Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი შეუდგა შეთანხმების შესრულებას


ნატანცის ბირთვულ ობიექტზე დაიხურა ცენტრიფუგების კასკადი, რასაც ესწრებოდნენ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები.
ნატანცის ბირთვულ ობიექტზე დაიხურა ცენტრიფუგების კასკადი, რასაც ესწრებოდნენ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები.
ირანის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები ვრცელდება: ის შეუდგა თავის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიღწეული შეთანხმების განხორციელებას, რასაც მალევე მოჰყვა ევროკავშირისა და აშშ-ის რეაქცია. ამას გარდა, ვრცელდება გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განცხადება, რომ მან ირანიც მიიწვია სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელიც ოთხშაბათს შვეიცარიაში უნდა გაიმართოს.

ევროკავშირი და აშშ აუქმებენ ირანის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციების ნაწილს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი შეუდგა თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ უცხოეთთან მიღწეული შეთანხმების განხორციელებას. ამ შეთანხმებით, რომელსაც ირანის და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის - ე.წ. 5+1-ის -მოლაპარაკებებზე მიაღწიეს, 20 იანვარს უნდა დაწყებულიყო კონკრეტული ზომების მიღება. ასეც მოხდა: ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ნატანცის ბირთვულ ობიექტზე დაიხურა ცენტრიფუგების კასკადი, რასაც ესწრებოდნენ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები.

ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის დილის პროგრამაში ისაუბრა ურანის გამდიდრების შეზღუდვაზე, შარშან, 24 ნოემბერს, ჟენევაში მიღწეული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად.

„დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ნაბიჯი, რომელიც მართლაც იმსახურებს ყურადღებას - არის ის, რასაც დასავლეთი ხედავს: ჩვენ მიერ ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრების შეწყვეტა“, განაცხადა ირანის ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრის და გერმანიის წარმომადგენლების მიერ ირანთან 24 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება ირანს ავალდებულებს შეზღუდოს ურანის გამდიდრების პროგრამა, უცხოეთიდან სანქციების დროებით შეზღუდვის სანაცვლოდ. დასავლელი დიპლომატების ცნობით, ატომური ენერგეტიკის სააგენტოს წარმომადგენლების ანგარიში ადასტურებს თეირანის მიერ ვალდებულებების შესრულების 20 იანვარს დაწყებას.

ამ ცნობას მალევე მოჰყვა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების რეაქცია. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, გადაწყდა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემსუბუქება. ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა: „სიამოვნებით ვაცხადებ, რომ ირანმა განახორციელა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ზომა, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენი შეთანხმებით, და ჩვენ მივიღეთ აუცილებელი სამართლებრივი ზომა ექვსი თვით გარკვეული სანქციების შესაჩერებლად. ამ სანქციების შეჩერება დღეს შედის ძალაში“. ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ გამოაცხადა შეერთებულმა შტატებმაც.

ხოლო ეშტონის პრესმდივანმა მაიკლ მენმა ჩვენი რადიოს სპარსულენოვან სამსახურთან საუბარში განმარტა ატომური ენერგეტიკის სააგენტოს წარმომადგენლების ფუნქცია: „ყველა იმ საკითხს, დაკავშირებულს ბირთვულ პროგრამასთან, რისი გაკეთების პირობაც ირანმა დადო 24 ნოემბრის შეთანხმებით, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო შეამოწმებს. და ისინი (სააგენტოს წარმომადგენლები) შეამოწმებენ ყველა პუნქტს, შეამოწმებენ, რისი გაკეთებაც ირანელებს ევალებათ და შემდეგ ჩვენ ჩაგვაბარებენ ანგარიშს“.

შეთანხმება, რომლის შესრულებასაც ირანი 20 იანვარს შეუდგა, ნახევარი წელი რჩება ძალაში. ამ დროის განმავლობაში თეირანი განაგრძობს 5+1-თან მოლაპარაკებას, უფრო მასშტაბური შეთანხმების მიღწევის იმედით. ამასთან, ირანი კვლავინდებურად უარყოფს დასავლეთის ბრალდებას, რომ მისი ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. დროებითი შეთანხმებით, ირანს ევალება არა მარტო ურანის 20%-მდე გამდიდრების შეწყვეტა, ანუ უკან დახევა ბირთვული იარაღის შექმნასთან მიახლოებული ეტაპიდან, მას ევალება აგრეთვე მაღალგამდიდრებული ურანის (უკვე არსებული მარაგის) განეიტრალება და მუშაობის შეწყვეტა მძიმე წყლის რეაქტორზე არაკში. ამის სანაცვლოდ, ირანს ისევ მიუწვდება ხელი ნავთობის ექსპორტით მიღებულ და უცხოეთის ბანკებში დაყადაღებულ ფულზე - 4,2 მილიარდ დოლარზე. და ის ისევ შეძლებს საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობას ნავთობპროდუქტებით, ოქროთი და სხვა ძვირფასი ლითონებით.

რაც შეეხება ირანის შესახებ გავრცელებულ კიდევ ერთ საყურადღებო ცნობას, ის ეხება ირანის მიწვევას სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ირანის დაპირებას, რომ „პოზიტიურ და კონსტრუქციულ როლს“ შეასრულებს, შვეიცარიაში 22 იანვრისთვის დანიშნულ შეხვედრაზე მისი მიწვევის შემთხვევაში.

მაგრამ ბან კი მუნის ამ ნაბიჯს (სირიის შესახებ მოლაპარაკებაზე ირანის მიწვევას) არაერთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. საუდის არაბეთმა, რომელიც სირიელი მეამბოხეების მთავარი მხარდამჭერია, გააკრიტიკა სამშვიდობო მოლაპარაკებაში ირანის მონაწილეობის გეგმა, რადგან თეირანი მხარს არ უჭერს სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას. მოლაპარაკებაში ირანის მონაწილეობის მიზანშეწონილობა აეჭვებს აშშ-ს და საფრანგეთსაც, ასევე სირიელი ოპოზიციის მომხრეებს. ხოლო თვით ოპოზიციონერები - კერძოდ, „სირიის ეროვნული კოალიციის“ წევრები - შვეიცარიაში მოლაპარაკების ბოიკოტითაც კი იმუქრებიან, შეხვედრაზე ირანის მიწვევის გამო.
XS
SM
MD
LG