Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასწრაფო დახმარების ექიმები ხელმძღვანელობის გადაყენებას მოითხოვენ


სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები პრობლემების შესახებ ლაპარაკობენ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობის გადაყენებას მოითხოვენ. ექიმების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თბილისის მერიის დაქვემდებარებიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლაა. ამ მოთხოვნებით, სასწრაფო დახმარების რამდენიმე ექიმმა 4 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობენ ცენტრის ხელმძღვანელებიც, თუმცა ამბობენ, რომ ამ მიმართულებით თბილისის მერია სიტუაციის გამოსწორებას გეგმავს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი - გამოძახებაზე დაგვიანება, ექიმებისა და ადმინისტრაციის თქმით, მას შემდეგ გამძაფრდა, რაც დისპეტჩერიზაციის საკითხი საგანგებო სიტუაციათა სამსახურს, 112-ს გადაეცა.

3 წლის ლუკასთვის მშობლებმა სასწრაფო დახმარების გამოძახება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ბავშვს სიცხემ აუწია, თუმცა ოპერატორმა მათი გამოძახება ვერ მიიღო:

”მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ ყველა ექიმი და ყველა მანქანა დაკავებულია და, გარდა ამისა, არ ჰყავთ ბავშვთა პედიატრი. ხოლო შეკითხვაზე, როგორ მოვიქცეთ, გვქონდეს თუ არა თქვენი იმედი, გვიპასუხეს, ჩვენი იმედი ნუ გექნებათ, იმიტომ რომ არ ვიცით, როდის მოვა ექიმი და, საერთოდ, მოვა თუ არა”, - ამბობს ლუკას მამიდა.

არასაკმარისი ბრიგადების რაოდენობა, სათანადო აპარატურის ნაკლებობა, ავტოპარკის გაუმართაობა, დაგვიანება გამოძახებებზე - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა პრესკონფერენცია გამართეს და ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის გადაყენება მოითხოვეს. სასწრაფო დახმარების ექიმი ლევან ლომსიანიძე აცხადებს, რომ არსებული ადმინისტრაციის პირობებში ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება შეუძლებელია.

მინისტრი თანახმაა, რომ ჩვენ პრობლემები მოგვიგვაროს, თუმცა აუცილებელია, რომ ამ პრობლემების მოგვარებაში ჩვენი მხრიდან მათ დაეხმარონ ე.წ. მენეჯერები ...
ციცი კაშია

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რასაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ხელისუფლებას უყენებენ, სასწრაფო დახმარების მერიის დაქვემდებარებიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლაა. სასწრაფო დახმარების სისტემაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ ცენტრის ექიმები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგიენკოს 3 დეკემბერს შეხვდნენ. ციცი კაშია, სასწრაფო დახმარების ექიმი, ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის ყველა იმ პრობლემაზე იმუშაოს, რაზეც ექიმები მიუთითებენ, თუმცა, მისი თქმით, პრობლემები ცენტრის ადმინისტრაციის ნების გარეშე ვერ მოგვარდება.

”უპირველესი საკითხია ჩვენი მენეჯერების პრობლემა. მინისტრი თანახმაა, რომ ჩვენ პრობლემები მოგვიგვაროს, თუმცა აუცილებელია, რომ ამ პრობლემების მოგვარებაში ჩვენი მხრიდან მათ დაეხმარონ ე.წ. მენეჯერები. ამწუთას არსებული ადმინისტრაცია კი ამას ვერ შეძლებს”, - ამბობს ციცი კაშია.

რუსუდან ბერიაშვილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ადმინისტრაციის ის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომლის გადაყენებასაც სასწრაფო დახმარების ექიმები მოითხოვენ. მასთან ერთად სასწრაფო დახმარების ექიმები ცენტრის დირექტორის, გიორგი თოდუას გათავისუფლებასაც მოითხოვენ. რუსუდან ბერიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ უარყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მიერ ნახსენებ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, გამოძახებაზე დაგვიანებას, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მიმდინარე წლის ივნისში დისპეტჩერიზაციის საკითხი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, 112-ს, გადაეცა.
დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა. უბრალოდ, გასაგებია, რომ ეს არის საბიუჯეტო ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხი. მე ვადასტურებ, რომ ახლაც მიმდინარეობს ამ პრობლემაზე მუშაობა ...
რუსუდან ბერიაშვილი

”112-ის მხრიდან ვერ ხდება ის ეფექტური დისპეტჩერიზაცია, რაც უზრუნველყოფს არსებული ბრიგადების სწორად გადაადგილებას და, შესაბამისად, გამოძახებაზე ოპერატიულად მისვლას და დროულად მომსახურებას”, - ამბობს რუსუდან ბერიაშვილი.

აქვე უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან დაკავშირება და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რა პრობლემებზე მიუთითებენ როგორც სასწრაფო დახმარების ექიმები, ასევე ადმინისტრაცია.

რუსუდან ბერიაშვილი არც იმას უარყოფს, რომ ავტომობილებს, რომლებიც თბილისის მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ბრიგადას ემსახურება, ტექნიკური პრობლემები აქვთ, თუმცა, მისი თქმით, მერია ავტოპარკისა და აპარატურის განახლების თაობაზე ინტენსიურად მუშაობს:

”დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა. უბრალოდ, გასაგებია, რომ ეს არის საბიუჯეტო ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხი. მე ვადასტურებ, რომ ახლაც მიმდინარეობს ამ პრობლემაზე მუშაობა და ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და არსებობს რეალური შანსი, რომ ჩვენ 2013 წლის ბიუჯეტით მოგვეცემა საშუალება იყოს გათვლილი თანხა იმისათვის, რომ ავტოპარკი განვაახლოთ, გვქონდეს ახალი მანქანები. ასევე უნდა ითქვას, რომ აპარატურის გამოცვლა ისედაც მიმდინარეობდა და მომავალში მათი განახლება ინტენსიურად გაგრძელდება”, - ამბობს რუსუდან ბერიაშვილი.

მისთვის უცნობია, თუ რატომ მოითხოვენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ადმინისტრაციის თანამდებობიდან გადაყენებას. რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მერიის დაქვემდებარებიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას, რუსუდან ბერიაშვილის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, აქვს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს დღესდღეობით ჩამოყალიბებული კონცეფცია იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებას.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარება იმ ორწლიანი რეფორმის პრიორიტეტია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ სასწრაფო დახმარების მომსახურების კუთხით შეიმუშავა და რომლის განხორციელებაშიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებიც იქნებიან ჩართულნი, უთხრა რადიო თავისუფლებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა. რაც შეეხება სამედიცინო დახმარების ცენტრის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას, ის აცხადებს, რომ, მხარეების სურვილის შემთხვევაში, ამ მიმართულებით მომავალში შესაძლებელია მოლაპარაკებების დაწყება.

კითხვით, არიან თუ არა კმაყოფილი სასწრაფო სამედიცინო ადხმარების მომსახურებით, რადიო თავისუფლებამ რიგით მოქალაქეებს მიმართა. მიუხედავად სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ ჩამოთვლილი პრობლემებისა, მოქალაქეების უმეტესობა ფიქრობს, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური გამართულად მუშაობს:

"ჩემს მეზობელს დასჭირდა და, როგორც ვიცი, პრობლემა არ ჰქონდათ: დროულად მოვიდნენ და დროულად წავიდნენ."

"სამწუხაროდ, სასწრაფო დახმარება ძალიან იგვიანებს. იყო შემთხვევა, რომ ერთი საათიც კი დაიგვიანეს."

"მოდის ოპერატიულად, კვალიფიცირებული ექიმები არიან."

"ერთი თვის წინ ჩემი ბიჭი ავარიაში მოყვა და სამ წუთში მოვიდნენ. მე კმაყოფილი ვარ."

"ბავშვი გაგვიხდა ავად. მალე მოვიდა სასწრაფო, წამალიც სათანადო გამოუწერა."
XS
SM
MD
LG