Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოწილეები: დავის მიზანია "რუსთავი 2"-ის განადგურება


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. კომპანია ითხოვს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებას, საქმის ზეპირ და კოლეგიალურ განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას ერთის ნაცვლად სამი მოსამართლის მიერ. ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აგვისტოს დასაწყისში შეიტანა და სარჩელის უზრუნველსაყოფად ითხოვა კომპანიის ქონების და პარტნიორთა წილების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებამ შესაძლოა, მისი გაკოტრება გამოიწვიოს“ - ნათქვამია კომპანიის 91%-იანი წილის მფლობელების, გიორგი და ლევან ყარამანიშვილების და შპს. „ტელეკომპანია საქართველოს" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მოწილეები აღნიშნავენ, რომ დავის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ მათი ქონების, ანუ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღება, ხოლო სამაუწყებლო კომპანიის ქონება დამოუკიდებელი იურიდიული პირის, „რუსთავი 2“-ის საკუთრებაა. ტელეკომპანიის მოწილეთა შეფასებით, „სამართლებრივად უშინაარსო და უპერსპექტივო დავა მიმართულია თავისუფალი მედიის ფლაგმანის, "რუსთავი 2"-ის გასანადგურებლად, რაც უმძიმეს ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.“

მოწილეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ბრძოლა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ და არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიურ კორპუსს თანადგომას და პროცესის მეთვალყურეობას თხოვენ. „გაუგებარია, რის დაბრუნებას ითხოვს ფორმალური მოსარჩელე ქიბარ ხალვაში, რომლის დროსაც "რუსთავი 2" რამდენიმე ნაქირავებ ოთახში შეკედლებული წამგებიანი კომერციული სუბიექტი იყო” - ნათქვამია სამაუწყებლო კომპანიის 91%-იანი წილის მფლობელთა განცხადებაში.

XS
SM
MD
LG