Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტების აქციების მეცხრე დღის ქრონიკა


„აუდიტორია 115“
„აუდიტორია 115“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გრძელდება იმ სტუდენტების აქცია, რომელთაც „აუდიტორია #115-ის სახელით მოიხსენიებენ.

ისინი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, იმისათვის რომ დაცული იყოს მათი უსაფრთხოება. თავის მხრივ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ერთსაათიანი ვადა მისცეს უნივერსიტეტის რექტორს გადადგომისათვის და, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შიმშილობის აქციის დაწყება დააანონსეს. ეს ვადა 3 საათზე ამოიწურა, ვლადიმერ პაპავამ გადადგომაზე კვლავაც უარი თქვა, თუმცა რა გადაწყვიტეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, დღის ბოლომდე უცნობი იყო.

16 მარტი. აქციების მეცხრე დღე. 12 საათი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე, მარჯვნივ, დერეფანში, რექტორის კაბინეტთან გაძლიერებული დაცვა დგას. 15 მარტისგან განსხვავებით, რექტორის კაბინეტში უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები აღარ არიან. ისინი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეებზე მართავენ აქციას. დერეფნის მარცხნივ, პეტრე მელიქიშვილის სახელობის #115 აუდიტორიის წინ კუბოკრულ პლედებშემოხვეული სტუდენტები ფანჯრებიდან გადაჰყურებენ უნივერსიტეტის წინ, ჭავჭავაძის გამზირის მხარეს შეკრებილ მომხრეებს. სტუდენტები ყვირიან „თავისუფლება უნივერსიტეტს“. 16 მარტის ღამე სტუდენტებმა, რომლებსაც უკვე „აუდიტორია #115“-ის სახელით მოიხსენიებენ, კვლავაც უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ მათი ერთ-ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატობაზე უარი თქვა თვითმმართველობის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა, „აუდიტორია #115“-ს კიდევ დარჩა მოთხოვნები. დავით ქალაშვილი გვეუბნება:

„ეს არის თვითმმართველობის სტრუქტურის რეორგანიზაცია, ეს არის „ოდეერების“ გაყვანა უნივერსიტეტიდან, ეს არის კანცლერის, რექტორის არჩევნების წესის შეცვლა და, ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ სანამ თვითმმართველობების ბანდფორმირებები არ დატოვებენ უნივერსიტეტის ტერიტორიას, არც ჩვენ ვაპირებთ დავტოვოთ #115 აუდიტორია და ჩვენი მხარდამჭერებიც და ჩვენც პერმანენტულ აქციებს მოვაწყობთ“.

მე მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მოგვცენ საშუალება გავატაროთ ის ცვლილებები, რომლებსაც ისინი ითხოვენ და რომლებშიც მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას...
გიორგი კვირიკაშვილი

უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები კი მანამ არ აპირებენ უნივერსიტეტის ტერიტორიის დატოვებას, სანამ უნივერსიტეტს არ დატოვებს და თანამდებობიდან არ გადადგება რექტორი ვლადიმერ პაპავა. სწორედ ამ მოთხოვნით შიმშილობს უკვე მეორე დღეა თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური. „ჩვენ არ ვართ ტერორისტული დაჯგუფება, რომელთანაც შეუძლებელია საუბარი“, - ამბობს შალვა საბაური, თუმცა იმასაც ამატებს, რომ შეუწყნარებელი პოზიცია ექნება თვითმმართველობას უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერების“ არსებობასთან დაკავშირებით, რაზეც ის პასუხისმგებლობას სწორედ ვლადიმერ პაპავას აკისრებს და მის გადადგომას პროტესტის უკიდურესი ზომით, შიმშილობით, მოითხოვს.

უნდა ითქვას, რომ უნივერსიტეტში „ოდეერების“ სავარაუდო არსებობა არის ის ერთადერთი საკითხი, რასაც თვითმმართველობის წარმომადგენლებიცა და „აუდიტორია #115“-ის წარმომადგენლებიც ერთხმად აპროტესტებენ:

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა რექტორისადმი არის ის, რომ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ჩვენი თხოვნაა, ნუ დაგვაჭმევინებს სტუდენტებს ერთმანეთს. გადაარჩინოს სტუდენტობა დაპირისპირებისგან. თუმცა მან დღეს, ისევე როგორც ყოველ დილით, თქვა, რომ არ აპირებს გადადგომას“.

ვლადიმერ პაპავას განცხადებით, უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერების“ საქმის მოკვლევა ორშაბათიდან დაიწყება. „ოდეერების“ საქმის გამოკვლევის შესახებ 12 მარტს პარლამენტს მიმართა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც.

დღის 2 საათისთვის უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ვლადიმერ პაპავას გადადგომისათვის ერთსაათიანი ვადა მისცეს და განაცხადეს, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი შიმშილობის აქციას დაიწყებენ. ვლადიმერ პაპავამ მათი ულტიმატუმის პასუხად განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა ნებისმიერ მხარეს შეხვდეს.

ამ სიტუაციაში რექტორის გადადგომა დაუშვებლად მიაჩნია პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფს. მათი პირველი შეკრება 16 მარტს, 12 საათზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ქიმიის დიდ აუდიტორიაში შედგა. საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც ყველა ფაკულტეტის 20-მდე პროფესორი შედის, გარდა იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა, აპირებს იმუშაოს უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის დიანა ძიძიგურის თქმით, ყველა პრობლემა მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს:

„ერთი სტუდენტიც რომ დაჯდეს საშიმშილოდ, ეს ჩვენთვის ტრაგედიაა. ამას გულწრფელად ვამბობ. და ამიტომ დავტოვეთ დღეს აუდიტორიები, დავტოვეთ სტუდენტები, რომლებიც ლექციებზე მოვიდნენ, და მოვედით აქ. ჩვენთვის თითოეული სტუდენტი ერთნაირად ძვირფასია და ყველას გავუგებთ და ვეცდებით, რომ ყველასთან დავამყაროთ ურთიერთობა. რაკი ვართ ჩიხში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნივერსიტეტის პროფესურამ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. მთელმა საქართველომ გვინდა გაიგოს, რომ უნივერსიტეტს ჰყავს ღირსეული პროფესურა“.

„აუდიტორია #115“
„აუდიტორია #115“

ისევე როგორც „აუდიტორია #115“-ის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებიც ფიქრობენ, რომ განათლების კანონსა და უნივერსიტეტის წესდებაში გარკვეული ცვლილებებია შესატანი, თუმცა იმაზე, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება ცვლილებებში, ამ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფის წევრები არაფერს ამბობენ.

უნივერსიტეტში რეფორმების აუცილებლობაზე ლაპარაკობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომლის თქმით, მართალია, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს, მაგრამ ასეთ დაძაბულ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღება რთული იქნება:

„ერთი მხრივ, ვიზიარებ სტუდენტების პროტესტს, მეორე მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციით, ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც დაწყნარდება სიტუაცია... და მე მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მოგვცენ საშუალება გავატაროთ ის ცვლილებები, რომლებსაც ისინი ითხოვენ და რომლებშიც მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას“.

„აუდიტორია #115“-ის წევრებმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს რეალური და ქმედითი ნაბიჯები გადადგას მათი უსაფრთხოების დასაცავად, საღამოს 5 საათისთვის კი გაავრცელეს განცხადება, ინფორმაცია მივიღეთ, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩვენ წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავენო.

დღის ბოლოს პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი „აუდიტორია #115-ის“ წევრებს შეხვდა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა სტუდენტებისგან უარი მიიღეს.

XS
SM
MD
LG