Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარგავს თუ არა ევროკავშირი მომხიბვლელობას ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნისათვის


სერბებს, რომლებმაც ევროკავშირში ოფიციალური გაწევრიანების პროცესი გასული წლიდან დაიწყეს, წელიწადზე ნაკლები დრო დასჭირდათ იმისათვის, რომ ევროკავშირს მათ თვალში დაეკარგა მიმზიდველობა, როგორც „მაგიური ძალის მქონე გაერთიანებასო“, უთქვამს სერბიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდარ ვუჩიჩს „როიტერსისათვის“ ლონდონში, 22 თებერვალს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებული კონფერენციის კულუარებში, მიცემულ ინტერვიუში.

სერბთა ასეთი განხიბლვის მიზეზად ალექსანდარ ვუჩიჩმა დაასახელა ორი რამ: მიგრანტთა კრიზისი ევროპაში და არასასურველი პროგნოზები დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით. „როდესაც ხედავთ, რომ ბრიტანელთა, სულ მცირე, 50%-ს სურს ევროკავშირის დატოვება, ეს გავლენას ახდენს საზოგადოებაზე“, - ამბობს სერბიის პრემიერ-მინისტრი.

ალექსანდარ ვუჩიჩი
ალექსანდარ ვუჩიჩი

​ალექსანდარ ვუჩიჩის ეს განცხადება რეალობას ასახავს, თუმცა, ნაწილობრივ, - ამბობს ჩვენი კოლეგა, რადიო თავისუფლების სამხრეთსლავური სამსახურის დირექტორი გორდანა კნეჟევიჩი:

„სერბიის პრემიერ-მინისტრი ვუჩიჩი ერთ რამეში მართალია: ბალკანეთში იკლო ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობამ, თუმცა, დიდწილად, ეს რუსეთის პროპაგანდის ბრალიცაა, რადგან რუსეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს ბალკანეთზე, განსაკუთრებით, სერბიაზე. ბოლო გამოკითხვის შედეგად, სერბიაში უკვე 50 %-ზე ნაკლებია ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა. რუსეთის პროპაგანდას კი სერბიაში ორი საყრდენი აქვს: პირველია ევროპის დემონიზება, მეორე - პუტინის გაღმერთება. ეს ძალიან ადვილად შესამჩნევია“.

სერბიის ასეთ ორპოლუსიან საგარეო ვექტორზე ლონდონში ღიად ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ვუჩიჩმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სერბებისათვის, როგორც „რაციონალური ხალხისათვის“, ევროკავშირი ყველაზე საუკეთესო არჩევანია, „მაგრამ ჩემს ევროპელ კოლეგებს ისიც არაორაზროვნად ვუთხარი, რომ არც რუსეთის ფედერაციასთან კავშირის გაწყვეტას ვაპირებთო“, - მოჰყავს სერბიის პრემიერ-მინისტრის სიტყვები სააგენტო „როიტერსს“.

ვუჩიჩი ერთბაშად ორ სავარძელში ჯდომას ცდილობს: იგი ბევრს აკეთებს, რათა კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს რუსეთთან და, იმავდროულად, შეინარჩუნოს ღია ურთიერთობა ბრიუსელთან და უზრუნველყოს სერბიის კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირთან...
გორდანა კნეჟევიჩი

​ალექსანდარ ვუჩიჩი ჯერჯერობით ახერხებს ამ ორი შეუთავსებელი პოლუსის შეთავსებას, თუმცა ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ სადამდე შეინარჩუნებს სერბიის ხელისუფლება ასეთ წონასწორობასო, - გვითხრა გორდანა კნეჟევიჩმა, რადიო თავისუფლების სამხრეთსლავური სამსახურის უფროსმა.

„ვუჩიჩი ერთბაშად ორ სავარძელში ჯდომას ცდილობს: იგი ბევრს აკეთებს, რათა კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს რუსეთთან და, იმავდროულად, შეინარჩუნოს ღია ურთიერთობა ბრიუსელთან და უზრუნველყოს სერბიის კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირთან. მაგალითისთვის, სერბია ის ქვეყანაა, რომელიც არ შეუერთდა ევროკავშირის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს. სერბიას მტკიცე ეკონომიკური კავშირი აქვს რუსეთთან, მასთან ერთად მართავს სამხედრო სწავლებას. იმავდროულად, სერბია ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას ნატოსთან და სწავლებებს ნატოსთანაც ატარებს. ასე რომ, გამოჩნდება, თუ როგორ შეძლებს ვუჩიჩი შემდგომშიც განაგრძოს ასეთი ორვექტორიანი პოლიტიკა და ორივესთან - რუსეთთანაც და ნატოსთანაც - შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობები“.

დღესდღეობით რუსეთი სერბიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძალიან დიდი ბაზარია, რომელზეც სიცარიელემ იჩინა თავი მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქციები დააწესა უკრაინის აგრარული პროდუქციის იმპორტზე. სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, ბალკანეთის ქვეყნებიდან ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია უკვე არიან ევროკავშირის წევრები, ხოლო, სერბიის გარდა, კავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან მისი მეზობლები:მაკედონია, ჩერნოგორია, ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო და თურქეთი.

ბრიუსელი ცდილობს მეტი ბიძგი მისცეს სერბიას და ამიტომ დეკემბერში მასთან მოლაპარაკება დაიწყო პოლიტიკის ორ ახალ სფეროში ურთიერთობის განვითარებისათვის, თუმცა ბელგრადი კვლავაც წინააღმდეგია აღიაროს მისი ყოფილი პროვინციის, კოსოვოს, დამოუკიდებლობა, რაც მთავარ დაბრკოლებას ქმნის სერბიის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG