Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე სექტორი ევროკავშირს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს


აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველო კვლავაც აქტიურად ცდილობს ევროკავშირის ყურადღების მიპყრობას და ურთიერთობების გაღრმავებას გაერთიანების ცალკეულ ქვეყნებთან. სწორედ მოახლოებული სამიტის კონტექსტში განიხილება ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის ვიზიტი საქართველოში. მესამე სექტორის წარმომადგენლები კი რიგაში საქართველოს იმ პროგრესსა თუ გამოწვევებზე ლაპარაკობდნენ, რაც გამოვლინდა ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა ჭრილში.

ლატვიის დედაქალაქში, რომელმაც 21–22 მაისს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს უნდა უმასპინძლოს, სამშაბათს გამართულ კონფერენციაზე საგანგებო ანგარიშით წარდგნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, კავშირი „საფარი“, „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

მათ მიერ განხორციელებული მონიტორინგის სფეროებს კი წარმოადგენდა, მაგალითად: კანონის უზენაესობა და პროკურატურის რეფორმა საქართველოში, კორუფციასთან ბრძოლა, არაჰუმანური მოპყრობა და წამება თუ ბავშვთა, ქალთა, დასაქმებულ მოქალაქეთა უფლებების დაცვა.

„ანგარიში ასახავს პროცესს, თუ რას აკეთებს საქართველო ევროპასთან დასაახლოებლად, რა დარჩა მას გასაკეთებელი და რა დახმარება შეიძლება გაგვიწიონ პარტნიორებმა ამ გზაზე“, – უთხრა რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, რომელსაც ჩვენ რიგაში ტელეფონით დავუკავშირდით. ეკა გიგაური ანგარიშის ძირითად აქცენტებზე ამახვილებს ყურადღებას:

„ის ვალდებულებები, რაც არის აღებული, - იგივე მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, – აქ ძალიან ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა, ეს შეგვიძლია ვთქვათ. როდესაც გამოწვევებზე ვლაპარაკობთ, აქ იგულისხმება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალი ხარისხის საჭიროება. საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, გლობალურად რომ შევხედოთ ამ პროცესებს, და საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საბოლოოდ მიუახლოვდეს ევროპას. ალბათ, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს დავანახვოთ“.

პროექტს, სახელწოდებით „ევროკავშირ–საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგი“, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ ახორციელებს და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში აწარმოებს მონიტორინგს 6 არასამთავრობო ორგანიზაცია. როგორც ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას სატელეფონო საუბრისას, ანგარიშის პრეზენტაციისთვის შეგნებულად იქნა შერჩეული რიგა, რომელმაც სულ მალე აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს უნდა უმასპინძლოს:

„ჩვენ გვინდა ევროკავშირს მოვუწოდოთ, რომ იმ საშინაო დავალების შესრულების შედეგად, რომელიც საქართველომ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან სცადა, რაიმე საპასუხო გააკეთოს, რაიმე შეღავათი მისცეს ქართველ ხალხს – იქნება ეს სავიზო ლიბერალიზაცია თუ სხვა საკითხები“.

აქ არის იგივე შესყიდვების ბაზარზე ქართული კომპანიების დაშვება, აქ არის იგივე ევროპულ ბანკებთან ქართული კომპანიებისა და ინდივიდების დაშვება, რომ, თუნდაც, მათ შეძლონ იქიდან კრედიტის იოლად აღება და ასე შემდეგ...
გიორგი გობრონიძე

ევროპელ კოლეგებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და, თუკი პრესისთვის გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ესენი იყვნენ, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი იყო დისკუსია საქართველოს ევროპული გზისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე.

პარალელურად, სწორედ რიგის სამიტის ჭრილში განიხილავენ ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოში. თბილისში მყოფმა ჰაინც ფიშერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს რიგის სამიტზე სათანადოდ დაუფასდება მიღწეული პროგრესი და მან გულითადი მადლობებიც დაიმსახურა გამოხატული მხარდაჭერისთვის. 18 მაისს პრეზიდენტთან და 19 მაისს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის გარდა, ავსტრიის პრეზიდენტი სამშაბათს სიტყვით წარდგა ბიზნესფორუმზე და ილაპარაკა საქართველო–ავსტრიის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

რიგის სამიტის წინ ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტს მხარდაჭერის მეტად მნიშვნელოვან მესიჯად მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე, თუმცა, როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რიგის სამიტის შედეგი, საბოლოო ჯამში, მაინც საქართველოს დამსახურების მიხედვით განისაზღვრება და ეს არამხოლოდ უვიზო მიმოსვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით. პროგრესის პარალელურად, გიორგი გობრონიძე ხედავს გამოწვევებსაც, რომლებიც საქართველოს ჯერ ისევ დასაძლევი აქვს:

„აქ არის იგივე შესყიდვების ბაზარზე ქართული კომპანიების დაშვება, აქ არის იგივე ევროპულ ბანკებთან ქართული კომპანიებისა და ინდივიდების დაშვება, რომ, თუნდაც, მათ შეძლონ იქიდან კრედიტის იოლად აღება და ასე შემდეგ. ყველა ამ მიმართულებას სჭირდება ჩვენი მხრიდან, ერთი მხრივ, რეგულაციების დონეზე მომზადება ყველაფრის და, მეორე მხრივ, ორმხრივი დიალოგის უფრო ინტენსიური წარმოება პარტნიორებთან და, მესამე, რაც სჭირდება, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს, მაინც არის სწორი პოლიტიკის იმპლემენტაცია ამ რეგულაციების შესაბამისად, დემოკრატიზაციის პროცესის უფრო აქტივიზაცია და ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების უფრო გამყარება“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გიორგი გობრონიძე, ბევრი სხვა ანალიტიკოსის მსგავსად, არ მოელის გარღვევას რიგის სამიტზე და ამის მანიშნებელია მისთვის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების არცთუ სწრაფი ტემპი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ბოლო ინფორმაციით, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან ამ დოკუმენტის რატიფიკაცია მოახდინა 21-მა.​

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG