Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარის ტერაქტის გამოძახილი


28-მდე გაიზარდა ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმად დავითოღლუმ აფეთქების მომზადებასა და მოწყობაში ბრალი დასდო ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმებს, რომლებსაც, თურქეთის მთავრობის მეთაურის თქმით, დახმარება გაუწიეს ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლებმა. დანაღმული ავტომობილი 17 თებერვალს თურქეთის პარლამენტისა და სამხედრო შტაბის სიახლოვეს იმ დროს აფეთქდა, როცა მას სამხედროების ავტობუსი მიუახლოვდა. ტერორისტული აქტი დაგმეს და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს საქარათველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

28 დაღუპულიდან 26 სამხედრო მოსამსახურეა. თურქეთის მთავრობის ცნობით, ტერორისტული აქტის შედეგად, სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 61-მა ადამიანმა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან ქურთულმუსმა განმარტა, რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალები სავსებით აკონტროლებენ ვითარებას დედაქალაქში:

„ხალხი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ არსებობს სხვა ნაღმები და ამის გამო აპირებენ ანკარის დატოვებას - ამის შესახებ წერენ სოციალურ ქსელებში. ნება მიბოძეთ განვაცხადო მკაფიოდ, რომ იმ საღამოს ანკარაში ადგილი ჰქონდა მეორე აფეთქებასაც, მაგრამ ის არ ყოფილა ნაღმის აფეთქება. უსაფრთხოების ძალებმა განახორციელეს კონტროლირებადი აფეთქება და განაღმეს საეჭვო პაკეტი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სახიფათო არაფერია“.

თუმცა ტერაქტის შემდეგ ანკარის და თურქეთის სხვა დიდი ქალაქების მცხოვრებლები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ. რადიო თავისუფლება სტამბოლში დაუკავშირდა იქ მცხოვრებ ქართველ მწერალს ირაკლი კაკაბაძეს:

„ქვეყანა, რა თქმა უნდა, დიდია და მაინც თავისი რიტმით ცხოვრობს, მაგრამ მოსახლეობაში, პანიკა თუ არა, შიში ნამდვილად იგრძნობა, რადგანაც საქმე გვაქვს ტერაქტების ჯაჭვთან. ეს არ არის პირველი ტერაქტი. თანაც, ეს სამივე ტერაქტი ისეთ ადგილებში განხორციელდა, რომლებშიც უსაფრთხოების ზომები, წესით, უფრო გამკაცრებული უნდა იყოს. ეს გარემოება, ცხადია, მოსახლეობაში შიშსა და პანიკას თესავს“.

ირაკლი კაკაბაძის თქმით, თურქეთის მოქალაქეები ხელისუფლების სისუსტედ მიიჩნევენ ბოლო დროს გახშირებულ ტერაქტებს, თუმცა, ამის მიუხედავად, ადგილობრივი საზოგადოება აცნობიერებს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების სირთულეს და ინარჩუნებს ერთსულოვნებას.

„დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა გააკეთეს განცხადება და ყველა ერთსულოვანია იმაში, რომ ერთად უნდა იყვნენ ამ ძნელბედობის ჟამს და რომ ახლა არ არის იმის დრო, რომ დაიწყონ გარკვევა, რა ვითარებაა საზოგადოებისა და ელიტის შიგნით, ახლა გარე მტერს უნდა ერთად დაუდგნენ წინ“, უთხრა ირაკლი კაკაბაძემ რადიო თავისუფლებას.

ბაშარ ასადის რეჟიმი არ ჯდება თურქულ ინტერესში არანაირად, რადგანაც, სანამ სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, იგი წარმოადგენდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავარ მოკავშირეს, რომელიც, თავის მხრივ, არის თურქეთის მთავარი კონკურენტი რეგიონში...
გიორგი გობრონიძე

საერთო მტერთან ბრძოლაში თურქეთის მოქალაქეებსა და სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. საქართველოს საგარეო უწყებამ 17 თებარვალს ანკარაში მომხდარ მასშტაბურ ტერაქტთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 17 თებერვალს ანკარის ცენტრში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ახლოს, ინონუს ბულვართან, სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების გამო, რომლის შედეგადაც, ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა ოცზე მეტი და დაშავდა სამოცზე მეტი ადამიანი. თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ მომხდარი უკვე შეაფასა როგორც ტერორისტული აქტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს".

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები ანკარაში მომხდარ ტერაქტს თურქეთის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკას უკავშირებს. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის გიორგი გობრონიძის თქმით. თურქეთი ებრძვის ბაშარ ასადის რეჟიმს, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი თავისი შეიარაღებული ძალებით. გარდა ამისა, თურქეთის წინააღმდეგ მოქმედებს ქურთისტანის ე.წ. ლაშქარი:

„ბაშარ ასადის რეჟიმი არ ჯდება თურქულ ინტერესში არანაირად, რადგანაც, სანამ სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, იგი წარმოადგენდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავარ მოკავშირეს, რომელიც, თავის მხრივ, არის თურქეთის მთავარი კონკურენტი რეგიონში და, შესაბამისად, თურქეთი დაინტერესებულია იმით, რომ თუნდაც ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობით შემცირდეს ირანის პოზიციები ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ რომ ჯერ იყო ერაყში ნური ალ-მალიკის მთავრობა და სირიაში ასადის მთავრობა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ირანის პოლიტიკას. მეორე თემაა ისტორიული ქურთისტანი, რომლის ტერიტორია, თურქეთის გარდა, მოიცავს სირიას, ერაყსა და ირანს. შესაბამისად, სირიაში მებრძოლ ქურთებს თურქეთი აღიქვამს ქურთების მუშათა პარტიის ერთგვარ მხარდამჭერებად და მათ შვილობილ ორგანიზაციად“.

გიორგი გობრონიძის თქმით, მიუხედავად გეოგრაფიული სიახლოვისა, ალბათობა იმისა, რომ ტერაქტების არეალი გაფართოვდება და საქართველოსაც მოიცავს, დაბალია, თუმცა თურქეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა და, განსაკუთრებით, კონფლიქტი რუსეთთან უთუოდ იქონიებს გავლენას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე:

„ბუნებრივია, ამ ფონზე, როცა მზარდია რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირება, კავკასიის რეგიონი, განსაკუთრებით კი საქართველო, წარმოადგენს ამ ორი სახელმწიფოს ინტერესთა გადაკვეთის არეალს და, შესაბამისად, იქნება პოლიტიკური მოქმედებები იმისათვის, რომ საქართველო გაეთიშოს დასავლურ ორბიტას- ასეთია რუსეთის ინტერესი და, მეორე მხრივ, თურქეთი შეეცდება კავკასიის რეგიონში გააძლიეროს თავისი უსაფრთხოების პლატფორმა და ამ სფეროში თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება გავხდეთ მომსწრენი იმისა, რომ რუსული საინფორმაციო პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოში. ჩვენ შეიძლება გავხდეთ მოწმენი იმისა, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა სცადონ თურქული საფრთხეების დემონიზაცია“.

სწორედ თურქეთია ის ერთადერთი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს დემარკირებული აქვს სახელმწიფო საზღვარი. გიორგი გობრონიძის თქმით, რუსეთი ახლაც ცდილობს და სამომავლოდაც შეეცდება ანტითურქული განწყობების გაძლიერებას საქართველოში და იმ აზრის დამკიდრებას, რომ თურქეთი აპირებს ოსმალეთის იმპერიის აღდგენას და საქართველოში რადიკალური ისლამის ხელშეწყობას. გიორგი გობრონიძეს მაგალითად მოაქვს რუსეთისა და სეპარატისტული აფხაზეთის ურთიერთობა. მოსკოვმა აიძულა აფხაზეთი გამოეცხადებინა ემბარგო თურქულ ნაწარმზე, რამაც, ცხადია, დააზარალა თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, მაგრამ ამით იხეირა რუსეთის საგარეო პოლიტიკამ, რომლის ერთ-ერთი მიზანია, განდევნოს თურქეთი შავი ზღვის რეგიონიდან.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG