Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სცემეს თუ არა ქართველი მოსწავლე გალის რაიონში?


საკონტროლო-გამშვები პუნქტი გალის რაიონში
საკონტროლო-გამშვები პუნქტი გალის რაიონში
ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონას მკვიდრი მამუკა ფიფიას დედა უარყოფს რუსეთის სამხედროების მიერ მისი ვაჟის ცემის ფაქტს. საქართველოს მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობა, რომ 15 თებერვალს რუსეთის სამხედროებმა ქართველი მოზარდი, მეათეკლასელი მამუკა ფიფია იმის გამო სცემეს, რომ მას სასკოლო ჩანთაში ქართული სახელმძღვანელო აღმოაჩნდა.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ ქართულ მედიას განუცხადა, რომ ფიფია რუსეთის ჯარისკაცებმა სასტიკად სცემეს. მან მომხდარს ფაშიზმის გამოვლინება უწოდა და თქვა, რომ ამ საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაააყენებს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა გალის რაიონის ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორს, ლავრენტი მიქვაბიას, რომლის თქმით, გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვერ უდასტურებს მომხდარს. მიქვაბიას თანახმად, თაგილონში ასეთი ყმაწვილი საერთოდ არ ცხოვრობს და გავრცელებული ინფორმაცია „ფიქციაა“.

რადიო თავისუფლების თხოვნით, შამგონაში იმყოფებოდა ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესის“ ჟურნალისტი თამარ ზანთარია, რომელიც მამუკა ფიფიას დედას, მანანა შონიას ესაუბრა. შონიას თქმით, რუსეთის სამხედროებმა გალის რაიონის სოფელ თაგილონში მართლაც გააჩერეს მისი ვაჟი, რომელიც სკოლაში მიდიოდა. მას შემდეგ, რაც მას არ აღმოაჩნდა მოსწავლის ბილეთი, ფიფია გაჩხრიკეს და გადაუხიეს რვეული, რომელზეც საქართველოს დროშა ეხატა. მანანა შონიას თქმით, ამის შემდეგ მის ვაჟს გზა დაუთმეს და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებიათ.
XS
SM
MD
LG