Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური და აფხაზური მედიის პრობლემები


სოხუმელი ქალი აფხაზური გაზეთით ხელში.
სოხუმელი ქალი აფხაზური გაზეთით ხელში.
თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მთავრობების შეცვლის შემდეგ, მედიისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა. არადა, ჟურნალისტების ნაწილი ცხინვალში მოელოდა, რომ თიბილოვის მთავრობა წინამორბედზე ლიბერალური და დემოკრატიული იქნებოდა. ეს იმედი მალე გაქრა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში არ არსებობს დამოუკიდებელი მედიასაშუალება. ყველა გაზეთი და ტელევიზია ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხელისუფლება კი აქტიურად ერევა სარედაქცია საქმიანობაში. ირინა ქელეხსაევა ცხინვალიდან რადიო „ეხო კავკაზასთვის“ მუშაობს. მისი თქმით, მთავრობაში ახალი სახეები არც გამოჩენილან - თიბილოვმა გარს ყოფილი პრეზიდენტის, ლუდვიგ ჩიბიროვის კადრები შემოიკრიბა. ამიტომ მედიის გათავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია.

აფხაზეთში სულ 2 დამოუკიდებელი გაზეთი დიდი პრობლემებით გამოიცემა. დანარჩენი მედია იქაც სახელმწიფოა. „ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორი იზიდა ჭანია აცხადებს, რომ დამოუკიდებელი გამოცემების ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ და ისინი ხშირად იდევნებიან კიდეც.

იზიდა ჭანია ამბობს, რომ აფხაზეთში კანონი პრესის შესახებ ლიბერალური არ არის. იქაურ კანონმდებლობაში დევს ცილისწამების მუხლი, რასაც ადგილობრივი მოხელეები ჟურნალისტების წინააღმდეგ ხშირად იყენებენ. დამოუკიდებელ ჟურნალისტებს სურთ, რომ პარლამენტარებს ეს მუხლი კანონმდებლობიდან ამოაღებინონ, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოა. გარდა ამისა, ჭანია ჩივის, რომ აფხაზეთში ჟურნალისტების პროფესიული ზრდა ვერ ხერხდება და ესეც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ირინა ქელეხსაევა ამბობს, რომ ცხინვალში სიტყვის თავისუფლება არ არსებობს, ჟურნალისტიკა კი სახიფათო პროფესიად მიიჩნევა.

კრიტიკული და განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტები თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთშიც და აფხაზეთშიც იდევნებიან. მათ ემუქრებიან. არის ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები. ჟურნალისტებისთვის ყველა სახელმწიფო უწყების კარი იკეტება და მათგან მტრის ხატიც კი იქმნება.
XS
SM
MD
LG