Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის რუსი ვეტერანი ოსვენციმის გათავისუფლების ამბებს იხსენებს


ივან მარტინუშკინი ოსვენციმის გათავისუფლების 68-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლისას (2013 წლის 27 იანვარს).
ივან მარტინუშკინი ოსვენციმის გათავისუფლების 68-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლისას (2013 წლის 27 იანვარს).

საბჭოთა არმიის უფროსი ლეიტენანტი, ტყვიამფრქვეველთა ასეულის მეთაური, ივან მარტინუშკინი 21 წლის იყო, როცა 1945 წლის იანვარში თანამებრძოლებთან ერთად გაათავისუფლა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი. დღეს ივან მარტინუშკინი იხსენებს, რომ 70 წლის წინ ვერც თვითონ ხვდებოდა, და ვერც მისი მეგობრები აცნობიერებდნენ, რომ ისტორიული მოვლენის მონაწილენი გახდნენ. 91 წლის ომის ვეტერანს ოსვენციმის გათავისუფლების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით ესაუბრა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტი, ელენა პოლიაკოვსკაია.

მარტინუშკინი: „კრაკოვიდან მოყოლებული, შეიძლება ითქვას, განუწყვეტლივ ვიბრძოდით, დღე და ღამე. კრაკოვის შემდეგ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მივიწევდით, არ ვიცოდით, რა გველოდა. ვიცოდით, რომ სადღაც შორს უნდა ყოფილიყო ჩეხოსლოვაკიის საზღვარი, სილეზიის მიწები. მე ტყვიამფრქვეველთა ასეულის მეთაური ვიყავი, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის წოდებით. გვისახავდნენ ამოცანას, გაგვეთავისუფლებინა ესა და ეს ადგილი, მიგვეღწია ამა და ამ საზღვრისთვის. ჩვენ ამ ამოცანას ვასრულებდით. ასე, ბრძოლით მივიწევდით ოსვენციმისკენ, თუმცა არ ვიცოდით, რომ იქ საკონცენტრაციო ბანაკი მდებარეობდა - არ ვიცოდით მანამ, სანამ იქ მივიდოდით.

განვდევნეთ გერმანელები ერთ-ერთი დასახლებიდან, გავიარეთ ეს დასახლება და გავედით უზარმაზარ მინდორში, რომელსაც თითქმის მთლიანად, მთელს პერიმეტრზე ჰქონდა შემოვლებული მავთულხლართები ელექტროგაყვანილობით, კოშკურებით. მავთულხლართებს უკან დავინახეთ შენობები. თავდაპირველად ათასი რამე ვიფიქრეთ: შეიძლებოდა გერმანელების სამხედრო ბაზა ყოფილიყო, ან, ვთქვათ, სამხედრო საწყობები. მაგრამ რაც უფრო წინ მივიწევდით, ხალხსაც ვხედავდით.“

რადიო თავისუფლება: როგორი იყო ტყვეების რეაქცია? მიხვდნენ, რომ მათ გასათავისუფლებლად მიხვედით?

მარტინუშკინი: „თავიდან ვფრთხილობდით - ჩვენც და ისინიც. მაგრამ მერე ისინი, როგორც ჩანს, პირველები მიხვდნენ, ვინც ვიყავით და მოსალმება დაგვიწყეს: გვანიშნეს, რომ გვიცნეს, რომ მათი ნუ შეგვეშინდება, რომ მავთულხლართების იქით ბანაკის მცველები კი არ არიან, ან გერმანელი ჯარისკაცები, არამედ ტყვეები. ჩვენი ამოცანა არ ყოფილა ბანაკში შესვლა და იქ რაიმე სამუშაოს, ან ოპერაციის ჩატარება. ჩვენი ამოცანა იყო ამ ბანაკის გარშემო მიდამოს გაწმენდა, შემოწმება. რადგან იქვე ახლოს - მაშინ, როცა ჩვენ მას ვუახლოვდებოდით - ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ბრძოლები. შეიძლებოდა, გერმანელებს გაერღვიათ პოზიციები, შეიძლებოდა რომელიღაც მოხეტიალე ჯგუფებს გადავყროდით და ა.შ. ამიტომ მოგვცეს დავალება, ფხიზლად ვყოფილიყავით, მზად ვყოფილიყავით ყოველგვარი მოულოდნელობისთვის. მას შემდეგ, რაც ოპერაცია შევასრულეთ, გზა უნდა გაგვეგრძელებინა. და უკვე საკუთარი ნებით, ასე ვთქვათ, დავალების მიუღებლად გადავწყვიტეთ, ბანაკში შეგვეხედა. ეს იყო ხანმოკლე შეხვედრა“.

რადიო თავისუფლება: რა ნახეთ ბანაკში, რა მდგომარეობაში იყვნენ ოსვენციმის ტყვეები?

მარტინუშკინი: „ვნახეთ დაჩაჩანაკებული ხალხი, ძალიან გამხდარი, დაქანცული, გაშავებული, სხვადასხვანაირად ჩაცმული - ზოგი ძონძებში იყო, ზოგს ძონძებზე პალტო ან პლედი ჰქონდა მოსხმული. ამინდი უსიამოვნო იყო, ნესტიანი. მათ თვალებში სიხარულს ვხედავდით. ხვდებოდნენ, რომ დადგა გათავისუფლების მომენტი, რომ ახლა თავისუფლები არიან. მათი სიხარული ჩვენც გადმოგვედო. ვგრძნობდით, რომ კარგი საქმე გავაკეთეთ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა შევასრულეთ“.

რადიო თავისუფლება: მოახერხეთ გადარჩენილებთან დალაპარაკება? საიდან იყვნენ, რომელი ქვეყნებიდან?

მარტინუშკინი: „ბანაკი სამი თუ ოთხი ნაწილისაგან შედგებოდა. ყველაზე დიდი იყო აუშვიც-ბირკენაუ, მერე - ოსვენციმი, საკუთრივ ქალაქ ოსვენციმში და კიდევ იყო იქ ბანაკები. უზარმაზარი რაოდენობის ფილიალები თითქმის 30-კილომეტრიან რადიუსში. ბანაკებს ხსნიდნენ მშენებლობების მახლობლად, რათა ხალხი აქეთ-იქით წასაყვანი არ გამხდარიყო და დრო არ დაკარგულიყო ბანაკიდან მშენებლობაზე სიარულში. ვერ შევძელით მათთან გასაუბრება, რადგან მათი ენა არ ვიცოდით. გერმანული, ინგლისური, პოლონური უკვე ცოტა ვიცოდით. ახლა ვფიქრობ, რომ უნგრელი ებრაელები იქნებოდნენ. მაგრამ იქ სულ 20-30 წუთი გვქონდა, გზა უნდა გაგვეგრძელებინა, ჩვენი ამოცანა შეგვესრულებინა. ტყვეებით უკვე დაკავებული იყო ხალხი, რომელიც იქ სპეციალურად გაგზავნეს. ჩვენ არც ასეთი დავალება გვქონია, და არც სურვილი“.

რადიო თავისუფლება: ამჟამად მიმდინარეობს მზადება ოსვენციმის გათავისუფლების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისათვის. ცნობილია, რომ რუსეთის ხელმძღვანელები არ მიიღებენ მონაწილეობას არ ღონისძიებაში. თქვენ თუ მიგიწვიეს?

მარტინუშკინი: „მე ჩეხეთში ჩასვლას ვაპირებ. ჩემს საბუთებს ევროპის ებრაელთა ორგანიზაცია აფორმებს. მართლაც, რაღაც აბსურდული ვითარება შეიქმნა ამ იუბილესთან დაკავშირებით. კარგად მახსოვს 60 წლის იუბილე, მაშინ ის მართლაც ჰგავდა იუბილეს: შეიკრიბნენ ბევრი სახელმწიფოს ხელმძღვანელები, მთავრობების ხელმძღვანელები, მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწეები. 65-ე წლისთავმა უკვე სულ სხვანაირად ჩაიარა. ამ იუბილეს მოუთმენლად ველოდი, არ ვიცოდი, მოვესწრებოდი თუ არა, იმედი მქონდა, რომ საზეიმო იქნებოდა. და ახლა ირკვევა, რომ იუბილის გარშემო სრულიად აბსურდული ვითარებაა შექმნილი. პარიზის ამასწინანდელი ტრაგედიის შემდეგ ევროპის ქვეყნებმა ასეთი ერთსულოვნება გამოავლინეს და ვფიქრობდი, რომ ოსვენციმის გათავისუფლებასთან, ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებული თარიღი კიდევ ერთხელ შეძლებდა, ხელი შეეწყო ხალხის ასე გაერთიანებისთვის. ყოველგვარი უთანხმოების მიუხედავად, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენისადმი, რომელიც ჩვენში ხდება, შეიძლებოდა ერთსულოვნების ჩვენება და ამით პატივის მიგება იმ მოვლენებისთვის, ხალხისათვის, რომელიც დაიღუპა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“.

XS
SM
MD
LG