Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოსთან ვიზების გასაუქმებლად საჭირო პროცედურებს


4 ივლისს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი განიხილავს საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ანგარიშს, რომელიც საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა ევროპარლამენტარმა, მარია გაბრიელმა მოამზადა. კენჭისყრა ევროპარლამენტის კომიტეტში, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გაიმართება და კომიტეტის დასტური აუცილებელია იმისათვის, რომ ის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცონ. რა შანსები აქვს საქართველოს ამ ეტაპზე? შესაძლებელია თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის სექტემბერში დაგვირგვინება?

საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიში ევროპარლამენტის კომიტეტში 27 ივნისს უნდა განხილულიყო, თუმცა, შეიძლება ითქვას, ეს გეგმა დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის საკითხის განხილვისთვის მზადებამ შეიწირა. იმ დღეს ევროპარლამენტში ყველა კომიტეტის ყველა სხდომა გადაიდო. წინასწარვე ცნობილი იყო, რომ კონკრეტულ შედეგს – კენჭისყრისა და დოკუმენტის დამტკიცების სახით – ვერც 4 ივლისისთვის გადმოტანილი საკომიტეტო სხდომა მოიტანდა, რადგან, პროცედურულად, ანგარიშის განხილვის შემდეგ კომიტეტის წარმომადგენლებს ორკვირიანი ვადა ეძლევათ ცვლილებების ინიცირებისთვის. როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელ კორესპონდენტს, რიკარდ იოზვიაკს, რამდენიმე დღის წინ უთხრა საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში კენჭისყრა, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველ კვირაში გაიმართება.

ნატალია საბანაძე
ნატალია საბანაძე

„ეს არის აუცილებელი დოკუმენტი იმისთვის, რომ, მასზე დაყრდნობით, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საბოლოო დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან მიმართებით“, – უთხრა 4 ივლისს რადიო თავისუფლებას ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ნატალია საბანაძემ. იმის გარდა, რომ ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა უყაროს კენჭი მომხსენებლის მიერ მომზადებულ (და კომიტეტის ფარგლებში დამტკიცებულ) ანგარიშს, როგორც ნატალია საბანაძე განგვიმარტავს, სწორედ მომხსენებელი მარია გაბრიელი წარადგენს ევროპარლამენტის პოზიციას დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ საბოლოო ეტაპზე:

„ეს არის ისეთი ფაილი, რომელსაც სჭირდება ტრილოგიის (trialogue) გადაწყვეტილება - ეს არის კომისია, საბჭო და პარლამენტი ერთად. ევროკომისია წარმოდგენილი იქნება საშინაო საქმეთა დეპარტამენტით (Migration and Home Affairs), საბჭო წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის – სლოვაკეთის – მუდმივი წარმომადგენლის სახით, ხოლო ევროპარლამენტი წარმოდგენილი იქნება მომხსენებლის სახით. ეს სამეული რამდენჯერმე შეიკრიბება იმისთვის, რომ საბოლოო წერტილი დაუსვან და თქვან, რომ არის საბოლოო გადაწყვეტილება“.

ამ ეტაპზე საქართველოს, ასე ვთქვათ, მხოლოდ ევროკომისიის მტკიცე დადებითი დასკვნა უჭირავს ხელში და ვიდრე გადამწყვეტ ბოლო ეტაპამდე მივა საქმე, ევროპარლამენტის გარდა, ქვეყანას ევროკავშირის საბჭოს დასტურიც ესაჭიროება. ამისათვის კი, ეს საკითხი ჯერ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER II) სხდომაზე უნდა დაამტკიცონ და ისე გადაუგზავნონ მინისტრების საბჭოს საბოლოო დასტურისთვის. ეს კი როდის მოხდება, ჯერ არავინ იცის. 20 ივნისს, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საბჭოს ფორმატში ლუქსემბურგში შეხვდნენ ერთმანეთს, ითქვა მხოლოდ ის, რომ საკითხი მალე განიხილებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ. მისი თქმით, ევროკავშირის „ყველა წევრი სახელმწიფოსთვის ეჭვგარეშეა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა პირობა“ და ახლა ეს საკითხი უნდა ჩაერთოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER II) უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. მას შემდეგ კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა.

ეს განცხადება დამაიმედებელია, მაგრამ ამ განცხადებაზე 100%-ით დაყრდნობა, ვფიქრობ, არ იქნებოდა სწორი. ჯობია, რომ ღიად იყოს ეს თარიღი დატოვებული, თუკი რამე მოხდა და ვადამ კიდევ გადაიწია...
ვანო ჩხიკვაძე

სავიზო ლიბერალიზაციის სწრაფად დაგვირგვინების იმედი თითქმის უკვე გადაწურული იყო, რომ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნის – გერმანიის – საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თბილისში ბევრისთვის სანატრელი მესიჯი ჩამოიტანა და 1 ივლისს ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმაურა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შეკითხვაზე, მოესწრება თუ არა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და როგორი იქნება გერმანიის პოზიცია, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა:

“დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩემს გამოსვლაში მე ხაზი გავუსვი ცალსახად, რომ გერმანიაც და ევროკავშირიც მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს რეალური სავიზო ლიბერალიზაცია. მე გითხარით ასევე, რომ ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმალობებზეა დამოკიდებული და ეს მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ კარგი საფუძველი გვაქვს ამისთვის და, მე ვფიქრობ, ის განრიგი, რომელიც არსებობს ევროპარლამენტში, არის ძალიან ამბიციური - საკომიტეტო მოსმენები, კონსულტაციები. ვფიქრობ, თვის ბოლოს, ივლისის ბოლოს, პროცესი დასრულდება, მაგრამ სექტემბრის მეორე ნახევარში, ალბათ, საბოლოო ლოგიკურ შედეგამდე მივალთ“.

მას შემდეგ, რაც ზაფხულთან დაკავშირებული იმედები გაცრუვდა, ოპტიმისტური პროგნოზების მიმართ უკვე პესიმისტურად არის განწყობილი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ხალხის შესაძლო გაწბილებას ყველა უნდა მოერიდოს:

„ეს (შტაინმაიერის) განცხადება დამაიმედებელია, მაგრამ ამ განცხადებაზე 100%-ით დაყრდნობა, ვფიქრობ, არ იქნებოდა სწორი. ჯობია, რომ ღიად იყოს ეს თარიღი დატოვებული, თუკი რამე მოხდა და ვადამ კიდევ გადაიწია“.

თუკი პროცესი გეგმის მიხედვით და შეფერხებების გარეშე წარიმართა, სექტემბერს სავსებით რეალისტურ ვადად განიხილავს ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალია საბანაძე. სექტემბერში შესაძლებელია პროცედურების ბოლომდე დასრულება, თუმცა, ელჩის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვადაში გადაწყვეტილებამ ამოქმედებაც მოასწროს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG