Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილის ავარიიდან 26 წელი გავიდა


უკრაინაში 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის მორიგი წლისთავი აღნიშნეს. 26 წლის წინ ჩერნობილის ატომური სადგურის ერთ-ერთ რეაქტორზე მომხდარი ავარია, რასაც უკრაინის, ბელორუსიისა და აღმოსავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე ბირთვული რადიაციის გავრცელება მოჰყვა, მსოფლიოში ყველაზე უარეს სამოქალაქო ბირთვულ კატასტროფად ითვლება.

25 აპრილის ღამეს რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ქალაქ სლავუტიჩის პარკში ლოცვით, ანთებული სანთლებითა და ყვავილებით, რათა პატივი მიეგოთ ჩერნობილში დაღუპულთა ხსოვნისათვის. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებულ რეაქტორზე გამწმენდი სამუშაოების დროს, 26 წლის წინ, ათობით ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე ბევრი მუშა საბჭოთა ხელისუფლებამ ავარიის შემდეგ სწორედ ქალაქ სლავუტიჩიში დაასახლა, რომელიც ჩერნობილიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამავე ქალაქის ცენტრალურ სკვერშია აგებული ჩერნობილის ავარიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი, სადაც ყოველი წლის 26 აპრილს იკრიბებიან ყოფილი ჩერნობილელები. მათ შორის არის ვლადიმირ შერბინა, რომელიც ტრაგედიის დროს ატომურ ელექტროსადგურში მუშაობდა. ჩერნობილის ვეტერანი ღმერთს შესთხოვს, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის შეცდომა, რასაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა:

„ ადამიანებმა, რომლებსაც ჩვენ ახლა მივაგებთ პატივს, ეს შეცდომები საკუთარი სიცოცხლით ზღვეს. ვისურვებდი ეს აღარასოდეს განმეორდეს და ღმერთმა ქნას, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ჩერნობილის საქმეებით არის დაკავებული, არ დაუშვას ის შეცდომები, რაც ჩვენმა ხელმძღვანელებმა დაუშვეს ჩერნობილის ავარიამდე.“

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ბოლო რეაქტორები 2000 წელს დაიხურა, თუმცა ობიექტის სრულიად ჩამოწერის პროცესს, როგორც ვარაუდობენ, ათწლეულები დასჭირდება. 26 წლის წინ დაზიანებული მეოთხე რეაქტორი ბეტონის სარკოფაგის ქვეშ არის დახუფული, თუმცა კონსტრუქციაზე ნაპრალები ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა. ამჟამად ჩერნობილში მონტაჟდება 105-150 მეტრის სიმაღლის გუმბათი, რომელიც მანამდე არსებულ სახიფათო სარკოფაგს შეცვლის. მშენებლობის დამფინანსებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანახმად, ახალი მშენებლობის დასრულება 2014 წლის შუალედში იგეგმება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG