Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის „ანგარიში კრემლის შესახებ“


ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი, 2017 წლის 7 ივლისი
ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი, 2017 წლის 7 ივლისი

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა „კრემლის შესახებ ანგარიშად“ ცნობილი დოკუმენტი, რომელშიც დასახელებულია 210 რუსი ოფიციალური პირი და მილიარდერი - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარშემო შეკრებილ მმართველ ელიტად მიჩნეული ხალხი. ანგარიშში მათი შეყვანა პუტინის წრის მიმართ გაძლიერებულ ყურადღებას ცხადყოფს და შესაძლო ახალ სანქციებს მოასწავებს.

„კრემლის სია“

  • „კრემლის სია“ მომზადდა აშშ-ის კონგრესში შარშან დამტკიცებული კანონის მოთხოვნით.
  • აშშ-ის ანგარიშში შეყვანილია სულ 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ოლიგარქი.
  • ანგარიში სანქციებს არ ითვალისწინებს.
  • ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს შეატყობინა, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებას.

მოსკოვის რეაქციამ არ დააყოვნა. 30 იანვრის დილას გამოქვეყნებულ დოკუმენტს პუტინმა უწოდა „არამეგობრული აქტი“, რომელიც „ართულებს ისედაც რთულ ვითარებას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში“, ხოლო კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, ფიქრობს, რომ დოკუმენტი „აგრესიული“ და „უპრეცედენტოა“ და რომ რუსეთი „ემოციებს არ უნდა აჰყვეს“, ვიდრე არ შეუსწავლია სია და მისი სავარაუდო შედეგები.

სხვათა შორის, „კრემლის სიაში“, რომელსაც ზოგჯერ „პუტინის სიას“ ან „ოლიგარქების სიასაც“ უწოდებენ, თვითონ პესკოვსაც ვხვდებით, ისევე როგორც ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის, ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელ იგორ სეჩინის, მილიარდერების - რომან აბრამოვიჩის, ალიშერ უსმანოვის, ოლეგ დერიპასკას, ევგენი კასპერსკის - გვარებს. აშშ-ის ანგარიშში შეყვანილია სულ 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ოლიგარქი. ოლიგარქების შემთხვევაში, საუბარია ხალხზე, ვინც, ვაშინგტონის შეფასებით, პუტინთან ახლობლობის წყალობით გამდიდრდა. როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, ოლიგარქების სიაში შეყვანილი პირები, სარწმუნო საჯარო წყაროების თანახმად, მილიარდ დოლარს ან უფრო მეტს ფლობენ.

„კრემლის სია“ მომზადდა აშშ-ის კონგრესში შარშან დამტკიცებული კანონის მოთხოვნით და მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას 2016 წელს აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში მოსკოვის სავარაუდო ჩარევასა და სხვა ქმედებებზე - მათ შორის უკრაინაში სამხედრო აგრესიაზე - საპასუხოდ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის 2 აგვისტოს მოაწერა ხელი კანონს სანქციების შესახებ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს 180 დღე მიეცა იმისთვის, რომ ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელსა და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით მოემზადებინა და კონგრესისთვის წარედგინა მოხსენება რუსეთის ხელისუფლებისა და ბიზნესის კავშირების შესახებ. საკუთრივ ანგარიში სანქციებს არ ითვალისწინებს და ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს შეატყობინა, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებას.

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

„ანგარიში კრემლის შესახებ“ 29 იანვარს წარუდგინეს აშშ-ის კონგრესს. გამოქვეყნებული სია არის დოკუმენტის მხოლოდ ნაწილი, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 29 იანვარს დოკუმენტის გამოქვეყნებამდე განაცხადა, რომ აშშ ცდილობს გავლენა მოახდინოს რუსეთში 18 მარტს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

XS
SM
MD
LG