გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გამოიყენოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებზე მოსკოვის ზეგავლენა, რათა ხელი შეუწყოს წინსვლას კონფლიქტის მოგვარებისაკენ. მერკელის ადმინისტრაციის ცნობით, ორმა ლიდერმა ტელეფონით ისაუბრა 2 თებერვალს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით. წინა დღეს მერკელი ბერლინში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს - თითქმის ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც გერმანიისა და საფრანგეთის ხელშეწყობით, მინსკში გაფორმდა შეთანხმება უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად. როგორც მერკელმა 1 თებერვალს აღნიშნა, ის ვერ ხედავს მიზეზს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გასაუქმებლად. ევროკავშირმა დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება რუსეთისთვის სანქციების 31 ივლისამდე გაგრძელების შესახებ. აღმოსავლეთ უკრაინაში 9100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის 2014 წელს ბრძოლის დაწყების შემდეგ.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1