Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის დამოუკიდებლობის დღე და პროტესტი „სოციალური გენოციდის“ წინააღმდეგ


მოლდავეთის დამოუკიდებლობის დღე
მოლდავეთის დამოუკიდებლობის დღე

მოლდავეთმა საბჭოთა უღლიდან თავის დახსნის, ანუ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. გარდა ეროვნულ სამოსში გამოწყობილთა აღლუმისა, პოლიტიკოსთა მიერ წარმოთქმული სიტყვების, კონცერტებისა და მემორიალებთან გვირგვინების მიტანისა, იყო საპროტესტო გამოსვლაც.

დამოუკიდებლობით ტკბობას მოლდაველები და ამ ქვეყნის ეროვნული უმცირესობები ვერ ირგებენ, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ამ მცირე სახელმწიფოს პრობლემაც საკმარისი აქვს. კორუფციისა და დაბალი პენსიების წინააღმდეგ გამოსვლის მონაწილეები შეუერთდნენ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მსვლელობას კიშინიოვში, მოლდავეთის დედაქალაქში. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: შეწყდეს „სოციალური გენოციდი“, მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმია, წარუმატებელი სახელმწიფოს ქურდმა მთავრობამ გაძარცვა...

ასეთი იყო პათოსი დემონსტრაციისა, რომლის ერთი მონაწილე რადიო თავისუფლების კორესპონდენტს შეძახილების ფონზე – „სირცხვილი, სირცხვილი“, – ეუბნება: „ეს ზეიმი მხოლოდ ქურდებისთვის არის, რომლებმაც მთელი ქვეყანა გაძარცვეს. ახალგაზრდებმა დატოვეს ქვეყანა, მხოლოდ მოხუცები დარჩნენ“.

ქვეყნის პოლიტიკური ელიტის ბევრი წარმომადგენელია ბრალდებული კორუფციაში. საპატიმროშია, მათ შორის, ყველაზე მაღალი თანმდებობის პირი, ვლად ფილატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი. იძიებენ ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრის, გზების მართვის მინისტრის, სოფლის მეურნეობის მინისტრისა და ეკონომიკის სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომლების, ასევე კიშინიოვის მერიის არაერთი თანამშრომლის საქმეებს, ბრალდება აქვს წაყენებული ეროვნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს. ამის ფონზე, განსაკუთრებით, სოციალურად სუსტი შრეები უკმაყოფილებას არ მალავენ.

დემონსტრაციის ერთმა მონაწილემ, ამ დღეს, დამოუკიდებლობის დღეს, პროტესტის დღე უწოდა: „პროტესტის დღეა დღეს, რადგან ხალხს შია, ხალხი შიმშილობს. ქვეყნის ხელმძღვანელებმა ბანკებიდან მოპარული მილიარდები უნდა დააბრუნონ და ხალხს მშვიდობიანად და ჯანმრთელად ცხოვრების შესაძლებლობა მისცენ ქვეყანაში“. გარდა იმისა, რომ მოლდავეთს კორუფცია ღრღნის, ქვეყნის წინსვლას თავისებურად აფერხებს სეპარატისტული ძალების არსებობა.

დნესტრისპირეთში, მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში, პრორუსული ძალები არიან გამაგრებული. მოლდავეთის პრეზიდენტი, იგორ დოდონი, რუსეთთან შეკავშირებული პოლიტიკოსია და უთანხმოება აქვს პროევროპულ მთავრობასთან. მან 27 აგვისტოს დააჯილდოვა ის პირები, ვინც რუსეთთან ახლო ურთიერთობას ხელი შეუწყო. პრემიერ-მინისტრმა, პაველ ფილიპმა პარლამენტში გამოსვლისას დაადასტურა, რომ მისი მთავრობა ევროპის კავშირთან დაახლოების გზას ადგას.

როცა მოლდაველები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ, ფილიპმა ეს სიტყვები წარმოთქვა ქუჩაში გამოსულების გასაგონად: „მე მჯერა, რომ ყოველგვარი მოწოდება, რომ ზურგი შევაქციოთ ევროპული ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანს, უპასუხისმგებლო და ძალიან მავნებელია. მოლდავეთის რესპუბლიკა ვეღარ გაუძლებს გეოპოლიტიკური კურსის კიდევ ერთ ცვლილებას“, – თქვა ფილიპმა. მისი ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა რუსეთთან ურთიერთობის გართულების ვითარებაში, როცა მოლდავეთის წარმომადგენელმა გაეროში, ვიქტორ მორურუმ, მოწოდება გამოთქვა გაეროს სესიის მიმართ, რომელიც მომავალში გაიმართება, რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარების გაყვანის საკითხი განეხილა.

რუსეთის მთავრობა, კიშინიოვის ამ ნაბიჯის გამო, აღშფოთდა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა მას „პროვოკაციული ინციატივა“ უწოდა. რუსეთს მოლდავეთის ტერიტორიაზე, თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში, ორი ათასი სამხედრო ჰყავს. ათას ხუთასი – რუსეთის საბჭოთა პერიოდის იარაღის საწყობებს იცავს და ხუთასი – სამშვიდობო კონტიგენტიაო, – ასე აფორმებს კრემლი მოლდავეთში თავისი ჯარის ყოფნას. სამშვიდობო ჯარი 25 წლის წინ დადებული ზავის პირობებს იცავს. 1999 წელს იკისრა რუსეთმა პასუხისმგებლობა ეუთოს სამიტზე, რომ 2002 წლისთვის გაიყვანდა ჯარს, მაგრამ ეს არ მომხდარა.

მოლდავეთის წარმომადგენლის ნაბიჯი უარყოფითად შეაფასა თვით პრეზიდენტმა დოდონმა, რომელიც თვლის, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები რეგიონში მისიას წარმატებულად ახორციელებენ. მისია კი, უნდა გაგრძელდეს, რათა დნესტრისპირეთში დამყარებული მშვიდობა შენარჩუნდეს. დნესტრისპირეთმა 1990 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც სამხედრო დაპირისპირება მოჰყვა. ეს კი დასრულდა რუსეთის სამხედრო უპირატესობის ფაქტორის გათვალისწინებით.

მოლდავეთის უდიდესი ნაწილი ისტორიულად რუმინეთის ტერიტორია იყო. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პრორუსული პრეზიდენტი დოდონი ეწვია მოლდავეთის ავტონომიურ ტერიტორიულ წარმონაქმნს, გაგაუზიას, სადაც მოუწოდა გაგაუზელებს, იბრძოლონ მათ წინააღმდეგ, ვინც „მოლდავეთის სახელმწიფოებრიობის განადგურებას ცდილობს რუმინეთთან შეერთებით“. თვითონ გაგაუზიამ 1990 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ კიშინიოვმა ის არაკონსტიტუციურად ჩათვალა და, ბოლოს და ბოლოს, ოთხ წელიწადში, ავტონომიის სტატუსი მიანიჭა. გაგუაზები ეთნიკურად თურქული წარმოშობის ტომია, ისინი რუსულად ლაპარაკობენ და მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. შარშანდელ არჩევნებში მათ საპრეზიდენტო არჩევნებზე დოდონს დაუჭირეს მხარი. დოდონის მიერ იქ ორგანიზებულ ზეიმზე ჩასული იყვნენ რუსეთისა და თურქეთის ელჩები მოლდავეთში.

„ყველა ეთანხმება აზრს, რომ გვყავს გაგაუზიის მეგობრები, რომლებიც მოლდავეთის მეგობრებიც არიან, ეს რუსეთი და თურქეთია, თქვა დოდონმა, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე ვერ გადავრჩებითო, გამოაცხადა მან. ბოლო გამოკითხვით, რუმინეთთან მათი სამშობლოს შეერთებას მხარს უჭერს მოლდაველთა 23 პროცენტი, ხოლო წინააღმდეგია 58. აშშ-ის მთავრობამ მოლდავეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ვაშინგტონი კვლავაც მხარში დაუდგება მოლდავეთს, მონახოს დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარების გზა, რაც ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტია იქნება, – წერია ვაშინგტონის მოსალოც წერილში.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG