Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტსოციალიზაცია საქართველოში - კატალონიელი სოციოლოგის კვლევა


დავიდ დუენია სიდი
დავიდ დუენია სიდი

დავიდ დუენია სიდი კატალონიელი სოციოლოგია, ტარაგონას "როვირა ი ვირჯილის" უნივერსიტეტიდან. ის ბოლო 2 წელია პოლონეთში ცხოვრობს და ჩართულია ვარშავის უნივერსიტეტის კვლევით პროექტში.

დავიდ დუენია სიდის მთავარი ინტერესის სფეროა ინტერნეტი - თუ უფრო დავკონკრეტდებით, ინტერნეტსოციალიზაცია. ის იკვლევს საზოგადოებების დამოკიდებულებას ინტერნეტის მიმართ და ინტერნეტის როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დავიდ დუენია სიდი ახლა თბილისშია. ის საქართველოში კიდევ ერთი თვის გატარებას და ქართული ინტერნეტის შესწავლას აპირებს. მისი კვლევა ქართული საზოგადოების ინტერნეტში სოციალიზაციას შეეხება. მე მასთან საუბარი დავიწყე შეკითხვით, თუ რატომ დაინტერესდა კატალონიელი სოციოლოგი ქართული ინტერნეტით და, კონკრეტულად, ქართული ინტერნეტის რა მახასიათებლებს იკვლევს ის თბილისში.

რადიო თავისუფლება: მოდი, დავიწყოთ ინტერნეტზე საუბრით. ინტერნეტი თქვენთვის მთავარი ინტერესის სფეროა და, ამასთან, ესაა საქართველოში თქვენი ყოფნის მთავარი მიზეზი. კონკრეტულად რას შეეხება თქვენი კვლევა, ქართული ინტერნეტის რა მახასიათებლებს იკვლევთ?

დავიდ დუენია სიდი: აქ ერთგვარი საცდელი პროექტისთვის ჩამოვედი და მინდა ამ თემაზე შემდგომში ვრცელი კვლევა ჩავატარო - ვგულისხმობ ინტერნეტსოციალიზაციას. მე, უბრალოდ, ჩავდივარ ახალ რეალობაში, რომელიც ჩემთვის არაა ცნობილი და ვცდილობ როგორმე აღმოვაჩინო და გავიცნო ის, გავიგო როგორია ინტერნეტსოციალიზაცია ამ ახალ სივრცეში და შემდეგ შევადარო ეს ახალი სივრცეები ერთმანეთს, რათა გავიგო ინტერნეტში სოციალიზაციის სპეციფიკა სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველო, იმის მიხედვით რაც ვიცი, ძალიან განსხვავდება იმ სივრცისგან, საიდანაც ვარ, კატალონიისგან, და ასევე განსხვავდება სივრცისგან, სადაც ბოლო დროს ყველაზე ხშირად მიწევს ყოფნა, პოლონეთისგან. საქართველოში შემიძლია დავაკვირდე საინტერესო გლობალურ პროცესს, ანუ იმას, რომ ყველანი ვერთვებით ინტერნეტში, და განვიხილო ის ლოკალურ კონტექსტში, ანუ ქართული სპეციფიკური რეალობის გათვალისწინებით. აი, ესაა ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი.

რადიო თავისუფლება: რა არის ეს ქართული ინტერნეტისა და ქართული საზოგადოების სპეციფიკა? რა აღმოაჩინეთ მას შემდეგ, რაც აქ ჩამოხვედით, დაიწყეთ ქართული ინტერნეტის კვლევა და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა?

დავიდ დუენია სიდი: ბევრი რამაა, რაც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. პირველ რიგში, მე მინდოდა მეპოვა ქვეყანა, რომელიც რაღაცით ჰგავს პოლონეთს - მაგალითად, ყოფილიყო პოსტკომუნისტური ქვეყანა. პოლონეთი, მართალია, არ იყო საკუთრივ საბჭოთა კავშირის წევრი, როგორც საქართველო, მაგრამ მაინცაა გარკვეული მსგავსებები. აქვეა განსხვავებაც, იმიტომ რომ პოლონეთმა, ჩემი აზრით, საქართველოსთან შედარებით, უფრო სწრაფად მოახერხა ევროპასთან ინტეგრირება. ესაა ძალიან საინტერესო, თუ როგორ განაპირობებს ისტორიული კონტექსტი საქართველოში ხალხის დამოკიდებულებას ისეთი სიახლის მიმართ, როგორიც არის ინტერნეტი. მეორე, ჩემთვის საინტერესოა, თუ რამდენად სწრაფად დაიწყო ინტერნეტმა საგნების და დამოკიდებულებების შეცვლა საქართველოში. მაგალითად, ჩემთვის საინტერესოა დავაკვირდე, რამდენ ახალგაზრდას აქვს მნიშვნელოვანი სამსახური, პასუხისმგებლობა, პოზიციები საზოგადოებაში და ამ ახალგაზრდების რა ნაწილია დაკავშირებული ინტერნეტთან. ინტერნეტი აქ დაკავშირებულია ახალგაზრდებთან, როგორც ყველგან, მაგრამ უფრო ახალგაზრდულ ასაკში, ვიდრე სხვაგან. ეს, ჩემი აზრით, ქვეყნის საინტერესო მახასიათებელია, რომ ბევრ ახალგაზრდას, ძალიან ახალგაზრდულ ასაკში, უჭირავს მნიშვნელოვანი პოზიცია და ისინი უმეტესად დაკავშირებული არიან ინტერნეტთან.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება ახალგაზრდებს, თქვენ აქ ხვდებით ქართველ ახალგაზრდებს და ესაუბრებით მათ საკუთარ ინტერესებზე, ზოგადად ახალგაზრდების ინტერესებზე ქართულ ინტერნეტში და ასევე ქართული ინტერნეტის საერთო ინტერესებზე. როგორ შეგიძლიათ შეადაროთ ეს ყველაფერი პოლონურ ინტერნეტს ან სიტუაციას ესპანეთში? თქვენ ამბობთ, რომ არის განსხვავებები, თუმცა რა არის ეს განსხვავება - რით განსხვავდება ინტერნეტში ჩართული ახალგაზრდების ინტერესები პოლონეთში, ესპანეთსა და საქართველოში?

დავიდ დუენია სიდი: იქ თაობა, რომელიც სრულიად ინტეგრირებულია ინტერნეტში, აქაურთან შედარებით, უფროსია. აქ ციფრული მოქალაქეები არიან უფრო ახალგაზრდები, 19-20 წლამდე. პოლონეთსა და ესპანეთში ეს ასაკი უფრო დიდია - ალბათ, უფრო 26-27 წელი. ეს საინტერესოა, ვინაიდან აქ ჩვენ ვიღებთ 7- წლიან სხვაობას და გამოდის, რომ ერთი და იმავე თაობის ახალგაზრდები ერთ სივრცეში ითვლებიან ციფრულ მოქალაქეებად, მეორეში კი- არა. ანუ ხალხს, რომელთანაც მიდიხარ და ესაუბრები ახალ ტექნოლოგიებზე, ზოგიერთისთვის ეს მართლა ახალი ტექნოლოგიაა, ზოგიერთისთვის კი, უბრალოდ, ტექნოლოგია. საერთოდაც, როცა ახსენებ უკვე ამ ფრაზას "ახალი ტექნოლოგია", ნიშნავს, რომ აღარ ხარ ციფრული მოქალაქე, შენ ციფრული მიგრანტი ხარ, ვინაიდან გახსოვს რაღაც ეტაპი ცხოვრებისა, როცა საერთოდ არ გქონდა ინტერნეტი.

რადიო თავისუფლება: თქვენ საუბრობთ ქართული ინტერნეტისა და ქართული საზოგადოების სპეციფიკებზე, თუმცა უნდა იყოს რაღაც საერთო წერტილებიც, სადაც ქართული და ესპანური ინტერნეტი, საზოგადოება კვეთს ერთმანეთს. თუ გამოგიკვლევიათ ის საერთო ინტერესები და თემები, რომლებიც აქვთ ქართულ ინტერნეტსა და უფრო ვრცელ, ევროპულ ქსელს?

დავიდ დუენია სიდი: მე მგონია, რომ არის საერთო - განსაკუთრებით, თუ დავაკვირდებით ჩვენს ქცევებს. ცოტა ხნის წინ მე ვმუშაობდი ერთ კვლევაზე, თუ როგორ ვრცელდება დისკრიმინაციული შინაარსის მასალა ინტერნეტში. საინტერესო იყო იმიტომ, რომ ერთ-ერთი, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, იყო პირდაპირი კავშირი ჩვენს ონლაინ და ოფლაინ ცხოვრებას შორის, მაგალითად, გენდერულ როლებს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს მასკულინური და ფემინური ქცევა ინტერნეტში, რაც საინტერესოა, ვინაიდან როცა ინტერნეტი იბადებოდა, პირველი ინტერნეტის ფილოსოფოსები ამბობდნენ, რომ ინტერნეტი იქნება ახალი სივრცე, სადაც გადაფასდება როლები, მაგრამ ეს არ გამოვიდა. არის რაღაც გადაფასება, მაგრამ არასრული, იმიტომ რომ, ჩვენ ვიზრდებით საზოგადოებაში, რომელიც განსაზღვრავს, რას ნიშნავს იყო კაცი და რას ნიშნავს იყო ქალი და შემდეგ ეს ყველაფერი მოდის ინტერნეტში და ყალიბდება გარკვეული ნიმუშები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქალი და როგორ - კაცი. ეს არის საკითხი, რომელიც შეიძლება შევნიშნოთ კატალონიაშიც, პოლონეთშიც და საქართველოშიც. გარდა ამისა, ახალი თაობები ერთვებიან საერთო პროცესში, რომელიც უკვე გლობალურია. ეს რაღაც არც ქართულია და არც კატალონიური. რა თქმა უნდა, არსებობს და იარსებებს ლოკალური რეალობის გავლენები, მაგრამ უკვე ვხედავთ გარკვეულ გლობალურ მოდულებს, რომლებიც ეხება ყველას და რომლებიც აკავშირებს ადამიანებს არა სოციალური ან ეთნიკური ნიშნით, არამედ აერთიანებთ მათ, იმიტომ რომ ისინი არიან ახალგაზრდები - იმიტომ რომ ახლა ინტერნეტისა და ენების დახმარებით, რომლებზეც ყველანი ვლაპარაკობთ, ეს ქცევის მოდულები ერთი საზოგადოებიდან მეორეს მარტივად გადაეცემა და სწორედ ეს აყალიბებს ახალ თაობას ადამიანებისა, რომლებიც სოციალიზდებიან ინტერნეტში და უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან საერთაშორისო კონტექსტში.

XS
SM
MD
LG