31.07.2009
რუსეთის პატრიარქმა უკრაინაში იმოგზაურა.
„რია-ნოვოსტის“ ცნობით, მისმა უწმინდესობამ მკაცრად გააკრიტიკა დასავლური ღვთისმეტყველება ლიბერალიზმის მიმართ სიმპათიის გამო. „ლიბერალურ ფილოსოფიაში არ არსებობს ცოდვის გაგება. ყოველი ადამიანი ავტონომიურია და ქმნის ფასეულობათა საკუთარ სისტემას. მაგრამ თუ არ არსებობს განსხვავება ცოდვასა და სიწმინდეს შორის, ე.ი. არც სიცრუე და სიმართლე განსხვავდება ერთმანეთისგან“ - კითხულობს კირილე. რიტორიკულად, რა თქმა უნდა.
თავის ტექსტებში რუსეთის პატრიარქი კითხვის ნიშანს მაინცდამაინც არ წყალობს.
კითხვის ნიშანზე... საერთოდ, ეჭვზე, ფიქრზე, ყოყმანზე უარი მან ჯერ კიდევ პატრიარქად კურთხევამდე თქვა: 2000 წელს მიტროპოლიტი კირილე „ნეზავისიმაია გაზეტაში“ ლიბერალიზმისა და პლურალიზმის წინააღმდეგ ბეჭდავს წერილს, რომელსაც არაერთი რუსი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე გამოეხმაურება. ეს იქნება რუსეთისთვის უკვე ტრადიციული, სლავიანოფილებისა და „ზაპადნიკების“ დისკუსიის განახლება; პრინციპში, ჩვეულებრივი ამბავი დემოკრატიული საზოგადოებისთვის.
მაგრამ კირილე დღეს რუსეთის პატრიარქია. მის რიტორიკულ კითხვებს რუსეთში თითქმის არავინ (ან ვერავინ) უპასუხებს... და, რაც მთავარია, ლიბერალიზმის წინააღმდეგ განცხადებებით რუსეთის პატრიარქი უკვე უკრაინაში გამოდის.
კიევში წაკითხულ მოხსენებაში კირილე კაპიტალიზმის წინააღმდეგ ილაშქრებს („სუპერმარკეტები და ეგრეთ წოდებული კულტურულ-სავაჭრო ცენტრები 21-ე საუკუნის ტაძრებად გადაიქცა“) და ღიად უცხადებს ომს განმანათლებლობას, რადგან, მისი თქმით, სწორედ განმანათლობლობის ეპოქამ დაამკვიდრა ლიბერალური ღირებულებები.
კომუნისტური სისტემის ნგრევასთან ერთად, თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის ჩვენში, წინააღმდეგობრივი პროცესები შეიმჩნევა. კლერიკალიზმის და მისტიციზმის თითქმის თანაბარი განვითარება, როცა „თავისუფალი ჟურნალ-გაზეთების“ ერთ გვერდზე მართლმადიდებელი მოძღვრის შეგონებები იბეჭდება, მეორეზე კი - „ჯადოქართა“ წინასწარმეტყველება, გვაფიქრებინებს, რომ საზოგადოებაში სულ უფრო მეტად იზრდება სკეფსისი აღორძინებისა და განმანათლებლობის იდეების მიმართ. ბუნებრივია, სოციალური ფაქტორი აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფრუსტრაციის განცდა და „ირაციონალური სიმარტივისკენ“ მიდრეკილება, მეტწილად, მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანის მიზნები ვერ ხორციელდება. იქმნება მითები, რომელსაც განსაკუთრებული ენთუზიაზმით აიტაცებს ხოლმე მოსახლეობის წვრილბურჟუაზიული ფენა, ხვალინდელი დღის შიშით რომ ცხოვრობს და კონკურენტების ეშინია.
„ძლიერთ ამა ქვეყნისა“, ე.ი. იმათ, ვინც ძალაუფლებას ფლობს, ყველანაირად ხელს აძლევს მითებში მცხოვრები საზოგადოება. პოსტსაბჭოთა ინსტიტუტების მთავარი მტერი ხომ სწორედ ფიქრი, ეჭვი და ახალი ცოდნით მუდმივი გამდიდრებაა. ანუ, მრავალფეროვანი სამყარო და წინადადებები, რომლებიც კითხვის ნიშნით მთავრდება.
კიევში წაკითხულ მოხსენებაში რუსეთის პატრიარქი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ დასავლურმა ღვთისმეტყველებამ უარი თქვა სიკეთისა და ბოროტების მკვეთრ გამიჯვნაზე. „თუკი სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავება არ არსებობს, ე.ი. აპოკალიფსი ახლოვდება“ - განმარტავს კირილი და დასძენს, აბა ვინ იფიქრებდა, ჯერ კიდევ 20, 30 წლის წინ, რომ ერთი სქესის წარმომადგენლების ქორწინება ქალისა და მამაკაცის ქორწინებას გაუტოლდებოდაო...
ვერავინ იფიქრებდა, ნამდვილად.
20-30 წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ადამიანები „ვირტუალურ კონფერენციებს“ მოაწყობდნენ ინტერნეტის დახმარებით, რომ კიბოთი დაავადებულთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი შავკანიანი გახდებოდა... ვერავინ იფიქრებდა, რომ დაინგრეოდა საბჭოთა კავშირი, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამდნენ...
„ღმერთმა არა მარტო შექმნა სამყარო - ღმერთი ყოველ წუთს ქმნის ამ სამყაროს და პასუხს აგებს ევოლუციაზე...“ - თქვა, ერთხელ, მამა ალექსანდრე მენმა.
ალექსანდრე მენი არ უყვარდათ რუსეთის საპატრიარქოში. იგი ნაჯახით მოკლეს.
მოკლავდნენ, აბა რა! ესენი სამყაროს გადაგვარებასა და აპოკალიფსზე ლაპარაკობენ, ის კი განუწყვეტლივ იმეორებდა, ჩვენ სიყვარულის ეპოქას ვუახლოვდებითო. ესენი პლურალიზმს ქრისტიანობის მტრად აცხადებენ, ის კი ამბობდა, ლიბერალიზმის საფუძველია ადამიანისადმი ნდობა, მისი, როგორც პიროვნების, პატივისცემა, რაც დიახაც რომ ქრისტიანობიდან მოდისო. ესენი ლიბერალიზმს ჭეშმარიტების მიმართ გულგრილობის გამო აკრიტიკებენ, მამა ალექსანდრე მენი კი ხშირად იხსენებდა, რომ თავად მაცხოვარმა შეიკავა თავი პასუხისგან, როცა პილატემ ჭეშმარიტებაზე ჰკითხა...
„ლიბერალური იდეოლოგია ადამიანს თავისუფლებას აძლევს, მაგრამ აღარაა პასუხისმგებელი მის ქცევაზე“ - ამბობს აღშფოთებული კირილე. რუსეთის პატრიარქს არც ის მოსწონს, რომ დასავლეთის ქვეყნებში „ცოდვის ჩადენის უფლება” დიდი ხანია დაკანონებულია და ამ ”ცოდვაზე” საზოგადოებას მხოლოდ მაშინ აქვს რეაქცია, როცა მის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას ემუქრებიან... ე.ი. როცა „ცოდვა“ – კანონის დარღვევად იქცევა.
ვიდრე კირილე უკრაინაში გაემგზავრებოდა, დუმამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, რუსეთის პარლამენტი ახალ კანონებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის საპატრიარქოსთან შეთანხმებით მიიღებს; რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესია არა მარტო ადამიანთა მოქცევას ცდილობს (რისი უფლებაც მას, ცხადია, აქვს), არამედ აპირებს მოაქციოს მთელი სახელმწიფო, მეცნიერება, კულტურა... სხვადასხვა დროს ამის სურვილი გამოთქვეს ვატიკანში, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ამის სურვილი ჰქონდა პატრიარქ ნიკონს. ამისთვის იღვწოდა აიათოლა ხომეინი. იმან სახელმწიფოს ისლამიზაცია მოინდომა, ამან - „გამართლმადიდებლება“. თანაც, როგორც ჩანს, არა მარტო თავისი სახელმწიფოსი.
ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ რუსეთის პატრიარქი საქართველოშიც აპირებს ჩამობრძანებას. თარიღიც გამოცხადდა - 2010 წელი.
ე.ი. კირილეს ვიზიტის ორგანიზატორებს - რუსეთსა და საქართველოში - კიდევ ერთი წელი აქვთ იმისთვის, რომ მოამზადონ სიტუაცია: ყველაფერი გააკეთონ, რათა ქართველი ხალხი ხატებით, სანთლებითა და ყვავილებით დახვდეს „ერთმორწმუნე ძმის“ უნეტარეს მამას. და თუ იყოჩაღეს, ვინ იცის, იქნებ წელსვე მოხერხდეს მისი უწმინდესობის ჩამობრძანება? იქნებ შესაძლებელი გახდეს, რუსეთის საპატრიარქოს ასეთი შინაარსის დეპეშა გაეგზავნოს: „საქართველო ლიბერალებისგან თავისუფალია. გაუმარჯოს რუსი და ქართველი მართლმადიდებლების ძმობას!“
კაცმა რომ თქვას, პროცესი დაწყებულია. აგერ პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებმა თავიანთ კანდიდატად დაასახელეს ომბუდსმენის პოსტზე, ხუთშაბათს გამოგვიცხადა, კანონზე მაღლა რჯულის კანონს ვაყენებ და სექსუალურ უმცირესობებს დამნაშავეებად განვიხილავო (ამიტომ არ დავიცავო)... ვითომ რატომ არ უნდა დახვდეს ბატონი დიმიტრი რუსეთის პატრიარქს აეროპორტში? თანაც, ხატებითა და სანთლებით? ორივე ხომ ერთი და იმავე ფასეულობების დამკვიდრებას ცდილობს? ორივეს რიტორიკაში ხომ არა არჩევანის თავისუფლებაა მთავარი, არამედ - მორჩილება? ამას, ცხადია, პირადაპირ, ვერ ამბობენ და ათასნაირი სოფიზმებით ქადაგებენ, რათა ვინმემ პავლე მოციქულის სიტყვები არ გაახსენოს: „მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს.“
ერთ რამეში კი ნამდვილად მართალია კირილე: ზოგიერთი ლიბერალი დიდ შეცდომას უშვებს, როცა ამტკიცებს, ბოროტება არ არსებობსო.
ბოროტება არსებობს! ცოდვაც! ცოდვა და ბოროტება სწორედ ისაა, რასაც კაგებეს ყოფილი თანამშრომლები ქადაგებენ რუსეთშიც და საქართველოშიც.
ალექსანდრე მენი ადამიანის ყველაზე მძიმე ცოდვას ძალაუფლებისკენ ლტოლვას მიიჩნევდა.
რუსეთს ძალაუფლების მადა დიდი ხანია გახსნილი აქვს. უბრალოდ, თავის საქმეს დღეს უკვე ეკლესიის შეფს აკეთებინებს.
სამუშაოს პირველი ეტაპი შესრულებულია - წინადადებების ბოლოს კითხვის ნიშანი ამოღებულია. 2010 წლამდე დიდი დრო არ რჩება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლა იქნება საქმე.
საქმე, ქადაგების ნაცვლად.
30.07.2009
მაშ, ასე! ერთკვირიანი შესვენების შემდეგ ვუბრუნდებით სიტყვას, რომელიც, ჩვენი ბლოგის კომენტატორების აზრით, ყველაზე ზუსტად ასახავს საზოგადოების მთავარ პრეტენზიას ხელისუფლების მიმართ. ექვსი დღის განმავლობაში დასახელდა 49 სიტყვა , რომელთა შორის 13-ჯერ გამეორდა „უსამართლობა“.
ამ შედეგისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას არ ვაპირებ, მაგრამ არც მისი მივიწყება მგონია სწორი. ალბათ, ერთად უნდა განვმარტოთ, ყველაზე მწვავედ სამართლიანობის დეფიციტი რატომ ვიგრძენით, ან რა საფრთხე უკავშირდება უსამართლობის განცდას.
ჩემი ვერსიით დავიწყოთ.
ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იყო. ეს დაპირება ბევრნაირ შინაარსს იტევდა, მათ შორის, კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის უკანონო ქონების წართმევას და ხალხისთვის დაბრუნებას, მეანაბრეებისთვის ვალის გასტუმრებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, საჯარო სამსახურებში თანამშრომლების მიღებას პატიოსანი კონკურსის საფუძველზე...
სამართლიანობის აღდგენის შესახებ დაპირება მეტად მომხიბვლელი აღმოჩნდა ქართველი ხალხისთვის. მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ პრიორიტეტი სწრაფად შეიცვალა, როდესაც საკუთარი თავი დაიყენა მორალური დილემის წინაშე: „მეტი სამართლიანობა“ თუ „მეტი ეფექტიანობა“? და საკითხი სამართლიანობის საზიანოდ გადაწყვიტა. სხვათა შორის, ეს ცნობილი დილემაა და მიჩნეულია, რომ მეტი ეფექტიანობა საერთო-საზოგადოებრივ სარგებელს ზრდის, ოღონდ, ხანმოკლე პერიოდით. ერთ წიგნში ასეთი მაგალითიც კი მაქვს ამოკითხული: ვთქვათ, სატვირთო მანქანის მძღოლი ხართ და 100 კგ პროდუქტი უნდა გაუნაწილოთ ორ მოშიმშილე სოფელს. მაგრამ გზა შორია და თუ ორივე სოფელში მიხვალთ, 20 კგ პროდუქტი გადასაყრელი გაგიხდებათ. შეგიძლიათ, გადაწყვეტილება შეცვალოთ, მხოლოდ ერთ სოფელში მიხვიდეთ და მთელი პროდუქტი იქ დატოვოთ. პირველ შემთხვევაში დაზარალდება ეფექტიანობა, მეორე შემთხვევაში – სამართლიანობა, მაგრამ საერთო-საზოგადოებრივი სარგებელი გაიზრდება (რადგან პროდუქტი არ გადაიყრება).
შინაგან საქმეთა ამჟამინდელ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, საჯაროდაც უთქვამს (ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში) და ჩემთან პირადი საუბრის დროსაც დაუდასტურებია ჯერ კიდევ 2004 წელს, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ეფექტიანობის რაც შეიძლება მაღალი ხარისხია. სწორედ ეს ჯადოსნური სიტყვა – „ეფექტიანობა“ – ამართლებდა და იწირავდა ბევრ სხვა, ადრე გამოცხადებულ, მიზანს. ეს სიტყვა წარმართავდა ცვლილებების ხასიათსა და ტემპს.
მაგალითად, იმ მიზნით, რომ ტერიტორია მოესუფთავებინათ სახელოვანი ინვესტორისათვის, უბოდიშოდ დაანგრიეს მრავალსართულიანი სახლი თბილისის ცენტრში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, რაც იქაურ მაცხოვრებლებს ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. იმოქმედეს ეფექტიანად, მაგრამ უსამართლოდ.
იმისათვის, რომ დასაჭერი პირები სწრაფად დაეჭირათ, მასობრივად დანერგეს იარაღისა და ნარკოტიკის „ჩადების“ პრაქტიკა. შემდეგ თავად აღიარეს, რომ ეს ეფექტიანი, მაგრამ უსამართლო გადაწყვეტილება იყო (მახსენდება გიგა ბოკერიას ინტერვიუ, რომელიც „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა).
ეფექტიანი ქმედების ნიმუშია ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩატარებული ნებისმიერი პოლიტიკური არჩევნებიც: ხელისუფლება, როგორც წესი, აღწევს დასახულ მიზანს, მაგრამ ამ მიზნის მიღწევის გზები ხშირად უსამართლოა – მოსყიდვა, გადმობირება, დაშინება...
იგივე შეიძლება ითქვას სატელევიზიო სივრცის კონტროლზე. ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საერთო-ეროვნული ტელევიზიის მფლობელი ან გენერალური დირექტორი მხოლოდ ის ადამიანი უნდა იყოს, ვისაც პრეზიდენტი პირადად ენდობა, საინფორმაციო პოლიტიკის კონტროლის ეფექტიან საშუალებად ჩამოყალიბდა. არადა, მთელი ეს პროცესი მედიის მიმართ უსამართლო და უკანონოა.
სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ხელისუფლების არჩევანი – მეტი ეფექტიანობა ნაკლები სამართლიანობის ხარჯზე (ეფექტიანობა vs სამართლიანობა) – კატასტროფით დასრულდა შარშან, აგვისტოს ომის დროს. ეფექტიანობაზე გადაგებულმა ხელისუფლებამ შეუქცევადი მარცხი განიცადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის უმთავრეს მიზნად და ზეამოცანად იყო გამოცხადებული. ამ მარცხის შემდეგ შეუძლებელია საუბარი დღევანდელი ხელისუფლების ეფექტიანობაზე. და, თუ კარგად დავაკვირდებით, უსამართლობაც სწორედ შარშანდელი ომის შემდეგ გახდა განსაკუთრებით მტკივნეული, ესე იგი, იმის შემდეგ, რაც დაიკარგა რწმენა ხელისუფლების ეფექტიანობის მიმართ.
ჩემი აზრით, ამოიწურა ის ხანმოკლე პერიოდი, როდესაც სამართლიანობის უგულებელყოფა საერთო-საზოგადოებრივ სარგებელს ზრდიდა. დადგა ახალი ხანა, როდესაც ხელისუფლებისთვის ყველაზე მეტად სასურველი და ყველაზე ძნელად მიღწევადია სტაბილურობა, რაც აუცილებელია სახელმწიფოს განვითარებისთვის. სწორედ უსამართლობის განცდამ (სხვა პრობლემებთან ერთად) გამოიყვანა ქუჩაში საზოგადოების პროტესტულად განწყობილი ნაწილი. ხელისუფლებამ კი ეფექტიანად ქცევის უნარი დაკარგა და სამართლიანად ქცევის უნარი ვერ შეიძინა, რის გამოც ვითარება საგანგებოდ არაპროგნოზირებადი გახდა.
ერთი ტენდენცია მაინც იკვეთება: კანონების გამკაცრება, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება და ტელევიზიების კონტროლის ერთ ხელში მოქცევა სწორედ ის გზაა, რითაც ჩიხში შესული ხელისუფლება ეფექტიანი ნაბიჯების გადასადგმელად ნიადაგის ხელახლა გამყარებას ცდილობს. შესაბამისად, არც ერთი ნაბიჯი სამართლიანობის დასამკვიდრებლად ჯერ არ გადადგმულა და მოსალოდნელიც არ არის.
მაშ, რა არის მოსალოდნელი? სწორედ ის დროა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი სიტყვები, რომლებიც არაერთხელ თქმულა ჩვენს ბლოგზე: „Without justice, there can be no peace“ – „ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“.
რას შეიძლება ნიშნავდეს „არამშვიდობა“ კონკრეტულ დროსა და სივრცეში – აქ და ახლა? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი განხილვის თემად გთავაზობთ და, რაც მთავარია, ველოდები თქვენს კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შესრულდა რევოლუციამდელი დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების შესახებ.
24.07.2009
ამ თემაზე პირველად მაშინ დავწერე, როდესაც მეტროს სადგური „თავისუფლების მოედანი“ საახალწლოდ საგანგებოდ გაალამაზეს. მგონი, ორი წლის წინ იყო. ვხედავ, ფოიე სავსეა ფერადი ბუშტებით, გირლანდებით, მონიტორებით, რეკლამებით... ვიდრე იქაურობას ვათვალიერებდი და თან მატარებელს ველოდებოდი, მივხვდი, რომ ჩემს ირგვლივ იყო ბევრი ფერი, ბევრი ნივთი, სადღესასწაულო განწყობის შექმნის გულწრფელი მცდელობა, მაგრამ – არ იყო შემოქმედება.
შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი იმის შესახებ, რომ შემოქმედება არ არის არაფერში, რაც ჩვენს ქვეყანაში ბოლოხანს იქმნება: არც გაფერადებულ ფასადებში; არც სიმღერებში, რომლებიც სპეციალურად პატრიოტული შინაარსის კონკურსებისთვის იწერება; არც კონცერტებში, რომელთა მონაწილეების სია, თურმე, სამთავრობო კაბინეტებში დგება; არც ფეხბურთის თუ კალათბურთის თამაშში; არც სატელევიზიო გასართობ გადაცემებში თუ ქართულ სერიალებში; არც ფილმებში, რომლებსაც ბოლოხანს თითქმის აღარ იღებენ; არც რომანებში, რომლებიც ბოლოხანს თითქმის აღარ იწერება. მოკლედ, თუ რამ გვაკლია ბოლო წლების განმავლობაში, ეს პური და წამალი კი არ არის, არამედ, პირველ რიგში, შემოქმედებაა.
უხერხულიც კია შეკითხვის დასმა – რატომ? იმიტომ, რომ შემოქმედებას სჭირდება თავისუფლება და ბუნებრივი გარემო. ჩვენთან კი ყველაფერი ხელოვნურია. აი, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში რომ დაეშვება და ცენტრისკენ მომავალ გზაზე ბევრი ხელოვნურყვავილიანი აივანი რომ შეგხვდებათ, იმაზე ზუსტი სიმბოლო დღევანდელი საქართველოს აღსაწერად მე არ მეგულება.
შარშან 12 აგვისტოს რაღაც რომ ვითომ გვიხაროდა (ვიღაცას ხომ უხაროდა?!), ყველაზე ხელოვნური მაინც ეგ მგონია. ხელოვნური იყო დავით დარჩიაშვილის სიტყვები, იმ საღამოს მიტინგზე წარმოთქმული: ომს რუსეთთან ოდესმე კი არ მოვიგებთ, არამედ, დღეს – აქ და ახლა – უკვე მოგებული გვაქვსო. და წამი, როდესაც პრეზიდენტის თვალზე წინასაარჩევნო ცრემლი კამერამ მაინცდამაინც მსხვილი პლანით „მოწყვიტა“? და მერე ხელისუფლებამ ეს წამი რეკლამად რომ აქცია? არ იყო ხელოვნური? ქუთაისში ისტორიული უბნები ზარზეიმით რომ აღადგინეს და ფასადებს მიღმა დღემდე რომ სიცარიელეა, ესეც ხომ იმავე ოპერიდანაა?
ჯოზეფ ბაიდენის დახვედრაზეც უნდა ვთქვა. ტელეკამერამ ასახა გახარებული მოსახლეობა, რომელიც ქუჩაში შეეგება ძვირფას სტუმარს დროშებით ხელში. მე კი დარწმუნებული ვარ, ის ხალხი, ვინც ტელეეთერით ვიხილეთ, სულ სიებით იყო ჩამორიგებული. ზოგ მათგანს, შესაძლოა, მართლაც უხაროდა იქ ყოფნა, ზოგი კი, უბრალოდ, დავალებას ასრულებდა. მე, მაგალითად, რუსთაველზე გავლის უფლებაც არ მომცეს და მარჯანიშვილის მეტროდან სოლოლაკში ფეხით მომიხდა წასვლა. პოლიცია სულ აღმართ–აღმართ ქუჩებისკენ მიმითითებდა – რაც შეიძლება შორს ცენტრიდან. იმ სიაში არ ეწერა ჩემი გვარი და იმიტომ. მე კი სხვებზე არანაკლებ მიხაროდა ბაიდენის სტუმრობა, თუმცა, გზაში გვარიანად დავიღალე. ხელოვნურად ქუჩაში გამოყვანილ ხალხს და ხელოვნურად ხალხისგან დაცლილ ქუჩებს განა უსაფრთხოება ჰქვია? სხვა ქვეყნებში უსაფრთხოებას, ალბათ, ბუნებრივად იცავენ და სტუმარსაც ხელს მხოლოდ ის უქნევს, ვისაც გულწრფელად სიამოვნებს მისი დანახვა. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ჯოზეფ ბაიდენი გუშინ იმასვე განიცდიდა, რაც მე „თავისუფლების მოედნის“ მეტროს ფოიეში ორი წლის წინ განვიცადე.
არადა, რა ბუნებრივი, რა ნაღდი იყო 2003 წლის 23 ნოემბერს სიხარული იმის გამო, რომ რევოლუცია მშვიდობიანად დამთავრდა და ხვალიდან სულ სხვა ქვეყნის მშენებლობა დაიწყებოდა. იმ სხვა ქვეყნის მშენებლობაში თითოეულ მოქალაქეს თავისი ადგილი და ფუნქცია უნდა ეპოვნა, აღმშენებლობაში თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო და ამ გრძნობას მისი გული სიხარულით უნდა აევსო. ახლა ეს მოლოდინი იმდენად გულუბრყვილოდ ჟღერს, რომ, ალბათ, ჯობდა, არც დამეწერა. მაგრამ, ზუსტად ვიცი, მარტო მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც 24 ნოემბრის დილას განახლების და შემოქმედების მუხტით აღსავსემ გაიღვიძა.
სხვათა შორის, პირადად ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს და საფრთხესაც თავიდანვე ვაცნობიერებდი. ჩემი მოლოდინის პლუსიც და მინუსიც სწორედ მის პიროვნულ თვისებებს ეფუძნებოდა. ვფიქრობდი, რაკი ამდენი შეძლო, რომ ლამის მთელი საქართველო მიიმხრო და ედუარდ შევარდნაძე შინ მშვიდობით გაუშვა, ეს გამარჯვება მასში პასუხისმგებლობის აფეთქებას გამოიწვევს-მეთქი. მაგრამ აფეთქდა „პიარი“ (PR) და მის ირგვლივ გარემო ხელოვნურობით გაჯერდა.
ჩვენი ბლოგის კომენტატორების მიერ იმ სიტყვის ძიებამ, რომელიც მეტ-ნაკლებად სრულად ასახავდა ხელისუფლების არსს, ორ ცნებამდე მიგვიყვანა: „უსამართლობა“ და „ტყუილი“. ხელოვნურობა ტყუილის ნაირსახეობაა და უსამართლობის ნაწილია. შესაბამისად, ცოტა ირიბ, მაგრამ მარტივ დასკვნამდე მივედი: ჩვენი ბლოგის კომენტატორების (ერთი ნაწილის) აზრით, ჩვენს ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც აეროპორტის გზაზე მდგარი სახლების აივნებიდან პლასტმასის ყვავილებს მოხსნის და თავისი ქვეყნის მოსახლეობას ბუნებრივი ყვავილების მოვლა-მოშენების სურვილს გაუჩენს. წარმოგიდგენიათ, რა კარგი ქვეყანა გვექნება? აივნებზე მოშენებულ ბუნებრივ ყვავილებთან ერთად, შემოქმედება ჩვენი ცხოვრების წვრილმან-მსხვილმანში შეაღწევს. ხელოვნურობა გახდება შეუსაბამო და, მაშასადამე, სასაცილო. ოღონდ, იმისათვის, რომ სიცილის უნარი სამუდამოდ არ დავკარგოთ, როგორღაც მშვიდობიანად და ჭკვიანურად უნდა ჩამოვხსნათ ხელოვნური ყვავილები ჩვენი აივნებიდან.
ან, იქნებ, ხელოვნური ყვავილების მოვლა უფრო გვეადვილება, ვიდრე – ბუნებრივის?
20.07.2009
მინდა წარმოგიდგინოთ შესავალი წერილისა "რუსოფობი - დასავლეთის საზღვარზე", რომელიც მთლიანად "ცხელი შოკოლადის" ივლისის ნომერში დაიბეჭდება. ჟურნალი 25 ივლისს გამოვა. ეკონომიკური კრიზისის გამო ჩემს საყვარელ ჟურნალსაც უჭირს, ამიტომ იმედი მაქვს ამ შესავლით დაინტერესებული ხალხი აუცილებლად იყიდის ”შოკოლადის” ახალ ნომერს. თქვენი გამოხმურების იმედიც მაქვს.
ვისაც ჯერ კიდევ გახსოვთ გაგრა და მისი გარეუბნები, დამეთანხმებით, ალბათ, რომ გაგრასა და სარფს შორის რაღაც არის საერთო. ეს, თითქმის ყოველთვის ნისლიანი მთები ზღვის ნაპირს უჩვეულო ფორმას და, რაც მთავარია, უჩვეულო ფერს აძლევს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მთა მოძრაობს და სადღაც, ზღვის ჰორიზონტისკენ მიემართება. ზღვისა და მთების რაღაც იდუმალი კონტაქტის ხილვა სარფში პირადად მე ”ღრმა სიჭაბუკეში” გადამიყვანს ხოლმე - გამუდმებით მახსენებს გაგრას, განთიადს, ლესელიძეს, იმ "ზონას", სადაც მთავრ დებოდა სამშობლო და იხსნებოდა ახალი სივრცე - განსხვავებული დიზაინით, ფერით, ენით. საბჭოთა კავშირი როცა დაინგრა და ლესელიძე-ვესიოლოეს გამშვები პუნქტი ოფიციალურად იქცა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრად, ეს ადგილი საბოლოოდ დამკვიდრდა ჩემს ცნობიერებაში, როგორც სამშობლოს დასავლეთი საზღვარი, როგორც ფანჯარა დასავლეთში, ე.ი. ევროპაში... არა რუსეთში, არამედ ევროპაში! მით უმეტეს, რომ 1992 წელს, ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე გადავკვეთე ეს საზღვარი მანქანით და უნგრეთისკენ გავემართე.
"პერესტროიკის" ეპოქა დამთავრებული იყო. მიხაილ გორბაჩოვმა თავისი მისია ამოწურა და ხელისუფლება ბორის ელცინს გადაულოცა. საქართველოში პუტჩი მოხდა და თბილისს "პერესტროიკის" ერთ-ერთი იდეოლოგი, ედუარდ შევარდნაძე დაუბრუნდა. საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც გამსახურდიას დამხობას დაუჭირა მხარი, დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანა პროვინციული ჩაკეტილობისგან განთავისუფლდებოდა და ედუარდ შევარდნაძე, "ბეიკერის, ბუშის, გენშერის მეგობარი", დასავლეთთან ქვეყნის ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს. თავადაც ასე თქვა, ცოტა ხანში სამშობლოს "შვეიცარიად" ვაქცევთო.
მაგრამ შვეიცარიის ნაცვლად მივიღეთ ტერიტორიებდაკარგული, დსთ-ში შეყვანილი საქართველო, რომელსაც ყველაფერთან ერთად დასავლეთის ეს საზღვარიც დაეკარგა.
გავა კიდევ რამდენიმე წელი და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე "ჩეჩენი ტერორისტების" გადაადგილების თავიდან ასაცილებლად, რუსეთი სავიზო რეჟიმს დაგვიწესებს. ატყდება დიდი ამბავი; თბილისი რუსეთის ამ ჟესტს "აგრესიად" აღიქვამს. იმ საღამოს გადაცემა მექნება "რუსთავი 2"-ში. აკაკი ასათიანი მოვა სტუდიაში და იტყვის, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ამ დღეზე - ბოლოს და ბოლოს რუსეთმა ვიზები დაგვიწესა, ე.ი. საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარაო.
ცოტა ხანში თურქეთი გააუქმებს სავიზო რეჟიმს საქართველოსთან. დასავლეთთან კონტაქტის წერტილი ლესელიძე-ვესიოლოედან გადაიწევს სარფში და ახლა თურქეთი გახდება საქართველოსთვის ცივილიზაცისთან ინტეგრაციის საშუალება. სტამბულის აეროპორტი საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობა შეუძლია, გადაიქცევა ნამდვილ ტრანზიტულ ზონად - ყოფილ საბჭოთა სივრცეში გაჭედილ საქართველოსა და დანარჩენ ცივილიზაციას შორის.
დასავლეთის საზღვრის ასეთმა გადატანამ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ნელ-ნელა შეცვალა ჩემი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ამოიწურა "პერესტროიკის" ეპოქისთვის დამახასიათებელი რუსოფილური ვნებები, მუდმივი დავა "ზვიადისტებთან" რუსეთის თაობაზე, რუსეთის წარმოდგენა დასავლეთის ნაწილად... დაიმსხვრა პირადად ჩემი ყველაზე ხანგრძლივი ილუზია - რუსული საზოგადოების ცნობიერებაში დასრულდება საბჭოთა კავშირი და საქართველოსაც ეშველება... არ მოხდა ასე - რამდენიმე წლის წინ, ბერლინში, ჩემმა მოსკოველმა მეგობარმა გულდაწყვეტილმა მითხრა, ეჰ, რა კარგი დრო იყო ბერლინალეზე მოსკოვის გავლით რომ მიფრინავდი, სტუმრად მოდიოდი ჩვენთან, ყავას ვსვამდით და ვჭორაობდითო. წელს კი, მოსკოვის კინოფესტივალზე, სწორედ ეს ჩემი მეგობარი აღმოჩნდა თანაავტორი რეტროსპექტივისა "ქართული კინო - 'ფიციდან' – 'მონანიებამდე'"... ჰო, იმ ფესტივალზე, "საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტად" წარდგენილი ბატონი ჩხეიძე რომ გამოვიდა დიდი მისასალმებელი სიტყვით - ჩემი სამშობლო, ამ შემთხვევაში, საქართველოო; უწმინდესი ილია მეორე გვეუბნება ჯერ მეზობელი და მერე მზეო... ე.ი. ჯერ თქვენ, რუსებო, და მერე მზეო...
არ ვიცი, როგორი გზით ჩავიდა ბატონი რეზო ჩხეიძე მოსკოვში. სტამბულით თუ გადაფრინდა, ისიც გაივლიდა "ტრანზიტულ ზონას" და უთუოდ დაწყდებოდა გული იმის გამო, რომ ჩრდილოეთის მეზობელთან მოსახვედრად სამხრეთის მეზობელი უნდა გაიაროს; "მართლმადიდებელ ძმასთან" მოსახვედრად "თათრების" აეროპორტში უნდა მოუწიოს ყურყუტი. რამდენადაც ვიცი, ამ უსამართლობას ეს "საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები", ყოფილი კომუნისტები (რომელთაც დღეს უკვე არა ცეკას შენობაში, არამედ საპატრიარქოში უყვართ მიბრძანება), უფრო მეტად საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აბრალებენ. კი, 90-იან წლებშიც არ მოსწონდათ ქართულ ბაზარზე თურქეთის აქტიური შემოჭრა - ხმას ავრცელებდნენ, თურქული შოკოლადი და "პეჩენია" უხარისხოა, მაგას "კრასნი ოქტიაბრის" პროდუქცია ჯობიაო, აგრესიულები არიან, ჩვენი ქალები მეძავებად აქციეს (!), არ ბანაობენო. მაგრამ დღეს, უფრო სწორად, შარშანდელი აგვისტოს შემდეგ, როცა რუსეთის წარმოდგენა "ერთმორწმუნე ძმად", უბრალოდ, სამარცხვინო გახდა, კიდევ უფრო გაძლიერდა ასეთი ტიპის ადამიანების აგრესია იმის მიმართ, ვინც რუსეთს ჩაენაცვლა - სულ ერთია, ევროპა იქნება, ამერიკა, თუ დასავლეთის სარკმელი საქართველოში - მუსულმანური თურქეთი.
თავად რუსეთში თურქეთის მიმართ ეჭვიანობა და იმ ერთმორწმუნე ხალხის სიყვარულმა, რომელიც მუსულმანთა თავდასხმის მსხვერპლი გახდა, საუკუნეებს გაუძლო. დიახაც, სიყვარულია ეს - სიყვარული, რომელიც კლავს, ახრჩობს და არა აცოცხლებს (მთლად შექსპირმა აღწერა თავის დროზე ეს ვნება)... და სწორედ ასეთი სიყვარული მგონია მე ქართულ-რუსული ურთიერთობაც.
18.07.2009
რამდენიმე დღის წინ მივხვდი, თუ ვინ არის ყველაზე დარბაისელი საქართველოში. "ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის" ახალი გენერალურ დირექტორი გიორგი არველაძეა ეგ კაცი.
გეტყვით, რატომაც. „ქრონიკას“ ვუყურებდი. არველაძე ლაპარაკობდა თავის ახალ თანამდებობაზე. ხსნიდა, თუ რის გაკეთებას აპირებდა (ჟურნალისტებმა უფრო კომფორტულად იგრძნონ თავიო) და რას არ იზამდა (სარედაქციო საქმეებში არ ჩავერევიო). მერე დაამატა, ვეცდები ჩემი დანიშვნის შემდეგ „იმედი“ კიდევ უფრო სანდო გახდესო.
ასე არ მოგსვლიათ არადროს? რომ ცდილობ სერიოზული სახის შენარჩუნებას და რომ არ გამოგდის. ჯერ მუცელში რომ გიღიტინებს, მერე ხორხში რომ ამოდის და სახეს რომ გიმანჭავს. გინდა, რომ არ შეიმჩნიო, მაგრამ სახე უკვე სულ დაგეჭმუჭნა. ერთ-ორ სიტყვას კიდევ ამოთქვამ, მაგრამ იცი, რომ მალე თავს ვეღარ შეიკავებ. ერთი ხითხითი წაგცდება და მორჩა, წახდი. იწყებ ხარხარს და უკვე ვერა ძალა ვეღარ შეგაჩერებს. რაღაც ხანს კიდევ ცდილობ სახის შენარჩუნებას, მაგრამ ცოტა ხანში ხვდები, რომ აზრი აღარა აქვს. იცინი და იცინი და ესე ხარ კარგა ხანს.
გიორგი არველაძის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ზუსტად ასე დამემართებოდა. სხვასაც, ალბათ. ზოგს შეიძლება ჟურნალისტისთვის თავზე თბილი ჩაი გადაესხა. რატომაც არა, ხო? მაგრამ „იმედის“ ახალი ხელმძღვანელი სხვა კალიბრია. ამიტომაც შეინარჩუნა ბოლომდე აუღელვებელი სახე.
წესით აქვე, სადმე ამ სიუჟეტის ბმულიც უნდა მომეყოლებინა, მაგრამ, „რუსთავი ორისგან“ განსხვავებით, „იმედი“ ამ ახალ ფენომენს, „მსოფლიო აბლაბუდას“ რომ უწოდებენ პროგრესულად მოაზროვნენი, არ ცნობს. საიტი კი აქვთ, მაგრამ რომ შეხვალ, დაგხვდება პატარა, უსარგებლო, მახინჯი არსება, რომელიც უსიყვარულოდაა შექმნილი და უყურადღებოდ მიგდებული. გინდა, რომ მიხვიდე, ორი სიტყვა უთხრა, რომ ასე მარტოდ და გამოუსადეგარად არ იგრძნოს თავი, მაგრამ თავს ვერ აიძულებ. გეტყვის - არავის ვუყვარვარ, არავის ვადგივარო და რით ანუგეშებ? ვერაფრით. მართლა ეგეთია და რა ქნას. (თუ არ დაგეზარათ და შეხვედით, ვაკანსიების ბმულსაც მიაწკაპუნეთ. ბევრი არ გექნებათ წასაკითხი.)
ჰოდა, რას გეუბნებოდით? მახსოვს, ბმული! „იმედისა“ არ გვაქვს, მაგრამ, აი, ITV-ის სიუჟეტი ამ თემაზე. სიუჟეტი კი არა, სატელეფონო ინტერვიუა, რომელსაც ერთი დიდი ნაკლი აქვს - სახე არ ჩანს. იქნებ ეღიმება კიდეც, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ. ან იქნებ თან ტელეფონზე ლაპარაკობს და თან „კაუნტერს“ თამაშობს. რომელიმე მარტივ რუკას, ლაპარაკში ხელს რომ არ გიშლის, fy_iceworld-ს ან რამე ეგეთს. თუმცა, არა! არ იქნება ეგრე! დარბაისელია და იმიტომ.
ბევრ სხვას არ შეუძლია იგივე. აი წარმოიდგინეთ, საქართველოს კულტურის მინისტრმაც რომ გააკეთოს ისეთი კომენტარი, ყველა სხვა რომ აკეთებს ხოლმე. ხომ იცით, არა, სტანდარტული: აი, ვიღაც არაკეთილმოსურნეები არიან, ვისაც უნდა, რომ საქართველო გასულ საუკუნეში დაბრუნდესო. იმ საშინელ, უგაზო, უდენო ოთხმოცდაათიანებშიო - რომ თქვას ნიკა რურუამ და დასძინოს - ქუჩაში რომ შეიარაღებული ბანდები დათარეშობდნენ და რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენო. ხომ იცით, რომელი ბანდებიც. ქალაქის ცენტრალურ უბანში რომ ცხოვრობდნენ და ყველას Aqua di Gio რომ ესხა და „მაკაროვის“ ტარს რომ ჩაარტყამდნენ თავში, ვისაც არ დაეზარებოდათ, იმათო.
როგორ გგონიათ, რა დაემართებოდა ნიკა რურუას, ეს რომ ეთქვა? მოკვდებოდა სიცილით! ჯერ ერთი, Aqua di Gio კი არა CK Obsession გვესხა, მეორეც, „მაკაროვი“ კი არა, „გლოკი“ იყო, თავში რომ ვურტყამდითო - იტყოდა. მერე წავიდოდა და ჯაკო პასტორიუსს მოუსმენდა.
ამიტომაც არის გიორგი არველაძე ყველაზე დარბაისელი კაცი საქართველოში.

ია ანთაძე
16.07.2009
გუშინ საინტერესო დღე მქონდა. დილით განსაკუთრებული დისერტაციის დაცვას დავესწარი, შემდეგ კი ერთი საათი ლელა იაკობიშვილთან საუბარში გავატარე. პატარა კაფეში ვისხედით უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან და ცივ წყალს ვსვამდით. მე ბლოგის შესახებ ვუამბე, ლელამ კი ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება გამიზიარა. მისი აზრით, ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ვარდების რევოლუციამდე კარგა ხნით ადრე მოიძებნა ზუსტი სიტყვა-მესიჯი: „კორუფცია“, რომლის გარშემო ლამის მთელი საქართველო ბუნებრივად შემოიკრიბა. ლელა ფიქრობს, რომ ამჟამინდელ საპროტესტო მოძრაობას ჯერ არ უპოვნია (იქნებ, არც უძებნია) სიტყვა, რომელიც ზუსტად ასახავდა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის თუ საზოგადოების მთავარ პრეტენზიას.
გუშინ მთელი დღე ამ სიტყვებზე ვფიქრობდი – ძველზეც და ახალზეც. „კურუფცია“ მართლაც იდეალური მესიჯი აღმოჩნდა შევარდნაძის წინააღმდეგ გასაერთიანებლად. ეს სიტყვა გასაგები იყო ყველასთვის და, იმავდროულად, პირდაპირ ან ირიბად საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეხებოდა. თავდაპირველად, ხელისუფლების შიგნით შეიქმნა ანტიკორუფციული ჯგუფები და კომისიები; მოგვიანებით, მთავრობის სხდომაზე აფრიალდა კორუმპირებული მინისტრების სახლების ფოტოები. სხვას რომ თავი დავანებოთ, თავად ედუარდ შევარდნაძემაც მრავალჯერ აღიარა ქვეყანაში კორუფციის არსებობა და ხელისუფლების ეს სენი „კიბოდ“ მონათლა. მოგვიანებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე აწყობილ საპროტესტო მოძრაობას ნიადაგი უკვე სრულად შემზადებული დახვდა.
გუშინ თვალნათლივ დავინახე, რომ ამჟამინდელ საპროტესტო მოძრაობას მართლაც ჯერ არ უპოვნია ის სიტყვა, რომელიც მეტ-ნაკლებად ზუსტად გამოხატავდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებით უკმაყოფილების შინაარსს და ხალხს თავის ირგვლივ შემოიკრებდა. პოლიტიკოსი არ ვარ და ამ სიტყვის პოვნა იმისთვის არ მჭირდება, რომ მას საპროტესტო მოძრაობა მოვარგო. მაგრამ ვგრძნობ, თავად იდეა შესანიშნავია: თუ აქტიური მოქალაქე ხარ და მმართველობითი სისტემა არ მოგწონს; თუ მიგაჩნია, რომ ქვეყანა არ ვითარდება, ან სათანადოდ არ ვითარდება; თუ პრეზიდენტის და მისი გარემოცვის იმედი აღარ გაქვს – იმდენი კი უნდა შეგეძლოს, რომ შენი პრეტენზია მათ მიმართ ერთი – ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე შინაარსიანი – ცნებით გამოხატო.
მოგვიანებით, როდესაც მანქანით ბათუმის გზას დავადექით, ჩემს თანამგზავრებს ლელას დაკვირვების შესახებ ვუამბე. მინდოდა, მათი დახმარებით მომეძებნა სიტყვა, რომელზე ფიქრმაც არა და არ მომასვენა. ნანი ბენდელიანმა, რომელიც ჩემი კოლეგა და მეგობარია, მცირედი ფიქრის შემდეგ თქვა, რომ სიტყვები, რომლებიც ყველაზე ზუსტად გამოხატავს მის პირად წუხილს არსებული ვითარების გამო, არის „ადამიანის უფლებები“. ბეჟო და მე დავეთანხმეთ, რომ ეს კარგი მიგნებაა. მაგრამ იქვე გაგვიჩნდა აზრი, რომ ადამიანის უფლებები, შესაძლოა, მეტისმეტად ბუნდოვანი ცნება იყოს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სოფლად ცხოვრობს. მართალია, ეს ორი სიტყვა ყურს აღარავის ჭრის, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტამ თუ იცის – გნებავთ, ქალაქად და, გნებავთ, სოფლად – როდის და როგორ არღვევს პირადად მის უფლებებს ხელისუფლება. მცირე განსჯის შემდეგ „ადამიანის უფლებები“ დავიწუნეთ.
როდესაც ბეჟოს ჯერი დადგა (ბეჟან თურმანიძე ჩემი დისშვილია), მან თქვა, რომ, შესაძლოა, ყველაზე მძაფრი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ გამოხატოს სიტყვამ „უმუშევრობა“. თავიდან ნანის და მე ეს სიტყვა მოგვეწონა, რადგან მას, „ადამიანის უფლებებისგან“ განსხვავებით, სრულიად მკაფიო შინაარსი აქვს. თანაც, დღევანდელ საქართველოში თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომელსაც უმუშევრობის პრობლემა მეტად ან ნაკლებად არ შეჰხებია. მაგრამ რამდენიმე წუთში „უმუშევრობაც“ დავიწუნეთ, რადგან თავად სიტყვა კი ასახავს მტკივნეულ პრობლემას, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს პრობლემა ყველაზე არსებითია დღევანდელ ქართულ რეალობაში.
ჩემი სიტყვა წინა ორზე უარესი გამოდგა: „განუკითხაობა“. იმას ვგულისხმობდი, რომ ხელისუფლებას სრულებით ვერ აკონტროლებს ხალხი, რომელიც, წესით და რიგით, მისი ძალაუფლების ერთადერთი წყაროა. ამიტომაც ხელისუფლება ყოველთვის ისე იქცევა, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ; არავის არაფერს ეკითხება არც მანამ, სანამ საქმე გაფუჭდება და არც იმის შემდეგ... მაგრამ როდესაც სიტყვას ამდენი განმარტება სჭირდება – ამას ვგულისხმობდი და იმას ვგულისხმობდიო – საყოველთაო საყვედურის გამოსახატად ის არ გამოდგება.
ამის შემდეგ მეორე სიტყვა მოვიფიქრე: „დაუცველობა“. თითქოს, ეს სიტყვა ყველაფერს აერთიანებს – ადამიანის დარღვეულ უფლებებსაც, უმუშევრობასაც, ხელისუფლების განუკითხაობასაც... წესით, ეს სიტყვა გასაგები უნდა ყოფილიყო თითოეული ადამიანისთვის, ვინც თავს დაუცველად გრძნობს საქართველოში. მაგრამ, საბოლოოდ, ამ სიტყვაზეც უარი ვთქვი, – თუნდაც, ჩვენს ბლოგზე ბევრი კომენტატორია, რომელიც არასოდეს დასთანხმდება, რომ ამ სიტყვით გამოვხატოთ ხელისუფლების საქმიანობის ძირითადი უარყოფითი შედეგი.
საქმე მარტო ის კი არ არის, ვინ დაგვთანხმდება და ვინ – არა. საქმე ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი, შესაძლოა, მართლაც არ გრძნობდეს თავს დაუცველად. არ იქნება სწორი, ადამიანს თავს ძალით მოვახვიოთ აზრი, გინდა თუ არა, დაუცველი ხარო. სხვა რომ არაფერი, არ დაიჯერებს.
შესაძლოა, იკითხოთ, – კი მაგრამ, რა საჭიროა მაგ უპოვნელი სიტყვის ძებნაო? რაკი ბოლო კვირების განმავლობაში სულ იმაზე ვწერთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი დღევანდელი ჩიხური ვითარებიდან – როდესაც ხელისუფლებას არც სტაბილურობის ძალით შენარჩუნება შეუძლია და არც ძალაუფლების თუნდაც ნაწილის ნებაყოფლობით დათმობა – მნიშვნელოვანი მგონია, საზოგადოებამ მკაფიოდ ჩამოაყალიბოს, რა არის ხელისუფლების მიმართ ყველაზე არსებითი პრეტენზიის შინაარსი. ეს თავად საზოგადოებასაც დაეხმარება და, შესაძლოა, ხელისუფლებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს. თუ „სიტყვას“ სწორად მოვძებნით, ბოლოს და ბოლოს, ის მაინც გაირკვევა, რა სფეროში უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლების მხრიდან დათმობა.
ძვირფასო ბლოგერებო, მომეხმარეთ იმ სიტყვის პოვნაში, რომელიც ხელისუფლების მთავარ ნაკლს ასახავს. ეს პროცესი, ალბათ, საინტერესო იქნება ხელისუფლების მომხრეებისთვისაც და მოწინააღმდეგეებისთვისაც. ვეძებოთ სიტყვა და თუკი ვიპოვნით, დანამდვილებით მგონია, რომ ის თავად მიგვანიშნებს სამომავლო ნაბიჯებზე. როგორც ყოველთვის, თქვენი იმედი მაქვს.
10.07.2009
„თავისუფლების ინსტიტუტი“ რომ არაპოპულარულია და თითქმის ყოველთვის არაპოპულარული იყო - ამაზე, ალბათ, შევთანხმდით.
მეც შემიძლია გავკრა კბილი. რით ვარ სხვებზე ნაკლები?
სააკაშვილის ხელისუფლებასთან სიახლოვე და, ამავე დროს, არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყების თითქმის მუდმივი ადვოკატობა, გულგრილობა სოციალური სფეროს მიმართ, ქალთა, სექსუალურ უმცირესობათა, მოხუცთა, ბავშვთა, ინვალიდთა უფლებების მიმართ.
ეს პრეტენზიები შეიძლება წავუყენოთ „თავისუფლების ინსტიტუტის“ აქტივისტებს და მერე, რა თქმა უნდა, მათაც მოვუსმინოთ. გავიგოთ, იქნებ ვცდებით... ან, იქნებ, რაღაც არ ვიცით?
თუმცა, ლევან რამიშვილის ინსტიტუტის კრიტიკოსებს რატომღაც სულ სხვა „სფერო“ აქვთ აჩემებული - უფესვობა!
დიახ, დიახ - უფესვობა. რაც განსხვავებულ პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ ჯგუფებში, განსხვავებულადაა ახსნილი. გასაგებია, რომ ჯონდი ბაღათურიას სტილის პოლიტიკოსისთვის, ასეთი „უფესვო“ ეკლესიების დამანგრეველსა და მსოფლიო მასონური შეთქმულების მონაწილეს ნიშნავს. მაგრამ, ცოტა არ იყოს, უცნაურია, რომ ამ ორგანიზაციას „უფესვობას“ და „უსიყვარულობას“ უკვე ის ადამიანები აბრალებენ, რომლებმაც თავად გამოსცადეს (ჯონდი ბაღათურიას სტილის პოლიტიკოსებისგან), რაოდენ მტკივნეულია, როცა სამშობლოს სიძულვილს გაბრალებენ.
ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან საყვარელი ადამიანისგან მოვისმინე, რომ ლევან რამიშვილს „ოჯახი ვერ შეუქმნია“ და აბა, რაიმე ფასეულს როგორ შექმნის?.. კვირაში კიდევ ერთი, ასევე ძალიან საყვარელი ადამიანისგან მოვისმინე, რომ ქართულ სოფელს მიზანდასახულად აჩანაგებენ. რაც ბუნებრივია: შევხედოთ „თავისუფლების ინსტიტუტის“ აქტივისტებს - მათ ხომ არ უყვართ სამშობლო! მათ ხომ არა აქვთ ფესვები!
საყვარელო ადამიანებო! რა გჭირთ?
მესმის, რომ ძნელია, მთელი ცხოვრება გაუძლო ფანატიკოსთა კენჭებს, ქვებს და ლოდებს. მესმის, რომ ძნელია მთელი ცხოვრება ატარო ტვირთი, რომელიც წყვდიადში გაჭედილმა ბრბომ აგკიდა. მესმის, რომ გინდა მოიშორო ეს სტიგმა და ხალხს უთხრა: „მე სულაც არა ვარ ისეთი, თქვენ რომ გგონიათ. მეც მიყვარს ჩემი ქვეყანა!“ მესმის, რომ რაღაც ასაკში ადამიანი იღლება ბრძოლისგან და თავის ხალხში ყოფნა უნდა - უხარია, როცა ეს ხალხი თავისიანად მიიჩნევს.
მაგრამ იმისათვის რომ დაგიჯერონ, ნუთუ აუცილებელია დააყოლო, რომ გძულს ვიღაც? მაგალითად, „თავისუფლების ინსტიტუტი“?
უბედურება ისაა, რომ უძღები შვილის ხალხში დაბრუნების ეს აქტი სხვისი დამცირების, შეურაცხყოფის, ზოგჯერ კი, უბრალოდ, წყევლა-კრულვის ხარჯზე ხდება. „რაც შეიძლება აუგად მოიხსენიე ის, ვინც არაა პოპულარული და აუცილებლად ჩაგიკრავენ გულში“ - ეს გახდა ჩვენი ცხოვრების პრინციპი, რომლისგანაც, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს ვერ გავთავისუფლდებით.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხალხს დაურიგეს ჯადოსნური სასწორები, რომლებითაც შეიძლება გაიგო, ვინ რამდენი გრამი პატრიოტია, რამდენი გრამი მართლმადიდებელი, რამდენი გრამით უყვარს, რამდენი გრამითაა ხელისუფლების ერთგული და რამდენი გრამით - ოპოზიციისა... ჰოდა, სასწორმომარჯვებული ქართველი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მღვდლები, მომღერლები, ტელევარსკვლავები, მწერლები, რეჟისორები ტელეკამერების წინ დადგებიან და „აწონილის შედეგებს“ გვიზიარებენ.
ამხელენ!
ქართული პოლიტიკურ-კულტურული სივრცე ცარიელ მხილებად იქცა. ამხელენ პოლიტიკურ ოპონენტებს, თუმცა თითქმის არასდროს ამბობენ, თავად როგორ მოიქცეოდნენ კონკრეტულ სიტუაციაში. ამხელენ არაპოპულარულ სოციალურ ჯგუფებს, ინსტიტუტებს, ადამიანებს... ვიღაცას არ უყვარს სამშობლო, რადგანაც „მოსყიდულია“, „აგენტია“; ვიღაცას არ უყვარს სოფელი, ბუნება, რადგან „არაბუნებრივია“, „ანომალიაა“; ვიღაცას არ უყვარს ეკლესია, რადგან ღამ-ღამობით სატანისტთა შეკრებებზე დაძვრება... სხვისი მხილება საზოგადოებაში დამკვიდრების საუკეთესო საშუალება ხდება; თუ სხვაზე იტყვი, სამშობლო არ უყვარსო, ვიღაც-ვიღაცები დაიჯერებენ, რომ თავად მგზნებარე პატრიოტი ხარ. თუ სხვაზე იტყვი, კონფორმისტია და კარიერისტიო, დააჯერებ, რომ წესიერი ხარ, რომ შენი მოსყიდვა შეუძლებელია. სხვაზე თუ იტყვი, პედერასტიაო, ყველას მაგარი მაჩო ეგონები!
ჰოდა, ამ თქმა-ართქმაში, ამ ურთიერთმხილებაში, ამ აგენტომანიასა თუ ტოტალურ „პედერასტიაში“ საზოგადოება უკვე კატასტროფულად რადიკალიზებული ხდება. გია ნოდია, 24 ივნისის „24 საათში“, საზოგადოების გახლეჩასა და ორად გაყოფას ბუნებრივად მიიჩნევს დემოკრატიისათვის. მე კი არ მესმის, რატომაა „ორად გახლეჩა“ პლურალიზმის გამოხატულება. „გახლეჩა“ იმდენად არ მაკვირვებს, - რადგან დიდად არც მე მჯერა საყოველთაო ადამიანური ჰარმონიისა და სამოთხის (თუმცა გულით ძალიანაც მინდა, რომ ვცდებოდე) - რამდენადაც მაკვირვებს „ორად გახლეჩის“ წარმოდგენა პლურალიზმად.
რატომ მხოლოდ ორად? რატომ მილიონად არა? სამ მილიონად? რატომ არ შეიძლება, არსებობდეს არა ორი, არამედ სამი, ოთხი მილიონი აზრი? იქნებ სწორედ ასეთმა მრავალფეროვნებამ გაათავისუფლოს საზოგადოება რადიკალიზმისგან? იქნებ ამ ქვეყანაში ამის მერე მაინც აღარ დასვან კითხვა „შენ ვის გვერდით დგახარ?“ და რომელიღაც პოპულარულ პოლიტიკურ, თუ სოციალურ ჯგუფში დამკვიდრების მიზნით სხვისი ღირსება არ შეურაცხყონ?
თუ ასე არ გამოდის, რა იქნება, ჩვენც გვათხოვონ ის მაგიური სასწორი ქართველმა საერო და სასულიერო მოღვაწეებმა. გვათხოვონ იმ ხალხს, ვისაც კითხვები გვტანჯავს - კითხვები, რომლებიც მუდმივად ახლავს საკუთარი თავის შეცნობას. თორემ იმდენს იზამენ, მართლა დავიჯერებთ, რომ არ გვიყვარს ეს ქვეყანა, არ გვაქვს ფესვები და არაფერი ფასეულის შექმნა არ შეგვიძლია.
09.07.2009
მოკლედ, კვერცხისა და ქათმის ამბავია... ოღონდ, ცოტა შორიდან უნდა გამოვყვე.
ბატონმა სოლომონმა შეადგინა თერთმეტპუნქტიანი გეგმა – „მთავრობისა და ოპოზიციის შეთანხმების პირობები“. მანვე, ჩვენი ბლოგის კომენტატორების დახმარებით, გეგმა ოდნავ ჩაასწორა, საბოლოოდ, 12 პუნქტად ჩამოაყალიბა და მთხოვა, „შეთანხმების პირობები“ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის გამეცნო. ბატონ სოლომონის მიმართ ღრმა პატივისცემის ფონზე, ამ იდეასთან დაკავშირებით ერთი კითხვის ნიშანი მაქვს და ერთიც – მხარდამჭერი არგუმენტი.
კითხვის ნიშნით დავიწყოთ. პოლიტიკური დაპირისპირების პროცესში მოლაპარაკება მეტად ქმედითი და ფაქიზი იარაღია. ამ იარაღს თითოეული მხარე პასუხისმგებლობით ეკიდება და სათავისოდ იყენებს - მათ შორის, ის პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან (მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი ან ნინო ბურჯანაძე), ამით მხოლოდ ამკვეთრებენ და ზრდიან პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. დაპირისპირებული მხარეების სამოქმედო გეგმებში მთავარი ორიენტირი სწორედ მოლაპარაკებაა – ვინ რა რესურსით მივა იმ მომენტამდე, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, შეთანხმების პირობების განხილვა უნდა დაიწყოს. თუ პროცესი იმგვარად წარიმართება, რომ მოლაპარაკება არ შედგა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ერთი მხარე პირწმინდად მოგებული დარჩება, მეორე კი – პირწმინდად წაგებული.
ამიტომ პირადად მე პოლიტიკური კონფლიქტის დროს მოლაპარაკება მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების საქმე მგონია. შეუძლებელია, ექსპერტებმა, ინტერესთა ჯგუფებმა ან საზოგადოების წევრებმა პოლიტიკოსებს შეუკვეთონ მოლაპარაკება ამა თუ იმ დროს და ამა თუ იმ პირობით. ეს პროცესში ჩარევას ნიშნავს ერთ–ერთი მხარის სასარგებლოდ, რაც მეორე მხარეს განსაკუთრებულად აღიზიანებს.
რა მდგომარეობა გვაქვს დღეს? 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო ტალღის ამჟამინდელ ეტაპზე ხელისუფლებამ ისე მოუგო ოპოზიციას, რომ მასთან მოლაპარაკება, ფაქტობრივად, არც უცდია (არ დასჭირვებია!). მაგრამ, როგორც წინა ბლოგში ვწერდი, სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ერთი მისხალიც არ დათმო და ხალხის ძალაუფლება მთლიანად უგულებელყო, მან დაპირისპირების ეს ეტაპი ერთმნიშვნელოვნად წააგო საზოგადოებასთან. ამიტომ ბუნებრივიც კი მეჩვენება, რომ ბატონ სოლომონს (და არა მხოლოდ მას) გაუჩნდა სურვილი, მთავრობისა და ოპოზიციის შეთანხმების პირობების მოკარნახე ამ ეტაპზე სწორედ საზოგადოება გამხდარიყო.
მაგრამ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ სერიოზული მნიშვნელობა მიანიჭოს ოპოზიციასთან შეთანხმების თაობაზე საზოგადოების შეთავაზებას (გნებავთ – მოთხოვნას), სულ მცირე, პრეზიდენტმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ საკუთარი შეცდომა უნდა გააცნობიეროს. ხელისუფლება თავს გამარჯვებულად მიიჩნევს, რაც კარგად ჩანს როგორც პრეზიდენტის, ისე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების რიტორიკაში. ისინი ხედავენ და საჯარო გამოსვლებში ხაზგასმით აღნიშნავენ საკუთარ გამარჯვებას ოპოზიციაზე, მაგრამ ვერ ხედავენ ან სრულიად უგულებელყოფენ საკუთარ მარცხს საზოგადოების პროტესტულად განწყობილი ნაწილის წინაშე.
ამიტომ, ვიდრე საზოგადოება ხელისუფლებას იმ პირობებს უკარნახებს, რაც, პირველ რიგში, თვითონ ხელისუფლებას გამოიყვანს ჩიხიდან, აუცილებელია, პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ გააცნობიეროს და აღიაროს, რომ ძალაუფლების ნაწილი ხალხს ეკუთვნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული ვითარების ფონზე, „შეთანხმების პირობების“ შესახებ ნებისმიერი შეთავაზება იმდენად შეუსაბამოა, რომ ხელისუფლების თვალში, დარწმუნებული ვარ, სასაცილოდ გამოიყურება.
მეორე მხრივ, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაც დამარცხებულია (საკუთარ ხალხთან) და ოპოზიციაც (ხელისუფლებასთან), განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ფაქტორი. ამიტომ მიმაჩნია დიდ საქმედ ჩვენს ბლოგზე გამართული დისკუსიები და, მათ შორის, თორმეტპუნქტიანი გეგმის ჩამოყალიბება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ, ძალზე მნიშვნელოვანი პროცესის ინიციატორები გავხდეთ.
შესაბამისად, ბატონი სოლომონის გეგმის შემხვედრი წინადადება მაქვს: იქნებ, პირველ რიგში, იმაზე ვიზრუნოთ, როგორ გავაცნობიერებინოთ და ვაღიარებინოთ ხელისუფლებას, რომ ათიათასობით მოქალაქის პროტესტის იგნორირება მისი მძიმე შეცდომაა. ვფიქრობ, მთელი ჩვენი პიროვნული და ინტელექტუალური რესურსი ახლა ამ საქმეს უნდა მოვახმაროთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დარწმუნდება, რომ ძალაუფლება ეკუთვნის არა მხოლოდ მას, არამედ ქვეყნის მოსახლეობასაც (მათ შორის, მოსახლეობის პროტესტულ ნაწილს), შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებაზე საუბრის განახლება და შეთანხმების პირობების შეთავაზება.
როცა კვერცხისა და ქათმის ამბავი ვახსენე, სულ სხვა რამეს ვგულისხმობდი – ვანო მერაბიშვილის „ხერხემლობის“ კორელაციას ბატონი სოლომონის გეგმის განხორციელებასთან. შორიდან დავიწყე და სულ სხვაგან აღმოვჩნდი. მაგრამ, მგონი, სწორ გზაზე ვდგავარ. შეთანხმების კონკრეტული პირობების განხილვა მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს რეალურ მნიშვნელობას და შინაარსს, რაც ხელისუფლებას საზოგადოების ძალაში, თვითორგანიზების უნარსა და მიზანსწრაფულობაში დავარწმუნებთ. საჯარო გამოსვლების გარდა, ჯერჯერობით სხვა ხომ არაფერი გვიცდია?! თითოეული ჩვენგანის სურვილი, რამე გავაკეთოთ ჩვენი საერთო სამშობლოსთვის, ახლა ამ მიზნის მისაღწევად უნდა გავაერთიანოთ. ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ვიმოქმედოთ და ხელისუფლებას ჩვენი ძალა ვაღიარებინოთ.
თუ რამე შეგვიძლია, ახლა უნდა გამოჩნდეს.
09.07.2009
ეს სტატია რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა ჟურნალ „ანაბეჭდში“. გადავწყვიტე აქაც დამედო. იმიტომ, რომ რატომაც არა, იყოს ინტერნეტშიც. ცოტა შევამოკლე და განვაახლე და ასეთი გამოვიდა:
ალბათ მოხვედრილხარ ისეთ ადგილას, სადაც ყველა მუსიკაზე ლაპარაკობდა. თან ისეთ ჯგუფებს და მიმდინარეობებს ახსენებდნენ, რომლებიც არც კი გსმენია. შეიძლება ეჭვმაც კი გაგკრა გულში, არ იცის ამ ხალხმა არაფერი და ისე ლაპარაკობსო, მაგრამ თავი მაინც სულელად და გაუნათლებლად გიგრძვნია. თუ ასეა, ეს სტატია შენთვისაა.
თანამედროვე მუსიკაზე ავტორიტეტული ლაპარაკი არ არის რთული. მთავარია სწორ დროს სწორი სახელების ხსენება და ჭკვიანური სახით ლოყების ბერვა. ამავე დროს საჭიროა რამდენიმე მარტივი წესის დაცვა და ვუალა, უკვე შეგიძლია დანარჩენ კაცობრიობას ზემოდან უყურო, რადგან ყველაზე კარგი გემოვნება გაქვს.
საკუთარი და დასავლელი ექსპერტების, პირველ რიგში დოქტორ დევიდ თორპის, გამოცდილებით შექმნილი ჩვენი სახელმძღვანელო სულ რაღაც სამ გაკვეთილში გაქცევთ მუსიკალურ სნობად. ამაზე უკეთესი კი რა შეიძლება ინატროს კაცმა? ალბათ არაფერი.
გაკვეთილი პირველი: 5 მცნება
ჭეშმარიტ მუსიკალურ სნობს 5 მცნება აქვს. ამ ოქროს ხუთეულის სწორად შესრულების შემთხვევაში მუსიკაზე კამათისას ვერავინ გაჯობებს. პირიქით, შეგეძლება სხვების მორალურად დაჩაგვრა და განადგურება.
1. აგრძნობინე მოსაუბრეს, რომ მასზე ბევრად მეტი იცი.
2. არასოდეს მოიწონო მოწინააღმდეგის დასახელებული მუსიკა.
3. არასოდეს აღიარო რას უსმენ თავად (გამონაკლისია მეხუთე წესი).
4. ახსენე რაც შეიძლება მეტი უცნობი ჯგუფი და შემსრულებელი.
5. აირჩიე ერთი ჯგუფი და გახდი მისი ბრმა მიმდევარი.
გაკვეთილი მეორე: ...თქვენ მკვდრებისგან დატოვებული კვალით გაგვიცნობთ
სნობის მეორე მცნების ცხოვრებაში გატარებას ორი სიტყვის დამახსოვრება ჰყოფნის. ყველაფერი ან პრიმიტიულია (პროგრესულ როკს უსმენ? როგორ შეიძლება მაგ პრეტენზიული ნაგვის სმენა, თავი ვინ ჰგონიათ, მუსორგსკი?) და ან პრეტენზიული (პანკ როკი გიყვარს? ეს ხომ პრიმიტიული მუსიკაა, მეხუთე აკორდი ისწავლონ და იქნება მოვისმინო კიდევაც). ეს ორი სიტყვა საშუალებას გაძლევს, რომ მიწასთან გაასწორო მოწინააღმდეგის საყვარელი მუსიკის უდიდესი ნაწილი.
ეს, რაც შეეხებოდა შეტევას. კარგი სნობი მუდამ მტრიანია და ამიტომ თავდაცვისთის უნდა იყოს მზად. პაექრობის დროს მოწინააღმდეგე აუცილებლად დაგისახელებს ჯგუფს ან შემსრულებელს, რომელიც არასდროს გაგიგია. ყველაფერი ხომ არავის აქვს მოსმენილი. რას ვაკეთებთ ამ დროს?
თეთრები იწყებენ: ქსიუ ქსიუ მოგისმენია?
არასწორი სვლები:
ა. არა, არ მომისმენია (სნობობის ხარისხი ვარდება. თეთრები იგებენ. ვაი, სირცხვილო!)
ბ. კი, მომისმენია (თეთრები იღებენ ხარისხობრივ და ტერიტორიულ უპირატესობას, ტყუილში ადვილად გიჭერენ, მუდმივი ქიში. შავები ნებდებიან).
გ. გამიგია, მაგრამ არ მომისმენია (ეს ყველაზე ჩმორული პასუხია მსოფლიოში).
სწორი სვლის გასაკეთებლად საჭიროა შეტევის მოგერიება და სწრაფი კონტრშეტევის განხორციელება. აი, ორი მაგალითი:
ა. ქსიუ ქსიუ? რომელია მაგათი ლეიბლი? (ძლიერი სვლაა. დიდი შანსია, რომ მოწინააღმდეგეს წარმოდგენა არა აქვს საერთოდ რა არის ლეიბლი. ამავე დროს იგულისხმება, რომ ეს აუცილებელი ინფორმაციაა, რომელსაც ის არ ფლობს. შამათი.).
თუ მოხდა სასწაული და მოპაექრემ იცის, რომელია ქსიუ ქსიუს ლეიბლი (5 Rue Christine, მაგრამ ითვლება ასევე Absolutely Kosher და States Rights Records), მაშინ პასუხობ, ააა, გამახსენდა, მაგათი კომპილაცია მაქვს მოსმენილი. პატი.
ბ. ქსიუ ქსიუ? მაგათი სიმღერა მაქვს ტაკემურას ბოლო ფილმის საუნდტრეკზე. „ყვითელი მზე“ ჰქვია, მგონი. არ გინახავს? მაგარი ფილმია. (ასევე ძლიერი სვლაა. აჩვენებ, რომ ჯგუფი იცი და ამავე დროს სახეში გააწნი რეჟისორის გვარს, რომელიც მას ნამდვილად არ გაუგია. ანდა საიდან გაიგებდა, თუ იმ წუთში გამოიგონე. მუდმივი ქიში, თეთრები ნებდებიან).
გაკვეთილი მესამე: აი, რა მიყვარს
მეხუთე წესის სწორად შესრულება რთულია, მაგრამ აუცილებელი. ბოლოს და ბოლოს, რაღაც ხომ უნდა მოგწონდეს? მოწონება შეიძლება გამოხატო სამი სახით: ირონიული თაყვანისცემით, ლანძღვანარევი შექებით და მონური მორჩილებით.
ირონიული თაყვანისცემა:
ვიღებთ ყველასაგან გალანძღულ ჯგუფს ან შემსრულებელს და ვიწყებთ მის ქებას. საიდუმლო იმაშია, რომ ჯგუფი იმდენად ცუდი უნდა იყოს, რომ მოსაუბრეს ეჭვი არ უნდა შეეპაროს რომ ხუმრობ, მაგრამ შენ მუდამ უნდა ამტკიცო, რომ ყოვლად სერიოზულად ლაპარაკობ. ჯგუფი ან შემსრულებელი უნდა იყოს შედარებით ძველი, „ლინკინ პარკის“ ან „ბლინკ 182-ის“ მოწონება მხოლოდ თავს მოგჭრის. კარგი არჩევანი იქნებოდა“ სნეპი“ ან „დურან დურანი“.
ლანძღვანარევი შექება:
განკუთვნილია ისეთი ჯგუფებისა და შემსრულებლებისათვის, რომელსაც პირდაპირ ვერ აგინებ. ტომ უეიტსი, „ველვეტ ანდერგრაუნდი“, იგი პოპი, ფრენკ ზაპა მუსიკალური სნობების კერპები არიან და მათთან ჭიდილი კარგს არაფერს მოგიტანს. თუმცა, ყოველთვის შეიძლება აღნიშნო, რომ მათი ადრინდელი ნამუშევარი ბევრად სჯობდა ახლანდელს. ამოატივტივე ორი ჯადოსნური სიტყვა: „პრიმიტიული“ და „პრეტენზიული“ და უკვე მზადა ხარ კერპებთან საბრძოლველად. მაგალითად: კარგი რა, ლუ რიდი მაგარი იყო, მაგრამ ენდი უორჰოლით იყო მაგარი და კიდევ ჯონ კეილით, თორემ მერე ხომ გამოჩნდა, რომ ის პრეტენზიული სნობია, რომელიც ჩუმად მისტირის თავისი დიდების 15 წუთს (რაც უფრო კატეგორიული ხარ და მეტ სახელს ახსენებ, მით უფრო გიჯერებს ხალხი).
მონური მორჩილება:
იღებ ერთ და მხოლოდ ერთ ჯგუფს ან შემსრულებელს და იწყებ მის მონურ თაყვანისცემას. ყოველ საუბარში ათჯერ მაინც ახსენებ მის სახელს და სხვა ჯგუფებს ადარებ. გამარჯვებული, რა თქმა უნდა, ყოველთვის შენი რჩეული გამოდის. ეს რთული საქმეა და საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე. არ აირჩიო ცნობილი საკულტო ჯგუფი. თუ „სმითსი“ ან ბობ დილანი აირჩიე, ადრე თუ გვიან შეგხვდება მათი ნამდვილი თაყვანისმცემელი და ან ჯონი მარზე დაგიწყებს ლაპარაკს და ან კიდევ 1965 წლის ნიუპორტის ფესტივალზე. გინდა ახლა ეს შენ? ამიტომაც უნდა დაუმიზნო შედარებით ნაკლებად ცნობილ შემსრულებელს. იდეალური ვარიანტია მარკ ელიოტ სმითი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მისი სახელი ცოტამ იცის. მეორე იმიტომ, რომ მას ქვიშაზე უმრავლესი ალბომი აქვს გამოშვებული და თავისუფლად შეგიძლია, რაც გინდა, ის ილაპარაკო, ვერავინ შეგედავება.
ეს, ასე ვთქვათ სნობიზმი 101-ია (წარმოითქმის უან ოუ უან). ჭეშმარიტმა სნობმა კიდევ ბევრი ნიუანსი იცის. ვინძლო, შენც ასეთი ხარ. ქვევით კომენტარის ჩასაწერ ადგილს ხედავ? იცი რისთვისაა? ჰოდა, მოიყვა!
07.07.2009
„სადილი ბალახზე“, რომელიც ოგიუსტ რენუარის ვაჟმა, ჟან რენუარმა 1959 წელს გადაიღო, დიდი მაესტროს ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ ფილმად ითვლება.
მე ძალიან მიყვარს.
სურათის გმირი, პროფესორი ალექსისი, ორი იდეის ერთგულია - ევროპის გაერთიანების და ხელოვნური განაყოფიერების, რომლითაც შესაძლებელია „ჯანმრთელი, საღი, უნაკლო არსების გამოყვანა“. პროფესორი აპირებს, იქორწინოს გერმანელ ბიძაშვილზე, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების წესის დიდი პროპაგანდისტია. მაგრამ ყველა მისი იდეა ინგრევა, ყველა მისი პროექტი განუხორციელებელი რჩება - პროფესორ ალექსისს... ერთი სოფლელი გოგო შეუყვარდება. ბუნება აქ იმარჯვებს ცივილიზაციის ტექნოლოგიაზე, რომელმაც, რენუარის თქმით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამყაროს დაყოფაზე ვერტიკალის მიხედვით, ე.ი. იმისდა მიხედვით, თუ ვის როგორი ადგილი აქვს მოპოვებული საზოგადოებაში. პროფესორი უარს ამბობს გაერთიანებული ევროპის პრეზიდენტის პოსტზე. ფილმის რეჟისორი, ჟან რენუარი, კი პირდაპირ აღიარებს, რომ არ სჯერა ტექნიკური პროგრესის. უფრო სწორად, არ სჯერა, რომ მეცნიერების განვითარებამ შეიძლება რეალური სარგებლობა მოუტანოს კაცობრიობას.
რენუარმა-შვილმა თითქოს „გაიმეორა“ ის, რასაც, ფაქტობრივად, ფერწერაში ქადაგებდა მამამისი. ფილმში „სადილი ბალახზე“ ჟან რენუარმა გაგვახსენა, რომ სიცოცხლეში ყოველი წამი განუმეორებელია; ყოველ წამს თავისი სინათლე, თავისი ფერი, თავისი ხმა ახლავს და ვერავინ და ვერაფერი ვერ შეძლებს, ბოლო მოუღოს ამ მრავალფეროვნებას: ვერც პოლიტიკა, ვერც მეცნიერება, ვერც თანამედროვე ტექნოლოგიები.
„რატომ? ევროპა ხომ გაერთიანდა? ე.ი. რენუარის წინასწარმეტყველება მაინცდამაინც არ გამართლდა“ - იტყვით თქვენ. შეიძლება მეცნიერების უახლესი მიღწევებიც ჩამოთვალოთ... შეიძლება რენუარზე არანაკლებ ავტორიტეტული ხალხიც გაიხსენოთ - თუნდაც, ჟან ბოდრიარი - რენუარის თანამემამულე, ფილოსოფოსი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტექნიკური რევოლუციის პროცესში ადამიანი ბოლოს და ბოლოს იკითხავს, ვინაა იგი - მართლა ადამიანი თუ მხოლოდ და მხოლოდ კლონი?
ბოდრიარისთვის პროგრესის ერთ-ერთი გამოხატულება მაიკლ ჯექსონი იყო - „ჩვილი-ღმერთი“, „ჩვილი-პროთეზი“, ყველა წარმოსადგენი მუტაციის ემბრიონი, რომელმაც, ფრანგი ფილოსოფოსის თქმით, დაამტკიცა, რომ შესაძლებელია ერთი რასის თუ სქესის კუთვნილებისგან განთავისუფლება... ანუ, ევროპა თუ გაერთიანდა, სამყარო თუ ერთიანდება, თუ მაკდონალდსის „კატლეტი“ აბსოლუტურად ერთნაირია ოსაკასა თუ ჩიკაგოში, პეკინსა თუ მურმანსკში, რატომ არ შეიძლება რასების, სქესების გაერთიანება? ადამიანების გადაქცევა მაიკლ ჯექსონის მსგავს არსებებად, ბოდრიარის სიტყვებით - „ჰერმაფროდიტებად ფრანკენშტაინის სტილში“?
კი, როგორ არ შეიძლება! ყოველი ჩვენგანი დღე-ღამის რაღაც ნაწილს ხომ ატარებს უკვე ვირტუალურ გარემოში? ვირტუალურ-ანონიმური ურთიერთობა ინტერნეტფორუმებში, უფრო მეტიც, ვირტუალურ-ანონიმური სექსიც კი ჩვეულებრივი ამბავი ხდება (როგორც ამბობენ, შიდსის ეპოქაში ყველაზე უსაფრთხო)... ჰოდა, თუკი ყოველი ჩვენგანი უკვე მუშაობს და ერთობა ამ ხელოვნურ სივრცეში, რა არის უცნაური გენდერულ და რასობრივ „მიქსში“, რომელიც მაიკლ ჯექსონმა საკუთარი სხეულისგან შექმნა? რატომ გვიკვირს მაიკლ ჯექსონის სურვილის, გაეყინა თავისი სხეული, როცა ადამიანთა არცთუ ისე მცირე ნაწილს გულის სიღმეში იმედი აქვს, რომ არასდროს მოკვდება... რაღაცას მოიგონებს მეცნიერება!
მანამდე შეიძლება სხეულის გაკაჟება-გალამაზებით შევიქციოთ თავი, ანუ ვებრძოლოთ ჩვენს სხეულს, ჩვენს სახეს. სხვები მოვატყუოთ და თავიც მოვიტყუოთ.
მაიკლ ჯექსონის მოულოდნელმა სიკვდილმა და იმ შოუმ, რომელიც სახელგანთქმულ შოუმენს მოუწყვეს სიკვდილის შემდეგ, ოდნავ შეგვაშინა და ჩაგვაფიქრა. აღმოჩნდა, რომ სხეულის გაუმჯობესების იდეა თავის თავში მოიცავს საპირისპიროს - სხეულის დანგრევისა და დაშლის ვნებას. აღმოჩნდა, რომ ბუნება (როგორ მოძველებულად ჟღერს ეს სიტყვა, არა?) ისევ არ თმობს ძალაუფლებას და ისევ სასტიკია მაშინ, როცა მას არაფრად აგდებენ. აღმოჩნდა, რომ „სადილი ბალახზე“ ჟან რენუარის გენიალური ფილმია, თავისებური კინოწინასწარმეტყველება ადამიანისა, რომელმაც „ზომის“, პროპორციის, ბუნების ღვთაებრიობას მთელი შემოქმედება მიუძღვნა და მთლიანად განდევნა კინოდან მოგონილი, ხელოვნური, ყალბი.
მაგრამ მაიკლ ჯექსონის მოულოდნელი სიკვდილი, შესაძლოა, სულაც არ იყოს მაგალითი იმისთვის, ვისაც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების ეშინია. სწორედაც რომ პირიქით; დასკვნა, რომელსაც ჯექსონის ბიოგრაფები, ჟურნალისტები, კულტუროლოგები, ფილოსოფოსები, მღვდლები პოპ-ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ აკეთებენ - „თავი დაიღუპა თავისი ამპარტავნობით“ - იმდენად კატეგორიულია და იმდენად ტირაჟირებული, რომ ჩნდება ეჭვი: ხომ არ ცდილობს ცივილიზაცია, თავისი დანაშაული მსხვერპლს - ე.ი. მაიკლ ჯექსონს გადააბრალოს? მოიხსნას პასუხისმგებლობა და ყველაფერი ჯექსონის დესტრუქციული ვნებებით ახსნას?
საკუთარი სახის უარყოფისა (პირდაპირი გაგებით) და იდენტურობის მუდმივი ცვლის სურვილს ჯექსონის ცხოვრებაში იქნებ სულაც არ განსაზღვრავდა უკვდავების მიღწევის იდეა, როგორც ამას დღეს ამტკიცებენ... არ არის გამორიცხული, რომ „ცივილიზაციის ამ ექსპერიმენტულ ვირთხას“, თავისი ბუნებრივი მდგომარეობის „მოპოვება“ უნდოდა; ანგელოზად, ე.ი. უსქესო, „უასაკო“ არსებად გადაქცევის სურვილი, შეიძლება, სწორედაც რომ დადასტურება იყო იმისა, რაც 2005 წელს, სკანდალური სასამართლო პროცესის დღეებში თქვა ექიმმა სტენ კაცმა: „მას არა პედოფილის, არამედ 10 წლის ბავშვის მენტალობა აქვს“.
პედოფილია თითქმის ყოველთვის და ყველგან ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლებოდა. პედოფილებს, ჩვეულებრივ, ლინჩის წესით უსწორდებოდნენ - ციხის გარეთ ან ციხეში. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ დანაშაულის დამტკიცება უჭირდათ, პედოფილიაში უდანაშაულო ადამიანებსაც ამხელდნენ ხოლმე; შესაბამისად, ხელისუფლება, არცთუ იშვიათად, მიზანმიმართულად ამძაფრებდა საზოგადოების სიძულვილს პედოფილების მიმართ. შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც ამბავი ეგრეთ წოდებული „რუსთაველი მანიაკისა“, რომელიც შეაგდეს ციხეში, მოჭრეს ყური... მაშინდელმა სახალხო დამცველმაც კი უარი თქვა მის დაცვაზე. ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ ეს კაცი უდანაშაულო იყო.
მაიკლ ჯექსონსაც ვერ დაუმტკიცეს ეს დანაშაული. თუმცა სიტყვათა ეს წყობა - „მაიკლ ჯექსონი - პედოფილი“ - დიდი ხანია, დამკვიდრებულია მსოფლიოში. არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჯექსონი ბავშვებთან ერთად იწვა ხოლმე ლოგინში. 2003 წლის შემდეგ, როცა ისევ ამხილეს პედოფილიაში, „მოხალისე-ბავშვებს“ ვეღარ პოულობდა და ბავშვ-მანეკენებთან ერთად იძინებდა!
მაგრამ რატომაა ეს პედოფილია?
ან რატომაა ეს არაბუნებრივი ადამიანისთვის, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა გაზრდა (არა „სიკვდილი“, არამედ სწორედაც რომ „გაზრდა“)? ჩვენ ხომ არ ვიცით, რა უძღოდა წინ ამ განცდას? რამ განაპირობა „ბავშვად“ დარჩენის ეს ვნება? უფრო მეტიც, სინამდვილეში ჩვენ ხომ არ ვიცით, რა არის მართლა „ბუნებრივი“ და რა - „არაბუნებრივი“? განა „არაბუნებრივი მოვლენები“ თავად ბუნების, სტიქიის მონაპოვარი არაა? იქნებ მაიკლ ჯექსონისთვის სწორედაც რომ ბუნებრივი იყო ეს სურვილები? იქნებ ეს იყო მისი „ზომა“, მისი პროპორცია, მისი ადგილი ამ სამყაროში? იქნებ კიდევ დიდხანს, ბედნიერად ეცხოვრა გამაყუჩებლებისა და ძლიერი საძილე საშუალებების გარეშე - რომ არა ეჭვიანი, ფარისეველი და, რაც მთავარია, ძალიან ხელოვნური, ძალიან არაბუნებრივი სოციუმი, ცივილიზაცია, წლების მანძილზე რომ კლავდა პოპ-მუსიკის მეფეს და ახლა რომ დასტირის... უფრო მეტიც, ფულსაც რომ აკეთებს ამ ტირილზე.
P.S.: http://www.youtube.com/watch?v=OO7wOwdTwB8
ამ ინტერვიუში მაიკლ ჯექსონი ჰყვება, როგორ ექცეოდა პოლიცია 2003 წელს, დაპატიმრების დღეს.
02.07.2009
ბოლო სამი დღეა, ახალი ბლოგის შინაარსზე ვფიქრობ. პროტესტი მინავლდა და, ალბათ, დადგა დრო, როცა უნდა ვთქვათ – რა მოხდა და კიდევ რას ველოდებით. ვფიქრობდი, საიდან დამეწყო სათქმელი, როდესაც წავიკითხე kotiko-ს (münster-იდან) შემდეგი კომენტარი: „ხალხს აქვს პროტესტის უფლება, მაგრამ მან ეს უფლება ბოროტად არ უნდა გამოიყენოს, პროტესტებმა ხელი არ უნდა შეუშალოს სხვა მოქალაქეების პირად და ბიზნეს საქმიანობას, ასევე ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობასაც გააჩნია უფლება, დაშალოს ასეთი დემონსტრაცია და ამ უფლებას ყოველთვის გამოიყენებს, მნიშვნელობა არა აქვს, ის საქართველოა თუ აყვავებული დემოკრატიის ქვეყანა.“
ძვირფასო კოტიკო, მაინც არის ერთი არსებითი განსხვავება საქართველოსა და აყვავებული დემოკრატიის ქვეყნებში ჩატარებულ/დაშლილ დემონსტრაციებს შორის, რაზე მსჯელობაც პრობლემის გულისგულში ჩაგვახედებს.
დასავლეთში პრეზიდენტის ძალაუფლებას მისივე პასუხისმგებლობა აბალანსებს, რაც, თავის მხრივ, ხალხის ძალაუფლების აღიარებას გულისხმობს. იქაც დგება მომენტები, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდის და ქვეყნის განვითარების სტაბილურობას საფრთხე ექმნება. მაგრამ, როგორც წესი, აყვავებული დემოკრატიის ქვეყნები ბეწვის ხიდზე მშვიდობიანად გადიან და, მთლიანობაში, სტაბილურობას ინარჩუნებენ. როგორ? როგორც წიგნებში წერია, ერთადერთი გზით – ხელისუფლება ქმედობაუნარიანია, გადაჭრას პროტესტის გამომწვევი პრობლემები.
სწორედ ამ ქმედობაუნარიანობაზე ვფიქრობდი, როდესაც კოტიკოს მოსაზრება „წამომეწია“ მთავრობის უფლებაზე – დაშალოს დემონსტრაცია. როდესაც საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეები კანონს არღვევენ, ცხადია, ხელისუფლების მოვალეობაა, დაიცვას წესრიგი. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც მოქალაქეები ქუჩაში გამოდიან პროტესტის ნიშნად, ისევ და ისევ ხელისუფლების მოვალეობაა, მოძებნოს ქმედითი გადაწყვეტილებები ხალხის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ასე ნაწილდება პასუხისმგებლობა და ძალაუფლება ხალხსა და ხელისუფლებას შორის, რაც სტაბილურობის შენარჩუნებას უდევს საფუძვლად დასავლეთის ქვეყნებში.
როგორც კი წონასწორობა აღდგენილია, მოქალაქეები კარგავენ ინტერესს ხელისუფლების მიმართ. ამაზე ამბობენ ხოლმე საქართველოში – ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მოქალაქემ შეიძლება პრეზიდენტის გვარი არ იცოდესო. შესაძლოა, გვარები არ იცოდნენ, მაგრამ ის კი ნამდვილად იციან, რომ კრიტიკულ მომენტებში მოქალაქეების ხელში არანაკლები ძალაუფლებაა, ვიდრე ხელისუფლების ხელში.
ეს ამბავი მე მართლა წიგნების მეშვეობით ვიცი და თუ სინამდვილეში ასე არ ხდება, მაშინ გვიამბონ იმ კომენტატორებმა, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ – რითი მთავრდება ხოლმე საპროტესტო დემონსტრაციები განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში.
ახლა ისიც ვთქვათ, რა მოხდა ჩვენთან.
მიხეილ სააკაშვილმა შეძლო პროტესტის მწვავე ფაზის ჩაქრობა ისე, რომ აქციის მონაწილეებისთვის ერთი მისხალიც არ დაუთმია. მართალია, აქციების ერთადერთი გაცხადებული მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა იყო, მაგრამ ქვეყანაში ბევრი მწვავე საკითხია, რომელთა განხილვა და გადაწყვეტა საზოგადოების მხრიდან პროტესტისა თუ აგრესიის ხარისხს შეამცირებდა – რადგან ხალხს გაუჩენდა საკუთარი ძალის შეგრძნებას და განცდას, რომ მისი პროტესტი შესმენილი და გათვალისწინებულია ხელისუფლების მიერ. მაგრამ ეს არ მოხდა.
დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაში მოგებულია ხელისუფლება, მაგრამ საზოგადოების პროტესტული ნაწილის არც ერთი პრეტენზია (რომელთა ამოკითხვა ჩვენს ბლოგზეც მშვენივრად შეიძლება) დაკმაყოფილებული არ არის. შესაბამისად, კონფლიქტი ფორმალურად ამოწურვის სტადიაშია, შინაარსობრივად კი სულ უფრო მეტად მწვავდება.
ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ საზოგადოების პროტესტულად განწყობილი ნაწილის მოლოდინი ვერ გაამართლა, ხელისუფლებას არაფერს ჰმატებს. ოპოზიციასთან ერთად, ვერც ხელისუფლებამ „ივარგა“, რადგან მას, თავის მხრივ, არ აღმოაჩნდა უნარი, დაეცვა ბალანსი საკუთარ ძალაუფლებასა და ხალხის ძალაუფლებას შორის. სწორედ ამის გამო, ოპოზიციის „გაფარჩაკების“ ფონზეც კი, პირადად მე სტაბილურობას არ ველოდები. პოლიტიკის კანონები მკარნახობს, რომ არ იქნება ამ პირობებში სტაბილურობა.
ძვირფასო კოტიკო, არ მეთანხმებით, რომ მოქალაქეების პირად და ბიზნეს საქმიანობას, ასევე, ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას დემონსტრაციის დაშლა კი არ უზრუნველყოფს, არამედ – ხელისუფლების უნარი, უპასუხოს გამოწვევებს და მოხსნას იმ საკითხების სიმწვავე, რომელთა მოსაგვარებლად გამოდის ხალხი ქუჩაში?
თქვენ როგორ ფიქრობთ, ძვირფასო კომენტატორებო, შესაძლებელია საქართველოში დღეს არსებული პროტესტის გადალახვა ხელისუფლების მხრიდან დათმობების გარეშე? რას ველოდებით? შესაძლებელია, მხოლოდ კანონების გამკაცრებით, ახალგაზრდების ცემით და დაჭერით სტაბილურობის ხანგრძლივად აღდგენა? და, ზოგადად, ძალისმიერი პოლიტიკა არის თუ არა ის გზა, რომელიც ჩვენი საერთო სამშობლოს განვითარებას უნდა დაედოს საფუძვლად?
01.07.2009
დავდივარ ხოლმე კინოში, ოდნავ მაინც ასატანი რამე თუ გადის. ბოლოს „შეთავაზებაზე“ ვიყავი. ახლა ზოგად შთაბეჭდილებებს მოგახსენებთ. არა ამ „შეთავაზებაზე“ (სულელური რომანტიკული კომედიაა, ალაგ-ალაგ სასაცილო, ბევრ თავისნაირს ჯობია...) არამედ, საერთოდ, კინოში ყოფნაზე.
დასაწყისისთვის - ნეტა მალე ამუშავდეს „რუსთაველი“. სანამ დაკეტილია, „ამირანში“ გვიწევს სიარული. „რუსთაველში“ კი მეტი დარბაზია, ეს დარბაზები ბევრად უკეთესია, პოპკორნი უფრო გემრიელია და გაზიანი სასმელიც - უფრო გაზიანი. „ამირანი“ კი უკვე რამდენი ხანია რაღაცნაირად ერთ ადგილსაა მიჯაჭვული და ვეღარ ვითარდება.
კიდევ - თუ ბოლო დროს კინოში არ ყოფილხართ, არ გეცოდინებათ - ფილმების უმეტესობა ისევ რუსულ ენაზე გადის. შარშან აგვისტოს მერე ხომ ამბობდნენ - ახლა მხოლოდ ქართულად და ინგლისურად ვაჩვენებთო. ჰოდა ახლა აღარაა ეგრე. დასაბეზღებლად არ ვწერ. პირიქით - კინოში ფილმის ყურება რუსული გახმოვანებით მირჩევნია. კი, თეორიულად, პრინციპულად და ადამიანურად ჯობია ფილმს ქართულად უყურო, მაგრამ ქართულად გახმოვანებისას ხმას აფუჭებენ და კადრში რა ხდება აღარ გესმის. ანუ, იქ სკამი წაიქცა, ვთქვათ, ხმა კი არა აქვს. გახმოვანებისას დაკარგეს.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ეგ საქმე ცოტა გამოსწორდა. იმ ხმასაც ძალიან აღარ კლავენ, მაგრამ აქა-იქ საშინელებებს მაინც სჩადიან. აი, მაგალითად, ვნახე „პიქსარის“ Up, ჩვენთან „მფრინავ სახლად“ ნათარგმნი. საოცარი რამაა, ისევე, როგორც „პიქსარის“ სხვა ყველაფერი. ესეც რუსეთში ჰქონდათ ნაყიდი (ტიტრები რუსულად იყო), მაგრამ ქართულად იყო გახმოვანებული. სხვათა შორის, არცთუ ურიგოდ. მაგრამ ეს მანამ, ვიდრე მოლაპარაკე ძაღლი არ გამოჩნდებოდა. ორიგინალში დაგი ჰქვია. ქართულად - კოხორა. აბა, გამოიცანით ვინ ახმოვანებს. დიახ, თავად ველოსიპედიანი გამტაცებელი. ის საყვარელი ძაღლიც „მე ვარ დებილიო“ ამბობს.
არ იქნებოდა პრობლემა, ეს რომ Up-ის ნაცვლად რომელიმე „შრეკი“ ან „გამყინვარების ხანა“ ყოფილიყო. ისინი უბრალოდ სასაცილო მულტფილმებია. „პიქსარი“ კი ჩვეულებრივ ანიმაციურ ფილმებს არ იღებს - შედევრებს ქმნის და მათი აბუჩად აგდება არ შეიძლება. ესაა ჩემი კომენტარი.
გადავიდეთ დანარჩენ შთაბეჭდილებებზე. ვიდრე კინო დაიწყებოდეს, სხვა რეკლამებთან ერთად გადის მანქანის უსაფრთხოების ღვედის გაკეთების პროპაგანდაც. ინტერნეტში ვიდეო ვერ ვნახე, ვეცდები აღგიწეროთ, თუ რა ხდება ეკრანზე:
დარბაზში ლექს-სენი ზის და კინოს უყურებს. ეკრანზე ორი მანქანა ეჯახება ერთმანეთს. შეშინებული ლექს-სენი სახეზე ხელს იფარებს, შემდეგ კი გადაიჭერს სავარძელზე მოულოდნელად გაჩენილ უსაფრთხოების ქამარს და მშვიდდება. ისმის რეპი, რომელიც ღვედის გაკეთებისკენ მოგიწოდებს (ამონარიდები: „გაიკეთე ღვედი და მიხვდები / ამით ყველასთვის მისაღები იქნები“... „შენი მობილიც არ გაჩერდება / თუ ღვედი სულ თან გაქვს“... „გადალახე სირთულე ქართული / შეიკარი სანამ მოვიდა პატრული“...) ამ სიმღერის მოსმენა აქ შეგიძლიათ.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს რეკლამა მთლიანად წყალში გადაყრილი ფულია. არა მგონია, ერთი ვინმე მაინც დაარწმუნოს, რომ ღვედი გაიკეთოს. აი, რატომ.
ჯერ ვთქვათ, თუ ვისზეა რეკლამა გათვლილი. რადგან ლექს-სენია მთავარი გმირი, უნდა ვივარაუდოთ, რომ თინეიჯერებზე, რომლებიც ისედაც ძალიან რთულად დასარწმუნებელი ხალხია. ეს ღვედის ამბავში, თორემ რამე ცუდის გაკეთება რომ ურჩიო, იცოცხლე, მაშინვე დარწმუნდებიან, რომ ეგრეა საჭირო.
ჰოდა, ღვედს რატომ არ იკეთებენ? ალბათ იმიტომ, რომ არავაჟკაცურია, ხომ? კაი ყმა თუ ხარ, საქარე მინა აუცილებლად შუბლით უნდა გაიტანო და რამდენიმე მეტრი იფრინო. ჰოდა, რამდენად მოანდომებს ახალგაზრდას უსაფრთხოების ქამრის გაკეთებას იმის ჩვენება, თუ როგორ შეეშინდა ლექს-სენს ეკრანზე ნანახი ავარიის?
თუ რეკლამის ავტორები თვლიან, რომ ლექს-სენი ახალგაზრდობისთვის მისაბაძი კაცია, უკეთესი არ იქნება, რომ წყნარად, ღიმილით გაიკეთოს ეს ღვედი მანქანაში და ვინძლო ვიღაც უღვედოს რამე ღვარძლიანიც უთხრას? მაინც კი არა მგონია, რომ მაგან თინეიჯერებზე იმოქმედოს, მაგრამ ნაკლებად სულელური გამოვა.
ახლა კინოს მოვუბრუნდეთ და გვეყოფა. თუ „ტრანსფორმერები 2-ზე“ წასვლას გეგმავდით, იქნებ ამერიკელი კინოკრიტიკოსის, როჯერ ებერტის რეცენზიამ გადაგაფიქრებინოთ. ის წერს: „თუ გაინტერესებს როგორი ფილმია, თან ფულის დაზოგვა გინდა, ასე ქენი: გადი სამზარეულოში. ჩართე ჩანაწერი, რომელშიც კაცების გუნდი ჯოჯოხეთის მუსიკას მღერის და სთხოვე ბავშვს ქვაბები და ტაფები ერთმანეთს არახუნოს. შემდეგ თვალი დახუჭე და წარმოსახვას მიენდე“.
PS. ფორუმებზე და „ფეისბუკზე“ წავიკითხე აღშფოთებული კომენტარები, რეპერმა ტიმატიმ აკვაპარკში დამსწრე საზოგადოება ხმამაღლა ამღერაო - Москва, я люблю тебя!.. ეს „ამღერა“ რა უბედურებაა, რუსის ჩექმით დაემუქრა თუ ტანკებით? იმან კი არ ამღერა, ამათ იმღერეს!