Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტია რუსეთის ციხეებში მყოფი პატიმრების მეოთხედს შეეხება


ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, „პუსი რაიოტის“ ერთ-ერთი დაპატიმრებული წევრი.
ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, „პუსი რაიოტის“ ერთ-ერთი დაპატიმრებული წევრი.
რუსეთის ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის 20 წლისთავისთვის ამ ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამნისტია გამოაცხადოს. პრეზიდენტმა პუტინმა ადამიანის უფლებების საბჭოს დაავალა ამნისტიის პროექტის შემუშავება. 15 ოქტომბერს, დათქმულ ვადაში, საბჭომ თავისი პროექტი წარმოადგინა. ის ახლა სახელმწიფო სათათბირომ უნდა განიხილოს. პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ ფედოტოვმა განაცხადა, რომ ამნისტია ფართო იქნება. საბჭოში მისმა კოლეგამ სერგეი პაშინმა თქვა, რომ გაათავისუფლებენ რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს. კირილ კაბანოვი კი, ასევე საბჭოს წევრი, აზუსტებს, რომ გარეთ გამოვა პატიმართა მეოთხედი. ფედოტოვის თქმით, ამნისტია შეეხება პატიმრებს, რომლებსაც არ ჩაუდენიათ ძალადობრივი დანაშაული. საბჭო არ ასახელებს იმ პირთა გვარებს, რომლებსაც შეიძლება შეეხოთ ამნისტია. იმავე ფედოტოვის თანახმად, გაათავისუფლებენ ბავშვიან, ასევე ორსულ ქალებს, ასაკოვან პატიმრებს და ინვალიდებს. სამამულო ომის ვეტერანებიც არიან, საბჭოს თავმჯდომარის თქმით, იმ პირთა სიაში, ვისაც ამნისტია შეეხება. საერთოდ, გამოუშვებენ პატიმრებს, რომლებსაც სამ წლამდე პატიმრობა აქვთ მისჯილი არაძალადობრივი დანაშულისთვის და პირველად არიან ნასამართლევი; იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრაციებში, მაგრამ არავისთვის მიუყენებიათ სერიოზული ზიანი; ასევე იმათ, ვისაც არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზარალი. ამ რიგში არიან მეამბოხეები ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებიდან, რომლებმაც იარაღი დაყარეს და, ამასთან, ძალადობრივ ქმედებაში არ ყოფილან გარეული. იმ პირთ, ვისაც ჩადენილი აქვს მკვლელობა, გატაცება, წამება, გაუპატიურება და სხვა ძალადობრივი ქმედება, ან იყვნენ ადამიანის ტრეფიკინგის მონაწილენი, ამნისტია არ შეეხებათ. ზოგადად ამ ამნისტიაზე შემდეგი უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა სერგეი ნასონოვმა:

„სახელმწიფო სათათბირომ უნდა გამოიტანოს დადგენილება ამნისტიის შესახებ. ის დამტკიცდება ისევე, როგორც ფედერალური კანონი, და ამოქმედდება მასშივე ჩაწერილი თარიღის შესაბამისად. ამნისტია, შეწყალების აქტისგან განსხვავებით, არ არის კერძო ხასიათის. ის ეხება პირთა, ბრალდებულთა ჯგუფს. ამნისტია ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, რადგან, ერთი მხრივ, იძლევა სისხლის სამართლის სასჯელის ჰუმანიზაციის პრინციპის გატარებას, მეორე მხრივ კი, ბუნებრივია, ციხეების განტვირთვას შეუწყობს ხელს“.

რუსეთის ისტორიაში, საერთოდ, - თუ არ ვილაპარაკებთ პოსტსაჭოთა პერიოდზე, - პირველი ამნისტია, რომელიც გამოცხადდა თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წელს, სწორედ პოლიტიკურ პატიმრებს ეხებოდა, ის არსებითად ყველას შეეხო...
ნასონოვი შეგვახსენებს, რომ რუსეთში ამნისტია ბოლო ათწლეულებში უკავშირდებოდა სხვადასხვა წლისთავებს და იუბილეებს და, როგორც წესი, ამჟამინდელის მსგავსად, ეხებოდა პატიმრებს, რომლებსაც არ ჩაუდენიათ ძალადობრივი დანაშაული. ყოფილა რუსეთში ისეთი ამნისტია, რომელიც ითვალისწინებდა პოლიტიკური დანაშაულისთვის ბრალდებულთა, პოლიტიკურ პატიმართა განთავისუფლებას?

„რუსეთის ისტორიაში, საერთოდ, - თუ არ ვილაპარაკებთ პოსტსაჭოთა პერიოდზე, - პირველი ამნისტია, რომელიც გამოცხადდა თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წელს, სწორედ პოლიტიკურ პატიმრებს ეხებოდა, ის არსებითად ყველას შეეხო. თუ გადავხედავთ დანაშაულებს, რომელთა ჩამდენებსაც ახლანდელი ამნისტია შეეხება, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დამნაშავეები მათ რიგში იქნებიან. ამნისტია ეხება არაძალადობრივ დანაშაულს, ხულიგნობას, როგორც ეს იყო „პუსი რაიოტის“ შემთხვევაში, ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“.

რუსეთის ცნობილ პატიმრებს რაც შეეხება, ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარის თანახმად, ოპოზიციონერ სერგეი ნავალნის და ასევე მის თანამოსაქმეს თუ ხუთწლიანი მუხლი დაუმტკიცდათ, ამნისტია არ შეეხებათ. მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევს, იმის გამო, რომ ორივე ორჯერაა გასამართლებული, სავარაუდოდ, არ გაუშვებენ. ბოლოტნაიას საქმეზე დაკავებულ პირთაგან რამდენიმეს, ასაკისა და ბავშვების ყოლის გამო, გაუშვებენ, მათგან არაერთი კი კვლავ ციხეში დარჩება, თუმცა ცნობილია, რომ პუტინი ამ საქმეზე დაკავებულებს ამნისტიას დაჰპირდა. რუსეთში დაკავებული გრინპისის გემის ეკიპაჟის - საერთოდ, ბუნებისდამცველების - საქმეში გამავალთ ასევე არ შეეხებათ ეს ამნისტია, რადგან მათ მეკობრეობა ბრალდებათ და ეს ძალადობრივი დანაშაულია. სერგეი ნასონოვის თქმით, ეს ამნისტია იქნება უკანასკნელ ხანებში ყველაზე რეალისტური ამნისტია, რადგან ბოლო წლებში რუსეთს ჰქონდა შერჩევითი ამნისტიები, რომლებიც მხოლოდ მცირე კატეგორიას ეხებოდა და ცოტას ათავისუფლებდნენ. ადვოკატი სერგეი ნასონოვი ამბობს, რომ თუ ეს ამნისტია დუმამ დაამტკიცა:

„ეს იქნება ერთ-ერთი პირველი რეალისტური ამნისტია, რადგან ის მოიცავს სასჯელმისჯილთა საკმაოდ ფართო წრეს. ეს იქნება ჩვენი პენიტენციარული სისტემის ნამდვილი განტვირთვა“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG