Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი განსხვავებული აქცია კანცელარიასთან - ვინ დაისჯება 17 მაისის ძალადობისთვის?


აქცია კანცელარიასთან
აქცია კანცელარიასთან
17 მაისს ჰომოფობიის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი აქციის ჩაშლისა და მის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ საზოგადოებაში ერთი მთავარი კითხვა ისმის: ვინ აგებს პასუხს მომხდარზე? მომხდარი სახელმწიფოს პირველმა პირებმა, სახალხო დამცველმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთხმად დაგმო, მაგრამ ვინ უნდა დაისაჯოს ამ ძალადობისათვის და ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი, ჯერჯერობით უცნობია. დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა მოითხოვეს 18 მაისს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული აქციის მონაწილეებმა. აქციის მთავარი დევიზი იყო: „დავგმოთ მოძალადე კრიმინალი სასულიერო პირებისა და მათი მომხრეების მიერ ჩადენილი დანაშაული 17 მაისს“.

ძალადობის წინააღმდეგ აქცია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაგეგმეს და დღის სამი საათისთვის სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ შეიკრიბნენ, თუმცა მათ იქ მისვლა ე.წ. კონტრდემონსტრანტებმა დაასწრეს - იმ ადამიანებმა, ვინც 17 მაისს უზნეობის პროპაგანდას აპროტესტებდა. განსხავვება ის იყო, რომ ამჯერად მათი რიცხვი მცირე იყო. მათ და ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილ ადამიანებს აქაც პოლიციის კორდონი ყოფდა. დროდადრო გაისმოდა შეძახილები: „ძირს ჰომოსექსუალები! საქართველო! საქართველო!“ მეორე მხარის აქცია შეძახილების გარეშე მიმდინარეობდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ლომინაშვილის თქმით, დღეს მათი მთავარი ადრესატი სახელმწიფოა, გუშინ მომხდარ ამბავში მთავარი დამნაშავე კი - ეკლესია:

”სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, თორემ ჩვენ მივიღებთ სავალალო შედეგს, სიბნელის ეს ტალღა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუკაკუნებს. ჩვენ გუშინაც ვნახეთ, რომ თბილისის ქუჩებში ადამიანებს, იმის გამო, რომ მათ აქვთ გრძელი თმა და განსხვავებული შეხედულებები, არბევდნენ და სცემდნენ. ეს მართლა შეუქცევად ხასიათს მიიღებს, თუ დამნაშავეები არ დაისაჯნენ“.
17 მაისის აქცია
17 მაისის აქცია

აქციის სხვა მონაწილეებიც თანხმდებიან აზრზე, რომ, დაპირებების მიუხედავად, 17 მაისს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე სახელმწიფომ ბოლომდე ვერ შეძლო ადამიანთა მცირე ჯგუფის უსაფრთხოების დაცვა. მართალია, ცალკეულმა პოლიციელებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეძლეს ადამიანების გადარჩენა, მაგრამ, ზოგადად, უსაფრთხოების ოპერაცია არასწორად იყო დაგეგმილი. - ასე ფიქრობს ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, თუ როგორია ის მოთხოვნები, რომლითაც საზოგადოებამ სახელმწიფოს უნდა მიმართოს:

”სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ იმ ადამიანების დისციპლინური პასუხისმგებლობა, ვინც დაგეგმვის ღონისძიება ჩააგდო და, მეორე, უნდა დაისაჯონ კონკრეტული პირები, ვინც ძალადობდა და ეს ჩანს კადრებში, მათ შორის კი არიან სასულიერო პირებიც”.

კანცელარიასთან გამართულ ძალადობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა 17 მაისის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილიც, რომელიც გვეუბნება, რომ 17-ში ხალხის მასა რუსთაველის გამზირზე 30 ადამიანის დასაშლელად კი არ მივიდა, არამედ მათ დასახოცად და ამისკენ მოწოდებები გაქცეულებს ესმოდათ:
დაპირისპირება 17 მაისის აქციაზე
დაპირისპირება 17 მაისის აქციაზე

”მე ეს მესმოდა, დახოცეთ, არ გაუშვათო. ამ აქციაში კი, ლბგტ ადამიანების გარდა, მონაწილეობდნენ სხვებიც. ეს არ იყო მხოლოდ მათი აქცია, ეს იყო აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ. ანუ რა გამოდის, რომ თუკი საქართველოში ადამიანთა ერთი ჯგუფი არ დაეთანხმა მართლმადიდებელ ეკლესიას, მაშინ ეკლესია იტოვებს უფლებას ეს ადამიანები ფიზიკურად გაანადგუროს. ასე დაიწყო ფაშიზმი, ასე დაიწყო მესამე რაიხი. ადამიანთა რაღაც ნაწილმა, ვინც იყო სამოქალაქო საზოგადოების ეკვივალენტი მაშინდელ გერმანიაში, ვერ მოახერხა იმ ადამიანების ძალაუფლების ნიველირება, რომლებმაც შექმნეს უზარმაზარი ტოტალიტარული რეჟიმი და შედეგად კი მივიღეთ ის, რომ მილიონობით ადამიანი ფიზიკურად გაანადგურეს, რის ნიშნებსაც მე ვხედავ დღეს საქართველოში. ეს ნიშნები გუშინ გამოჩნდა“.

თამარ თანდაშვილი ამის ნიშნებს საქართველოშიც ხედავს და თავის მეგობრებან ერთად მოითხოვს დაისაჯოს ყველა დამნაშავე. პირველ რიგში, პასუხი უნდა მოეთხოვოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქციის მონაწილე თამარ პატარიძეც ფიქრობს, რომ ყველა მოძალადე ადამიანი, მათ შორის, სასულიერო პირებიც, რომლებიც ჩანან გადაღებულ ფოტო და ვიდეოკადრებში, შესაბამისად უნდა დაისაჯონ.
მოვედით იმიტომ, რომ ჰომოსექსუალებისა და გარყვნილების პროპაგანდას ვეწინააღმდეგებით. ძალადობას ჩვენც ვგმობთ, მაგრამ გააჩნია საიდან იყო პროვოცირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი მხრიდან იყო ეს პროვოცირებული...
გიორგი ბაქრაძეც, „ეროვნული ფრონტის“ წარმომადგენელი

პოლიციის კორდონის მეორე მხარეს მდგარი ადამიანები კი, მათივე თქმით, აპროტესტებდნენ იმასვე, რასაც 17 მაისს. მათ შორის იყო „ეროვნული ფრონტის“ წარმომადგენელი გიორგი ბაქრაძეც:

”მოვედით იმიტომ, რომ ჰომოსექსუალებისა და გარყვნილების პროპაგანდას ვეწინააღმდეგებით. ძალადობას ჩვენც ვგმობთ, მაგრამ გააჩნია საიდან იყო პროვოცირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი მხრიდან იყო ეს პროვოცირებული“.

რადიო თავისუფლება: მაგრამ მათ აქციაც კი არ ჩაუტარებიათ, ისინი პოლიციამ გაარიდა იქაურობას.

”კი, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ქალაქის მთავარ მოედანზე ქართველი ხალხი არ დაუშვებდა მათი ფლეშმობის ჩატარებას, თან, მით უმეტეს, რომ ერი დაღუპულ გმირებს გლოვობდა, ეგენი კი ჩვენს რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებზე მანიპულირებდნენ”.


ვინ აგებს პასუხს მომხდარზე, ჯერჯერობით ნათელი არ არის. ერთადერთი ინფორმაცია, რასაც შს სამინისტრო ავრცელებს, ის არის, რომ განვითარებული მოვლენების თაობაზე გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებზე კონკრეტული პირების მიმართ საქმე უკვე აღძრულია.
მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება არის ფუნდამენტური ჩვენი დემოკრატიისთვის. საქართველოს თითოეული მოქალაქე თანასწორად და სრულად სარგებლობს ამ უფლებით...
ბიძინა ივანიშვილი

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კი 17 მაისს, აქციის დარბევისთანავე, იმ სასულიერო პირებისა და აქციის მონაწილეების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, ვინც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ორგანიზატორებზე იძალადა. საგანგებო ბრიფინგზე უჩა ნანუაშვილს არც შს სამინისტროს იმ წარმომადგენლების პასუხისმგებლობა დავიწყებია, ვინც პარალელური აქცია ვერ შეაჩერა და კორდონი დაშალა. 17 მაისი სახალხო დამცველის მიერ შეფასდა როგორც მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფის დევნა.
საპატრიარქო რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს, ამას მეუფე იაკობის 17 მაისს გავრცელებული გამოსვლაც მოწმობს:

”გავიხედოთ, რა ხდებოდა, - 26 მაისი გინდათ თუ 7 ნოემბერი, სულ ეგეთი ამბავი არ ხდებოდა? ცოტა ჭკვიანად იყვნენ ეგ ვაჟბატონები და იმ ხალხში არ შევეშალოთ, ვინც პასუხს არ მოსთხოვს. მაგათი პარპაშის დრო უნდა დამთავრდეს. ვერანაირი უცხოეთი ვერ გვაიძულებს, მაგათ დავემონოთ და ასეთ რაღაცებს ვუყუროთ. არც ვიცი, რას უწოდებენ მაგ აქციას. ცოტა ვაჟკაცურად დახვედრა თუ უნდათ, დავხვდებით. ჭკვიანად იყვნენ, თორემ ერი არ აპატიებს. და დღეს რაც ხდებოდა, ეს იყო ერის დაკვეთა. თუ დაგვჭირდა, მილიონი ადამიანი გამოვა ქუჩაში..."
დაპირისპირება 17 მაისის აქციაზე
დაპირისპირება 17 მაისის აქციაზე

17 მაისს მომხდარ ძალადობას ქვეყნის პირველი პირებიც გამოეხმაურნენ. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, უმაღლესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, რომელიც მომხდარს არ უნდა გაემიჯნოს. პრემიერი ივანიშვილი კი თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს:

„მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება არის ფუნდამენტური ჩვენი დემოკრატიისთვის. საქართველოს თითოეული მოქალაქე თანასწორად და სრულად სარგებლობს ამ უფლებით. ძალადობის, დისკრიმინაციისა და სხვათა უფლებების შეზღუდვა არ იქნება დაშვებული და ნებისმიერი ასეთი ქმედების ჩამდენი კანონის მიხედვით დაისჯება".

17 მაისის აქციის დაშლას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნელიც“ გამოეხმაურა. ორგანიზაცია „ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის“ დირექტორი ჯონ დალჰუისენის თქმით,
პოლიციამ არაეფექტური რეაგირება მოახდინა ორგანიზებულ და ძალადობრივ ჰომოფობიურ აქციაზე, საქართველოს ხელისუფლებას კი კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი ქვეყანაში ტოლერანტობის ხელშესაწყობად და ლგბტ ადამიანებისა და მათი უფლებების დასაცავად.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG