Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება ბრძოლა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ


1 დეკემბრიდან ამოქმედდა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც კვლავაც შს სამინისტროს ხელში დარჩა ფარული მოსმენების ტექნიკურ საშუალებებთან პირდაპირი წვდომის მექანიზმი. ეს ის საკითხია, რომელიც პარლამენტში ბოლო დღეებში საგანგებო კამათისა და დავის საგანს წარმოადგენდა და რომელიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით დასრულდა. არასამთავრობო სექტორი უკან დახევას არ აპირებს და ის, აქციების გამართვის გარდა, საკანონმდებლო რეგულაციებთან დაწყებული დავის სამართლებრივ ჭრილში მოგებას შეეცდება. გეზი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოსკენ არის აღებული.

ნუ შევხედავთ ამ საკითხს ისე, რომ აუცილებლად ცუდი რაღაცები მოხდება, – უთხრა მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დაკანონდა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები – დეპუტატების ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის ავტორობით. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ მთავრობა და პარლამენტი შეძლებენ შს სამინისტროში იმ ტიპის საჭირო რეფორმების განხორციელებას, რაც შესაბამისობაში იქნება „ევროპასთან ასოცირების პროცესში გადადგმულ ლოგიკურ ნაბიჯებთან“და რაც შეამცირებს ამჟამად გამოვლენილ „უნდობლობის ხარისხს“:

„ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მეტი შეიძლებოდა და ამის რეალური შესაძლებლობაც იყო მოდელის თვალსაზრისით... გავაგრძელოთ მუშაობა და გავაგრძელოთ მცდელობა ყველა კანონიერი საშუალებით, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“.

დავით უსუფაშვილი თვლის, რომ „პროცესი გრძელდება, არაფერი დამთავრებულა“ და საუკეთესო შედეგის ვერმიღებამ არ უნდა დაჩრდილოს უკანონო ფარული მოსმენების გაძნელების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც პარლამენტმა 2014 წლის აგვისტოში დაამტკიცა.

თუმცა, ოპონენტების მსგავსად, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 1 დეკემბერს ამოქმედებულმა ცვლილებებმა გარკვეულ სეგმენტებში გააუარესა აგვისტოს დამტკიცებული რეგულაციები და საფრთხე შეუქმნა მათ აღსრულებას.

ჩვენ შევეცდებით ამ თვალსაზრისით ხელისუფლებასაც დავანახვოთ, რომ ეს არის არა მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკული განწყობა ამ დამტკიცებულ კანონთან მიმართებაში...
ზვიად დევდარიანი

არ უნდა შევეგუოთ დამტკიცებული კანონის შინაარსს და ყველა ლეგალური მექანიზმი უნდა ავამოქმედოთ იმისათვის, რომ შევაჩეროთ „უკანონო დებულებები“, – უთხრა რადიო თავისუფლებას სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა. მისი თქმით, მიზნის მისაღწევად ახალი ძალით ამოქმედდება სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“ და გამოყენებული იქნება საპროტესტო მუხტი იმის ხაზგასასმელად, რომ საქმე არა რიგით საკანონმდებლო ცვლილებასთან, არამედ საგანგებო შემთხვევასთან გვაქვს:

„ჩვენ შევეცდებით ამ თვალსაზრისით ხელისუფლებასაც დავანახვოთ, რომ ეს არის არა მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკული განწყობა ამ დამტკიცებულ კანონთან მიმართებაში, არამედ არის ადამიანების დიდი ჯგუფის მოსაზრება, რომ, აი, ამ მოდელით, ამ მიდგომით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში იყოს გასაღები, კვლავ გაგრძელდება ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული პრაქტიკა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით“.

რეალურად არის შანსი იმისა, რომ მოხდეს უკანონო მოსმენები, ანუ რეალურად დარჩა იგივე სიტუაცია, რასაც დღემდე ვაპროტესტებდით. ეს ქმნის საფრთხეს იმისა, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება შეილახოს...
ნინო ელბაქიძე

ზვიად დევდარიანის ინფორმაციით, სადავო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში ჩადებული დებულებები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საფუძველს ქმნის და ეს შესაძლებლობა კოლეგებთან ერთად იქნება განხილული უახლოეს დღეებში დაგეგმილ შეხვედრაზე.

საერთო ძალისხმევას, ალბათ, ოდნავ მოგვიანებით შეუერთდება, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობებს ამ ეტაპზე დამოუკიდებლად განიხილავს, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ელბაქიძე ჩვენთან საუბრისას რამდენიმე კონკრეტულ ასპექტს გამოყოფს:

„რეალურად არის შანსი იმისა, რომ მოხდეს უკანონო მოსმენები, ანუ რეალურად დარჩა იგივე სიტუაცია, რასაც დღემდე ვაპროტესტებდით. ეს ქმნის საფრთხეს იმისა, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება შეილახოს; ეს ქმნის საფრთხეს იმისა, რომ ჩემი პირადი საუბრები, რაც არ არის საჯარო, გახდეს საჯარო და ა.შ. ანუ ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რაც საქართველოს ჰქონდა“.

დავუშვათ, ტელეფონზე ვსაუბრობთ ორი პირი: ერთს უსმენენ კანონიერად, მეორეს - აბსოლუტურად უკანონოდ. როგორც კი დასრულდება ეს სპეცოპერაცია (თუ დავუშვებთ, რომ ყველაფერი კანონიერად ჩატარდა), მეორე მხარეს, რომელსაც მოუსმინეს, უნდა აცნობონ...
ლია მუხაშავრია

საერთო მღელვარებას უერთდება და, შეიძლება ითქვას, უფრო შორსაც აპირებს წასვლას ადვოკატი ლია მუხაშავრია. მას, როგორც საერთაშორისო სარბიელზე წარმატებული გამოცდილების მქონე ადვოკატს, ამჯერადაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმედი აქვს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში, წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მოლდავეთის პრეცედენტი, რაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი საქმის მოგების რეალურ წინაპირობას წარმოადგენს:

„დავუშვათ, ტელეფონზე ვსაუბრობთ ორი პირი: ერთს უსმენენ კანონიერად, მეორეს - აბსოლუტურად უკანონოდ. როგორც კი დასრულდება ეს სპეცოპერაცია (თუ დავუშვებთ, რომ ყველაფერი კანონიერად ჩატარდა), მეორე მხარეს, რომელსაც მოუსმინეს, უნდა აცნობონ, რომ ამა და ამ ოპერაციის დროს თქვენ მოგისმინეთ და თქვენი ჩანაწერი განადგურებულია. ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა და არც ახალი ცვლილებებით იქნება შესაძლებელი... ეს უკვე არის ჩემს პროფესიულ საქმიანობაში უხეში ჩარევა, რადგანაც მე მაქვს უფლება და პრიორიტეტი მქონდეს კონფიდენციალური კომუნიკაცია ჩემს კლიენტთან“.

ლია მუხაშავრიას განმარტებით, გამოძიება ვალდებულია, რომ შეატყობინოს არა მხოლოდ ადვოკატებს, არამედ ნებისმიერ პირს, რომელსაც ეჭვმიტანილ პირთან საუბრის დროს თუნდაც კანონიერად უსმენენ სამართალდამცველები. ადვოკატის საქმე კი – დაცვის უფლების ხელყოფის კონტექსტში – იმის საჩვენებლად შეირჩა, რომ როცა ასე ირღვევა ადვოკატის უფლება, მაშინ რის იმედი უნდა ჰქონდეს რიგით მოქალაქეს?! ადვოკატი ლია მუხაშავრია ვარაუდობს, რომ სარჩელი სტრასბურგში, დიდი ალბათობით, ახალ წლამდე გაიგზავნება. მოლდავეთის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, 2009 წელს, სტრასბურგის სასამართლოში საქმის მოგების შემდეგ, მოლდავეთის პარლამენტი იძულებული იყო შეეცვალა კანონმდებლობა, თუმცა ამ სისტემური პრობლემის პრაქტიკიდან აღმოფხვრისთვის ბრძოლა დღემდე მიმდინარეობს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG