Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრემიერი: უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საფრთხე გაზრდილია


დონეცკი, 2014 წლის 3 აგვისტო
დონეცკი, 2014 წლის 3 აგვისტო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, მან მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინაში რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის საფრთხე მომატებულია: „გვაქვს მიზეზები ვივარაუდოთ, - და ეს ინფორმაცია ბოლო რამდენიმე საათია მოგვეწოდება, - რომ [უკრაინაში რუსეთის] პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის საფრთხე ახლა ნამდვილად უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იყო“.

ტუსკის მიერ ვარშავაში გაკეთებული ამ განცხადების ფონია ცნობები, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების დისლოცირება მიმდინარეობს.

ჩვენ არ შევუდგებით იმის გამოცნობას, თუ რა აქვს რუსეთს ჩაფიქრებული, მაგრამ შეგვიძლია ვნახოთ, რა ნაბიჯებს დგამს ის ადგილზე, და ეს ძალიან შემაშფოთებელია. უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე რუსეთმა მობილიზაცია მოახდინა 20 000-მდე სამხედროსი, რომლებიც საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან...
ოანა ლუნგესკუ

მოსკოვმა 4 აგვისტოს გააკეთა განცხადება, რომ სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს ცენტრალურ და დასავლეთ რუსეთში, მათ შორის - უკრაინასთან მოსაზღვრე ყველა რეგიონში.

წვრთნები მოიცავს 100-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავის და მოიერიშე ვერტმფრენების მობილიზაციას.

აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს ნათქვამი აქვთ, რომ მათ აშფოთებთ უკრაინის საზღვართან ახლოს რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდა. ნატოს შეფასებით, 6 აგვისტოს იქ რუსეთის 20 000-მდე სამხედროა განლაგებული.

გავრცელებულ განცხადებაში ნატოს პრესმდივანი ოანა ლუნგესკუ ამბობს, რომ მოსკოვმა შესაძლოა ჰუმანიტარული ან სამშვიდობო მისია გამოიყენოს უკრაინაში ჯარის შეგზავნის საბაბად.

„ჩვენ არ შევუდგებით იმის გამოცნობას, თუ რა აქვს რუსეთს ჩაფიქრებული, მაგრამ შეგვიძლია ვნახოთ, რა ნაბიჯებს დგამს ის ადგილზე, და ეს ძალიან შემაშფოთებელია. უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე რუსეთმა მობილიზაცია მოახდინა 20 000-მდე სამხედროსი, რომლებიც საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან“, - განაცხადა მან.

გაეროს თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში უარესდება ჰუმანიტარული კრიზისი იმ ფონზე, როცა უკრაინის მთავრობის ძალებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის გრძელდება შეტაკებები ქალაქების ლუგანსკისა და დონეცკის გარშემო.

დონეცკი, 2014 წლის 6 აგვისტო
დონეცკი, 2014 წლის 6 აგვისტო

დონეცკში ინტენსიური ბრძოლის შესახებ ინფორმაცია გასულ ღამითაც გავრცელდა - იყო ცნობები უკრაინის თვითმფრინავების მხრიდან ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შესახებ.

უკრაინის ძალებს ქალაქი, ფაქტობრივად, ალყაში ჰყავთ მოქცეული. ქალაქში სეპარატისტების თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შტაბბინა მდებარეობს.

ადგილზე მყოფი კორესპონდენტების ცნობით, დონეცკში ახლა სახმელეთო შეტევის მოლოდინია.

პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები ახლა უკრაინის დონეცკის პროვინციის ტერიტორიის 10 პროცენტზე ნაკლებს აკონტროლებენ. ბოლო 6 კვირის განმავლობაში მათ უკრაინის ძალებთან ბრძოლაში, ტერიტორიის მხრივ, დიდი დანაკარგი განიცადეს.

XS
SM
MD
LG