Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი უფლებადამცველები - საქართველოში პოლიტპატიმრების შესახებ


13 ივლისს თბილისში ქართველმა უფლებამდაცველებმა ცნობილ რუს უფლებადამცველებთან სერგეი კოვალიოვთან და ერნსტ ჩორნისთან ერთად პოლიტპატიმრების, კონკრეტულად კი, 2009 წლიდან პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ ვახანიას საქმის შესახებ დისკუსია გამართეს. მათი აზრით, თუ იმ პროცესს გავითვალისწინებთ, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის თვალსაზრისით ხდება, ქვეყნის დემოკრატიულობაზე ლაპარაკი ხმამაღალი იქნება.

საქართველოსა და რუსეთის მოქალაქის, 2009 წლიდან პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსის და პოლიტიკური პარტია ”მთლიანი საქართველოს” ლიდერის, ვლადიმერ ვახანიას საქმე 13 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ქართველმა და რუსმა უფლებადამცველებმა იმის დამადასტურებელ მაგალითად მოიყვანეს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები კვლავაც არსებობენ. ვახანიას პოლიტპატიმრად სწორედ ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მსგავსი საქმეები საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს - მით უმეტეს, დღეს, იმ ფონზე, როცა ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, საკმაოდ მძიმეა. თუმცა ვახანიას საქმე, მასში არსებული არაერთი დარღვევის მიუხედავად, არ არის გამონაკლისი, ამბობს სოსო ბარათაშვილი:

”ის ფაქტი, რომ სასამართლოს განაჩენები არის სრულიად დაუსაბუთებელი და დაცვის მხარის მტკიცებულებები განაჩენებში საერთოდ არ არის გათვალისწინებული, ის ფაქტი, რომ პენიტენციარულ სისტემაში ადამიანების ცემა და წამება ჩვეულებრივი ამბავი გახდა და აღარც პატიმართა სიკვდილიანობა გვიკვირს, ის ფაქტი, რომ საქართველოს პატიმართა რიცხვით 100 000 სულ მოსახლეზე ევროპის მასშტაბით პირველი ადგილი უჭირავს, სრულიად ნათელია და ეს უკვე სისტემაა, სადაც მსგავსი რამეებია დანერგილი.”

თუ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონი პოლიტიკური დანაშაულებების შესახებ, შეიძლება თუ არა ასეთ ქვეყანას ვუწოდოთ დემოკრატიული ქვეყანა? ...
ერნსტ ჩორნი

ცნობილი უფლებადამცველი, რუსეთის მეცნიერებათა დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის თავმჯდომარე ერნსტ ჩორნი ერთ-ერთია, ვინც ხელს აწერდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელზე გაგზავნილ ღია წერილს, რომელშიც რუსი უფლებადამცველები და საზოგადოების წარმომადგენლები მას სთხოვენ, პირადად მიიღოს მონაწილეობა ვლადიმერ ვახანიას პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტაში. თუმცა, ჩორნის განცხადებით, ამ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია. ჩორნის შეფასებით, საქართველომ უნდა აწონ-დაწონოს და სწორად შეაფასოს ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებული ვითარება:

”თუ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონი პოლიტიკური დანაშაულებების შესახებ, შეიძლება თუ არა ასეთ ქვეყანას ვუწოდოთ დემოკრატიული ქვეყანა? ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ეს ეხება რუსეთს და არაერთ პოსტ საბჭოთა ქვეყანას, სადაც სიტუაცია დიდად არ განსხვავდება ვითარებისგან საქართველოსა და რუსეთში.”

ერნსტ ჩორნი დარწმუნებულია, თუ დღეს საზოგადოება არ დაიცავს პოლიტპატიმრებს, ხვალ შესაძლოა ამ საზოგადების ნებისმიერ წევრს იმგვარადვე გაუსწორდნენ.
თუ სასამართლო არ არის თავისუფალი, მაშინ საზოგადოებას, ხალხს არ რჩება არანაირი მექანიზმი, ხელისუფლებას მისი უფლებამოსილების საზღვრებზე მიუთითოს ...
სერგეი კოვალიოვი

კიდევ ერთი ცნობილი რუსი უფლებამდამცველი, საბჭოთა პერიოდის დისიდენტი სერგეი კოვალიოვი, აგრძელებს რა ერნსტ ჩორნის აზრს, აცხადებს, რომ ქვეყანაში, რომელშიც არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ასევე ზედმეტია ლაპარაკი დემოკრატიაზე:

”თუ სასამართლო არ არის თავისუფალი, მაშინ საზოგადოებას, ხალხს არ რჩება არანაირი მექანიზმი, ხელისუფლებას მისი უფლებამოსილების საზღვრებზე მიუთითოს.”

კოვალიოვი ფიქრობს, რომ ვლადიმერ ვახანიას საქმე უსამართლობის კლასიკური მაგალითია - საქმე, რომელშიც, მისი შეფასებით, დანაშაულის მტკიცებულებები არ დევს. აქვე შეგახსენებთ, რომ ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში ზუგდიდში იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. რუს უფლებადამცველებს კი დახმარებისათვის მისმა ახლობლებმა მიმართეს, იქიდან გამომდინარე, რომ ის რუსეთის მოქალაქეცაა. დღეს ვახანიას საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პრიორიტეტი აქვს მინიჭებული და განხილვის სტადიაშია.

აქვე ვთქვათ, რომ საქმის მასალების მიხედვით: "ვლადიმერ ვახანიამ 2009 წლის 13 თებერვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინტერვიუ მისცა გაზეთ "სამეგრელოს ქრონიკას". მოგვიანებით რესპონდენტმა ჩანაწერის გავრცელება გადაიფიქრა და ინტერვიუს ამსახველი აუდიოკასეტა ჟურნალისტს ძალადობის მუქარით დაათმობინა. მას შემდეგ, რაც მომხდარი ფაქტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გახმაურდა, საქმეში სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთვნენ. ვახანიას სახლში ჩხრეკის შედეგად პოლიციამ არა მხოლოდ აუდიოკასეტა, არამედ საძინებელ ოთახში დამალული ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღო.”

მაშინ როდესაც არც რუსეთის და არც საქართველოს ხელისუფლება პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს და არც კანონში არსებობს შესაბამისი მუხლი, რა უნდა გააკეთონ უფლებადამცველებმა, რომ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტები დაადასტურონ? ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მთავარ ბერკეტად მიიჩნევს მუდმივ მტკიცებას, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და როცა ისეთ პატარა ქვეყანაში არსებობს ასეთი 100-ზე მეტი პატიმარი, ეს ამ ქვეყნისთვის საგანგაშო მაჩვენებელია.

დაბოლოს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსი უფლებადამცველები ამ დღეებში ვახანიას საქმესთან დაკავშირებით შეხვედრებს აშშ-ის საელჩოშიც გამართავენ. მათმა ქართველმა კოლეგებმა კი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელობით, შეიმუშავეს პოლიტიკური პატიმრის განსაზღვრება, რომელსაც უფლებადამცველები საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოს მოქალაქეებსაც შესთავაზებენ. ამ დეფინიციას საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი მასალაც დაემატება და სექტემბერში წიგნად გამოიცემა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG