Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაზმეია ჰორნი


ნიუ-იორკულმა გამოცემა JazzWeek-მა ამერიკული რადიოს ივნისის რეიტინგები შეაჯამა და იმ არტისტების ნუსხა გამოაქვეყნა, რომელთა ალბომები ყველაზე პოპულარული იყო მსმენელებს შორის.

ჯაზმეია ჰორნი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:37 0:00
გადმოწერა

პირველი ადგილი მომღერალმა ჯაზმეია ჰორნმა დაიკავა 2017 წლის ალბომით "A Social Call".

ჯაზმეია ჰორნი 1991 წლის 21 აპრილს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში დაიბადა. მუსიკის, უფრო ზუსტად კი, ჯაზის სიყვარული ბავშვობიდანვე დასჩემდა. უსმენდა სარა ვონს, კარმენ მაკრეის, ბილი ჰოლიდეის, ბეტი კარტერს, ელა ფიცჯერალდს, ნინა სიმონესა და სხვა გამოჩენილ შემსრულებლებს. მისი თქმით, ეს ის ხალხი იყო, რომელთა შემოქმედებამ უდიდესი გავლენა მოახდინა მისი ვოკალური ხელწერის ჩამოყალიბებაზე. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საკუთარი მუსიკალური მსოფლმხედველობისა თუ გემოვნების ძერწვის საქმეში მთავარ "დამნაშავედ" მხოლოდ ერთ არტისტს, ჯონ კოლტრეინს, ასახელებს. "როცა ტრეინის სვინგს ვუსმენ, სხეულში უცნაურ ვიბრაციას ვგრძნობ. ეს შეგრძნება მთელი დღე თავს არ მანებებს. კოლტრეინი ერთადერთია, რომელსაც ჩემი გაბედნიერება და, ამავე დროს, ატირება შეუძლია", - ამბობს ჰორნი.

ჯაზმეია ჰორნმა განათლება დალასში, ბუკერ ვაშინგტონის სახელობის ხელოვნების სკოლაში, მიიღო, ხოლო 2009 წლიდან საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. გოგონამ სწავლა ჯაზისა და თანამედროვე მუსიკის ინსტიტუტში განაგრძო, სადაც ვოკალისტის ხელოვნებას ეუფლებოდა. პარალელურად პატარა კლუბებში მართავდა კონცერტებს და სულ მალე ნიუ-იორკის ჯაზის სამყაროს წარმომადგენლების ყურადღებაც მიიქცია. ჯაზმეიას კონტრაქტი რადიო WBGO-მ გაუფორმა, რომლისთვისაც დამწყებმა არტისტმა რამდენიმე ჩანაწერი გააკეთა, მოგვიანებით კი, საკუთარი კვარტეტი ჩამოაყალიბა, ისეთი ცნობილი კლუბების სცენებზე გამოჩნდა, როგორებიცაა: Dizzy’s Club-ი, Smalls-ი, The Blue Note-ი და The Red Rooster-ი.

მოგეხსენებათ, რომ ნიუ-იორკში, ჯაზის დედაქალაქში, საკმაოდ ძნელია ამ კონკრეტულ ჟანრში რაიმე ახალი თქვა და ორმაგად პრობლემურია საკუთარი ადგილი დაიმკვიდრო კონკურენტებით გადატვირთულ ჯაზურ სცენაზე - მით უმეტეს, 22 წლის, გამოუცდელი არტისტისთვის. თუმცა, ჯაზმეია ჰორნმა ეს მაინც მოახერხა. კრიტიკოსების აზრით, ამგვარი წარმატების მთავარი მიზეზი გოგონას განათლებაა. მიუხედავად ასაკისა, სიღრმისეულად შეისწავლა ჯაზის საუკუნოვანი ისტორია, მისი განვითრების ეტაპები, შესაბამისად, ოსტატურად მოახერხა ტრადიციის გააზრება და წარსულის კარკასზე თანამედროვე ფორმების მორგებაც შეძლო. ყველაფერთან ერთად, არტისტის ვოკალურ მონაცემებსაც აქებენ: გამორჩეული ტემბრითა და ბგერასთან დამოკიდებულების მანერით ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებს ადარებენ, როგორებიც იყვნენ სარა ვონი და ტერი ტორნტონი. ჯაზის მცოდნენი ჰორნის წარმატებას მის შრომისმოყვარეობას, პროფესიული ზრდის, სრულყოფის დაუოკებელ ჟინსაც უკავშირებენ.

2012 წელს ჯაზმეია ჰორნმა მონაწილეობა მიიღო სარა ვონის საერთაშორისო კონკურსში და "ამომავალი ვარსკვლავის" ნომინაციაში გაიმარჯვა. მოგვიანებით კი ჯაზის სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ ფორუმში ჩაერთო და, როგორც წლის საუკეთესო ვოკალისტს, თელონიუს მონკის სახელობის ჯილდო გადაეცა. 2017 წელს არტისტმა ხმის ჩამწერ ლეიბლ "პრესტიჟზე" სადებიუტო ალბომი გამოსცა, სახელწოდებით "A Social Call ", რომელიც არაერთი პრიზის მფლობელი გახდა.

XS
SM
MD
LG