Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადამდგარი გუბერნატორები


პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე
საქართველოს რეგიონებში სახელმწიფოს ცხრა რწმუნებულიდან რამდენიმემ, კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადადგომის შესახებ თხოვნით მიმართეს. რწმუნებულებს, ახალი კონსტიტუციით, ამიერიდან მთავრობა დანიშნავს და ისინი სწორედ მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან. ახალი რწმუნებულების ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ამ საკითხზე მსჯელობა კი 30 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე იგეგმება.

საქართველოს რეგიონებში რამდენიმე გუბერნატორმა მთავრობას დაასწრო და გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა. ამის მიზეზად მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები დაასახელეს. ცხრა გუბერნატორიდან ერთ-ერთი, ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული დავით კირკიტაძე, აცხადებს, რომ მას წარმოუდგენლად მიაჩნია ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობა განსხვავებული ხედვის გამო:
„ესეც რომ არ იყოს, მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ახალი პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ წევრია. ასე რომ, ჩვენი თანამდებობრივი ურთიერთობა წარმოუდგენლად მიმაჩნია“.

ამ დროისათვის გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს ასევე იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ, სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ივანე წიკლაურმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერი ჩიტაიშვილმა. მომდევნო სამ კვირაში, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, გადადგომის შესახებ თხოვნა მიუვა მოქმედ პრეზიდენტ სააკაშვილს კახეთის სამხარეო რწმუნებულის, ზურაბ ჭიაბერაშვილისგანაც:

განცხადება რომ არ დაეწერათ დღეს, მათ მაინც მოუწევდათ ამის გაკეთება მოგვიანებით. კონსტიტუციური ვალდებულება ასეთია: რაც უნდა მისაღები ყოფილიყო მათთვის მთავრობა, მათ მაინც მოუწევდათ განცხადების დაწერა...
პაატა ზაქარეიშვილი
„გუბერნატორები, მათ შორის მეც, ვართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დანიშნულები, და, ბუნებრივია, მე და ჩემი კოლეგებიც უფლებამოსილებას მოვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილის წინაშე. ეს მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, ვიდრე სააკაშვილს აქვს უფლებამოსილება. მომდევნო სამი კვირის განმავლობაში მე გავგზავნი ამ წერილს სააკაშვილთან, რომელიც, ბუნებრივია, ჩემს თხოვნას დააკმაყოფილებს“.

„გუბერნატორებმა გადადგომის პოლიტიკური სპექტაკლი გაითამაშეს, მათ მაინც მოუწევდათ თანამდებობის დატოვება“ - ასე გამოეხმაურა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გუბერნატორების გადადგომის ფაქტს.

მისი თქმით, გუბერნატორებმა თანამდებობა უნდა დატოვონ, რადგან, ძველი კონსტიტუციით, ისინი ანგარიშვალდებულები პრეზიდენტის წინაშე იყვნენ, ახალი კონსტიტუციით კი, გუბერნატორები მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან.

"განცხადება რომ არ დაეწერათ დღეს, მათ მაინც მოუწევდათ ამის გაკეთება მოგვიანებით. კონსტიტუციური ვალდებულება ასეთია: რაც უნდა მისაღები ყოფილიყო მათთვის მთავრობა, მათ მაინც მოუწევდათ განცხადების დაწერა", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ძალაში შედის კონსტიტუციის ის ნორმა, რომლის შესაბამისადაც, გუბერნატორს ნიშნავს მთავრობა და არა პრეზიდენტი...
ვახტანგ ხმალაძე
რაც შეეხება გუბერნატორების დანიშვნის ახალ წესს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განმარტავს:

„პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ძალაში შედის კონსტიტუციის ის ნორმა, რომლის შესაბამისადაც, გუბერნატორს ნიშნავს მთავრობა და არა პრეზიდენტი. შესაბამისად, მთავრობას ექნება უფლება თავად დანიშნოს და გაათავისუფლოს გუბერნატორი“.

რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანიაც მიიჩნევს, რომ გუბერნატორთა ნაწილის გადადგომა ქვეყანაში პრობლემებს არ გამოიწვევს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ პრეზიდენტს, ახალი კონსტიტუციის თანახმად, თვით მთავრობის თანხმობის შემთხვევაშიც კი აღარ შეეძლება გუბერნატორების გაკონტროლება.

გუბერნატორების დანიშვნის საკითხს 28 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მანაც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მთავრობის უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ. მთავრობის სხდომა კი 30 ოქტომბერსაა დანიშნული.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG