Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო დასკვნის მიხედვით, MH17 პრორუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს


ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევები
ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევები

ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული დასკვნის პროექტი მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777-ის ჩამოგდებაში პრორუს სეპარატისტებს ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „სი-ენ-ენმა“ მოიპოვა.

საიდუმლო დოკუმენტი, „სი-ენ-ენის“ ცნობით, რამდენიმე ასეული გვერდისაგან შედგება. 2 ივნისს ის განსახილველად დაუგზავნეს საგამოძიებო ჯგუფის შემადგენელ სააგენტოებს - მათ შორის, აშშ-ის ტრანსპორტის უშიშროების ეროვნულ საბჭოს, ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციას და „ბოინგს“. საგამოძიებო საბჭო ასევე შედგება მალაიზიის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელებისგან. მათ 1 აგვისტომდე შეუძლიათ დასკვნის პროექტთან დაკავშირებით კომენტარების მიწოდება. ამის შემდეგ ჰოლანდიის უშიშროების საბჭო საბოლოო დასკვნას მოამზადებს, რომელიც, სავარაუდოდ, ოქტომბერში გახდება საჯარო.

საიდუმლო დასკვნის შესახებ ინფორმაცია „სი-ენ-ენს“ ორმა წყარომ მიაწოდა. ორივე ერთსა და იმავეს ამტკიცებს - რომ, გამოძიების მიხედვით, ავიალაინერს რუსული „ბუკის“ ტიპის სარაკეტო დანადგარიდან გასროლილი რაკეტა მოხვდა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის სოფლის ტერიტორიიდან ისროლეს - სოფლისა, რომელსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიება პასუხისმგებლობის ნაწილს ასევე აკისრებს თავად მალაიზიის ავიახაზებსაც, რომელმაც არ გაითვალისწინა სხვა ქვეყნების მიერ გავრცელებული გაფრთხილებები და არ შეცვალა ამსტერდამიდან კუალა ლუმპურისკენ მიმავალი თვითმფრინავის მარშრუტი, რომელიც კონფლიქტის ზონის თავზე გადიოდა.

ეს არის ინფორმაცია, რომელსაც „სი-ენ-ენი“ ავრცელებს. არც ჰოლანდიის უშიშროების საბჭო, არც საგამოძიებო ჯგუფის შემადგენელი არც ერთი სააგენტო კომენტარს არ აკეთებს დასკვნის პროექტზე, რომლის შინაარსი კონფიდენციალურია.

ერთი დღით ადრე, ვიდრე ეს ინფორმაცია ამერიკული გზით გაჟონავდა, ამერიკის სასამართლოში თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით აღიძრა საქმე იგორ გირკინის წინააღმდეგ. გირკინი აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების ყოფილი მეთაურია. ამერიკელი იურისტი ფლოიდ უისნერი ამტკიცებს, რომ მალაიზიის ავიახაზების ლაინერი იგორ გირკინის დაჯგუფებამ ჩამოაგდო კრემლის ნებართვის მიღების შემდეგ. უისნერი ცდილობს გამოიყენოს ამერიკული კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას მისცეს მას უჩივლოს უცხოეთის მოქალაქეს, ამ შემთხვევაში გირკინს, ამერიკის სასამართლოში.

მალაიზია, სხვა ქვეყნებთან ერთად, ცდილობს გაეროს მანდატით ჩამოყალიბდეს საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც გაასამართლებს თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილებს. რუსეთმა 9 ივლისს განაცხადა, რომ წინ აღუდგებოდა მსგავსი ტრიბუნალის შექმნის მცდელობას, 16 ივლისს კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას უთხრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტის, რომ გაეროს ტრიბუნალის ჩამოყალიბება „ნაადრევი“ და კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

რუტიმ, თავის მხრივ, თქვა, რომ გაეროს ტრიბუნალი იქნებოდა საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ყველა ქვეყანამ ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG