Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამსახური


იმასთან დაკავშირებით, რომ იანვრის მესამე დეკადიდან საქართველო ნელ-ნელა გადაერთო ჩვეულ სამუშაო რიტმში, გთავაზობთ შესაბამის ეპიზოდს სერიალიდან “ქართველიშვილები”. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოგახსენებთ, რომ აქ აღწერილი ამბები და გმირები გამოგონოლია და მათ საერთო არაფერი აქვთ სინამდვილესთან. ბუნებრივია, ეს ეხება ოჯახის გვარსაც, რომელიც აღებულია მხოლოდ მხატვრული მოსაზრებით. პერიოდულად შემოგთავაზებთ სერიალის სხვა ეპიზოდებსაც.

მე გიორგი ქართველიშვილი ვარ და წელს 25 წლის გავხდი. უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ატლანტიდან დავბრუნდი. მე უკვე ინჟინერი ვარ და ვმუშაობ ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ კვლევით ინსტიტუტში. საიდუმლო კი ის არის, რომ არც ერთმა თანამშრომელმა არ იცის რაში მდგომარეობს საიდუმლო. ერთი საიდუმლო მეც მაქვს, მაგრამ არავის ვეუბნები, იმიტომ, რომ საიდუმლოა. თანაც, ეს საიდუმლო ყველამ იცის, უბრალოდ არ იციან, რომ საიდუმლოა. მეც არ ვეუბნები, რომ საიდუმლო იციან, იმიტომ რომ, ეს ჩემი საიდუმლოა და რომ ვუთხრა, აღარ მექნება. სამსახური ცხრაზე გვეწყება, მაგრამ რადგან საიდუმლოა, ცხრის ნახევარზე მივდივართ. ასევე ნახევარი საათით ადრე ვამთავრებთ. ცხადია, შესვენებაც ნახევარი საათით არის გადაადგილებული. მაგრამ, სამსახურის საიდუმლო რომ არავინ გაიგოს, ყველაფერი პირიქით გვაქვს: შესვენებისას ვმუშაობთ; მუშაობისას ვისვენებთ; წასვლისას მოვდივართ და მოსვლისას მივდივართ. ოღონდ ეს ყველაფერი ნახევარი საათით არის წანაცვლებული. სამსახურში რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მათგან ზოგი ქალია და ზოგი კაცი. მაგრამ, რომ არ გაიგონ ვინ ქალია და ვინ კაცი, ქალების ტუალეტს М აწერია, კაცებისას კი Ж. შენობა გარედან ხუთსართულიანია, შიგნიდან კი სამი. ოთახი, რომელშიც მე ვმუშაობ, შიგნიდანაც და გარედანაც მეორე სართულზეა. დირექტორის ოთახი კი პირიქით. სასადილოს სართული არ აქვს, რადგან სარდაფშია. იქ ძალიან მრავალფეროვანი მენიუა: მაკარონი უყველოდ, მაკარონი უარაჟნოდ, მაკარონი უკეტჩუპოდ, მაკარონი უმურაბოდ, მაკარონი უხორცოდ, მაკარონი უგარნიროდ, მაკარონი მაკარონის გარნირით, მაკარონი სუფთა სახით და სხვა. სასმელებიც ბევრი გვაქვს: ცივი, თბილი და ადუღებული წყალი და მაკარონის წვენი. დესერტად, ძირითადად მაკარონის კომპოტი და მაკარონის ნახარშის ნაყინი გვაქვს ხოლმე. ჩემთან ერთად ოთახში სამი თანამშრომელი მუშაობს. ყველას დაშიფრული სახელი გვქვია: მე ინჟინერი ვარ და პენტიუმ-2 მქვია; უფროს ინჟინერს ალფა ცენტავრი-17 ჰქვია, უმცროს მეცნიერ მუშაკს - მატრიცა-3, ხოლო უფროს მეცნიერ მუშაკს - ტერმინატორი-18c. მიუხედავად იმისა, რომ ოთახში ოთხნი ვართ, იქ შვიდი მაგიდა დგას, ვერავინ რომ ვერაფერს ვერ მიხვდეს. ჩვენ ვხმარობთ ყველაზე თანამედროვე აპარატურას: ჩვეულებრივ და ლოგარითმულ სახაზავს, “ჩოთქს” და ოთხმოქმედებიან კალკულატორს. კალკულატორის ხმარება, მარტო თერმინატორ-18c-მ იცის. მის გაკეთებულ გამოთვლებს მატრიცა-3 “ჩოთქით” ამოწმებს ხოლმე. მე ჩვეულებრივი სახაზავით ვმუშაობ. ოთახში ყველას თავისი ჰობი აქვს. უფროსი ინჟინერი როგორც კი თავისუფალ დროს ნახავს, სამსახურის ლიფტით სეირნობს, რადგან ბავშობაში ერთსართულიან სახლში ცხოვრობდა. უფროს მეცნიერ მუშაკს სუნთქვის შეკავება უყვარს. ის სუნთქვას იკრავს და წამზომით დროს ინიშნავს ხოლმე - თავისი პირადი რეკორდის გაუმჯობესებას ცდილობს. ერთხელ კინაღამ თავის ჰობის გადაჰყვა: სუნთქვაშეკრულს ამოსუნთქვა დაავიწყდა და სასწრაფო რომ არ მოსულიყო დროზე, გაიგუდებოდა. უმცროსი მეცნიერი მუშაკი, როცა დრო აქვს, ფანჯრიდან ქუჩაში იყურება და გამვლელი მანქანის ნომრებს ერთმანეთს უმატებს. მერე ყოველი დღის ჯამებს ერთმანეთს ადარებს. მეც ჩემი სისუსტე მაქვს: თვლა მიყვარს. ბავშვობიდან ვითვლი - როგორც კი თვლა ვისწავლე, მას შემდეგ ვითვლი. როცა სხვა საქმეს არ ვაკეთებ, სულ ვითვლი. უკვე 7 მილიონ 450 ათას 813-ზე ვარ მისული. როცა არ ვითვლი, ატლანტაზე ვფიქრობ. არა, კი არ მენატრება, უბრალოდ აქ მომბეზრდა ძალიან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG