Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელ პილოტს რუსეთში წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივეს


ნადია სავჩენკო
ნადია სავჩენკო

მოსკოვის სასამართლომ 10 თებერვალს დააკმაყოფილა გამომძიებლების მოთხოვნა და უკრაინელ პილოტს, ნადია სავჩენკოს, კიდევ სამი თვით, 13 მაისამდე გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობის ვადა.

სავჩენკო პროტესტის ნიშნად შიმშილობს, 10 თებერვალს მისი შიმშილობის მესამოცე დღე შესრულდა. 29 იანვარს სავჩენკო გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. ექიმები აცხადებენ, რომ მან სწრაფად დაიკლო წონაში.

10 თებერვლის სასამართლო პროცესზე სავჩენკომ დაუმორჩილებლობა გამოხატა. მოსამართლის შეკითხვას, თავს როგორ გრძნობო, მან უპასუხა, „ვერ ეღირსებითო“, ანუ ჩემი სიკვდილის იმედი გაქვთ, მაგრამ არ მოვკვდებიო.

სავჩენკო სასამართლოს დარბაზში რკინის გისოსებს მიღმა ჰყავდათ მოთავსებული. გაფითრებული იყო. დარბაზში შეიარაღებული მცველებისა და ძაღლის თანხლებით შეყვანისას დაიყვირა: „დიდება უკრაინას!“

სავჩენკოს ადვოკატმა, ილია ნოვიკოვმა, სასამართლოს მისი გათავისუფლება სთხოვა. ადვოკატი შიშობს, რომ სავჩენკოს სიცოცხლეს ციხეში საფრთხე ემუქრება.

„ასეთ მდგომარეობაში ის სამ თვეს ვერ გაძლებსო“, განაცხადა ნოვიკოვმა. მისი თქმით, პატიმარი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. სავჩენკო ამბობს, რომ რუსეთს არა აქვს მისი გასამართლების უფლება.

მე ძალიან მომწონს ეს ქალი. მახსოვს მისი პირველი ინტერვიუები, როგორ პატიოსნად ლაპარაკობდა ყველაფერზე. ის პრინციპების ადამიანია, მყარი შეხედულებების მქონე. ის მეომარია, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა და სამშობლოს იცავდა...
სვეტლანა ალექსიევიჩი

ნოვიკოვის თქმით, სავჩენკოს ყოველდღე უკეთებენ გადასხმებს, რაც მის ჯანმრთელობას კიდევ უფრო სწრაფად გაუარესებისგან იცავს. „იდაყვების შიდა მხარეები ნემსებისგან სულ გასიებული აქვსო“, აცხადებს ადვოკატი.

სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში ივნისში დააკავეს პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა და ივლისში რუსეთს გადასცეს. რუსეთის პროკურორების ბრალდების თანახმად, მას კავშირი აქვს ორი რუსი ჟურნალისტის სიკვდილთან. ჟურნალისტები აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის ძალებსა და სეპარატისტებს შორის მიმდინარე ომის გაშუქებისას დაიღუპნენ.

ცნობილმა ბელორუსმა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმაჩვენს რადიოსთან საუბარში პატიმარი ასე დაახასიათა:

„მე ძალიან მომწონს ეს ქალი. მახსოვს მისი პირველი ინტერვიუები, როგორ პატიოსნად ლაპარაკობდა ყველაფერზე. ის პრინციპების ადამიანია, მყარი შეხედულებების მქონე. ის მეომარია, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა და სამშობლოს იცავდა. მე ვთვლი, რომ უკრაინის არმია თავის სამშობლოს იცავს“.

რუსეთი უგულებელყოფს დასავლეთის მოწოდებებს გაათავისუფლონ სავჩენკო.

4 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ საკიმ თქვა, სავჩენკოს მდგომარეობა კრიტიკულიაო. მან სავჩენკოს უწოდა „რუსეთის ხელისუფლების მძევალი“ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას:

„რუსეთს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნადია სავჩენკო და ყველა სხვა უკრაინელი ტყვე. რუსეთი ამ პირობაზე დათანხმდა მაშინ, როცა გასული წლის სექტემბერში მინსკში შეთანხმებას მოაწერა ხელი“.

XS
SM
MD
LG