Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოება მთავრობის შეცვლის მოლოდინშია


ორი ახალი მინისტრის ვინაობის დასახელება, რაც თავდაპირველად 30 აპრილისთვის დაიგეგმა, პრემიერ-მინისტრმა ხვალისთვის, 1 მაისისთვის, გადადო. პარალელურად მთავრობა სამთავრობო პროგრამის განახლებაზე მუშაობს და პარლამენტის წინაშე წარსადგომად ემზადება, საპარლამენტო ოპოზიცია კიმთავრობას მწვავე შეკითხვებს უმზადებს. რა ეჭვები და ვარაუდები უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და რაში ადანაშაულებს მედიას ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი?

თავდაპირველი ინფორმაციით, ორი ახალი მინისტრის ვინაობა პრემიერ-მინისტრს 30 აპრილს შუადღისას უნდა დაესახელებინა, მაგრამ საღამოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ჯერ ისევ გრძელდება კონსულტაციები კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" და ახალ მინისტრებს საზოგადოება 1 მაისს დილით გაიცნობს.

თუკი პრემიერ-მინისტრის წინასწარი განცხადებებით ვიმსჯელებთ, მთავრობაში მხოლოდ გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრების ვაკანტური თანამდებობები შეივსება და არც ერთი სხვა მინისტრი არ გამოიცვლება. რაც შეეხება ნდობის გამოცხადების პროცედურას, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, რომ ამ საქმეს უახლოეს დღეებში მიხედოს, – მთავარია, ბოლომდე დაკომპლექტებული, განახლებული მთავრობის შემადგენლობა პრეზიდენტმა დროულად წარუდგინოს პარლამენტს. საპარლამენტო უმრავლესობა წინასწარვე გამოხატავს მთავრობის მიმართ ნდობას და სწორედ ამ ნდობის საფუძველზე ლაპარაკობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი ეკა ბესელია:

კითხვები იქნება ძალიან მწვავე, პირველ რიგში, ეს იქნება ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენ მინისტრები გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში თურმე კრიზისი არ ყოფილა, თურმე ქვეყანაში ყველაფერი არის ძალიან კარგად...
აკაკი მინაშვილი

„ძალიან კარგად აცნობიერებენ, რამდენად სწრაფად და რამდენად დროულად უნდა მივიყვანოთ რეფორმები ყველა მიმართულებით და პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც აქვს დღეს მთავრობას და აქვს პრემიერს, განცდაც და მზაობაც ამ რეფორმების დასრულების, არის ჩვენთვის გარანტი იმისა, რომ ნდობის მანდატი იქნება გამოყენებული ჩვენი მოსახლეობის სასიკეთოდ“.

სამთავრობო გუნდის იმავე შემადგენლობით წამოყენება და დამტკიცება საქართველოს მოქალაქეების დაცინვად მიაჩნიათ საპარლამენტო ოპოზიციაში. ქვეყანაში დაგროვილი პრობლემების ფონზე, როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი აკაკი მინაშვილი აღნიშნავს, სამთავრობო გუნდს პარლამენტში განმარტებების გაკეთება მწვავე შეკითხვების გარშემო მოუწევს:

„კითხვები იქნება ძალიან მწვავე, პირველ რიგში, ეს იქნება ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენ მინისტრები გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში თურმე კრიზისი არ ყოფილა, თურმე ქვეყანაში ყველაფერი არის ძალიან კარგად და ივანიშვილის ცნობილი ფრაზა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ბანკირები უნდა აიყვანონ, კიდევ ერთი დაცინვაა საქართველოს მოქალაქეების. ბუნებრივია, საუბარი იქნება კრიმინალზე“.

ვიდრე ახალი მთავრობა განახლებული შემადგენლობით წარდგება პარლამენტის წინაშე, მისი მუშაობით კმაყოფილებას გამოხატავს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. როგორც მან 30 აპრილს უთხრა ჟურნალისტებს, მინისტრები აბსოლუტურად დამაჯერებელი მიზეზებით გადადგნენ და საკამათოც არაფერია. ბიძინა ივანიშვილს შეკითხვები სულ სხვაგან ეგულება. ამჯერად მისი კრიტიკის ადრესატი მედია გახდა:

საზოგადოება ელოდებოდა ძირეულ ცვლილებას და რეფორმებს და, რაც მთავარია, ახალ ხედვებს ახალ ადამიანებთან დაკავშირებით და... როგორც ჩანს, ეს მოლოდინი მოლოდინად დარჩება და ამან შეიძლება, გარკვეულწილად, გაღიზიანება გამოიწვიოს...
კორნელი კაკაჩია

„რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი – აი, აქ არის კითხვები... რა ხდება? რატომ შფოთავთ ასე? განა ეს ჩვეულებრივი მოვლენები არაა?! ეს რომ ევროპაში მომხდარიყო, არც ერთი კითხვა არ დაისმებოდა. განა ყველაფერი კულტურულად არ განხორციელდა?!“

ექს-პრემიერის კომენტარების ფონზე, ბევრს გაუქარწყლდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბოლო პერიოდის მოვლენები, მთავრობის მთელი შემადგენლობის შეცვლისა ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ვითარდება. ამ ეტაპზე ანალიტიკოსების დიდი ნაწილი არც, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, მთავრობის სრული შემადგენლობის გამოცვლას მოელის და არც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.

ასეთ ფონზე პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია თვლის, რომ „კოსმეტიკური ცვლილებები“ ეკონომიკური პრობლემებით შეწუხებული საზოგადოების გაღიზიანებას გამოიწვევს:

ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება ჩვენს მთავრობაში, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ დაჩქარდეს რეფორმები, კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდეს, შედეგები გახდეს კიდევ უფრო ეფექტური...
ირაკლი ღარიბაშვილი

„საზოგადოება ელოდებოდა ძირეულ ცვლილებას და რეფორმებს და, რაც მთავარია, ახალ ხედვებს ახალ ადამიანებთან დაკავშირებით და... როგორც ჩანს, ეს მოლოდინი მოლოდინად დარჩება და ამან შეიძლება, გარკვეულწილად, გაღიზიანება გამოიწვიოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ლარის კურსი კიდევ უფრო ვარდება და ხელისუფლება ვერაფერს ვერ აკეთებს, რომ რაღაც შეიცვალოს“.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძისთვის მოვლენები არალოგიკურად ვითარდება. მისთვის გაუგებარია, რომ, ერთი მხრივ, მინისტრების გადადგომის მიზეზებად ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახური მდგომარეობა თუ პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მცდელობა დასახელდა, ხოლო, მეორე მხრივ, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა 29 აპრილს აღნიშნა, რომ „ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება ჩვენს მთავრობაში, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ დაჩქარდეს რეფორმები, კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდეს, შედეგები გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ხათუნა ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა წინ უფრო მსხვილი ცვლილებები გველოდეს მას შემდეგ, რაც პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს განახლებულ მთავრობას, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მაქსიმუმ 6 მინისტრის გადაყენების საშუალება პრემიერს პარლამენტის ნებართვის გარეშე მიეცემა.

30 აპრილს, დღის ბოლოს, მედიაში გავრცელდა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წინასწარ გამოცხადებულზე მეტი მოხდება და რომ შესაძლოა, მაგალითად, თავდაცვის მინისტრიც გამოიცვალოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG