Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ის, რაც მარტოხელა დედებს სჭირდებათ


პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტი „მარტოხელა მშობლის“ სტატუსის განსაზღვრას გეგმავს. ცვლილებები „სამოქალაქო კოდექსში“ „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ მიერაა მომზადებული. დედები, რომელთაც ბავშვი არარეგისტირებულ ქორწინებაში ჰყავთ გაჩენილი, ან ის მშობლები, რომელთაც ბავშვი ჰყავთ შვილად აყვანილი არარეგისტრიტებულ ქორწინებაში ყოფნისას, ჯერ სტატუსს შეიძენენ, მოგვიანებით კი მათთვის სოციალური და სხვა სამართლებრივი დაცვის გარანტიები შემუშავდება.

ეთუნა ნოღაიდელი, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ გენდერული პროგრამების კოორდინატორია. შვილი დაახლოებით 6 წლის წინ არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინა.

„სულ ვფიქრობდი, რომ რა მოხდებოდა, კონკრეტულად მარტოხელა დედებისთვის რომ რამე შეღავათი არსებობდეს“.

როცა მე ვაჩენდი, ანუ თითქმის 6 წლის წინ, მაშინ შეგეძლო აგეღო ვაუჩერი და თუკი მშობიარობა ღირდა 400 ლარი, დაგიჯდებოდა 200 ლარი. ჩემთვის მაშინ ის 200 ლარიც პრობლემა იყო...
ეთუნა ნოღაიდელი

ეთუნას თქმით, არავითარი პროგრამა არ მოქმედებდა მისი ორსულობის დროს. ამასთან, მისივე თქმით, თუ მუშაობ, სამსახურის შენარჩუნების პრობლემა გექმნება, თუ არ მუშაობ, მაშინ ისედაც პრობლემა გაქვს. ეთუნა ამბობს, რომ ბავშვს ჯერ ნათესავთან ტოვებდა, შემდეგ მეგობართან, ბოლოს ძიძასთან, რომელიც რამდენიმე ბავშვს იტოვებდა. სულ ბოლოს კი, ნაცნობობით მოახერხა სახელმწიფო ბაღში ბავშვის ჩაწერა, - ნაცნობობით, იმიტომ, რომ სექტემბერში ბავშვი ჯერ ზუსტად 2 წლის არ იყო.

ეთუნა ამბობს, რომ პრობლემა ექმნებოდა იმითაც, რომ ბაღები მხოლოდ 6 საათამდე მუშაობენ, რის გამოც ხშირად ბავშვთან მისვლას დროულად ვერ ახერხებდა:

„როცა მე ვაჩენდი, ანუ თითქმის 6 წლის წინ, მაშინ შეგეძლო აგეღო ვაუჩერი და თუკი მშობიარობა ღირდა 400 ლარი, დაგიჯდებოდა 200 ლარი. ჩემთვის მაშინ ის 200 ლარიც პრობლემა იყო. მაშინ, პიროვნული დახმარებებით, ეს 200 ლარიც არ გადამიხდია, მაგრამ ეს იყო ადამიანური დახმარება და არა სახელმწიფოს დახმარება. მაშინ, ასევე, თუკი სოციალურად დაუცველი იყავი,1000 ლარს ერთჯერად შემწეობას გაძლევდნენ. ჩემს სახლში რომ მოვიდნენ, მართალია, ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდი, მაგრამ 400 ლარი მქონდა ხელფასი, რითაც ქირას ვიხდიდი და რადგან ქირის გადახდის უნარი მქონდა, დახმარების მიღების კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებდი და თავისთავად ეს დახმარება გამოირიცხა“.

ეთუნა ნოღაიდელის თქმით, თუ სტატუსი არ განისაზღვრა კონკრეტული სოციალური ჯგუფისთვის, ვერასდროს ვერ შემუშავდება კონკრეტული პოლიტიკა ამ ადამიანების მიმართ.

ელისო ამირეჯიბი
ელისო ამირეჯიბი

სწორედ პოლიტიკის შემუშავებას ემსახურება „სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა მოამზადა, ორგანიზაციის წარმომადგენლის ელისო ამირეჯიბის თქმით, 2000-2014 წლებში 31 ათასი ბავშვია არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული, ანუ ესენი არიან ბავშვები, რომელთა დაბადების მოწმობებშიც მამის გრაფა ცარიელია. ელისო ამირეჯიბის თქმით, ასეთი ქალების უმრავლესობა ხშირად ოჯახის წევრებისგანაც მიტოვებულია და ამიტომ ისინი სპეციალურ შეღავათებს საჭიროებენ:

„იმის გამო, რომ გააჩინეს შვილები, გამოგდებულები არიან ოჯახებიდან. მიტოვებული ჰყავთ პარტნიორებს და ოჯახებსაც, მშობლებს, ნათესავებს იმის გამო, რომ მათ გადაწყვიტეს დაერღვიათ სტერეოტიპი და გაეჩინათ შვილები. ამიტომ ეს ადამიანები სპეციფიკურ დახმარებას და მხარდაჭერას საჭიროებენ თუნდაც საზოგადოების მხრიდან მათზე მიმართული აგრესიის გამო“.

ელისო ამირეჯიბის თქმით, შეიძლება „შრომის კოდექსში“ შევიდეს ცვლილებები და ასეთ დედებს სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცეთ ან გარკვეული ფულადი შემწეობა დაენიშნოთ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერეგეენკოს განმარტებით, ამ ცვლილებების მიზანია მარტოხელა დედისა და მარტოხელა მშობლის დეფინიციის დაზუსტება, რომ შეძლებისდაგვარად, ბიუჯეტის ფარგლებში, დამატებითი სოციალური ბენეფიტები გაიცეს. დავით სერგეენკოს განცხადებით, იმისათვის, რომ განისაზღვროს რა რაოდენობრივი პარამეტრები იქნება ამ დახმარებაში, აუცლებელია იმის ცოდნა, თუ რამდენ ადამიანზეა საუბარი და რა ბიუჯეტია საჭირო.

ამ ეტაპზე ჩვენ განვსაზღვრავთ მხოლოდ სტატუსს, იმიტომ რომ არ ვიცით ქვეყანაში რამდენ პირს მიენიჭება ეს სტატუსი, რომ შემდეგ დავითვალოთ რა სოციალურ პაკეტზე შეიძლება იყოს საუბარი და რა შეღავათებზე...
დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, პროექტის დაგეგმარება ბიუჯეტზეა დაფუძნებული. სწორედ რაოდენობაა მნიშვნელოვანი და ამიტომ მზადდება ეს ცვლილებები:

„ამ ეტაპზე ჩვენ განვსაზღვრავთ მხოლოდ სტატუსს, იმიტომ რომ არ ვიცით ქვეყანაში რამდენ პირს მიენიჭება ეს სტატუსი, რომ შემდეგ დავითვალოთ რა სოციალურ პაკეტზე შეიძლება იყოს საუბარი და რა შეღავათებზე“.

კანონპროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობლად მიიჩნევა მარტოხელა დედის ან მამის სტატუსის მქონე პირი. მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ; აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და დედა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში; ხოლო მარტოხელა მამად მიიჩნევა პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მამა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის მიიღებს საკანონმდებლო ინიციატივა კანონის სახეს და როდიდან მიიღებენ შეღავათებს მარტოხელა მშობლები. აღსანიშნავია, რომ „ძალოდობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ პარლამენტს ამ ინიციატივით მიმდინარე წლის იანვრიდან მიმართავდა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG