Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაქურდული კომისია და მზადება არჩევნებისთვის


წუხელ გორის საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისი გაქურდეს, წაღებულია 4 კომპიუტერი და ერთი მონიტორი. ამ კომპიუტერებით საოლქო კომისიის მდივანი და სხვა თანამშრომლები სარგებლობდნენ და იქ ინახებოდა საარჩევნო დოკუმენტაცია. კომისიაში უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და ადგილზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დანაკარგი კომისიის მუშაობას არ შეაფერხებს, რადგან დოკუმენტაცია უკვე ამობეჭდილი და შენახული იყო. გარდა ამისა, ყველა ოქმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რამდენიმე დღის წინ გადაეგზავნა.

ბოლო დღეებში გორში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა. რამდენიმე დღის წინ ქალაქში ელექტროტეკნიკის მაღაზიიდან 10 კომპიუტერი მოიპარეს. ამ ფაქტს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მალხაზ ვახტანგაშვილმა საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა და პასუხისმგებლობა ადგილობრივ პოლიციელებს დააკისრა. მან მიმართა სამხარეო პოლიციის უფროსს, ილია გამგებელს, და მის მოადგილეს, ლევან ქირიას, ქალაქის სამმართველოს უფროსს, ბესო ბერიანიძეს, კუდის უფროსს, ზურაბ პავლიაშვილს, და პატრულის უფროსს, რამაზ ტოგონიძეს და განაცხადა, რომ თუ ეს პირები დაკისრებულ მოვალეობას არ შეასრულებენ, მათ სახელმწიფო საბოტაჟში დასდებენ ბრალს და პასუხს აგებინებენ კანონის წინაშე.

კვირის ბოლოს გორში, მე-4 საარჩევნო უბანზე, ხელახალი კენჭისყრა ჩატარდება. სამი დღის წინ კომისიამ ეს უბანი ჩაშლილად გამოაცხადა. არჩევნების ღამეს მე-4 საარჩევნო უბანში პოლიცია იმ დროს შევიდა, როცა ხმების დათვლის პროცესი ჯერ დასრულებული არ იყო. პოლიციამ უბნიდან ყველა დოკუმენტაცია დაულუქავად წაიღო და საოლქო კომისიას მხოლოდ სამი დღის შემდეგ დაუბრუნა. პოლიცია იმ ღამით საუბნო კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა, რომელმაც განმარტებით ბარათში დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ დამკვირვებელს ჩანთაში 5 ნომრიანი ბიულეტენები აღმოაჩნდა და იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების მოპარვაში დაადანაშაულა. კოალიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ამ უბანს „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი სხვაობით აგებდა და ბიულეტენების სხვის ჩანთაში ჩადებით არჩევნები ჩაშალა. პოალიციამ მთელი საარჩევნო დოკუმენტაცია უბნიდან ისე გაიტანა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც კი არ ჩაუყენებია საქმის კურსში. კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელახალი არჩევნებისთვის უკვე ემზადება. კოალიციის კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ტატიშვილს, 494 ხმით უსწრებს, მე-4 უბანი კი, სადაც 1400 ამომრჩეველია რეგისტრირებული, შედეგზე გავლენას ახდენს. მიუხედავად ამისა, გიორგი ტატიშვილმა კონკურენტს გამარჯვება უკვე მიულოცა.
XS
SM
MD
LG