Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა


2012-2013 წლებში კერძოდ დაზღვეულ ადამიანთა რიცხვი 117,000 ადამიანით, ანუ 20 პროცენტით შემცირდა, რამაც შესაბამისად გაზარდა სახელმწიფო ბიუჯეტზე წნეხი. 2014 წელს მოსალოდნელია კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობის კიდევ უფრო მეტად შემცირება. ასეთია დასკვნა, რომელიც საერთაშორისო ფონდმა „კურაციო“ საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ახალი კვლევა, „საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი - მესამე ტალღა“, გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიში მოიცავს ექვსთვიან პერიოდს, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით.

კვლევაში დადებითად არის შეფასებული 2013 წელს ჯანდაცვის მიმართულებით სახელმწიფო დანახარჯების ზრდის ტენდენციები, რამაც მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა გააუმჯობესა. თუმცა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუმჯობესდა მხოლოდ ქალაქად, სოფლის მოსახლეობის მდგომარეობა კი ამ კუთხით 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, გაუარესდა, რის მიზეზიც, შესაძლოა, „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ ნაწილობრივი (48-პროცენტიანი) დაფინანსება იყოს.

აღნიშნული მიმართულებით 2014 წლის პრიორიტეტი სწორედ სოფლის ექიმის პროგრამის განვითარება -გაძლიერებაა.

კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია კერძოდ დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ტენდენციებზე. ასევე თუ გავითვალისწინებთ, რომ, 2014 წლის ივნისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ფასები 8,4 პროცენტით, ხოლო მედიკამენტებზე 7,4 პროცენტით გაიზარდა, 2014 წლის ბიუჯეტის მსყიდველუნარიანობა, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია. ამასთან, 2014 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე გამოყოფილი თანხები, წინა წელთან შედარებით, 4,4 პროცენტით არის შემცირებული და 605 მილიონ 849 ათასი ლარს შეადგენს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მონაცემებით, მეორე ტალღასთან შედარებით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ძალიან ან ზომიერად ეფექტური იყო. კლების ტენდენციით ხასიათდება ასევე იმ ექსპერტთა რაოდენობა, რომლებიც მთავრობის მიერ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურად მიიჩნევენ. ყოველი მესამე სპეციალისტი ფიქრობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ნამდვილად ჰქონდა ადგილი ფასების მატებას მედიკამენტებზეც და სამედიცინო მომსახურებაზეც.

XS
SM
MD
LG