Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ეკოლოგიური საფრთხეები კახეთში


მდინარე კაბალი
მდინარე კაბალი

კახეთში რომ ეკოლოგიური სააფრთხეები არსებობს, ამაზე თითქმის არავინ დავობს, თუმცა რა კეთდება ამ საფრთხეების შესამცირებლად და რამდენად საშიშია კონკრეტული კერები მოსახლეობისთვის, ეს საკითხი უკვე მსჯელობის და ზოგჯერ დავის საგანია.

გეოლოგები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე წლებია ლაპარაკობენ, რომ ყვარელში მდინარე დურუჯი საშიშია, რადგან, როგორც ირკვევა, მდინარის კალაპოტი უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე დასახლება.

ამიტომ არის საშიშროება, რომ ადიდების შეთხვევაში დურუჯმა, შესაძლოა, ყვარლის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნას.

ამ საფრთხეებზე საუბრობენ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში. ამ ორგანიზაციების კოორდინატორი კახეთის რეგიონში კახაბერ სუხიტაშვილი გვეუბნება, რომ გახშირებული წყალმოვარდნები მდინარეებში ტყეების მასობრივმა ჭრამ და ხევების ნაშალისგან გაუწმენდაობამ გამოიწვია.

მდინარე დურუჯი რომ საფრთხეს ქმნის, ამის შესახებ ღიად ლპარაკობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი გვეუბნება, რომ, სულ ცოტა, 2 მილიონ-ნახევარია საჭირო, რომ მასშტაბური სამუშაოები დაიწყონ.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორის კახაბერ სუხიტაშვილის თქმით, ვიდრე საბჭოთა კავშირი არსებობდა, მდინარეთა კალაპოტები მუდმივად იწმინდებოდა ქვა-ღორღისგან და საფრთხეც მოხსნილი იყო. „ახლა კი ამ ფუნქციას მხოლოდ ქვის სამტვრევი საამქროები ასრულებს, რაც არასაკმარისია“. სუხიტაშვილისავე თქმით, დურუჯის შემდეგ კახეთში ყველაზე არაპროგნოზირებად მდინარედ მიიჩნევა კაბალი.

არის თუ არა საჭირო მდინარე კაბალის კალაპოტიდან ნაშალის გატანა, ჯერ არ იცის ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ. ის ამბობს, რომ ასეთი დასკვნა ექსპერტებმა ვითარების შესწავლის საფუძველზე უნდა მოამზადონ. რაც შეეხება ასევე ღვარცოფულ და საშიშ მდინარეებს, ლაგოდეხის და შრომის ხევებს, გამგებლის თქმით, „უკვე შესწავლილი და გადაწყვეტილია, რომ ამ მდინარეთა კალაპოტები ნაშალისგან გაიწმინდოს“.

კახეთის რეგიონში მხოლოდ დურუჯი და კაბალი არ ქმნიან ეკოლოგიურ საფრთხეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მეტ-ნაკლებად ყველა მდინარე, რომელიც სათავეს მთაში იღებს, საშიშია და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. ეკოლოგები მთავრობას მოუწოდებენ, რომ საფრთხეების შესამცირებლად ტყეების ხელოვნურად განაშენიანების პროექტები განახორციელონ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG