Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2015 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 0,5 პროცენტით გაიზარდა


სააკაძის მოედანი, თბილისი
სააკაძის მოედანი, თბილისი

პარასკევს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,5 პროცენტი, ხოლო 2014 წლის რეალურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა.

2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდისწინასწარ შეფასებებს. ეკონომიკური ზრდა იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის მოცულობა, რომელზე დაკვირვებაც შეუძლებელია) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

2015 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის წელთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 101,4 შეადგინა, სამრეწველო ფასების ინდექსმა კი - 104.8.

2015 წლის იანვრის წინასწარი შეფასების დროს სტატისტიკის სამსახურის მიერ გათვალისწინებული იყო ასევე ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა საგარეო ვაჭრობა. შეგახსენებთ, რომ, წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 694 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 156 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 538 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარში 382 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ზეგავლენას ახდენს ასევე სამეწარმეო საქმიანობის მაჩვენებელი, რომლის თანახმადაც, ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის ცვლილება, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, -11,7 პროცენტია. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა კი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სულ 1,9 პროცენტს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2015 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 84 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ხარჯები კი - 78 მილიონი ლარით.

საბანკო სფეროს მთლიანი გამოშვება, გასული წლის იანვართან შედარებით, 2015 წლის იანვარში 76 მილიონიდან 91 მილიონამდეა გაზრდილი, ეროვნული ბანკის კი - 4,4 მილიონიდან 4 მილიონამდე შემცირებული.

ეს ციფრები საკმაოდ დამაჯერებლად ადასტურებს იმას, რომ ეკონომიკის ზრდის შემცირება აუცილებელია. აქვე საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ როცა 5- პროცენტიან ზრდაზე გათვლილ პროგნოზს დაახლოებით 2 პროცენტამდე ამცირებ, ეს მნიშვნელოვან საბიუჯეტო ცვლილებებს მოითხოვს. ეს ცვლილებები, მათი გონივრულად განხორციელების პირობებშიც, აუცილებლად აისახება არა მხოლოდ საჯარო სექტორის ფუნქციონირებაზე, არამედ სხვა საკითხებზეც. რაც უფრო გვიან მოახდენს ამ ხარჯების სეკვესტრირებას ხელისუფლება, მით უფრო გაჭიანურდება კრიზისის რეალურად დაძლევის პროცესი.

XS
SM
MD
LG