Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ელის ათონელის რეზიდენცია


რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე
რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე

ვინ დაიკავებს ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციას და რატომ მიიღო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან კიდევ ერთი შეთავაზება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა? - ეს შეკითხვები და მათზე სავარაუდო პასუხები კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური 29 მაისს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ.

ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საკითხი სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა წამოჭრა, თუმცა მის განცხადებაში სიახლე პრაქტიკულად არ ყოფილა - კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება და ფინანსები და ამიტომ პირადად მისთვის და მთავრობისთვის მისასალმებელი იქნებოდა, რომ შენობა, რომლის რეაბილიტაციაზეც 26 მილიონი დაიხარჯა, პრეზიდენტს საკუთარი რეზიდენციისთვის გამოეყენებინა. ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, სწორედ ეს იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება, თუმცა იმისათვის, რომ სახელმწიფოსა და ინსტიტუტების იმიჯი არ დაზიანდეს, გადაწყვეტილება, სამართლებრივი ზეწოლის გარეშე, გიორგი მარგველაშვილმა თავად უნდა მიიღოს:

“ჩვენ, მთავრობა, რაიმე მკვეთრ მოძრაობას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ - ისევ და ისევ ჩვენი სახელმწიფო ისნტერესების გათვალისწინებით. მე ვიცი, რომ დიდი პრობლემა აქვს იმავე საგარეო საქმეთა სამინისტროს. შენობა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში“.

თამარ ბერუჩაშვილი
თამარ ბერუჩაშვილი

“ჩვენი შენობა დიდი ხანია ცნობილია, რომ ავარიულ მდგომარეობაშია და წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლების დროს მართლა ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა, მაგრამ არც ადგილმდებარეობა და არც თვითონ ფიზიკური მდგომარეობა დღეს არ არის შესაბამისი ამ უწყების და რეალურად, ალბათ, გადაწყვეტილება მისაღებია: ან უნდა მივხედოთ ამ შენობას, ან უნდა სხვა ალტერნატივა ვნახოთ“, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, თუმცა მოგვიანებით მედიასთან დააზუსტა, რომ, საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული არასათანადო პირობების მიუხედავად, ათონელის რეზიდენციას იგი თავისი უწყებისთვის შესატყვის შენობად არ განიხილავს.

იმ უწყებებს შორის კი, რომლებიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, ასევე საჭიროებენ შენობით დაკმაყოფილებას, პრემიერ-მინისტრმა ჩამოთვალა ხელნაწერთა ცენტრი, ხელოვნებისა და თბილისის მუზეუმები, ქართული კულტურის ცენტრი. ამ ჩამონათვალშია ასევე ეკონომიკის სამინისტრო, რომლის შენობაც გასაყიდად გადის აუქციონზე.

ათონელის 25-ში მდებარე რეზიდენცია კი, კაპიტალური შეკეთებისა და რესტავრაციის შემდეგ, ცარიელია. ეგრეთ წოდებული „ორბელიანების სასახლის“ ფართობი 6 ათასი კვადრატული მეტრია და 250-კაციანი აპარატის საჭიროებაზეა გათვლილი. შენობა ხუთსართულიანია და მოიცავს როგორც შეხვედრებისა და საკონფერენციო დარბაზებს, ისე საოფისე ოთახებს. თუმცა შენობაში მსხვილი სახელმწიფო უწყების განთავსების პრობლემა სწორედ ამ უკანასკნელს - კერძოდ, საოფისე ფართის სიმცირეს - უკავშირდება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ეს გარემოება 29 მაისს მთავრობის სხდომაზეც აღნიშნა:

“შენობა ყველა თვალსაზრისით მორგებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაზე. იქ მარტო გეტყვით, რომ საოფისე ფართები არის სულ 29 პროცენტი საერთო ფართში. ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მაგის დატვირთვა და გამოყენება“.

ასეთ თემებზე პოლემიკა, მაშინ როდესაც ქვეყანაში არსებობს ძალიან ბევრი, გაცილებით უფრო მწვავე პრობლემა, ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება აკნინებს არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს, არამედ მთლიანად ხელისუფლებას და საქართველოს იმიჯს...
ანა ნაცვლიშვილი

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი, თავის მხრივ, აზუსტებს, რომ ათონელის რეზიდენცია საპრივატიზაციო ნუსხაშიც აღარ არის, რადგან მისი შესაბამის ფასად რეალიზება რთულია. რაც შეეხება პრეზიდენტს, მანმორიგი შეთავაზება ავლაბრის რეზიდენციიდან ათონელის რეზიდენციაში გადასვლის თაობაზე პრაქტიკულად რეაგირებისა და კომენტარის გარეშე დატოვა. მისმა მრჩეველმა კახა კოჟორიძემ კი განაცხადა:

“პრეზიდენტს რომ თავის დროზე გაეკეთებინა განცხადება, რომ მოვიფიქრებ და გადავწყვეტავ, მაშინ ჩემთვის გასაგები იქნებოდა ამ თემის კიდევ ხელახალი წამოწევა, მაგრამ პრეზიდენტმა ძალიან ნათლად თქვა თავისი პოზიცია. ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული. პოზიცია არის იგივე“.

ანუ პრეზიდენტი არ აპირებს რეზიდენციის შეცვლას, მთავრობა კი, გიორგი კვირიკაშვილის თანახმად, ამ დროისათვის, პრეზიდენტის გარდა, სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყების შენობაში განთავსების საკითხს არ განიხილავს. ასეთ ფონზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მთავრობას ურჩევს უსაგნო დისკუსიის ნაცვლად საჭირბოროტო საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება:

“ასეთ თემებზე პოლემიკა, მაშინ როდესაც ქვეყანაში არსებობს ძალიან ბევრი, გაცილებით უფრო მწვავე პრობლემა, ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება აკნინებს არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს, არამედ მთლიანად ხელისუფლებას და საქართველოს იმიჯს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG