Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ცხოველთა საერთაშორისო დღე აღინიშნა


4 სექტემბერს ცხოველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში ცხოველთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებისგან საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირებას მოითხოვენ. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებიც.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. ცხოველთადამცველები ცხოველთა დაცვის ევროპის კონვენციისა და მსოფლიოს ცხოველთა დაცვის დეკლარაციის რატიფიცირებას მოითხოვენ. “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” წევრი თეიმურაზ წიქორიძე ამბობს, რომ მოსაწესრიგებელია ქართული კანონმდებლობაც:

„აგრეთვე მოვითხოვთ დამატებებს და ცვლილებებს საქართველოს კანონმდებლობაში. სამწუხაროდ, საქართველოში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების კეთილდღეობისთვის, მათი დაცვისთვის კანონმდებლობა არ არსებობს. არის მხოლოდ 259-ე მუხლი, რომელიც მკვდარი მუხლია და პრაქტიკულად ამ მუხლით არავინ დასჯილა“.

თეიმურაზ წიქორიძის თქმით, განსაკუთრებით მწვავედ დგას უპატრონო ძაღლების პრობლემა, არ ხდება მათი ვაქცინაცია და ეს ყველაზე მეტად რეგიონებში იგრძნობა. ამასთან, ამ კუთხით არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა. ხშირად ცხოველებს განსაკუთრებული სისასტიკით ანადგურებენ, რაც ხალხის აღშფოთებას იწვევს.

იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა, ქუჩებში რომ საშინელი სისასტიკით კლავდნენ ძაღლებს, სიტუაცია გამოსწორდა. თბილისში ამ მხრივ ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ სხვა ქალაქებშიც უნდა მოეღოს ბოლო, რადგან ჰუმანიზმი არის ერთიანი...
თამარ ჩხეიძე
ცხოველთა უფლებების კომიტეტის წარმომადგენელი ვახტანგ უშვერიძე თავშესაფრების ნაკლებობაზე საუბრობს:

„კი, რაღაც თავშესაფრები არსებობს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგი საშუალება არის სტერილიზაცია, რათა ქუჩაში მაწანწალა ძაღლები აღარ იყოს“.

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” კიდევ ერთი წევრი, თამარ ჩხეიძე, ამბობს, რომ ცხოველთა დაცვის კუთხით დედაქალაქში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ქალაქებზე.

„იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა, ქუჩებში რომ საშინელი სისასტიკით კლავდნენ ძაღლებს, სიტუაცია გამოსწორდა. თბილისში ამ მხრივ ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ სხვა ქალაქებშიც უნდა მოეღოს ბოლო, რადგან ჰუმანიზმი არის ერთიანი“.


საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსი თემურ ფხალაძე ამბობს, რომ მუნიციპალური თავშესაფარი 2012 წელს დაარსდა და, შესაბამისად, ჯერ ყველა პრობლემა არ არის მოგვარებული. მისივე თქმით, ძაღლების თავშესაფარში მოთავსება მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ხდება. ძაღლებს უტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა. თუ მისი ავადმყოფობა მკურნალობას არ ექვემდებარება, ძაღლს აძინებენ. სხვა შემთხვევაში ძაღლი გალიაში გადაჰყავთ. მას ცრიან ცოფზე, უკეთდება სტერილიზაცია და ისევ ქუჩაში უშვებენ. ასეთ ძაღლებს ყურზე სპეციალური ნიშანი აქვთ და მოსახლეობას მისი უკვე აღარ უნდა ეშინოდეს. თემურ ფხალაძე ამბობს, რომ ამჟამად თავშესაფარში 275 ძაღლია მოთავსებული:
„შეიძლება ითქვას, რომ თავშესაფარი არის გადატვირთული, გადავსებული. ძალიან ბევრი ზარებია, ძალიან ბევრი მოთხოვნაა ძაღლების წაყვანაზე. ხშირია, როცა ოჯახიდან ითხოვენ ძაღლის ჩაბარებას, რადგან ან ვეღარ უვლიან, ან დაავადდა და ვერ მკურნალობენ, ან აგრესიული გახდა. ამ ეტაპზე თავშესაფარი სავსეა, მაგრამ პერიოდულად მიმდინარეობს ოპერაციები (სტერილიზაცია-კასტრაცია) და ამ ძაღლებს ქუჩაში ვაბრუნებთ, რომ არ გამრავლდნენ“.

თემურ ფხალაძის თქმით, უპატრონო ძაღლების პრობლემების მოგვარება დროს მოითხოვს და ამ საკითხზე დეპარტამენტი ყოველდღიურად მუშაობს. მისივე თქმით, იგეგმება თავშესაფრის რეკონსტრუქციაც.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG