამდე თმენა უპაპიროზოდ. ერთხელაც ასე რომ მოიწევდა, მგზავრობისას ვეღარ მოუთმენია და კუპეშივე მოუქაჩავს და მოუქაჩავს ჩუმ-ჩუმად ელექტრული. ისე, ამოტოლა კაცმა ჩუმ-ჩუმად როგორ უნდა გააკეთოს საერთოდ რამე? მაშინ იმავე კუპეში მჯდარ ვიღაც ჯეილს შეუცხადებია, აქ არ ეწევიანო, რაზეც ამას მიუგია, კაცო, მე მოვწევ ცოტას და შენ თუ გინდა, დაუძახე პრავადნიკსო. ჯეილს აღარ დაუძახნია, თორემ ამას გამზადებული ჰქონია საჯარიმო თანხა.

ცალკე ამბავია სასტუმროს ხარჯიც. როგორ არ შევაძლევ ხოლმე ჩემთან თავისუფალ ვოთახს, შეგორდი და იძინე, რაოდენიც გინდა-მეთქი, არაფრით იზამს. მადლობა დიდი, მაგრამ ხვნეშები ვიცი ღამითო. ჰოდა, დგება ყოველ ჯერზე ამოტოლა კაცი სასტუმროში. ბევრი იცი, ასე ეჯავრებოდეს სხვისი შეწუხება? წარმომიდგენია, როგორ იღელვებდა ამ დღეებში, როცა მტერი და მოყვარე შეაწუხა უნებურად.

ერთხელ, დიდნიღბიანობისას, შენიღბულები მივუყვებოდით შპრეკანალს. წვალობდა ძლიერ, აიწევდა ოდნავ ნიღაბს, მოქაჩავდა პაპიროზს ღრმად და უცებ ისევ მოირგებდა პირზე იმ ნიღაბს, იმის ქვემოდან რომ ეფრქვია მერე კვამლები. დრო იყო მოჟამული, უნიღბოდ არ გაისვლებოდა. ინზელბრუკეზე გადავდიოდით, კაცი წამოგვეწია, ქართული მომეყურა და მინდა მოგესალმოთო. ჩვენც მივესალმეთ. ხელიც მინდა ჩამოგრთვათო, გამოიწია. დიდი ბოდიში, მაგრამ ხელს ვეღარ ჩამოგართმევთ, წამალი მისვია-მეთქი. დუმილი ჩამოწვა. მე მიჩვეული ვარ ასეთებს, როცა მავანი რაღაცას მოითხოვს ჩემგან. ეს ბურთივით კაცი კი უცებ ისე აღელდა, უცნობს უთხრა, სამაგიეროდ მე ჩამოგართმევთ ორჯერო.

მის თავისებურ თანადგომაზე კიდევ არის მოსაყოლები, მაგრამ არცერთია ისე თვალსაჩინო, როგორც ამონაგლეჯი ერთი მისეული მონაწერიდან, რომელიც მიყვარს განსაკუთრებით:

„ეგებ გეგეცინოს და დემესიზმრე. ვიდექით და რაცხა ხალხი გვემართლებოდა (რა თქმა უნდა, უფრო შენა, მარა მეც იქა ვღელამდი). თუმცა, კარგა დამთავრდა.

ტრადიციულად, დაუდექ წუთისოფელსა!“

როგორ მინდა, მე მიმეწერა ახლა მისთვის ეს სიტყვები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG